1)
ქალაქის მოედანი სიბნელეში იყო ჩაძირული. ორი ნაბიჯის იქით უკვე აღარაფერი ჩანდა. სიბნელეს თან ერთვოდა წვრილი წვიმა, რომელიც ალალბედზე მიმავალ მგზავრს ირიბად სახეში სცემდა და ძვლებამდე ატანდა.
მგზავრი გაუბედავად მოძრაობდა, ასეთ სიბნელეშიც კი ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ეტყობოდა სანანებლად გახდომოდა ამ დაწყევლილ ქალაქში სტუმრობა, რომელიც უცხოებს გულღიად არასდროს ხვდებოდა.
2)
მარტივია ადამიანს ველური უწოდოთ, იმსჯელეთ მისი პირუტყვული გამომეტყველებით, შმაგი თვალებით, მითუმეტეს ხედავთ - ოდნავ კოჭლობს კიდეც. თქვენ კარი უნდა მიხუროთ მის წინ, სასწრაფოდ დაკეტოთ ფანჯრებიც და უკმაყოფილო გამომეტყველებით მიუჯდეთ მაგიდას სავახშმოდ. ასეთია ჭეშმარიტად პატიოსანი მოქალაქის ვალი. სამუდამოდ უნდა ამოიგდოთ თავიდან ეს კაცი, რომლის გამოჩენაც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა .
3)
-მისტერ რენშო ?
პორტიეს ხმამ ლიფტისკენ მიმავალი რენშო შუა გზაზე შეაჩერა. იგი შეტრიალდა, ჩანთა ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა. პიჯაკის ჯიბეში ოცი და ორმოცდაათდოლარიანი კუპიურებით სავსე მძიმე კონვერტი აუტკაცუნდა. მან მშვენივრად იმუშავა და ორგანიზაციამაც კარგად გადაუხადა, თუმცა, როგორც ყოველთვის, თავის სასარგებლოდ საკომისიო დაუქვითა. ახლა რენშოს მხოლოდ შხაპის მიღება, ჯინ-ტონიკის დალევა და ლოგინში ჩაწოლა უნდოდა.
4)
ვცდილობთ, საკუთარი გაძაღლებული ცხოვრება ნისლივით ბუნდოვანი გავხადოთ. გარშემომყოფებს თვალებს ვუხვევთ ყოველდღიური თვალთმაქცობით. ეს თვისება იმდენად ბუნებრივი გახდა, მარტო დარჩენილებს გვიჭირს ჩვენი თავების შეცნობა. ვიყურებით სარკეში და საკუთარ გამოსახულებას ვერ აღვიქვამთ. მხოლოდ ყალბ არსებებს ვხედავთ, რომელთაც თანამედროვეობის ტალღამ გადაუარა და შთანთქა. ვაგრძელებთ ყურებას და ვცდილობთ რაღაცას, სულ მცირედ ნაცნობს მოვკრათ თვალი, მაგრამ ამაოდ. ნარკოტიკები ისე გაგვიჯდა ორგანიზმში, რომ ტვინს, სისხლის ნაცვლად, ოპიოდური ბლანტი მასა მიეწოდება.
5)
"ხანდახან ძნელია იმის დაჯერება, რომ ასეთი რამ შენც შეიძლება გადაგხდეს. არადა ყველაფერი ერთ წამში ხდება. ბოლოს ორ მოკაშკაშე წერტილს დაინახავ, ხმაურად გადაქცეულ, ათას ერთმანეთში აბურდულ ხმას გაიგონებ. მერე ცოტათი გეტკინება, სხეულქვეშ ჰაერის ძლიერ ნაკადს იგრძნობ. მთავარი მაინც ის ორი მანათობელი წერტილია, ამიტომ თუ ოდესმე მანქანა დაგარტყავს, ჯობია ეს ღამით მოხდეს, მერე გონს რომ მოხვალ, მთელი ამბის დრამატულობა ზუსტად იმ ადგილს მიაღწევს პიკს, როცა იტყვი, რომ ის ორი მანათობელი წერტილი იყო უკანასკნელი რაც მაშინ დაინახე. "
აბა თქვენ იცით, კარგი ნაწერებია ნამდვილად
This post has been edited by Ronnie James Dio on 17 Feb 2012, 22:06