ნუკი რა დამთხვევაა ერთი კვირის წინ წავიკითხე მეც ეს
ექიმმა დიუსელდორფმა ჩემს მშობლებს უთხრა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ მიწერია. მათ კი გაქცევით უშველეს თავს. მძულს ისინი. დედა-როზასაც ყველაფერი წვრილ-წვრილად მოვუყევი, ჩემო ღმერთო! _ ჰმ, – წამოიწყო დედა-როზამ – ეს ამბავი ბეთიუნის ორთაბრძოლას მაგონებს, სადაც სარა იუპ ლა ბუმს დავეტაკე. იყო ასეთი ქეჩისტი, სხეულს ზეთით იპოხავდა, რინგის ნამდვილი მახრჩობელა გველი გახლდათ, თითქმის დედიშობილა პაექრობდა; ხელს ვერსად ჩაავლებდი, როგორც კი შეეხებოდი, უმალ დაგისხლტებოდა. ბეთიუნში უყვარდა ორთაბრძოლა. ყოველ წელს ქალაქის თასი ხელში ეჭირა. მეც მომინდა ჯილდოსთვის ხელი გამომეკრა. _ გამოგივიდათ, დედა-როზა? _ როგორც კი რინგზე გავიდა, ჩემმა მეგობრებმა ფქვილი შეაყარეს. წარმოიდგინე ზეთი და ფქვილი ერთად? ლამაზად კი მოვკაზმეთ! პირჯვარი გადავიწერე და ორ წამში ხალიჩაზე გავაგორე ის შენი მოწონებული სარა იუპ ლა ბუმი. ჩემთან დამარცხების შემდეგ მეტსახელად კაციშვილი აღარ უწოდებდა რინგის უხსენებელს, არამედ ორცხობილაში შემწვარ ვირთევზას. _ მაპატიეთ, დედა-როზა, მაგრამ ამ ორ ამბავს შორის საერთოს ვერ ვხედავ. _ მე კი მშვენივრად ვხედავ. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ოსკარ. ყოველთვის აგდია სადღაც ერთი ტომარა ფქვილი. კარგი იქნებოდა, ღმერთისთვის მიგეწერა. ის ჩემზე გაცილებით ძლიერია. _ ქეჩშიც? _ აბა რა. შენ წარმოიდგინე, ამ საქმესაც მშვენივრად ართმევს თავს. ოდნავ მაინც ეცადე, ჩემო პატარა ოსკარ. რამ გატკინა ყველაზე ძლიერ გული? _ ვერ ვიტან ჩემ მშობლებს. _ მაშინ შეიძულე ისინი უფრო მეტად. _ ამას თქვენ მეუბნებით, დედა-როზა? _ დიახ, მე. შეიძულე ისინი ძლიერ, ძლიერ. ეს სიძულვილი საღრღნელი ძვალივით იქნება შენთვის. როცა ძვლის ღრღნას მორჩები, მიხვდები, რომ ჩიტი ბრდღვნად არ ღირდა.
=========
ვინმე თუ გიყვარს, ოსკარ? _ სად? აქ, საავადმყოფოში? _ ჰო. _ ბეკონი, აინშტაინი, პოპკორნი. _ გოგონებიდან? ამ კითხვაზე, ცოტა არ იყოს, გავიჭედე. სულაც არ ვაპირებდი პასუხის გაცემას. დედა-როზა კი ელოდა. არადა, საერთაშორისო რანგის ქეჩისტის წინ დიდხანს ჯამბაზობა არ გამოვა. _პეგი ბლუ. პეგი ბლუ ცისფერი გოგონაა, დერეფნის სიღრმეში, ბოლოს წინა ოთახში ცხოვრობს. ყოველთვის თავაზიანი ღიმილი აფენია, მაგრამ ხმას თითქმის არასდროს იღებს. თითქოს კეთილი ფერია იყოს, სულის მოსათქმელად საავადმყოფოში რომ შემოირბინა. პეგის რთული სენი ჭირს, ე.