grafinia79მაგარია დუმბაძე

მე ეს მიყვარს:
კრება ოთხმოცდამეათე აუდიტორიაში მიმდინარეობდა. ორმოცდაათი სტუდენტის გარდა, კრებას ფაკულტეტის პარტბიუროს მდივანი, ბატონი დავითი, სამართლის ლექტორი, ბატონი გიორგი და ჩვენი ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი ბატონი შალვა ესწრებოდა. დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი იდგა, კერძოდ, “სტუდენტ ბარამიძის გამოხდომების შესახებ, რომელმაც მთვრალ მდგომარეობაში დებოში ატეხა სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეზობლის კარს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პასუხისმგებელ მუშაკს, რომელსაც მათხოვარი უწოდა, მაშინ როდესაც უკანასკნელი მსგავს მოქმედებაში არასოდეს ყოფილა შემჩნეული”.
მე კედელთან მიდგმულ ცალკე მერხზე ვიჯექი ბრალდებულივით და, საკუთარ ფიქრებში წასულს, არც კი მომისმენია საბრალდებო დასკვნა, რომელსაც კომიტეტის მდივანი უშანგი ქოჩაკიძე კითხულობდა. ალბათ, ამიტომ მომცა შენიშვნა კრების თავმჯდომარემ.
- ამხანაგებო! - განაგრძო მდივანმა, - აღნიშნული შემთხვევა იმაზე ლაპარაკობს, რომ პოლიტიკურ-აღმზრდელობითი მუშაობა ჩვენს ფაკულტეტზე მოიკოჭლებს. მოიკოჭლებს კი არა, თუ შეიძლება ასე ითქვას, პირდაპირ ჩავარდნილია... და შემდეგ კომკავშირის კრებაზე ჩვენ გამოვიტანთ ამ საკითხს. გვეყო, ამხანაგებო! გვეყო ამდენი თავის მოჭრა. ვინ აცდენს ლექციებს? ბარამიძე და ჭიჭინაძე. ვის გამოყვა საშემოდგომო გამოცდები? ბარამიძეს და ჭიჭინაძეს. ვინ არ იხდის საწევროებს დროზე? ბარამიძე და ჭიჭინაძე.
- ძვირფას უშანგის შემოევლოს ჭიჭინაძის თავი, მე მგონი, ჩემი საკითხი არ ირჩევა დღეს... - წამოდგა ფეხზე გურამი.
- ამხანაგო ჭიჭინაძე, თქვენი რიგიც მოვა! - დაემუქრა უშანგი.
- ჰოდა, მაშინ ილაპარაკე ჩემზე, სანატრელო!
- ამხანაგო ჭიჭინაძე, თქვენ ნუ მასწავლით, მე როდის რა ვილაპარაკო! - თქვა უშანგიმ და თავმჯდომარეს გადახედა. თავმჯდომარემ ზარი დარეკა. გურამი დაჯდა.
- ამხანაგო ბარამიძე, უთხარი კრებას შენი ხულიგნობის მიზეზი. - მომმართა უშანგიმ.
- არაფერი არ მახსოვს, ძალიან მთვრალი ვიყავი! - ვთქვი მე.
- ესე იგი, თქვენ არ უარყოფთ, რომ მთვრალი იყავით? - მკითხა თავმჯდომარემ.
- დიახ!
- ტყუილს ამბობს, მე ვიყავი იმ დროს იქ, თემო მთვრალი არ ყოფილა! - წამოდგა გურამი.
- ესე იგი, ჭიჭინაძე აღიარებს, რომ ხულიგნობას ფხიზელ მდგომარეობაში ჰქონდა ადგილი.
- მე არაფერს არ ვაღიარებ, მე ვამბობ, რომ თემო არ იყო მთვრალი.
- ამხანაგო ბარამიძე, რას იტყვით ჭიჭინაძის განცხადებაზე?
- აკი გითხარით, არაფერი არ მახსოვს.
- რა განზრახვა გამოძრავებდათ, როდესაც ზემოხსენებულ პასუხისმგებელ პირს, თქვენს მეზობელს, უმტვრევდით კარს და აგინებდით უშვერი სიტყვებით?
