აბატონო. ნათელ ფერებშიაო, ვერ დამწამებთ

ვიწრო ხეობაში ბინდბუნდი იდგა. ირგვლივ ამართულ ციცაბო კლდეებზე მჭვარტლის დიდრონი შავი ლაქები იყო შეფენილი, ხოლო მიწა კი ერთანად აეზილა მებრძოლთა ფეხებსა თუ ტანკის მუხლუხებს.
ხეობის ყველაზე ვიწრო ადგილზე, იქ, სადაც კლდეებს შორის ოცდაათიოდე ნაბიჯი იქნებოდა, დასისხლიანებული გვამების გროვა აღმართულიყო, რომელშიც ერთმანეთში იყვნენ არეული სხვადასხვა სახეობის ტირანიდები, კრუტები, ტაუს მსროლელები და ადამიანები, როგორც იმპერიის გვარდიელები, ისე გუევესები. გროვის თავზე კოსმოქვეითი იწვა, მკერდში გაწონილი ვეება ბრჭყალით, რომელიც, აშკარად მოწყვეტილი უნდა ყოფილიყო პატრონის სხეულიდან. თავად ეს პატრონი, მარბიელის სახეობის ეგზემპლარი (tyranid ravener), ოდნავ მოშორებით, მჟავისგან შეჭმული და დაფლეთილი ჯავშანტრანსპორტის გვერდით ეგდო, ისე, რომ მისგან მოგლეჯილი მუხლუხო ჯერაც ყბებით ეჭირა, შერჩენილი სამი ბრჭყალიდან ორით, კიდევ ერთი წითელჯავშნიანი კოსმოქვეითის უსულო სხეულს იყო ჩაფრენილი და განუწყვეტლივ ირყეოდა, რამეთუ, მრისხანებისგან სრულიად შეშლილი ოგრინის წიხლებისა და შაშხანის დარტყმების ქვეშ გახლდათ მოქცეული, რომელსაც სულ არ ადარდებდა, რომ მარბიელი უკვე მკვდარი იყო.
ამ საოცრად მშვიდ სანახაობას ორი ადამიანი შესცქეროდა. ერთს, მაღალს, მკაცრსახიანსა და თავგადაპარსულს, შეჯავშნულ მკერდზე ორდო ქსენოსის გერბი ჰქონდა გამოსახული, ჯავშანზე კი ჰორმაგანტის ბრჭყალების ნაკვალევი ემჩნეოდა. მას გაუმართლა და გადარჩა. ინკვიზიტორს ხომ თვით იმპერატორის ძალა იცავს. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, მის გადარჩენაში საკმაო წვლილი მიუძღოდა გრძელ ძალურ ხმალსაც, რომელიც ამ აშკარად გამოცდილი მეომრის ხელში, უთუოდ ძალზე სახიფათო იარაღი იქნებოდა.
მეორე ადამიანში კი იმპულსური შაშხანითა და მარცხენა მხარზე შა'დრაიგის სეპტის გერბით, მიუმცდარად ამოიცნობდით გუევესას. იგი გასაგები უნდობლობითა და დაძაბულობით უცქერდა ინკვიზიტორს და შაშხანა საბრძოლო მზადყოფნაში ჰქონდა. მისი, როგორც ერეტიკოსის ადგილზე მოკვლა ხომ, იმპერიუმის კანონებით, ნებისმიერი კეთილი მოქალაქის პირდაპირი მოვალეობა გახლდათ. თუმცა, ამჯერად, მას თავის დაცვა შეეძლო და გადატანილის შემდეგ, არც ინკვიზიტორს ეტყობოდა საბრძოლო შემართება.
- შეეენი დეეედაშ&^% $&^% $ 7654 6754 &^% $&% $& %$ &^ღ Kჟ HGO *&%*& %^((&(ლჯლ!!!!! - ოგრინის ღრიალი კი არ წყდებოდა. მარბიელის თავისგან უკვე ტალახში აზელილი სველი ლაქა იყონ დარჩენილი.
ინკვიზიტორმა კიდევ ცოტა ხანი უყურებდა ოგრინის მძვინვარებას, ბოლოს მარცხენა ხელზე ხელთათმანი მოიხსნა და გაშლილ მტევანზე დაიხედა. ხელი ოდნავ შესამჩნევად ცახცახებდა.
