ქაფქიანა
I still have a soul

        
ჯგუფი: Members
წერილები: 38910
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08
|
#44283759 · 10 Apr 2015, 21:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აბულაბას
ძალიან კარგი, ძალიან კარგი.
და მესამე ოდისეა წაკითხული გაქვს? დღეს დავიწყე თარგმნა.
მოკლედ პირველი ოდისეა ოცი აპრილიდან, მეორე მაისის ფესტივალიდან, მესამე კი ივლისის ბოლოდან იქნება და ასე მივყვებით რვავე ოდისეას ჩათვლით.
ესეც მესამე ოდისეა. პირველი თავის სრული თარგმანი. როგორც მეორე ოდისეას პირველითავი დავდე სრულად. მერე ნაწყვეტ-ნაწყვეტებს დავდებ ხოლმე.
I. ჯადოსნური მთა 1. გაყინული წლები
-სამოცდაათი წლის კვალობაზე მშვენიერ ფორმაში ხარ, -აღნიშნა დოქტორმა გლაზუნოვმა, სამედიცინო კომპიუტერის მიერ დაბეჭდილ ლენტას რომ ათვალიერებდა. -სამოცდახუთ წელზე მეტს არ მოგცემდი. -მიხარია ამის მოსმენა ოლეგ. მით უფრო რომ ასსამი წლისა ვარ და მშვენივრად იცი ეს. -აჰა, კიდევ! ყველა იფიქრებს რომ პროფესორ რუდენკოს წიგნები არასდროს წაგიკითხავს. -ძვირფასი მოხუცი კატერინა! ვგეგმავდით ერთად აღგვენიშნა მისი ასი წლის იუბილე და ძალიან ვწუხვარ რომ ეს ვერ მოხერხდა. აი რა ხდება, როდესაც მეტისმეტად ბევრ დროს ატარებ დედამიწაზე. -მართლაც რომ ირონიულია. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ მას ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: ,,გრავიტაციას სიბერე მოაქვს.“ დოქტორმა ჰეივუდ ფლოიდმა დაფიქრებულმა შეხედა მის წინაშე სულ რაღაც ექვსი ათასი კილომეტრის მანძილზე გადაშლილ პლანეტის მშვენიერ პანორამას, წარამარა რომ იცვლებოდა და ვერასდროს მოუწევდა მასზე კვლავ ფეხის დადგმა. უფრო ირონიული კი ის იყო, რომ სულელური უბედური შემთხვევის წყალობით იგი კვლავ მშვენივრად გრძნობდა თავს, მაშინ როდესაც მისი ყველა მეგობარი დიდი ხნის წინ მიებარებინათ მიწისთვის. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, მიუხედავად სიფრთხილის ყველა ზომის და ღრმა რწმენისა-რომ აწი მსგავსი აღარაფერი შეემთხვეოდა, მეორე სართულის აივნიდან არ გადავარდა? (დიახ. ზეიმობდა. მაგრამ განა არ დაემსახურებინა ზეიმი? იგი გმირი გახლდათ ახალ სამყაროში, რომელშიც ,,კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი“ დაბრუნდა). მრავალგზისი მოტეხილობების თანდართული გართულებებით მკურნალობა მხოლოდ ,,პასტერის“ კოსმოსურ ჰოსპიტალში იყო შესაძლებელი.