- ალბათ, ჰქონდა მიზეზი და აგინებდა. - თქვა გურამმა.
- რა მიზეზი გქონდათ, ბარამიძე?
- არ მახსოვს!
- იქნებ თქვენ გახსოვთ, ჭიჭინაძე, თუ თქვენც გალეშილი ბრძანდებოდით?
- შენ თუ ძმა ხარ, წესიერად მელაპარაკე, თორემ თუ გადმოგიღე, იმდენს გირტყამ, იმ პასუხისმგებელმა პირმაც ვერ გიცნოს.
- ამხანაგო ჭიჭინაძე, თქვენს თავხედობას ჩვენ კრების ოქმში შევიტანთ!
- შეიტანეთ, სადაც გინდა, თუ ამხანაგი ხარ ჩვენი, ამხანაგურად გველაპარაკე. რაა, რომ დაგიბოხებია ხმა ანგინიანი კაცივით, რა განზრახვა გამოძრავებდათ, როდესაც... - გასცინა ლაპარაკში გურამმა.
- ეს ოფიციალური კრებაა, ჭიჭინაძე, და ყველაფერს თავისი წესი აქვს! - შეიშმუშნა უშანგი.
- თუ ოფიციალური კრებაა, მოვიდეს ის პასუხისმგებელი პირი და დაესწროს კრებას.
- ეს თქვენ არ გეხებათ, ამხანაგო ჭიჭინაძე, კრების პრეზიდიუმმა იცის თავისი საქმე. - თქვა უშანგიმ და პრეზიდიუმს გადახედა. პრეზიდიუმმა თავი დაუქნია.
- თქვით, ბარამიძე, რაში იყო საქმე! - მომმართა ახლა მე.
- არ ვიტყვი.
- არა?
- ყოველ შემთხვევაში, შენ არ გეტყვი.
- კრებას უთხარი.
- კრებას ეს საკითხი არ უნდა აინტერესებდეს, ეს ჩვენი მეზობლური ამბებია.
- ესე იგი, თქვენ არ ემორჩილებით კრებას. იცით თქვენ რა გელით ამისთვის? თქვენ გაირიცხებით კომკავშირიდან.
- შენ შენი მიღებულები გარიცხე, მე საერთო კრებამ მიმიღო!
- გვეყო, ამხანაგებო, დროა ბოლო მოეღოს უმსგავსოებას. ვინ ატეხა დებოში მთვრალ მდგომარეობაში? ბარამიძემ. ვინ მიაყენა შეურაცხყოფა პასუხისმგებელ პირს? ბარამიძემ, - დაიწყო თავიდან უშანგიმ.
- ვინაა ეს პასუხისმგებელი პირი, გვაჩვენეთ ერთი, გვარი და სახელი არა აქვს, რა სჭირს ასეთი უხსენებელი?! - იკითხა აგრაფინა დანელიამ და მიამიტად მოავლო თვალი დარბაზს.
- თქვენი საქმე რაც არ არის, ნუ ეჩრებით, ამხანაგო დანელია! - დარეკა ზარი თავმჯდომარემ.
- ამხანაგო თავმჯდომარე, ჩვენი საქმე თუ არ არის, რაღას გვეძახდით? მაშინ ავდგებით და წავალთ, - ეწყინა აგრაფინას.
- თქვენ წახვალთ მაშინ, როდესაც ჩვენ გეტყვით. თქვენ ისიც გეყოფათ, აქ საყურეებით და პომადაწასმული რომ მოსულხართ, სად გგონიათ თავი?
- ამხანაგო თავმჯდომარევ, რა თქვენი საქმეა საყურეებით და პომადით ივლის აგრაფინა, თუ მურაბით მოთხუპნული ტუჩებით? - იკითხა არჩილმა.
- ჩვენ კომუნიზმს ვაშენებთ თუ არა, ამხანაგო არჩილ? - ჰკითხა უცებ უშანგიმ.
- შენი არ ვიცი და, მე კი ვაშენებ. - თქვა არჩილმა.
- ესე იგი, მე არ ვაშენებ ხომ კომუნიზმს? - ისე გაუკვირდა უშანგს, თითქოს აგური გააგდებინეს ხელიდანო.
