» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
შამიფარვანიანი
1. ღმერთო, ყოველთა ცხადთა და იდუმალთ დაუფარაო,
ვის სერაბინნი ვერ გხედვენ, პირსა ფრთა-მოუფარაო,
ვინ ისრაელნი განასხი, ზღვასა დაანთქი ფარაო
და იგ შენთა ნებისმყოფელთა ყოველთა სცავ და ჰფარაო.
2. ვის ძალუც ღირსად, ჯეროვნად შენისა რასამე ქებისა,
ანუ მიწდომა მცირედ რამ შენისა ხელმწიფებისა,
ცა და უფსკრული, მთა-ბორცვი შენის შიშითა დნებისა,
და მხეცნი, ფრინველნი, ნიანგნი, ან რაცა წყალში ძვრებისა.
3. დიონოს ბრძენმან მოგვითხრა ანგელოზთ განწყობილება,
იგ ცხრა დას_დასი გუნდობა, უკანა ანუ წინობა,
წმინდა არსობით ხმობა და იგ გალობისა ტკბილობა,
და ვერც ხილვა შენი, ვერც ცნობა, ვერცა რას მიწდომილობა.
4. სხვათ ბრძენთა თვითან ისიბრძნეს გულისხმითა და ცნობითა,
სოლომონს სიბრძნე შენ მიეც შენისა მონდომობითა,
მასთან_სულითა შენ მიეც შენისა მონდომობითა,
და ვერცა მან სრულქმნა, ცუდად შვრა დავითის ქნართა თხრობითა.
5. არისტოტელსა დაენთქა მისნი უფსკრულნი ცნობანი,
ეგოდენ ბრძენი ვერ მიხვდა, დააკლდა შენი ცნობანი;
გალილეველთა განაბრძვნეს უწიგნოდ სულელობანი,
და ჰყავ, ვითარცა თევზნი, უხმონი_რიტორთა ხელოვნებანი.
6. ეს მიკვირს: ვერცა მათ გიცნეს_ენოს და პითაღორამა,
მათი ზღვა სიბრძნე, ცნობანი_მიკვირს თუ, მიუღო რამა!
ვერ მოიხმარეს სწავლანი, ვითა ვირმა და ღორამა,
და გლახ, სულნი მათნი იგ თუ არ ეშმაკმან_მიიღო რამა?
7. არისტოტელმან აჯობა ყოველსა სიბრძნე_მქონელსა,
შენ, შემოქმედი, ვერ გიცნა, ვერ მისწვდა მიუწვდომელსა,
სხვა რამცა ჰქონდეს ეშმაკსა, ანუ კერპისა მდომელსა?
და წარმართად მოკვდა, ჩავარდა ცეცხლშიგან არ თუ მონელსა.
8. სიბილა ბრძენმან სიბრზნითა შოლომონ გააკვირაო,
იგ გარდამოხდა სამხრეთით, ვითა ფრინველი ირაო;
სენი ცნობა და დიდება იმასაც დაეძვირაო,
და ჯვარისა მოსწავებანი კარგა რამ გააპირაო.
9. ბალამ ბოსორით ბრძენი და გრძნეული, მოგვი, მისარი,
იგ ვისცა სწყევდის გრძნებითა, ფიცხლად საკვდავად ის არი;
მგზავრ ანგელოზი წინ დახვდა, ხმალი აქვს, არ თუ ისარი,
და ჯორმან იხილა, დაუდგა უძრავად_ჰგავს, თუ ქვის არი.
10.ვერცა მან გიცნა სიბრძნითა, ვერც სწავლა მოიხმარაო,
ვარსკვლავი იაკობისა_ეს უნებურად წამაო,
ბაბილოვანით ბეთლემად, ვინ მოგვნი მოიყვანაო,
და ცრუ წინასწარმეტყველებით ეშმაკნი წარიყვანაო.
11. მე რა ვთქვა ცნობა_უსრულმან შენთვის საფერნი, რანი და,
ცოდვითა დაშავებულმან მარტ ვითა იგ ყორანი და,
თუ კი წავწყმდები, რას მარგებს იგ ვინმე მომცეს რანი და!
და ქრისტეს მონა ვარ, მითა მძულს მეჩიტი, მინარანი და.
