მე შენ
ბრძოლით მოგიპოვე და ჩემს მეუფედ გაგამწესე. ახლა ყველაფერი შენია და შენს
ხელთაა. მე ისე მეყვარები, ვინმემ რომ გაიგოს, არც კი დაიჯერებს და იტყვის, ასეთი
სიყვარული შეუძლებელიაო. ყოველი შენი სურვილი ჩემთვის გარდაუვალი კანონი
იქნება. მე მანამ მივხვდები რა გსურს, სანამ გაიფიქრებდე. შენ იქნები ღონიერი და
მარჯვე მონადირე. და როცა დაღლილ-დაქანცული ნანადირევს აიკიდებ და შინისაკენ
წამოხვალ, ძალას შეგმატებს იმის ფიქრი, რომ სახლში ლამაზი ცოლი გელის,
რომელიც დაღლილობას თავისი სიყვარულით გაგიქარვებს. შენ იქნები ნამდვილი
პატრიარქი, გრძელი წვერი გექნება და დარბაისლური მიხვრა-მოხვრა. ათი შვილი
გვეყოლება და ათჯერ ათი შვილიშვილი. შვილიშვილები შენს გამოჩენაზე ჟივილ-
ხივილს შეწყვეტენ და შიშითა და კრძალვით დაგიწყებენ ცქერას. შენ მკაცრი სახე
გექნება და არასოდეს არ აგრძნობინებ შვილებსა და შვილიშვილებს სიყვარულს, რომ
არ განაზდნენ და გულჩვილობის სენი არ შეეყაროთ. შენ გექნება გრძელი თეთრი
წვერი, ხოლო შენს შვილებს ექნებათ მოკლე, შავი წვერი და ფართო მხრები; მიწის
ძალა გამოყვებათ და მგლის მუხლი. მე ვიქნები შენი დედოფალი და მხევალი, შენ კი -
ტყის ნადირთა მეფე და ძლიერი მონადირე. მკაცრად მომეპყრობი, მბრძანებლურად,
უხეშად. და მხოლოდ ძალიან იშვიათად, რათა არ შევეჩვიო, წამით გაიელვებს სინაზე
შენს თვალებში და წამით გადაირბენს თბილი ღიმილი შენს ბაგეებზე. ეს მე
ერთგულების ძალას შემმატებს და ჩემს სიყვარულს ფრთებს გამოასხამს. და შენ
იცოცხლებ დიდხანს, ძალიან დიდხანს, როგორც ცოცხლობდნენ ძველი პატრიარქები,
და შენი მრავალრიცხოვანი შთამომავლობა იქნება ღონიერი, ჯანმრთელი და ლამაზი
მიწის ღონით, მიწის ჯანმრთელობით, მიწის სილამაზით და მიწა იქნება შენი და შენი
ნაშიერის სამყოფელი, სიუხვის, სიძლიერისა და მხნეობის წყარო და სარბიელი...
. . . ფანჯარა იყო - საშინლად ბნელი, ოთახი იყო - საშინლად პატარა, გარეთ დღე იყო - გველივით ჭრელი და მზე - ძალიან , ძალიან ცხრათვალა!