- არ ვიცი, ბატონო, მე სხვა ბრიგადაში ვმუშაობ. - აარიდა კითხვას თავი არჩილმა.
- და, საერთოდ, რა უფლება გაქვს შენ, გამოექომაგო ქალს, რომელსაც ორი თითის დადებით მოკლე კაბა აცვია და მუხლისთავები უჩანს.
აუდიტორიაში ჩოჩქოლი ატყდა, ყველამ აგრაფინასკენ გაიხედა. აგრაფინა ჭარხალივით გაწითლდა და თვალები ცრემლით აევსო.
- გადმოდით ისევ ჩემზე, ამხანაგო მომხსენებელო, აგრაფინას მოკლე კაბა შემდეგ კრებაზე გამოიტანეთ, ჭიჭინაძესთან ერთად! - შევახსენე თავი უშანგის.
- აი, ხომ ხედავთ, ამხანაგებო, კრებას მასხრად იგდებს, არც სცნობს თავს დამნაშავედ... - გამოიშვირა ჩემკენ საჩვენებელი თითი უშანგიმ.
- კრებას შენ თვითონ იგდებ მასხრად, აქ სერიოზული საკითხი ირჩევა და შენ მოკლე კაბებზე და საყურეებზე ლაპარაკობ! - წამოხტა გურამი.
- ამხანაგო ჭიჭინაძე, ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ მოკლე კაბა, საყურე და პომადა არ არის სერიოზული საკითხი. ეს ისევე სერიოზული საკითხია, როგორც... - უშანგიმ პაუზა გააკეთა, მაგრამ ვერ გაიხსენა...
- როგორც? - ჰკითხა გურამმა.
- როგორც... - კვლავ ვერ გაიხსენა უშანგიმ, - როგორც ყველაფერი და, გახსოვდეთ, რომ ჩვენ, მოკლეკაბიან, საყურეებიან და პომადიან ხალხს ვერ შევუშვებთ კომუნიზმში.
- კი, შენ თუ დაგაყენეს კართან! - თქვა არჩილმა.
- არც ვიწროშარვლიანებს... - შეაშინა უშანგიმ არჩილი.
აუდიტორიაში მორიდებული სიცილი გაისმა.
- ესე იგი, შენ იდგები კომუნიზმის კარში და მარტო ფართოშარვლიანებს, თმაგაბურძგნულ, დაუვარცხნელ, უპომადო, უსაყურეებო, გრძელკაბიან და პირდაუბანელ ხალხს შეუშვებ? - ჰკითხა უშანგის არჩილმა. აუდიტორიამ ისევ გაიცინა, თავმჯდომარემ ზარი დარეკა.
- ამხანაგო არჩილ, მერე გამოდი სიტყვით!
- მაგ პროვოკაციისათვის შენს საკითხს გამოვიტანთ შემდეგ კრებაზე! - გაზარდა მომავალი კრების დღის წესრიგი უშანგიმ.
- შეიტანე, შეიტანე, არ დაგავიწყდეს! - სთხოვა არჩილმა.
აუდიტორიაში თითქოს ქარმა დაბერაო, ხმამაღალი ჩოჩქოლი ატყდა.
- როგორ, ჩვენ ლამაზად და კოხტად სიარულის უფლება არ გვაქვს? - წამოხტა გაკაპასებული ლუბა.
- ამხანაგო ნოდია, თქვენც აგრაფინასნაირ სტუდენტთა რიცხვს მიეკუთვნებით, შემჩნეულია, რომ სისტემატურად იქნით წარბებს და ბეჭედი გიკეთიათ მარცხენა ხელის შუათითზე ლექციების მსვლელობის დროს. სხვათა შორის, ძალიან წითელი მანიკურიც გიცხიათ, სირცხვილი თქვენი. თქვენს ადგილას, მე ხმას არ ამოვიღებდი! - დაარიგა ჭკუა უშანგიმ.
- ვინ არის შენი ამხანაგი, შე კრეტინო, მე გათხოვილი ვარ და მინდა ბეჭედს გავიკეთებ, მინდა, წარბებს ამოვიქნი და მინდა, სულ გადავიპარსავ თმებს, ვინ გკითხავს, შე უზრდელო! - იკივლა ლუბამ.