12. სრულ განსაცდელში დავლიე ჩემნი ჟამნი და დღენია,
სხვას ვისმე ჩემნი პატიჟნი არც ვი სკი ამბად სმენია;
თვალთაგან ცრემლი უწყვეტ ნილოსის მსგავსად მდენია,
და ცუდად უსაქმოდ ყოფითა ცნობანი გარდამელია.
13. მე გასაძლებლად დავწერე ხან ისი, ხან ეს რამეო,
გული ამაზედ დავაპყარ, ბევრი დღე დავაღამეო,
სრულად ფიქრშიგან ჯდომითა გული არ შევიღამეო,
და ჩარხი უკუღმა დაბრუნდა, ბედი დამტერდა, ვა მეო!
14. რაც გამეგონა სპარსთაგან წიგნები ლაყაბიანი,
ამბავი ანუ შაირნი საალაღობო და წყლიანი,
ლექსი ლექსად ვთქვი, ამბავი არც ყოლ არ დავაგვიანი,
და პირველად სამიჯნურონი, ვითა ვარდი და იანი.
15. ვარდს გავაუბნე, გავაბჭე ბულბული მისთვის ხელები,
ხელს მოვაგონე ხელქმნელი, ცრემლი ვადინე ცხელები,
ბრძენთანაგან შესაწყნარები, სიტყვა არ საკიცხელები,
და ცოტა რამ უკუ ვიყარე, სევდა ვქენ განათხელები.
16. შემოდგომა_გაზაფხული ერთმანეთსა შევადარე,
მე გაბჭობით გავაუბენ, სიტყვა ესრეთ მოვაგვარე,
ყველას ვისმე ცოტას ხანსა ვალაღობე, უკუ ვყარე,
და რაც რამ კარგი ორთავ სჭირდა, ყველას თავი მოუყარე.
17. შამი_ფარვანას წიგნისა ვინებე გარდმოღებანი,
ესმოდენ ცუდთა ლაყაბსა ვინცა_ვინ მითხრას ქებანი!
არც ჩემის საქმით ნათქვამი, არც გულსა მქონდა დებანი,
და სპარსთ უთქვამსთ აშიყ_მაშიყად, მათგან არს მოგონებანი.
18. შამი სპარსულად სანთელსა ჰქვიან მათისა ენითა,
ფარვანა მისთვის მიჯნურად უთქვამს, გლახ, ცრემლთა დენითა,
ყოვლთა მიჯნურთა უსაწყლე იგ სურვილისა სენითა,
და იგ გაულექსავთ ყურთათვის შაქრად და თაფლად სმენითა.
19. იფიქრა ისპაანელმან,მელექსედ შიგან ქებულმან,
კაცმან განთქმულმან სპარსთ შიგან, არ ცუდად მიდ-მოდებულმან;
განფინა მისნი სიბრძნენი, იგ უქეს ბრძენთა კრებულმან,
და მისთა ლაყაბთა თარგმნითა იგ არც მე დადუმებულმან.
20. თქმულა პირველად ფარვანა იგ სანთლისათვის ხელადო,
დასაბამითგან იგ მისთვის გაჭრილი მინდვრად, ველადო,
მისთა შუქთა და სხივთაგან უწყალოდ დანამწველადო,
და იგ მისთვის ყურბან_სადაღად, ფარვანა თავსა მვლელადო.
21. არც ერთი არის მართალი, ზღაპარი ყოვლის ხონები,
სარგებლად თქმულა კაცთათვის ეს ყველა მოსაგონები,
შეექცეს, ყური მიუპყრას სევდითა დანაღონები,
და იგ რიტორება გამოჩნდეს და სიბრძნე მოსაწონები.
22. ვინ ხართ გონების უფალი, მთარგმნელი დაღრმობილისა,
მოდით, სიბრძნისა ტრფიალნო, სმენად სიტყვისა ტკბილისა!
სცანით ღარიბთა სიტყვათა სალიზღად შეწყობილისა,
და ვით ნაკადული ღარშიგან, სწორად მიდენით მილისა.
23. მოდით, მუჯნურნო, რომელთა ცრემლთა გდისთ ნაკადულები,
იგ მოყვრისათვის საკვდავად, ვის შეგიწირავს სულები;
ვისაც გწვავს ცეცხლი უშრეტი, გაქვს გული დანაწყიულები
და ნახეთ ფარვანა დამწვარი, მკვდარი, სულ_ამოსულები.