- ჰორგუტ, გეყოფა, - თქვა მან, - აღარაა საჭირო.
ოგრინმა ან ვერ გაიგო, ან არ გაიგო, იმიტომ, რომ ღრიალი და გინება არ შეუწყვეტია.
-ჰორგუტ. ჰორგუტ.
-არ ესმის, - გაისმა გუევესას ხმა. როგორც ჩანს, მასშიც იმძლავრა დაღლილობამ და იქვე ლოდზე ჩამოჯდა. თუმცა, შაშხანა კვლავ ორივე ხელით ეჭირა.
ინკვიზიტორმა კუშტად გახედა ერეტიკოსს, შემდეგ კი კვლავ ოგრინის მიუბრუნდა.
-ჰორგუტ!
ამჯერად სახელი იმდენად ხმამაღლა და მბრძანებლური ტონით იქნა წარმოთქმული, რომ დევკაცი გაჩერდა და შემობრუნდა.
-ჰო, უფროსო.
-გაჩერდი მეთქი. როდემდე უნდა ურტყა, მკვდარია, ვერ ხედავ?
ოგრინმა თავი მოიქექა და გადააფურთხა.
-კიდე რო ურტყამ, უფროსო, ხო უფრო მკვდარი იქნება?
ინკვიზიტორმა ხელი ჩაიქნია, სახით გვამებისაკენ მიბრუნდა, ცალ მუხლზე დაიჩოქა და ხმალი მიწას დააბჯინა. ხეობაში ცივმა ქარმა დაუბერა და მისი სტვენა მეომრის ხმადაბალ დუდუნს ისე ავბედითად შეერია, რომ თვით ოგრინიც კი შეშფოთდა, თავისი თოფ-კომბალა ჩაბღუჯა და მიმოიხედა.
-უფალო იმპერატორო, მამაო ჩვენო, მბრძანებელო ნათლისა, წმინდა იყავნ სახელი შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა... - ისმოდა ყრუდ.
-რა საშიში სახე გაქ, უფროსო, - შეშინებული ხმით დაიბუხუნა ოგრინმა,- რრო ხედავდე, შენც შეგეშინდებოდა.
ინკვიზიტორმა ამასობაში ლოცვა დაასრულა, წამოდგა და მიმოიხედა. ხეობაში ბინდბუნდს ნელნელა ნამდვილი სიბნელე ცვლიდა, ამიტომ რამდენიმე წუთში ფანრები აინთო და ბრძოლის ადგილი გაანათა. სადღაც მოშორებით კლდეზე დაგორებული ქვის გრუხუნი გაისმა.
-რამდენი იყვნენ მაინც, ა? - ოგრინმა დანანებით გადახედა გვამების გროვას, - მარტო ჩვენ გადავრჩით კაცო? რა ტალიკი ბიჭები დავკარგეთ ამის დედა(&659ოvtყ 67ან! აი, ის ცეცხლისმფრქვეველი გოგო შემეცოდა, უჰ რა გოგო იყო, რა მოსატ...
- უფალს ნუ განარისხებ ჰორგუტ, - მკაცრი და დამრიგებლური ხმით გააწყვეტინა მეომარმა, - დაე ნუ შეურაცხჰყოფს შენი ბილწსიტყვიერება იმპერატორის უმანკო ასულის, კლაუდიას წმინდა სულს, იგი ახლა თავად მის ნათელში იმყოფება, ხოლო შენ კი მაღალი ღმერთის რისხვა არ აგცდება, თუ ასეთ მკრეხელობას გააგრძელებ.
გვერდიდან გუევესას სიცილი გაისმა.
-უმანკო ასული არა? რამდენი ვინმე ჰყავს წამებით მოკლული, ნეტა თავად თუ ახსოვდა.
-შენ კი, ერეტიკოსო, ნებისმიერ შემთხვევაში გელის სასჯელი, როგორც ცოცხალს, ისე, სიკვდილის შემდეგ, - ბოროტად თქვა ინკვიზიტორმა, - ამჯერად ცოცხალს გიშვებ, რადგან დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ და იმედს ვიტოვებ, მოინანებ და თავად ჩაბარდები წმინდა ინკვიზიციას.