წ. ცისფერი ავადმყოფობა. მის ფილტვებს სისხლი აღარ მიეწოდება და სადღაც იჭედება. ამის გამო მთელს მის კანს ცისფერი დაკრავს. ოპერაციას ელოდება, რომლის შედეგადაც ვარდისფერი გახდება. ჩემი აზრით, ფრიად დასანანი იქნება. ცისფერი პეგი ბლუ ბევრად უფრო მომწონს, გარშემო უსაზღვრო სინათლესა და სიჩუმეს აფრქვევს. როცა ვუახლოვდები, მგონია, რომ სამრეკლოში შევდივარ. _ უთხარი? _ ხომ არ დავერჭობი მის წინ და ხომ ვერ ვეტყვი: “პეგი ბლუ, მიყვარხარ” –თქო. _ რატომაც არა? ვითომ რატომ ვერ ეტყვი? _ ჯერ ერთი, ისიც არ ვიცი, ჩემი არსებობა საერთოდ თუ შეუმჩნევია. _ ჰოდა, ეს კიდევ ერთი საბაბია, რომ უთხრა. _ ალბათ თქვენ ჩემი სიფათისთვის არ შეგიხედავთ! ძალიან უნდა უყვარდეს უცხოპლანეტელები, თავი რომ მოვაწონო. ამაში კი ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული. _ მე კი მიმაჩნია, რომ ერთობ სიმპათიური ვინმე ხარ, ოსკარ. აქ დედა-როზამ საუბარი, ცოტა არ იყოს, შეამუხრუჭა. სასიამოვნოა, როცა შენზე მსგავსი რამეები გესმის, პირდაპირ ჟრუანტელი გივლის ხოლმე მთელ სხეულში, მაგრამ, აღარ იცი, რა უპასუხო. _ მე მხოლოდ ჩემი სხეულით მსურს პეგი ბლუ მოვნუსხო. _ რა გრძნობებს გიღვიძებს პეგი ბლუ? _ სურვილი მიჩნდება, მოჩვენებების შემოსევისგან დავიცვა. _ რაო? აქ რა, მოჩვენებები ბინადრობენ? _ ჰო, ყოველ ღამე გვაღვიძებენ, მიზეზი კი არავინ იცის; ისე იბწკინებიან, საშინლად გვტკივა ხოლმე; თანაც გვეშინია, რადგან უჩინრები არიან. ადვილი კი არ არის, მერე ისევ ჩაიძინო. _ ხშირად გსტუმრობენ მოჩვენებები? _ მე არა. ხომ იცით, როგორი ღრმა ძილით მძინავს. სამაგიეროდ, ღამით პეგი ბლუს ყვირილი მესმის ხშირად. ძალიან მინდა, დავიცვა. _ მიდი და უთხარი მერე. _ ასეა თუ ისე, ამას ვერ გავაკეთებ. ღამე ოთახის დატოვების უფლებაც კი არ გვაქვს. ასეთია შინაგანაწესი. _ მოჩვენებებმა იციან, რას ნიშნავს შინაგანაწესი? ცხადია, არა… ცოტა ეშმაკობას უხმე. თუ გაიგეს, როგორ გამოუცხადე პეგის, მოჩვენებებისგან დასაცავად მის კართან დარაჯობას რომ აპირებ, განა გაბედავენ ამ საღამოს მოსვლას? – მმმ…
=================
მასთან ურთიერთობისას სწორედ ისაა შესანიშნავი, რომ ყოველთვის დუმს და ყველაფერი იდუმალი რჩება
===========
შეიძლება ჭკუიდნ შეიშალო, იმდენი რამ გვაქვს საერთო. აზრები და კითხვებიც კი ერთნაირი მოგვდის თავში.
==========
ის კია, რომ დილით მთავარმა ექთანმა, ქალბატონმა გომეტმა ერთად რომ წაგვასწრო, უფასო ოპერა მოაწყო.

