*
ვერ შეუცვლიხარ - დილაობით - წარმავალ სითბოს
და სურნელს ჩემი მეგობრების. მარადიულო,
შენკენ ჩიტი ისარივით მომართულია...
თვალგახელილი, ხელით ვსინჯავ სიცარიელეს, ძილში რომ ჩამყვა;
ისევ აქა ხარ, - ჩემს გვერდით...
ფარდა შრიალებს - დედის კალთას
ამოფარებულს, ვხედავთ, სინათლეს. მარადიულო,
ისევ აქა ხარ. კვლავაც დღეს და ჩიტებს ითავსებ.
ადამ კადმონი (ბექა ლონდარიძე)
უნიჭიერესია

.......
გაშლილი ლოგინიდან, როგორც წიგნიდან -
ქარსაყოლილი ხმელი ფოთოლი,
ისე გაქრა ადამიანი;
ზუსტად ისე, როგორც ფოთოლი -
მოწყვეტილი მისი სხეული;
განკუთვნილი ცივი მიწისთვის...
ზუსტად ისე, როგორც გაშლილი წიგნი,
იდგე ქარში და ტიროდე -
ხოლო ლექსი, როგორც სანიშნე,
ისე მოწყდეს რაღაც სიცოცხლეს... ქარი კი
ჩადგეს - რომ დროებით შენში მოემწყვდე;
რომ კვლავ გამოჩნდეს, -
რომ ბოლომდე შენც წაგიკითხოს.
..............
გულის მთვარეა სიცარიელე, რომელიც
შეიკუმშა და ქვად იქცა - სიყვარულის თანამგზავრი;
მანვე დამიბნელა გონება...
განა არ არსებობენ, მაგრამ - თავისთვის:
გრძნობას, ლოგინში რომ ჩარჩა, მიეძინა,
ხოლო ფიქრი თავის გზას მიუყვება - არსაით.
მწარეა ეს დრო;
თითქოს, ქარების ტევრმა შეიფარა ტყე,
ანდა ბავშვი სიბნელემ იშვილა -
მოახლოვებული ზამთრის შიშით.
*
ვწევარ წყალივით. ვწევართ -
დიდი ხანია, სველი სხეული
დაუშვა წვიმამ..

*
თუ ოდესმე ძლიერმა ტკივილმა შეგაწუხოს, დამიძახე;
მე გავუძლებ შენს ყვირილს -
შენს დამახინჯებულ სხეულს...
პოეზია დემონების გამოხსნაა, მეგობარო;
ჯვრის აყრაა - სიცოცხლეზე დაწინდულისთვის.
თვითმფრინავივით ეჯახები კორპუსს, იმსხვრევი, მაგრამ
ვერავინ ხედავს კატასტროფას;
როგორი ცეცხლია შენს ოთახში - ცეცხლი და ნანგრევი...
მოვალ, ყუთივით მოგიძებნი შავ გულს და გავხსნი.
გამოეცლები სიცოცხლეს, როგორც ერთი აგური, მაგრამ
ეს შენ ნუ გადარდებს - სიცარიელე; კედლის მიღმა გავახედებ
ყველას, ვინც სიკვდილზე თვალი დახუჭა -
ვინც შენი სიკვდილი ვერ ნახა...
პოეზია დემონების გამოხსნაა, მეგობარო. მიყვარხარ.
პ.ს. გიჟია

ჩვენიანი.
.................
სიტყვა არასოდეს დაბრუნდება -
როგორც გალიიდან გაშვებული ფრინველი,
თავისუფლება რომ იგემა.
შენ კი მოახერხე -
უკან მიგაქვს ყველა სიტყვა - გყვარებოდი;
სიტყვა, რომელიც მომეცი;
ჩემს გულში ბუდობდა.
შენი სიცოცხლის ხისა ვარ ტოტი.
არ უნდა დამემწყვდია;
არ უნდა მიმეღო გულთან,
როგორც ეს ”ცხოვრებაა” - არეული ათას სხვა ხმაში;
როგორც ეს ”მიყვარს” - თითქოს წიწილა,
მკერდის ამოტეხვას რომ ლამობს; მესმის;
მესმის, მაგრამ არ ვაბუდებ
- მიფრინავენ ჩემს მიღმა
- მიფრინავენ;
მე კი ტოტი ვარ - ხმელი.
ხანდახან, თავს შემახსენებენ: ამინდები; ფუტკრები, ადამიანები; დასასრული;
შენ მიდიხარ და ყვავილებიც
შენკენ ამოწვდილი ხელებია.
.................
რა მშვიდი ხარ - როცა არა ხარ;
როცა თვალებთან გისხედან და აღარ ჩანან
ისინი, ვიზედაც ფიქრობდი, -
დღემუდამ შენზე ფიქრობდნენ.
მათი სევდა აღარ გაწუხებს;
მათ არ იციან - არსებობს კი სიცოცხლე
სიკვდილის შემდეგ - შენი
სიკვდილის...
სიცოცხლე გრძელდება?! - არავინ უწყის,
ჯერ.
არავინ უწყის, როდის და რომელს
ვეჯახებით და ვიჩეხებით.
მეც არ ვიცი გამოსავალი.
არიან ხეები - კითხვის ნიშნებად
მით უფრო მორკალულნი,
რაც უფრო ძლიერია ქარი;
მე მხოლოდ ეს ვიცი - ვინც ვუყურებ და ვაყურადებ.
ვისი ხელისგულია ლაბირინთი - გადმოგვხედოს!
....................
ჩვენ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ;
ჩვენს შორის კი სიჩუმეა;
ჩვენს შორის კი
კატასავით გაირბინა ღამემ და
ჩაჭრა ჩვენი ერთმანეთს
ჩაჭიდებული ხელები...
შენს ხელში აღარ ეტევა გული -
ჩემი ხელის;
საიმედოდ აღარაა დაცული
სიცოცხლის ხაზები;
ჩვენ ვსაუბრობთ - სიტყვებმა
ფრთები ვერ შეისხეს
და შიგნითვე გვიცვივიან:
მე... შენ... მიყვარხარ... მე... შენ
..........................
წერილი მარტოობას
ყოფნა ხომ მე არ მეკითხება!
მომკლა,
არც ისე ადვილია.
თქვენი კაკუნიდან ჩემს კარამდე
გრძელი ზამთარია - ამინდია
უსაშველოდ
უმეზობლო... მე კი
გასაღები მარილიც მაქვს,
ცრემლიც გამაჩნია -
თავი ხახვის... მე კი
ბუხარი მაქვს, ისეთი, რო
ბარემ თქვენს ყინვასაც ეყოფოდა
...
ანდა, წერილივით მივუვიდე
მამას:
მუცელში ვარ -
შიმშილი და...
დედა,
ყველაფერი კარგად არის!
მინდა, მაპატიო უჭმელობა;
მინდა, გაპატიო ჩემი სახლი...
ასე - უთქვენოდაც
ვიბადები,
თქვენი ერთადყოფნა ნუ მეყოფა!.. დე,
ვერც ვარსკვლავები გაჩენილან
შენით!..
გარეთ მოსაწყენი თოვლი არი.
და შინ ჭაღებიდან ობობებიც ( იქნებ
ობობებმა მომიარონ -
მკვდარი ობობების მოტირალი )
ცვივიან.
This post has been edited by სუფთა*დაფა on 10 Oct 2014, 15:28