ეს 2015 წელს მოხდა, ახლა კი მიუხედავად იმისა რომ ამის არ სჯეროდა, კედლის კალენდარი ჯიუტად ამტკიცებდა რომ 2061 წელი იდგა. ჰეივუდ ფლოიდისთვის ბიოლოგიური საათი ნელა მიდიოდა მარტო იმიტომ კი არა, რომ კოსმოსური ჰოსპიტალის ბორტზე დედამიწისეული მიზიდულობის მხოლოდ ერთი მეექვსედი იგრძნობოდა, მისი სიცოცხლე ორჯერ, ასე ვთქვათ, ,,დაიზოგა“ კიდეც. თეორია იმის შესახებ რომ ანაბიოზი აჩერებს ორგანიზმის დაბერებას, ფართოდ გაბატონდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მეცნიერი კვლავ ეჭვით უყურებდა ამგვარ თეორიას. ამ პროცესს გაახალგაზრდავება ეწოდა. იუპიტერისკენ და უკან მოგზაურობისას ფლოიდი მართლაც გაახალგაზრდავდა. -მართლა ფიქრობ რომ გაფრენა შემიძლია? უსაფრთხო იქნება ჩემთვის? -სამყაროში არაფერია უსაფრთხო ჰეივუდ. ყველაფერი, რაც შემიძლია გითხრა ისაა, რომ ფიზიოლოგიურ უკუჩვენებებს ვერ ვხედავ. თანაც, ,,იუნივერსის“ ბორტზე ზუსტად იგივე პირობები იქნება, რაც აქაა. მას არ აქვს ისეთი, ჰმ... შესანიშნავი სამედიცინო მომსახურება, რისი შემოთავაზებაც ჩვენ შეგვიძლია აქ, მაგრამ დოქტორი მაჰინდარანი კარგი სპეციალისტია და თუ წარმოიქმნება ნებისმიერი პრობლემა, რომლის გამკლავებასაც იგი ვერ შესძლებს; უბრალოდ კვლავ ანაბიოზში მოგათავსებს და უკან, ჩვენსკენ გამოგიშვებს. სწორედ ასეთი პასუხის იმედი ჰქონდა ფლოიდს. მაგრამ მის სიხარულს თან სევდაც ერთვოდა. ნახევარი საუკუნის მანძილზე მშობლიურ სახლად ქცეული ჰოსპიტალის და სიბერის წლებში შეძენილი ახალი მეგობრების მიტოვება მოუწევდა და მიუხედავად იმისა, რომ პრიმიტიულ ,,ლეონოვთან“ შედარებით (რომელიც ახლა ორბიტაზე გამოკიდებულიყო, როგორც ლაგრანჟის მუზეუმის მთავარი ექსპონატი); ,,იუნივერსი“ ფუფუნებით მოწყობილი ლაინერი გახლდათ; მაინც არსებობდა რისკის ელემენტი, ასე თანმდევი ყოველი ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობისთვის. მითუმეტეს იმ პიონერული საქმიანობისთვის, რომლისთვისაც ემზადებოდა. დიახ, დიახ. ეს სწორედ ის გახლდათ, რისკენაც იგი მიისწრაფოდა. თუნდაც ასსამი წლის ასაკში. (ანდა, პროფესორ კატერინა რუდენკოს რთული გერიატრიული გაანგარიშებების თანახმად, ჯანსაღი და სიცოცხლით სავსე სამოცდახუთი წლის ასაკში). უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ფლოიდი თანდათან უფრო და უფრო მზარდ უხერხულობას და განუსაზღვრელ დაუკმაყოფილებლობას გრძნობდა მშვენივრად მოწყობილი და მეტისმეტად კომფორტული სიცოცხლის გამო. მიუხედავად იმისა რომ მთელ მზის სისტემაში ნაირ-ნაირი ღირსშესანიშნავი პროექტები ხორციელდებოდა-მარსის გამოცოცხლება, მერკურიზე ბაზების დაარსება, განიმედეს გამწვანება; ეს მაინც არ იყო ისეთი მიზნები, რომელთათვისაც მისი ცოდნის, მისი გამოცდილების და მისი ჯერ კიდევ მჩქეფარე ენერგიის შეწირვა არ დაენანებოდა. ორი საუკუნის წინ, მეცნიერული ეპოქის დასაწყისის ერთ-ერთმა პოეტმა ოდისევს-ულისეს პირით კარგად შეაჯამა ის გრძნობა, რასაც ახლა ფლოიდი განიცდიდა:
უამრავი სიცოცხლე სიცოცხლეზე მიჯრით, ისემც ცოტა ვიყავით და სულ მცირენი დავრჩით, წამნი წაგლეჯილნი მარადიულ დუმილს, გვაახლოებს საგნებთან სულ ახალი არსით.
სულმდაბლობა იქნებოდა დავმალოდით სამ მზეს, გავქცეოდით სხივებს ჩვენდა თავის მხსნელად, სულსა ჩვენსას ქცეულს ნაცრისფერ აჩრდილად, რარიგად რომ სურდა, არსთა შემოხვეჭა.
იმ ვარსკვლავის მსგავსად, ჰორიზონტებს მიღმა ულმობელი ხელი სულ და სულ რომ აქრობს, სულნი ჩვენნი სდევდნენ ახალ-ახალ ცოდნას უხსოვარი დროიდანვე არაოდეს ნაცნობს.
სამი მზე. კი, როგორ არა, სამი. მოგართმევენ. სამი კი არა, მთელი ორმოცია. ულისეს მის მაგიერ შერცხვებოდა. შემდეგი სტრიქონები კი, რომლებიც არანაკლებ კარგად იცოდა, კიდევ უფრო შეეფერებოდა:
და ვინ იცის იქნებ, მოგვიხელთოს სადმე, უფსკრულებმა ბნელი, მარადიულ ღამის, ანდა იქნებ სულაც არ გვიმუხთლოს აფრამ და მივადგეთ ბედნიერთა კუნძულების ნაპირს.