- ამხანაგო ნოდია, პიროვნების შეურაცხყოფისათვის თქვენ საკითხსაც გავიტან შემდეგ კრებაზე. - იბღავლა ახლა თავმჯდომარემ.
ლუბას ტირილი აუვარდა და მერხზე დაემხო. აუდიტორია გადაირია.
- ჩამოდი ძირს!
- შენ ვის ასწავლი ჭკუას!
- მოდი, თემო, ჩვენთან დაჯექი...
- პროფკავშირის ფული რომ შეჭამეთ შენ და ილომ, იმას მიხედე!
- ვინ თქვა ეს? - გალურჯდა უშანგი.
- მე ვთქვი! - თქვა ოთარ სანებლიძემ და ადგა.
- რა უფლებით?
- ვიცი!
- საიდან?
- თვითონ ილომ მითხრა! - უშანგის ყბა მოენგრა. დარბაზი აზრიალდა.
- მე ამ საკითხს ასე არ დავტოვებ, შემდეგ კრებაზე... - ვიღაცამ დაუსტვინა აუდიტორიაში. უცებ ბატონი დავითი წამოდგა ფეხზე და სიტყვა ითხოვა. დარბაზი გაიტრუნა.
- ამხანაგებო! - დაიწყო მან. - ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი სიტუაცია შეიქნა. ეტყობა, კომკავშირის კომიტეტს არ მოუმზადებია, კიდევ მეტი, საერთოდ, არ შეუსწავლია ბარამიძის საკითხი და ისე გამოაქვს კრებაზე. ამხანაგო უშანგი, ასე არ შეიძლება, მე არ ვიცი, რამდენად მტყუანია ან მართალია ბარამიძე, მაგრამ ფაქტია, რომ აქ არ არის იოტისოდენა ურთიერთგაგება და პატივისცემა. რას იტყვით თქვენ, ბატონო გიორგი, ასეთ პირობებში თუ შეიძლება კრების ჩატარება? - ჰკითხა მან ჩვენს ლექტორს.
ბატონი გიორგი წამოდგა. მან საყვედურით სავსე თვალები მოავლო აუდიტორიას, მერე სინანულით დაიქნია თავი და სათვალე მოიძრო.
- მართალი გითხრათ, ჩვენ დისციპლინის მოყვარული და მკაცრი დისციპლინის მოყვარული ვართ... ალბათ, ეს იმით არის გაპირობებული, რომ ჩვენ, ჩვენი მეცნიერული მოღვაწეობის ხანგრძლივ პერიოდში, ხშირად გვიხდება სტუდენტებთან მჭიდრო კონტაქტში ყოფნა, ასე ვთქვათ, ურთიერთობრივი დამოკიდებულება და ამ ურთიერთობრივი დამოკიდებულების მრავალწლიანი ანალიზისა და გონებრივი, თუ შეიძლება ითქვას, ინტერპრეტაციის დღევანდელ ეტაპზე, მოვლენათა განვითარების, - ჩვენ ვგულისხმობთ კადრების შეფასებას, - რიტმიკაში, საშინელი არიტმია, ანუ დეპულსაცია შეიმჩნევა, კაზუსური, ასე ვთქვათ, მორალურ-ესთეტიკური ნორმატივების დარღვევის თვალსაზრისით. სიტყვა სტუდენტი, როგორც ცნება, აბსოლუტური გაბათილების, თუ შეიძლება ითქვას, მორალური ანულირების საშინელ პროცესს განიცდის. ვინ არის ხულიგანი? - სტუდენტი. ვინ არის ჯიბგირი? - სტუდენტი. ვინ არის უზრდელი? - სტუდენტი. სადაც კი შეიმჩნევა რამე დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს მეურნეობის რომელიმე დარგში, ვინ არის დამნაშავე? - სტუდენტი, მე ათასობით სტუდენტი გამიზრდია, ამხანაგებო!..