24. მისგან ისწავეთ ყოველთა ხელობა, მიჯნურობანი,
სიყვარულისა ცეცხლშიგან იგ მისებრ გამოდნობანი;
მას ვითარ თავი გარდაუც, თქვენ მიაყოლეთ ცნობანი,
და თითი უკავეთ ყოველთა, ვინც ვერ ჰქნათ მის ოდნობანი.
25. მას არგეთ რამე საწყალსა, დამწვარსა, დავალებულსა,
მას ტკბილი ამხანაგობა ვასხეთ, დავალებულსა;
წყალი დაასხით მოსწრაფედ მას გულსა დავალებულსა,
და ხელი დახურეთ თვალზედან საკვდავად დალულებულსა.
26. ცოცხალს მიუსწრათ, ისმინეთ იგ მისი ნაუბარები,
რას ეტყვის მისსა დამწველსა_სცნათ სიტყვა მისი მწარები,
საყვარელისა შუქითა ფრთანი გარ შემომწვარები,
და უცილოდ მოკვდეს_დამარხეთ, თან მიტანეტ ბარები.
27. სანთელი ბრწყინავს, მიჯნურნი სხედან მის გარეშემოსა,
მას ადიდებენ ვინ ეგრეტ ტურფად და ნათლად შემოსა;
ლალისა ფერსა ღვინოსა სმენ გემრიელსა გემოსა,
და ფარვანას ხედვენ მასთანა ხელსა, შემცდარსა დელოსა.
28. ფარვანა სანთელს ევლება, შექმნილია მისთვის სადაღა,
ჭკუა და ცანობა წასვლია_მას დაუკარგავს სადაღა?
მის მეტი მისად პატრონად სხვა ვინ უნდოდეს, სად აღა?
და მიჯნურთა მისის ბრალითა გული დასწვია სადაღ ა!
29. მათ გაუარმდა მეჯლისი მის საბრალოსა მზერითა,
იგ იტყვის: “ჩემსა ხელმქნელსა, ხედავთო, სჯობსო მზე რითა?
სრულად ერთობის ციერნი იგ აჭარბებენ ზე რითა?
და თქვენც მოიგონეთ მზე მზებად, ვინც ვინმე შეიზვერითა.”
30. მათ გაუახლდა სახმილი, ვინც ვისთვის ვინმე იწოდა,
სურვილმა მუნით სიკვდავად იგ მათთვის დანა იწოდა;
უხელეს სხვათა მიჯნურთაახლა ფარვანა იწოდა,
და აწ მოსთქვამს მისტა ჭირთა და საკვდავად გამოიწოდა.
31. ფარვანა ეტყვის სანთელსა: “მანათობელო ღამისა,
შენისა სიყვარულითა სული ამოსვლას ლამისა,
აშიყობამ და სურვილმან მე გული შემიღამისა,
და ნუმცა მექნების უშენოდ სიცოცხლე ერთის წამისად.”
32. “ამან შემშალა_ვერ ვხედავ ქვეყნად მე შენსა დარესა,
ზოგი რამ მხესა მიგიგავს და ზოგი რამე მთვარესა,
შენმან სხივმა და ციმციმმან ჭირსა დამაბა მწარესა,
და თავსა გევლები, ნუ მომკლავ მე შენსა მემუდარესა.’’
33. ,,კურთხეულმც არის, რომელმან ესრეთ დაგბადა შენაო,
ბრწყინვალედ კამკამებითა შეგამკო, დაგაშვენაო;
მეყოფის მუდამ უწყალოდ გულსა ლახვრისა შენაო,
და სულისა ამოსასვლელად შემქნია ბერვა, ქშენაო.”
34. ,,სხვას ვერსა ვხედავ საწყალი, იგ თუ არ შენსა შუქებსა,
პირი და ენა დაეყო ყოველსა შენსა უქებსა!
სმა-ჭამა დამვიწყებია, ნეტავ რა გამასუქებსა,
და ფრთასა შემომწვავ საწყალსა, ვიცი, რომ ჩამსვამ ქუქებსა”.