და ვიხილოთ იქ ჩვენ, რვალნი შემმუსვრელნი, გმირი აქილევსის, როს ვიცნობდით ოდეს, მოვიპოვეთ ბევრნი, მაგრამ კვლავაც რჩება საჭირონი ბევრნი რომ არ გვეთმობოდეს.
თუცა ახლა უკვე აღარ გვიჭრის მკლავი, ვითარ მაშინ იმ შორეთში, გარდასულთა დღეთა, როს ვუცვლიდით ადგილს ხმელეთსა და ზეცას და ვცხოვრობდით მოჭიმული უკიდურეს ძალით,
მაინც გვიძგერს მკერდში გამეტებით გული, მერე რა რომ ბედისწერამ ასე დაგვაბერა, მერე რა რომ წლების ტვირთმა თუ შესუდრა სული, თუნდაც ახლაც, წლების შემდეგ, ძმებო ეს ხომ ჩვენ ვართ.
ნებისყოფა უდრეკია ვით ფოლადის ძელი, ჩვენ ავღსდგებით კვლავაც, ჩვენ არ დავნებდებით, ჩვენ ვიბრძოლებთ შორეული ზღვების ლაჟვარდებში, ჩვენ მოვძებნით ჩვენს ხვედრს მომავალის რწმენით.
,,ჩვენ ვიბრძოლებთ,“ ჩვენ მოვძებნით“ ... რას იზამ. ახლა უკვე კარგად იცოდა რისი მოძებნა და პოვნა სურდა, რადგან ძალიან კარგად იცოდა ისიც თუ სად უნდა ეძებნა ეს. თუ სადმე კატასტროფამ არ ,,მოიხელთა,“ ვერსად დაემალება ,,ხვედრი,“ რომლის პოვნის ასე ,,სწამს.“ ფლოიდი გაცნობიერებულად ასეთ ამოცანას არასდროს დაისახავდა მიზნად და ახლაც კი ბოლომდე არ ესმოდა, თუ რატომ მოუნდა უცბად ამ მიზნის დევნა. ფიქრობდა რომ უკვე იმუნიტეტი ჰქონდა გამომუშავებული იმ ციებ-ცხელების მიმართ, ხელახლა რომ მოიცვა კაცობრიობა-უკვე მეორედ მის სიცოცხლეში! მაგრამ სულ ტყუილად. ანდა შესაძლოა რომ ,,იუნივერსის“ ბორტზე მიწვევის მოულოდნელმა შემოთავაზებამ მისი წარმოსახვის ცეცხლი დაანთო და ენთუზიაზმი გამოაღვიძა, რომელიც უკვე კარგა ხნის ჩამქრალი ეგონა. თანაც, ერთი შესაძლებლობაც არსებობდა. მთელი ამდენი წლების შემდეგ კარგად ახსოვდა 1985-1986 წლების იმედგაცრუება, მთელი მსოფლიო საზოგადოება რომ მოიცვა. ახლა კი შანსი გაჩნდა-მისთვის უკანასკნელი, კაცობრიობისთვის კი პირველი რომ წინამორბედი იმედგაცრუება აენაზღაურებინათ. არა, გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ აენაზღაურებინათ. მეოცე საუკუნეში მხოლოდ სინჯებს და ზონდებს შეგეძლოთ დაყრდნობოდით. ახლა კი უშუალოდ დაჯდომაზე მიდიოდა საუბარი. ეს დაჯდომა ისეთივე ახალი, პიონერული მნიშვნელობის იქნებოდა, როგორიც არმსტრონგის და ოლდრინის პირველი ნაბიჯები მთვარეზე. დოქტორ ჰეივუდ ფლოიდის, 2010-2015 წლების იუპიტერზე მისიის ვეტერანის წარმოსახვა კვლავ იმ მოჩვენების ეული სტუმრისკენ გაფრინდა, ოდესღაც სივრცის უფსკრულებიდან რომ დაბრუნდა. მზისკენ მიახლოებისდა კვალდაკვალ მოჩვენება წამიწამ იკრებდა სიჩქარეს და სადღაც დედამიწის და ვენერის ორბიტებს შორის კომეტათაგან ყველაზე ცნობილს ჯერ კიდევ ბოლომდე მოუმზადებელ კოსმოსურ ლაინერ ,,იუნივერსთან“ შეხვედრა ელოდა, ასე რომ ემზადებოდა თავისი პირველი გაფრენისთვის. შეხვედრის ზუსტი წერტილი ჯერ კიდევ არ იყო განსაზღვრული, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ,,ჰალეი, მოვდივარ...“ წაიჩურჩულა ჰეივუდ ფლოიდმა.
|