- აკაკი წერეთლის “გამზრდელი” თუ გაქვთ წაკითხული, გიორგი ბატონო? - ჰკითხა ბატონმა შალვამ. დარბაზში თავშეკავებული სიცილი გაისმა.
- მე მივხვდი თქვენს მინიშნებას, პატივცემულო შალვა, მაგრამ იცოდეთ, მე წამიკითხავს დიდრო, რუსო, ვოლტერი, მაკიაველი, ნაპოლეონისა და ბისმარკის მემუარები. მე მაწუხებს ჩვენი ახალგაზრდობის ბედი და ამიტომ ვლაპარაკობ ასე მკაცრად. მე მომწონს ჩვენი დღევანდელი მომხსენებლის, მართალია, ცოტა თავშეუკავებელი, მაგრამ პრინციპულად სწორი გამოსვლა. მომავალი თაობა ჩვენი ერის იმედი უნდა იყოს. ვინ უნდა ჩაიბაროს ეს სიმწრითა და სისხლით აშენებული ქვეყანა. ამათმა? ვიწრო შარვლებსა და ცხვირწაგრძელებულ ფეხსაცმელებში გამოჭიმულმა თაობამ? წარბებგამოქნილმა, პომადით მოთხუპნულმა და მოკლეკაბიანმა ქართველმა დედებმა?
- კაცო, ალექსანდრე მაკედონელი სულ შიშველი დადიოდა, მაგრამ მთელი მსოფლიო დაიპყრო. ამ დასაწვავ წარბებს კი თამარ მეფეც იქნიდა და ფერ-უმარილსაც იცხებდა თურმე. - თქვა ბატონმა შალვამ.
აუდიტორიაში ხარხარი ატყდა.
- ეს არ არის პოლემიკის ხერხი, ბატონო შალვა, მაცალეთ ლაპარაკი. თქვენ არ იცით, მე ახალგაზრდობაში, როდესაც ამ ქვეყანას ვაშენებდით, ცალ ხელში მაუზერი მეჭირა, მეორეში კი წიგნი, - გაცეცხლდა უცებ ბატონი გიორგი.
- ეგ არ ვიცოდი, ჩემო გიორგი, და ახლა რომ გაკვირდები, ორივე ხელში წიგნი გჭეროდა, უკეთესი იყო! - გაუღიმა ბატონმა შალვამ.
ბატონი გიორგი გაშრა.
- თქვენ იცავთ ამ ახალგაზრდობას, რომელსაც ზრდილობა არა აქვს, პატიოსნება, არ იცის დისციპლინა, უმცროსი, უფროსი. თქვენ იცით, რომ ამათმა ტოლმა სტუდენტმა გუშინ კაცი მოკლა კიროვის სახელობის ბაღში! თქვენ იცით, რომ ერთი კვირის წინ ამათმა ტოლმა ორმა სტუდენტმა მაღაზია გაძარცვა! ამის ტოლმა სტუდენტმა, - მოათითა ჩემზე ბატონმა გიორგიმ, - ქალი გააუპატიურა კუკიის სასაფლაოზე და ამათმა ტოლმა სტუდენტმა გოგონამ უკანონო შვილი გააჩინა? - დაარტყა ხელი მაგიდაზე ბატონმა გიორგიმ.
- თქვენ იცით, ბატონო გიორგი, რომ ამისი ტოლი ბიჭი ამბრაზურას გადაეფარა მკერდით? თქვენ იცით, რომ ამის ტოლა გოგონა სახრჩობელაზე ავიდა? თქვენ იცით, რომ გუშინ ამის ტოლმა ვაჟმა თქვენი ტოლი კაცი ამოათრია მტკვრიდან? - არ იცით, არც გინდათ იცოდეთ და არც არის სავალდებულო, რომ თქვენ იცოდეთ!.. - წამოდგა ბატონი შალვა.