35. ,,რა შენ ბრწყინვალედ აენთი, მე დასაწვავად მზა ვარ და,
მე შენთვის დავბადებულვარ, სხვა არ ვიცი თუ, რა ვარ და,
ჩემი სიცოცხლე, მორჩება სათუოს იქით ჩავარდა,
და შენ ხელმქნელი და მე ხელი_ეს ყოვლს ქვეყანას გავარდა.”
36. ,,ბრძანა ღვთისა ეს არის, ამ ნივთზე დავიბადეო:
შენი ტყვე ვიყო საწყალი, შენი მეხვიოს ბადეო,
არც წყალი მასვი საწყალსა, არცა წამალი მადეო,
და მოინდომე და მომკვდარვარ_შენ ესრეთ მოიწადეო.”
37. სანთელმან გასცა პასუხი, ძლივღა აღირსა გვიანად:
_,,მე შენი რაც გავიგონე, არც ერთი მესმა ჭკვიანად,
ღვთისაგან დაბადებული მე რომ ვნათობდე მზიანად,
და რა გრჯის, რასათვის მოკვდები, დაიწვი დანაცრიანად!’’
38. ფარვანას ესმა პასუხი მისისა დამდაგავისა,
იგ შორად განსაშორავი, არ თუ შეწყობა ზავისა,
თქვა: ,, თუ გავძლებდე უშენოდ, ვის რა შურს, ვის რა გავისა?
და არცა ვარ ცნობისუფალი, არცა ხელთ მქონე თავისა’’.
39. ,,გული, ცნობა და გონება წამართვი ჩემო მზეო, და,
შენ გაქვს საკუთრად, ჩემთანა არც ბეწვი მოიძეოდა,
ჩემი სისხლი და სიკვდილი სრულად შენ დაგეზღვეოდა,
და როგორიცა ხარ, მე შენი ქება აწ დავიწყეო და.’’
40. ,,მზისაგან უბრწყინვალეა ეგ შენი კამკამებანი,
ქვეშე თეთრი და ზე წითლად ალისა მცხინვარებანი,
ვინმცა თქვას თქვენი შუქი და ან შვენებისა ქებანი!
და გულსა და თვალსა ახარებს შენი წინ ანათებანი.’’
41. ,,ოქროზედ ვინმე აგანთებს, ჩამოსხმული ხარ ტანადო,
დასჩაგრავ ბრწყინვალებითა, ვინ შვენის შენისთანადო?
ვერცხლს უთეთრე ხარ, შენთანა იგ გახდეს გასაბანადო,
და იგ სახლი სახლად არ ვარგა, უშენოდ_ბანი ბანადო.”
42. მთვარე რაზომცა ნათობდეს გავსილი ბნელ საღამოსა,
მისთა შუქთაგან უშენოდ ვახშამი ვერვინ ჭამოსა,
უშენოდ ლხინი, მეჯლისი_ვინძლო_ვინ შეიწამოსა!
და ეგზომმა უებრობამა, გლახ, შენმა მე მიწამოსა.”
43. ,,აწ რა ვქა ხელმან, საწყალმან_სიკვდილი მამეწურაო,
თვალთაგან სისხლის ცრემლი მდის, ერთ წამ არ მამეწურაო,
შენ მოწყალება არა გაქვს, არ ვიცი რა ვქნა, თუ რაო,
და ერთ ლუკმად არვის ვეყოფი მგელი შემჭამს, თუ ტურაო.”
44. ,,რასთვის პასუხსა მიძვირებ, თვალთა საჩენო სულო, და,
ვირემდის სრულად არ მომკლავ, ნუ მეჭვ, რომ დამასრულო და,
თავიდგან ჩემო დამწველო, აწ ჩემო აღსასრულო და,
და შენ რომ შემცრობით დაიწვა, სისხლი რად ჩემსა ქედობით?”
45. სანთელმან უთხრა პასუხი ბრძენი, არ ცუდი ყბედობით:
_,,მე ღნერთმან შემქმნა სამადლოდ, შენ სადით მომხვდი ბედობით?
ხატთა და ჯვართა წილი ვარ სულისა საიმედობით,
და შენ რომ შემცდრობით დაიწვა, სისხლი რად ჩემსა ქედობით?~
46. ფარვანას ესმა, ატირდა მეტის მეტისა წყენითა,
ღონე მოეღო საწყალსა, მხარი დაუშვრა ფრენითა,
კვლავცა დაუწყო ქება და ხვეწნა ცრემლისა დენითა,
და ჭირსა სჭამს, თავსა ევლება მასვე გარშემო ფრფენითა.
