#47958717 · 30 May 2016, 23:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვარდისფერი ბუშტი
ჩვენ ვგავართ დიდ ვარდისფერ ბუშტს
„არიზონული ოცნებიდან“
რომელიც მანჰეტენის ცაზე დაფრინავს.
კორპუსებზე და ადამიანებზე მაღლა,
ყოველდღიურ რუტინაზე მაღლა,
პოლიტიკოსებსა და მათ სულელ ამომრჩევლებზე მაღლა,
და ის არასოდეს გასკდება ან დაიკარგება,
სანამ ჩვენ გვაქვს ძალა ვიბძოლოთ
და შევინარჩუნოთ სწორი ორიენტირი
და ერთმანეთი.
სანამ ჩვენი ოცნებები ცათამბჯენებზე მაღლა დაფრინავენ.
იმ ვარდისფერი ბუშტივით
რომელიც სიზმარშიც არ გვანებებს თავს.
ჩვენ არ ვსაუბრობთ
რადგან ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე.
და სათქმელიც არაფერია.
ერთმანეთი შევისწავლეთ, როგორც სკოლაში
გამრავლების ტაბულა.
და ახლა ერთმანეთის შიშებზე ვფიქრობთ,
რომლებიც არ უნდა ახდნენ,
რადგან რეალობიდან არ უნდა გავირიყოთ.
შენ დგახარ გზაზე.
შენ სულ გზაში ხარ
და ყველა გზა შენი დაღლილი სხეულისკენ მიემართება,
რადგან ყველა ხსნა შენშია
და ეს შენ იცი,
და დარწმუნებული ხარ იმაშიც,
რომ სანამ აურზაურის ტალღები გადაივლიან,
ხელს არ გაგიშვებ…
ეს შენ გაძლიერებს.
ეს მე მაძლიერებს.
ეს დიდ ვარდისფერ ბუშტს აძლიერებს,
რომელიც დაფრინავს მანჰეტენის რუხ ცაზე
და ბრძოლისთვის ძალას აძლევს
ყველა უიღბლოსა და იმედგაცურუებულს.
* * * წმინდა არის
Everything is holy! everybody’s holy! everywhere is holy! everyday is in eternity! Everyman’s an angel!
Allen Ginsberg
წმინდა არის ჩემი სხეული, წმინდა არის ჩემი ენა, წმინდა არის უძინარი თვალები.
წმინდა არის მარტოობა და სუიციდის მცდელობები.
წმინდა არის ყველა იმედგაცრუებულის მზერა, რომელთა თვალებში სიკვდილმა დაისადგურა.
წმინდა არის მანჰეტენი და ბრუკლინი, სადაც დავიბადე.
წმინდა არის რესპუბლიკელი ბაბუაჩემი დერეკ პრომველი და მისი ფსიქოპატური იდეები წმინდა არის.
წმინდა არის ჩემი ბავშვობის მეგობარი დინ ლამბერტი.
მისი შიშები და აპათია წმინდა არის.
წმინდა არის ამერიკის პრეზიდენტი და რუსეთის იმპერატორი.
წმინდა არის ღვიძლდაშლილი ჯეკ კერუაკი და მისი მოგზაურობა ამერიკის გარშემო.
წმინდა არის იური გაგარინი და მისი მოგზაურობა მთვარის გარშემო.
წმინდა არის ჩე გევარა და მისი მოგზაურობა სამხრეთ ამერიკის გარშემო.
წმინდა არის ჰანს პრომველი და მისი მოგზაურობა საკუთარი თავის გარშემო.
წმინდა არის იტალიური ნეორეალიზმი.
წმინდა არის ფრანგული ავანგარდიზმი.
წმინდა არის ჯონ ლენონი.
წმინდა არის ნენსი და მისი ყოველი ამოსუნთქვა ჩემს მკერდზე.
წმინდა არის სულის ტკივილი და სხეულის უმოქმედობა.
წმინდა არის ამერიკული მოდერნიზმი.
წმინდა არის უოლტ უიტმენი.
წმინდა არის სუდანელი ბავშვი, რომელსაც შიმშილით სიკვდილი ელოდება.
წმინდა არის ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა
და გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“
და კონტინეტი აფრიკა
სადაც გაურკვეველ ექსპერიმენტებს ატარებს.
წმინდა არის სევდა და მოწყენილობა.
წმინდა არის ამერიკა, ჩემი სამშობლო,
რომელსაც ნავთობი და სისხლი სჭირდება მსოფლიოში დემოკრატიის დასამყარებლად.
წმინდა არის ერთფეროვნება და ჩემი ოთახის კედლები.
წმინდა არის ტელეშოუებზე გაზრდილი თაობა, რომელთაც ყოველწლიურად უქვეითდებათ აზროვნების უნარი.
წმინდა არის თავისუფლების ქანდაკება, რომლის ჩირაღდანს ცეცხლი დიდი ხანია ჩაუქრა.
წმინდა არის ყოველდღიურობაში ჩაკარგული ადამიანების ყმუილი,
რომელთაც დიდი ხანია სახე დაკარგეს
და ახლა პოსტტრავმულ სიზმრებში გვეცხადებიან
შეშლილი ანგელოზების სახით.
წმინდა არიან ისინი!
|