დარბაზში ტაშმა იგრიალა. ბატონმა შალვამ ხელით გვანიშნა, დაწყნარდითო და გააგრძელა:
- მე არ ვიცი, ამხანაგებო, რა ბრალი მიუძღვის ბარამიძეს. ეს ადვილი გასაგებია და, ალბათ, ამას დღეს თუ არა, ხვალ გამოარკვევს პარტბიურო, ან რექტორატი, რადგან ამხანაგ უშანგი ქოჩაკიძეს ამის უნარი არ აღმოაჩნდა, და თუ დასასჯელია ბარამიძე, დასჯის. მე ახლა სხვა რამე მაწუხებს, საიდან მოვიდა ეს ნიჰილიზმი ახალგაზრდობის მიმართ, ვინ მოგცა შენ უფლება, უშანგი, ასეთი ბრალდებით რომ მიმართავ აუდიტორიას და შენს ტოლებს, შენს ამხანაგებს, რა იცი შენ, რამდენი თითის დადებით მოკლე კაბა აცვია ამხანაგ დანელიას, ან ვინ გაზომა კაბების სიმოკლე რამდენი თითის დადება უნდა იყოს!
- წყალს რომ სვამდა სოკოდან, ბატონო შალვა, წაიხარა და მე დავუნახე შიშველი სხეული! - წამოხტა უშანგი.
- რას უყურებდი მერე, შე ოჯახაშენებულო, შენი შიშით დანელიამ წყალი ვერ უნდა დალიოს?
- ბატონო შალვა, ძალაუნებურად!..
- ვერ მოწყვიტე თვალი? - ჰკითხა ბატონმა შალვამ, დარბაზი სიცილით გადაიქცა.
- რა შენი საქმეა, ამხანაგო უშანგი, რაფერად აქვს შეღებილი ფრჩხილები ლუბა ნოდიას. ვინ გკითხავს შენ არჩილის შარვლის სივიწროვეს, მაგის ერთი ლექსი მირჩევნია შენს თავს და შენს ფართო შარვალს.
- თქვენზე არ არის ეს ქვეყანა დამოკიდებული, ბატონო შალვა! - წამოიძახა უშანგიმ.
- არც შენზე, ჩემო უშანგი! ვინ დაგაყენა შენ კომუნიზმის კარიბჭესთან, ვინ დაგავალა კომუნიზმში შემავალი ხალხის შარვლისა და კაბის ზომის აღება! ეს კიდევ საკითხავია, შენ თუ შეგიშვეს შიგ. ვინ მოგცათ უფლება თქვენ, ბატონო გიორგი, გამოდიხართ აქ და თავზე ლაფს ასხამთ ჩვენს სასიქადულო ახალგაზრდობას! ვინ გკითხავთ თქვენ ამ ქვეყნის ჩაბარება-გადაბარებას! თქვენ ეს ქვეყანა საწყობი ხომ არ გგონიათ? ახალგაზრდობა მოვა თავის დროზე და მისით ჩაიბარებს თავის ქვეყანას. ახალგაზრდობა დაგვმარხავს ჩვენ და დაგვაწერს საფლავის ქვაზე სახელებსა და გვარებს.
- ბატონო შალვა, ეგ პროვოკაციაა! - იყვირა ბატონმა გიორგიმ. ბატონმა შალვამ ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო:
- ახალგაზრდობა ჩვენი იმედია, იაროს ახალგაზრდობამ ვიწრო და მოკლე კაბებში, ოღონდ იკითხოს წიგნი, უყვარდეს ერი, ქვეყანა, სამშობლო; ეკეთოთ საყურე გოგონებს, ეკეთოთ ბეჭდები, ოღონდ კარგი დედები იყვნენ და სწამდეთ სიკეთე და პატიოსნება. იჩხუბოს ბარამიძემ, ოღონდ იჩხუბოს საქმისთვის. და ის, თუ ვიღაცამ კაცი მოკლა და ვიღაცამ მაღაზია გაქურდა, არ არის ეროვნული ტრაგედია, ეროვნული ტრაგედია ის არის, რომ ამის მეტი ვერაფერი დაინახო... - ბატონი შალვა დადუმდა, მას ხელები და ტუჩები უთრთოდა.
- მაპატიეთ! - თქვა მან ბოლოს და თავის ადგილზე დაჯდა.
- კრება დამთავრებულია! - თქვა ბატონმა დავითმა, ბატონი გიორგისა და უშანგის გარდა, აუდიტორიიდან არავინ გასულა.
Mens sana in corpore sano...