47. ,,ნუ მომკლავ უწყლოდ, ნუ გინდა ჩემი ცოდვა და ბრალები,
სხვას შენთვის მკვდარი ვის უნდი, თუ შენ არ შეგებრალები?
შენის სიტურფით ვერ არის ვარ ბროილ, ვერცა ლალები,
და აგავსებ შემის ცოდვითა, სიკვდილსა არ ვეკრძალები”.
48. ,,სხვა არვინ ვარგა უშენოდ, მე როგორ ვიყო ხელი და,
ლხინი და ჭირი, სმა-ჭამა უშენოდ ყველა ბნელი და,
ერთაჭამა და ქორწილი, მასპინძელ-საწვეველი და,
და ტურფა-კეკლუცთა ყრილობა, მიჯნურთა სულ დამწველი და.~
49. ,,ჭამასა გახდი სამოთხედ ბრწყინვალედ ელვარებითა,
ტურფათა გამომჩენელი-შემატებ, არ თუ კლებითა,
მას სრასა, სახლსა საჯდომსა ავსებ მათისა ქებითა,
და გოჯის სიგონჯეს დაჰფარავ შენისა მოხმარებითა.~
50. ,,მტერიც ვერ გაძლებს უშენოდ, ხარ ყოვლთა მოსახმარია,
მოყვარე ვარ და მიჯნური, ნუ ეჭვ, რომ გაგეყარია;
სიკვდილისაგან სიცოცხლე აწ ჩემი უფრო მწარეა,
და ვეღარ მოვიწვდი_ასეთი გულსა ისარი მკარია.~
51. სანთელმან უთხრა: ,,დამეხსენ, ნეტარ, შენ ვინ და მე ვინა?
სამადლოდ შემქმნა, რომელი საყდართა მჯდომი, ზე ვინა,
ეკლესიათა მსახურად სრულ ღამე გამათევინა,
და ვინ მკვდარსა მუდამ ამინთოს, მას ცოდვა არ აზღვევინა.~
52. ,,სრულ ჩემი საქმე სამღთოა, მე ვინ და მიჯნურობანი,
მუდამ მით ვნათობ, არა მაქვს მით ვარდსა ჩემსა ძრობანი,
ეგ შენგან არ მეკადრების, ეს არის მართლის თხრობანი,
და სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, რად გინდა სუდარობანი!~
53. ფარვანა ეტყვის მტირალი, იგ საწყლად მოუბარადო:
_,,სულ ბრწყინავ უამხანაგორა, მისთვის ხარ საქებარადო,
უნდა, რომ თავს გევლებოდე სრულა თესლად და გვარადო,
და ვიდრემდი დავიწბებოდე, გარე გირბენდე ჩქარადო.~
54. ,,ვითა ბულბული ვარდისთვის გაჩრილი, გახელებული,
შენ სჯობხარ ვარდსა სინათლით, მეტი ხარ, არ თუ კლებული;
ბულბულს მე ვჯობვარ მიჯნურად, გული უწყალოდ ღებული
და შენთა შუქთა და სხივთაგან დამცვარი, დავალებული.’’
55. ,,იგი იმღერს და იზახის, ყეფს ხმასა რასმე ამოსა,
არ იწვის, არცა მოკვდების, არც არა გაიმწაროსა;
პირსა გიყურებ მნათობსა და ტანსა ალვა-საროსა,
და რა ვეგდო მკვდარი, დამწვარი_შენც მნახავ უსუდაროსა.~
56. ვინ აქო ვარდი-ბულბული, შავი-ფარვანა უქია,
ბულბულს ჰკლავს ვარდის შვენება, ფარვანას_სანთლის შუქია,
ვარდს უმზეობა დააჭკნობს, სანთელს დაავსებს ბუქია,
და საბრალოს მათსა მიჯნურსა ჭირი სჭირს არსუბუქია.
57. დრო მომეახლა ლხენისა_სიკვდილი მონაწურია,
აღარც მე მინდა სისცოცხლე, რადგან შენ აგრე გსურია,
რად არ გეწყალვი, უღვთოო, ხარ თურე კარა ურია!
და ეგ ეგრეც მიყავ_დამმარხე_ცოტა რამ სამსახურია!