-არა, უფროსო, მართლა მაგრად აწამებდა...- საქმიანად დააქნია თავი ჰორგუტმა, რომელსაც ნაკლებად აინტერესებდა განსხვავებები გუევესასა და იმპერიის მოქალაქეს შორის. მისთვის ამ უცნაურ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანის მოკვლა არავის უბრძანებია, ამიტომ, მშვიდად იყო.
-უფალი დაგსჯის მეთქი, გამიფრთხილებიხარ, პატივი ეცი წასულთა ხსოვნას, - უიმედოდ თქვა ინკვიზიტორმა და კოსმოქვეითის გვამს გახედა, - ეს როდისღა მოასწრო...
-ბოლოს რომ დავინახე, ჯერაც იმას ეჭიდავებოდა - გუევესამ თავი გროვისაკენ გაიქნია, - მეგონა, ჩემზე გადმოვიდოდა, მაგრამ უცებ ამისკენ ისკუპა. რას გადავრჩი...
-გამოცდილი მებრძოლები იყვნენ ორივე. დამწუხრდებიან ჰარადრიმში...
-რომელი ორდენიდან იყვნენ? ამ გერბს პირველად ვხედავ.
-ვარსკვლავური საძმოდან არიან, სარკოფაგი უნდა... - ინკვიზიტორი უეცრად მიხვდა, რომ ზედმეტად მოდუნდა. ცოტაც და ზედმეტსაც წამოროშავდა. გუევესას ჩაეცინა.
-კარგი, არ მესროლო, არ მაინტერესებს მე თქვენი საიდუმლო გეგმები.
ოგრინი კი ამასობაში და ბრძოლის შედეგებით დაინტერესდა.
-ხო მოვიგეთ, უფროსო?
-რა მოვიგეთ, სამოცდაორი მებრძოლი დავკარგეთ ათ წუთში, - ახლა უკვე ინკვიზიტორმა გადააფურთხა.
-აბა არა? სამი ხო გადავრჩით? ისინი კიდე სუყველა მოვკალით! ესე იგი ჩვენ მოვიგეთ. ხო? სამით ნოლი!
ინკვიზიტორმა ამის გაგონებაზე თვალები გადაატრიალა, ბნელ ცას სასოებით ახედა და რაღაც ჩაიბურტყუნა.
ოგრინმა კი გვამების გროვისაკენ გაალაჯა, ერთ-ერთი კრუტის მოგლეჯილი თავი აიღო და მის გახევებულ სახეს დახედა.
-ადრე, კომბლის სკოლაში რო ვსწავლობდი, თეატრში წაგვიყვანეს. თეატრი ხო იცი, უფროსო, სცენაზე რო ცეკვავენ და მღერიან. ხოდა იქ ერთი კაცი ვნახე, სცენაზე იდგა და მოჭრილ თავს ელაპარაკებოდა, ყოფნა თუ არყოფნაო, საკითხავი აი ეს არისო. დავიმახსოვრე, მაშ! ტვინი, ტვინი!
თუმცა ინკვიზიტორი ოგრინს აღარ უსმენდა, მას თვალები მოეჭუტა და დაძაბული აყურადებდა ვიწრო ხეობაში მქროლავი სამხრეთის ქარის სისინს. გუევესა სადღაც გამქრალიყო.
ჰორგუტი კი, როგორც ჩანს, ეშხში შევიდა, კრუტის თავი გაშვერილ ხელებში დაიჭირა, შეხედა და მსახიობის დაყენებული ხმით წარმოთქვა ოდესღაც გაგონილი წინადადება:
- ყოფნა, არყოფნა, საკითხავი აი ეს არის...
ბოლო სიტყვა დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ ყელიდან გაურკვეველი ხრიალი აღმოხდა და პირიდან წვერებზე სისხლი გადმოსკდა. იმავე წამს ლოყაზე მწველი კოცნა იგრძნო.
- აარ-ყოოფ-ნაჰ! - გაისმა ქალის დაბალი და საშინლად ვნებიანი ხმა
ეს იყო უკანასკნელი სიტყვა, რომელიც ჰორგუტს ჩაესმა. მომდევნო წამს იგი უკვე მკვდარი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ფეხზე იდგა.
ინკვიზიტორმა თანამებრძოლის ხრიალზე გველნაკბენივით მოიხედა და ცალ ხელში ხმლით, მეორეში კი ფანრით, ნელი ნაბიჯით მისკენ დაიძრა. თუმცა, მან უკვე იცოდა, რომ ჰორგუტს ვეღარაფრით დაეხმარებოდა. ოგრინს მკერდიდან მტკაველზე ჰქონდა ამოჩრილი ბასრი და დაგრეხილი დაშნის პირი.