=========
იფიქრე ოსკარ! ვისთან გრძნობ მეტ სიახლოვეს – ღმერთთან, რომელიც ვერაფერს გრძნობს, თუ ღმერთთან, რომელიც იტანჯება? _ ბუნებრივია, იმასთან, რომელიც იტანჯება; მაგრამ მის ადგილას რომ ვიყო… ღმერთი რომ ვიყო… მასსავით ამდენი შესაძლებლობა რომ მქონდეს, ტანჯვას როგორმე ავიცილებდი. _ ვერავინ გაექცევა ტანჯვას. ვერც ღმერთი და ვერც შენ. ვერც შენი მშობლები და ვერც მე. _ კეთილი, გეთანხმებით, მაგრამ ტანჯვა აუცილებელია? _ აი, საკითხავიც ეს არის. ტანჯვაც არის და ტანჯვაც. უკეთ შეხედე მის სახეს, დააკვირდი. განა ტანჯული იერი აქვს? _ არა, რა უცნაურია. ვერ იფიქრებ, რომ ტკივილებისგან იტანჯება. _ ესეც ასე. ორი სახის ტანჯვა უნდა განასხვავო ერთმანეთისგან, ჩემო პატარა ოსკარ. ფიზიკური და სულიერი ტანჯვა ერთმანეთში არ უნდა აურიო. ფიზიკურს იტან, სულიერს კი თავად ირჩევ. _ არ მესმის. _ წარმოიდგინე, მაჯებსა და ფეხებში ლურსმნები გაგირჭვეს. შენ ისღა დაგრჩენია, რომ ტკივილი აიტანო. სამაგიეროდ, სიკვდილზე ფიქრისას არაფერი გტკივა. შენ არც კი იცი, რა არის ეს. მისი გააზრება კი მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.
=========
ადამიანებს სიკვდილის იმიტომ ეშინიათ, რომ შეუცნობელი აფრთხობთ. სინამდვილეში რას წარმოადგენს ეს შეუცნობელი? ოსკარ, გირჩევ შიშს ზურგი შეაქციო და ნდობით განიმსჭვალო. დააკვირდი ჯვარცმული ღმერთის სახეს. ის ფიზიკურ ტკივილებს განიცდის და არა მორალურს, რადგან იესო ნდობითაა ავსილი. ამიტომაც ლურსმნები მას ნაკლებ ტკივილს აყენებს. იგი თავს შთააგონებს: “მტკივა, მაგრამ ეს არ შეიძლება ტკივილი იყოს.” მორჩა და გათავდა. აი, სწორედ ამაში გამოიხატება რწმენის სიდიადე. შევეცადე, ეს მეჩვენებინა შენთვის
==============
დედა-როზა, როგორ დაუშვა იმ თქვენმა ღმერთმა, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც მე და პეგი ვართ, საერთოდ არსებობენ! _ საბედნიეროდ თქვენ მოგავლინათ ამ ქვეყნად, ჩემო პატარა ოსკარ, თორემ უთქვენოდ ცხოვრება უღიმღამო და უნიათო იქნებოდა. _ არა, თქვენ ვერ გამიგეთ; რატომ უშვებს ღმერთი, რომ ათასნაირი სნეულება შეგვეყაროს? ან ბოროტია ან კიდევ სულაც არ არის ყოვლისშემძლე. _ ოსკარ, სენი შეიძლება სიკვდილს შევადაროთ; ეს მხოლოდ ფაქტია და არა სასჯელი.
==========
ასეთები არიან მამაკაცები 45-დან 50 წლის ასაკამდე. ერთზე შეყვარებულნი, ცდილობენ, გაარკვიონ, სხვების მოხიბვლაც თუ შეუძლიათ და ამით მშვიდდებიან.
==========
რას ერჩი მათ? _ ჩემი ეშინიათ. ჩემთან ლაპარაკი ვერ გაუბედავთ. რაც უფრო ვერ ბედავენ, მით უფრო ურჩხული მგონია თავი. რად მიფრთხიან ასე? ნუთუ ასეთი მახინჯი ვარ? ვყარვარ? ნუთუ იდიოტი ვარ და ვერ მივმხვდარვარ? _ მათ შენი კი არა, ავადმყოფობის ეშინიათ, ოსკარ. _ ჩემი ავადმყოფობა ჩემი სხეულის ნაწილია… იმის გამო, რომ ავად ვარ, განა სხვანაირად უნდა მოიქცნენ; გამოდის, რომ მხოლოდ ჯანმრთელი და საღ-სალამათი ოსკარის სიყვარული შეუძლიათ. _ მათ უყვარხარ ოსკარ, თვითონ მითხრეს. _ თქვენ რა, მათ ელაპარაკებით? _ კი, ძალიან შურთ ჩვენ ასე კარგად რომ გავუგეთ ერთმანეთს; არა კი არ შურთ, სწუხან, დარდობენ, რომ ეს თვითონ ვერ შეძლეს.