58. სანთელმან უთხრა: ,,საწყალო, რად გარდასრულხარ ჭკვისაგან?
ვით გასძლებს ჭირსა ეგზომსა გული უმაგრე ქვისაგან?
მე შენს სიბრალულს ჩამომხსენ, შენც მოისვენე წვისაგან,
და წადი და თავსა ეწივე მუდამ ლახვრისა ჭრისაგან!~
59. ,,ღმერთსა გაფუცებ, დამეხსენ, წადი და სხვაგან ირეო,
ცუდად ნუ გინდა სიკვდილი, შენთვის ნუ ამატირეო,
შენისა სიბრალულითა მეც ლხინი დამიძვირეო,
და ცეცხლი გწვავს, ცეცხლი უშრეტი, ლახვრითა გაიგმირეო.~
60. ფარვანას ესმის სიტყვები მისისა დამწველისანი,
თქვა: ,, ამას იქით ვერ გავსძლებ_გულიცა მქონდა ქვისანი,
დრო მოუვიდა ბედკრულსა ამ სოფლით გარდასვლისანი,
და ამას იქით მოვკვდების, ამას არ უნდ მისანი.
61. მხარი გაშალა, მიჰმართა, სად სანთლის შუქი კრთებოდა,
სულ მისთა ჭირთა წაღებად, სადაღად თავს ევლებოდა;
_თქვენც აგრე ჰქენით, მიჯნურნო, ვინცა_ვინ ვისთვის კვდებოდა!
და თავგაწირული სიკვდილად ცეცხლშიგან შეიწვებოდა.
62. მხარნი მოეწვნეს სრულობით, ქვე ჩამოვარდა, დაეცა,
მისთვის საკვდავად ლახვარი უნდოდა, მგონივ, და... ეცა,
ცოტა ხანს მუცლით იღოღა, სული უნდოდა გაეცა,
და გასწირა მისმან ხელქმელმან, სხვას ვის უნდოდა დაეცა?!
63. მკვდარიც არ მოსხლტა სანთელსა, იგ ზედა ეკრა, ეხია,
ეწამა მისთვის, დაიწვა, მოკვდა, ლახვარსა ეხია;
მისად წაღებად საკაცე, არც უნაგირი, კეხია,
და არც ვინ დამარხა, შესუდრა, არც არა ზედა ეხვია.
64. რა ჩამოვარდა სანთლითა, სასანთლეზედა მდებობდა,
მკვდარი, უსულო, დამწვარი გაცივდა, აღარ თბებოდა;
მისის ცოდვითა სანთელი თავის სიკვდილსა ნებობდა,
და მიჯნურნი მისთვის მტირალნი ყველა მუნ შემოკრბებოდა.
65. მუნით ტირს ცეცხლის ცრემლითა, სანთელს ღვარი სდის წვეთადო,
მისისა სიბრალულითა გულსა სჭირს დანა მკვეთადო;
ნათელი სინანულისა მიჯობს გულს მადგეს სვეტადო,
და ეს უსარგებლო ლაყაბი მეყოფა მეტის-მეტადო.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
[ბოლოსიტყვაობა]
66. გათავდა ესე ამბავი, იგ კითხვა-არაკობანი,
სიტყვათა შესხმა რიტორად, ენის სამკაულ-მკობანი,
არც სიხარული სულისა, არც არა ზატიკობანი,
და უსაქმოს მოწყენილისა ცუდი რამ ტიქტიკობანი
67. ცუდად წოლით და გდებითა ეს მომაგონა რაჭამა,
ორმოს ჩამაგდო სოფელმან, ძირს ჩამიტანა რა ჭამა,
ღარიბმან კაცმან სხვა-იგ, თუ არ საყვედური-რა ჭამა?
და იგ ცრემლთა ჩემთა ნაკადმა ზე გარდახეთქა, გაჭამა.
68. ღმერთო, ნუ მიწყენ ამ ცუდსა ლაყაბსა, მიდმოდებასა,
ვეღარ გაუძელ შვიდ ზაფხულ მოწყენით ცუდად გდებასა,
შეჭირვებისა ცეცხლთა და გულსა სახმილთა დებასა,
და მოველი შენგან ხსნასა და შენსავე იმედებასა
თეიმურაზ I
This post has been edited by nini gogo on 27 Jun 2015, 16:08