მომდევნო წამს დაშნა გაქრა, ოგრინი კი ზურგში ნაკრავი წიხლის წყალობით, მოწყვეტით ჩაემხო მიწას.
- გამოდით! იმპერატორის მსახურს არ ეშინია ბოროტის, რამეთუ ძალა უფლისა ჩემისა და ნათელი მისი დგას ჩემს უკან - ხმამაღლა თქვა ინკვიზიტორმა. იგი თვალებმოჭუტული უყურებდა წყვდიადს.
- ვგიჟდები ხოტორა კაცებზე, - გაისმა კისკისი სადღაც მარჯვნივ, სიბნელეში.
- ნახე რა მხრები აქვს, - გაისმა მარცხნივ
- რა ტრაკი, - უკნიდანაც აკისკისდნენ.
წინ, რამდენიმე ნაბიჯში, ქალის სხეულმა გაიშლიგინა, გრძელი და ღამის სიბნელეზე უფრო შავი თმებით. ინკვიზიტორი შედგა და თვალები დახუჭა. ახლა იგი უკვე მთელი სხეულით აკვირდებოდა არემარეს. ერთი, ორი, სამი... ოთხი. ოთხნი არიან. შავი ელფები, ალქაჯები. ძალიან სწრაფად მოძრაობენ, ძალიან სწრაფად და უხმაუროდ... მხოლოდ ხანდახან, განგებ იქნევენ თავიანთ დაგრეხილ დაშნებს ისე, რომ ჰაერში ჩუმი და თავზარდამცემი სისინი ისმოდეს...
- უფალო ჩვენო, იმპერატორო, მომეც ძალა ძლევად ბოროტისა, - გაისმა ხმადაბალი დუდუნი, - ძლევად მტრისა შენისა და მტრისა ყოველისა კაცობრიობისა, მომეც ძალა ვაოტო უწმინდური და განვადიდო სახელი შენი ქვეყანასა ზედა! იმპერატორო, მამავ, მომეცი ძალა ძლევად მზაკვარისა....
დუდუნი ნელნელა ლაპრაკში გადაიზარდა, შემდეგ ყვირილში და ბოლოს მგრგვინავ ღაღადად გადაიქცა. ძალური ხმალი თვალისმომჭრელად აკაშკაშდა, ხოლო ინკვიზიტორის თავი შარავანდედით შეიმოსა.
ირგვლივ მოსისინე ხანჯლები კი სულ უფრო ახლოვდებოდნენ. ისინი ოთხნი იყვნენ, ხოლო ვის ძალუძს გაუმკლავდეს ოთხ ალქაჯს ერთად? როგორც ჩანს, უფალო იმპერატორო, ცოდვა ჩაიდინა შენს წინაშე მონამ შენმან სიბელიუსმან და მოუგზავნე მას სასჯელი ესე! დიდება შენდა უფალო, რამეთუ ღირს მყავ რისხვისა შენისა! მიმიღე შენი უღირსი შვილი წიაღსა შენსა და შემინდე შეცოდებანი ჩემნი, უკეთუ უმეცრებითა ჩემითა დავარღვიე ნებაი შენი! მოდით უწმინდურნო! რამეთუ უკვდავ არს სული ჩემი, ხოლო სხეულით კი ისე არ მოკვდება სიბელიუსი, ორიოდე უწმინდური მაინც არ გაიყოლოს თან!
მომდევნო წამს, ფანრის შუქზე მომხიბლავმა თვალებმა და ტალღისებრად დაგრეხილმა დაშნამ გაიელვეს. ხეობაში კაცის გავეშებული ღრიალი, ქალების გამყინავი კივილი და დარტყმების ჩახაჩუხი გაისმა...
რამდენიმე ხანის შემდეგ, გვამების გროვასთან მომცრო, ტურის მსგავსი ცხოველი მიცუნცულდა. იგი ფრთხილად გამოვიდა სიბნელიდან, მიმოიხედა და რომ დარწმუნდა, ირგვლივ არავინ იყო, თამამად შეუდგა ვეება ოგრინის ფეხის ძიძგნას.