ეს მთები
ეს მთები, როგორც მამაშვილები:
კაცები, თავი ვინც გაიმეტა,
მოვლენ და იმედს მომაშველებენ:
ეს მთები მყვანან ბოლო იმედად!
თქვენ ამარიდეთ სიტყვა უცადი,
თქვენ დამასიზმრეთ გზები, ხიდები...
ფიქრი, გულიდან მწვანე ფურცლამდი
თქვენ მოიტანეთ ხელისკიდებით...
მთებო, გადამხვევთ სავსე მთვარის ხელს,
ჩემს გულში თოვლი უნდა გაკვალოთ,
მოდით, დათვალეთ, დაახარისხეთ
სტრიქონი, წმინდა და სააკვანო!..
ეს მთები: მთების გულში ეტევი...
ეს მთები: მდგარნი მაშველებივით...
ეს მთები: მთები და იმედები...
ეს მთები, როგორც მამაშვილები...

ჩემი წინაპრები
ამ მთებს შეადნენ თქვენი ხმები, თქვენი სიტყვები
არახიჯის ღრმა ხევებში
და ვანხევის უღრანებში,
მიჩხის ტყეებში...
აქ ბალახსა რწყავს თქვენი სიტყვა,
გზებსა ღორღავს,
კედლებს ამაგრებს...
ლოცვად გაისმის კვრივ ადგილებში,
ლოცვად ისმის ხატის კარებზე.
თქვენ აქა ხართ: ჩუმნი, უხმონი;
თვალმოწკურულნი, ეჭვით მზირალნი
მომჩერებიხართ და ჩემ ბილიკს თვალს არ აშორებთ...
ჩამომძახეთო, რომ დაიბარეთ,
თავისუფლება ჩამომძახეთო!
ეს სიტყვები მიყინულია
მისელურის კლდეებზე ხავსად...
ჩანჩქერებად იმსხვრევა არახიჯის ღრმა ხევებში,
მიჩხის ტყეებში...
დიდო ციგრო ქისტაურო,
გვარის ლეგენდად ქცეულო...
გუთნისდედებო შიოშ და შერმაზან,
გივო და მარტიავ, ცხვარბევრო,
ბახავ და ხიზანავ!..
შუაგზაზე რომ შემოგაღამდათ:
ზოგი მტრის ჯავრით მახვილს დაეგეთ!..
ზოგმა ყულფში რომ გაჰყავით თავი!..
სამწვერის გორი ჩაიარეთ,
მაგრამ ვეღარ ამოიარეთ!
ნეტავ, ვინმემ თუ ჩამოგძახათ
საქართველოს ეს ნახევართავისუფლება!
თქვენი ხმები, თქვენი სიტყვები
შერჩენილია მისელურის კლდეებზე ხავსად...
ქარის ქვითინად გამოისმის
უბისთავის ფერდობებზე, თეთრკაბიან არყიანებში...
ხოლო თვითონ აქა დგეხართ:
ჩუმნი, უხმონი...
მომჩერებიხართ
და ჩემ ბილიკს თვალს არ აშორებთ!
დიდი სოფელი არახიჯა,
ბედისწერამ რომ წაშალა,
თქვენით არის დასახლებული...
და გაისმის თქვენი სიტყვები
თქვენს დარგულ ხეთა მერქნის წრეებში...
და, თუ კარგად მივაყურადებ,
თქვენი მერნების ფეხისხმას ვიცნობ:
ზოგნი დიდგორის გზას ადგეხართ,
ზოგნი კიდევ კრწანისისკე მიეშურებით!
ამ ლექსში რომ შეგაყოვნეთ,
პატიებას მოვითხოვ, ძმებო,
აბა, რა გითხრათ, თქვენნაირი სიცოცხლე და
თქვენნაირი სიკვდილი მინდა!
2011
"ცისკარი", 2011 წლის # 9
This post has been edited by Bobgure on 16 Oct 2014, 04:02