ვსიო, ყველაა

დღევანდელ საღამოს გახსნილად ვაცხადებ, შვიდი შესანიშნავი ნაწერი მაქვს.

1.- დრო ძვირფასია, მაგრამ ხშირად, ის, რისთვისაც მას ვხარჯავთ, დროზე ძვირად ფასობს. - ასე დაასრულა მონოლოგი დაუპატიჟებელმა სტუმარმა და რიჩარდსების უფროს ქალიშვილს ისე გაუღიმა, აშკარა იყო, წარმოთქმული ფრაზა მას ეძღვნებოდა.
2. შობის წინა კვირები ყოველთვის სიხარულით, მოლოდინითა და აღტაცებით იყო სავსე. ოჯახი ბიძებს ელოდა, რომლებიც გაზაფხულზე სახლიდან სამოგზაუროდ და სავაჭროდ მიდიოდნენ, შინ კი საშობაოდ ბრუნდებოდნენ. ოთხივე ბიძა ერთდროულად გადიოდა სახლიდან.
ერთად ჩაირბენდნენ ციცაბო ფერდობს და ჩაივაკებდნენ. მაგრამ ქვევით, მთის ძირას, ვიწრო ტაფობზე მათი გზები იყრებოდა. ძია მარკი და ძია აკრაუდი აღმოსავლეთით, უზარმაზარი ვაკისკენ გასწევდნენ. ძია ემერი და ძია გონფილი კი- დასავლეთისაკენ, სადაც მდინარეები, ქალაქები და დასავლეთის ზღვა მდებარეობს.
3. ძველებური ხის კარი ჭრაჭუნით გაიღო და ზამთრის სუსხი მოურიდებლად შემოიჭრა პატარა მაღაზიაში.
- მადროვეთ, ახლავე მოგხედავთ! - გაისმა დაბალი ხმა დახლს ქვემოდან. თანდათან ამომავალი მზესავით ამოიწვერა ჯერ - პრიალა შუბლი, შემდეგ - სათვალე და მის მიღმა მომზირალი კეთილი ცისფერი თვალები და ბოლოს, მთლიანი ფიგურა მოხუცი მამაკაცისა.
ედი, აგერ უკვე 20 წელია, ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობდა. მუდამ მოღიმარმა მოხუცმა თავი ყველას შეაყვარა და მასთან სამუსაიფოდ უფრო შედიოდნენ, ვიდრე რამის საყიდლად. - ედი მეგობარო! ჩაი ხომ არ დაგველია?! მისწრებაა ამ ამინდში ცხელი ჩაი, ღმერთმანი - ამ სიტყვებით შემოაღებდნენ ხოლმე მძიმე კარს და მასთან საათობით რჩებოდნენ.
4. მინდა გამოგიტყდეთ, რომ ასეთი მოულოდნელი სიხარული დიდი ხანია არ განმიცდია. დღეს ჩემს დასთან ვიყავი (ჩვენ ხომ ასე იშვიათად ვნახულობთ ახლო ნათესავებს), შემდეგ, რატომღაც, ფეხით გადავწყვიტე გავლა. ციოდა. გზაში ისე შევყევი ფიქრების გროვას, ვერც კი გავიგე ნახევარი გზის გავლა. თავიდან ხალხს ბუნდოვნად ვხედავდი, მერე სახეები მკაფიოდ გავარჩიე, ღიმილიანი, მხიარული, კეთილი სახეები. ისინი მიღიმოდნენ და მეც მოულოდნელად ამიტანა სიხარულის ტალღამ, თვალებში კაშკაშა შუქი ჩამიდგა, როცა გონს მოვეგე შუა ქუჩაში ვიდექი და მთელი ხმით ვიცინოდი.
5. - მალე დარეკოს - ვლოცულობდი გულში, რომლის ყურიც მაღვიძარასკენ იყო მიმართული, მოჭუტული თვალებით კი ჭერზე წვიმისგან გაკეთებულ მოყვითალო ლაქებს ვბურღავდი და საკუთარი მომავლის დანახვას ვცდილობდი. ლაქებს გაურკვეველი ფორმები ჰქონდათ. გული შიშით მქონდა სავსე. და მოლოდინით. იმედითაც. ნეტავ როდის იქნება? ან იქნება? მაღვიძარა შეირხა...
6. ძვირფასო, აი უკვე კვირა და ორი დღეა არაფერი ისმის შენგან. ვიცი, მოთმინება და გაძლება მმართებს, მაგრამ დარდისგან მაინც ისე ჩამოვხმი , ვშიშობ, ვეღარც მიცნო. ერთადერთი, ვინც სიხარულს მანიჭებს ჩვენი პატარაა. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა, გუშინ კი შენი სურათისკენ იშვერდა ხელს.
სახლს რაც შეეხება, ზუსტად ისეთია, როგორსაც ვნატრობდით, მაგრამ უშენოდ აღარაფრის ხალისი მაქვს. დიასახლისიც კეთილი ქალი უნდა იყოს, ხშირად ეთამაშება ნენსის და ჩაიზეც მიმიწვევს ხოლმე. ყველაზე მეტად მაინც, იმას ვშიშობ, უშენოდ არ მოგვიხდეს შობის აღნიშვნა, ხომ იცი, ზამთრის ყინვებისას სევდა უფრო მეტად მომეძალება ხოლმე...
7. დილით ჩვეულებრივზე ადრე ავდექი. იზაბელს ისევ ეძინა, დავიხარე და ფრთხილად ვაკოცე მხარზე. ძალაუნებურად, მისი მკერდისკენ გამექცა თვალი. სასწაული ძუძუები აქვს. ძლივს შევიკავე თავი რომ არ გამეღვიძებინა. ორი თვეა რაც ერთმანეთს ვხვდებით, მაგრამ მაინც ყოველდღე ახერხებს ჩემს გაკვირვებას. წარმოიდგინეთ, ვერაფრით შევეჩვიე მის შიშვლად დანახვას, როცა შიშველი ჩემს წინ დგას ვწითლდები და თვალს ვარიდებ მის სხეულს, ვერ ვახერხებ ვუყურო დედიშობილას. დილაობით კი ქურდივით გავაპარებ ხოლმე მისი ტანისკენ თვალს. მინდება დავიმახსოვრო და სამუდამოდ ჩავიბეჭდო გონებაში მისი თითოეული ნაკვთი.
ძალიან მაგრებია

მიდით ეხლა და გამოიცანით

)) ორთოგრაფია ჩემი ცოდნისამებრ, ყველგან შევასწორე, რეალურშიც კი :დ ასე რომ მაგაზე არ იფიქროთ გამოცნობისას
This post has been edited by burbushela_ on 6 Feb 2012, 22:16