=========
რაც უფრო მეტი მუშტი გხვდება სიფათში, მით უფრო მეტს უძლებო. მთავარია, იმედი არ გადაგეწუროსო.
============
ეს მცენარეა, საჰარაში რომ ხარობს და მხოლოდ ერთი დღე ცოცხლობს. როგორც კი წყალს დაასხამ, მარცვალი ღვივდება და ტოტად იქცევა; ტოტი უმალ ფოლებით იმოსება და ყვავილს ისხამს; ყვავილი _ მარცვლებს და მერე მცენარე ჭკნობას იწყებს. ჩიავდება, ჩიავდება და ბოლოს _ ჰოპ! თვალსა და ხელს შუა ქრება. არაჩვეულებრივი საჩუქარია. დიდი მადლობა მისი გამოგონებისთვის.
===========
ცხოვრება მეტად უცნაური ძღვენია. თავიდან გადაჭარბებულად ვაფასებთ მას და გვგონია, რომ ის მარადიულ საკუთრებად გვეძლევა. შემდეგ, რატომღაც სათანადოდ ვერ ვაფასებთ; გვგონია, რომ ცხოვრება მუხანათი და მეტისმეტად ხანმოკლეა; ლამის მზად ვართ, ზურგი შევაქციოთ. ბოლოს ვხვდებით, რომ ეს სულაც არ ყოფილა საჩუქარი, არამედ სესხი. აი, მაშინ ვიწყებთ ბრძოლას, როგორმე დავიმსახუროთ.
==========
,,სამედიცინო ლქსიკონი”. ეს მისი საყვარელი წიგნია. პეგი გატაცებულია სხვადასხვა დაავადებების სახელწოდებებით. აინტერესებს, მომავალში რომელთან მოუწევს გამკლავება. მე კი ვეძებე სიტყვები, რომლებიც მაინტერესებდა: სიცოცხლე, სიკვდილი, ღმერთი, რწმენა. არ დაიჯერებ, მაგრამ ვერ ვიპოვე. შევნიშნავ: ეს იმის ნათელი დასტურია, რომ არც სიცოცხლე, არც სიკვდილი, არც რწმენა და არც შენ ავადმყოფობები არ ხართ. ეს უკვე კარგი ამბავია. ისე კი, ასეთ სერიოზულ წიგნში ამ უსერიოზულეს შეკითხვებზე პასუხი ვერ უნდა იპოვოს ადამიანმა? _ დედა-როზა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ”სამედიცინო ლექსიკონში” მხოლოდ კერძო შემთხვევებზეა ლაპარაკი, კერძო პრობლემებზე, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტულ პიროვნებას აწუხებს. სამაგიეროდ, სიტყვა არაა ნათქვამი იმაზე, რაც ჩვენ ყველას გვეხება. მხედველობაში მაქვს სიცოცხლე, სიკვდილი, რწმენა, ღმერთი. _ იქნებ ფილოსოფიის ლექსიკონი აგეღო ხელში, ოსკარ. თუმცა, შენთვის საინტერესო აზრებს რომც მიაგნო, იმედგაცრუება მაინც არ აგცდება. ლექსიკონი ყოველი ცნებისთვის ხუთ ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავებულ ახსნა-განმარტებას გთავაზობს. _ რატომ ხდება ასე? _ ყველაზე საინტერესო კითხვები ისევ და ისევ კითხვებად რჩება; კითხვები საიდუმლოს მალავენ. ყოველ პასუხს აუცილებლად უნდა დაურთო “შესაძლოა”. მხოლოდ უინტერესო კითხვებს მოეპოვებათ პასუხი. _ თქვენ გინდათ თქვათ, რომ სიტყვა “სიცოცხლეს” ახსნა-განმარტება არა აქვს? _ მე მინდა ვთქვა, რომ სიტყვა ”სიცოცხლეს” არაერთი განმარტება აქვს. მაშასადამე, გამოსავალი არ არის! _ იცით, პირადად მე რას ვფიქრობ, დედა-როზა? სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებით უნდა აიხსნას.
=============
”სიკვდილი” თუ წამოგცდა, აქ მაინც არავის ესმის. დარწმუნებული იყავი, რომ ამ დროს სიჩუმე დაისადგურებს და საუბარს სხვა თემაზე გადაიტანენ.
,,მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლება “(ერიკ-ემანუელ შმიტი“ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი”)