ქაფქიანა
I still have a soul

        
ჯგუფი: Members
წერილები: 39000
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08
|
#44834692 · 9 Jun 2015, 17:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რობერტ ჰაინლაინი, ,,უცხო, უცხოთა მიწაზე."
თავი I მისი გაურკვეველი წარმოშობა
ოდესღაც, დიდი ხნის წინათ-როდესაც სამყარო ახალგაზრდა გახლდათ, ცხოვრობდა მარსელი; სახელად ვალენტინ მაიკლ სმითი. იგი ისეთივე ნამდვილი ნამდვილი გახლდათ, როგორც გადასახადები, თუმც კი ერთადერთი და განუმეორებელი იყო. დედამიწიდან მარსზე მიმავალი პირველი პილოტირებული ექსპედიცია იმ პრინციპის მიხედვით შეარჩიეს რომ ადამიანისთვის კოსმოსში უდიდეს საფრთხეს თავად ადამიანი წარმოადგენს. ამ დროისთვის მთვარეზე პირველი კოლონიის დაარსებიდან ჯერ მხოლოდ რვა წელი გასულიყო და საპლანეტათშორისო ფრენები აუცილებლად მოძველებული თავისუფალი ვარდნის ორბიტით, კოტანგენსურ სემიელიფსზე მიმდინარეობდა-ორას ორმოცდათვრამეტი დღის მანძილზე დედამიწიდან მარსზე, ზუსტად ამდენივეთი უკან და პლუს, მარსზე ოთხას ორმოცდათხუთმეტ დღიანი დაყოვნებით იმის მოლოდინში; თუ როდის მიხოხდებოდა ორი პლანეტა ერთმანეთთან პირისპირდგომის წერტილებში, რომ ბოლოსდაბოლოს ეს თითქმის სამწლიანი ეპოპეა დასრულებულიყო.
გარდა იმისა რომ მეტისმეტად გაწელილი გახლდათ, გზა აგრეთვე ძალიან სარისკოც იყო. მხოლოდ კოსმოსურ სადგურზე საწვავგამართვის და თითქმის დედამიწის ატმსოფეროში ჩაყვინთვის შემდეგ შეეძლო ამ პრიმიტიულ მფრინავ კუბოს, ,,დესპანს“ მისიის განხორციელება. დედამიწაზე დაბრუნებას კი მხოლოდ მას შემდეგ შესძლებდა, თუ მარსზე დაშვების შემდეგ (თუ დაშვებისას კისერს არ წაიმტვრევდა), წყალს იპოვიდა რეაქტორთა ავზების ასავსებად და კიდევ საიდანმე რამე საჭმელს მოქექავდა. თან კიდევ, თუ საიდანმე ათასი უსიამოვნება არ გამოტყვრებოდა.
მაგრამ ფიზიკურ საფრთხეს უფრო ნაკლები მნიშვნელობა გააჩნდა, ვიდრე ფსიქოლოგიურ სტრესს. მაიმუნებივით ერთად შეყრილი რვა ადამიანი ერთად, თითქმის სამი დედამიწისეული წლის მანძილზე უფრო ვიწრო საზოგადოებაში, ვიდრე ადამიანების ნორმალური თავმოყრა იქნებოდა... სტრესი კიდევ რბილად ნათქვამია. სწორედ ამიტომ წინა გაკვეთილებიდან ნასწავლი ცოდნით ეკიპაჟის მთლიანად მამაკაცებით დაკომპლექტების იდეა უარჰყვეს, როგორც არაჯანსაღი და სოციალურად არამდგრადი რამ. ოპტიმალურად ოთხი დაქორწინებული წყვილის შერჩევა ჩაითვალა, თუკი შესაძლებელი გახდებოდა ასეთ კომბინაციაში საჭირო სპეციალობების მოძებნა.
ედინბურგის უნივერსიტეტმა, როგორც მთავარმა კონტრაქტორმა, ეკიპაჟის შესარჩევად ქვეკონტრაქტი სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტთან დადო. ასაკით, ჯანმრთელობის მდგომარეობით, მენტალობით, უნარ-ჩვევებით ანდა ტემპერამენტით უვარგისი მოხალისეების გაფილტვრის შემდეგ მაინც მთელი ცხრა ათასი კანდიდატი დარჩა, რომლებიც როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად შეესაბამებოდნენ წამოყენებულ მოთხოვნებს და სულ მცირე, საჭიროდან ერთი უნარ-ჩვევა მაინც გააჩნდათ. ელოდნენ რომ მათგან რამდენიმე საჭირო წყვილს იპოვიდნენ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. მთავარი სპეციალობები რაც სჭირდებოდათ, ეს იყო ასტროგატორი, ექიმი, მზარეული, მექანიკოსი, ხომალდის კაპიტანი, სემანტიკოსი, ქიმიკოსი ინჟინერი, ელექტროინჟინერი, ფიზიკოსი, გეოლოგი, ბიოქიმიკოსი, ატომური ფიზიკის სპეციალისტი, ფოტოგრაფი, ჰიდროპონური დანადგარების სპეციალისტი და ხომალდ-ინჟინერი. ეკიპაჟის თითოეულ წევრს ჩამოთვლილთაგან ერთზე მეტი სპეციალობა უნდა ჰქონოდა, ან ის მაინც უნდა შესძლებოდა, რომ შემდეგ სპეციალობას დროთა მანძილზე დაუფლებოდა. რვაკაციან ეკიპაჟში ამ სპეციალობათა ფლობის ასეულობით ვარიანტი შეიძლება გათამაშებულიყო. საბოლოოდ ამ კომბინაციებიდან სამი შეირჩა ოთხი დაქორწინებული წყვილისთვის, რომელთაც პლუს ჯანმრთელობა და ინტელექტი მოეთხოვებოდათ. მაგრამ სამივე კომბინაციისთვის ჯგუფის ფასილიტატორები, რომლებიც აჯამებდნენ ტემპერამენტის შესაბამისობათა ფაქტორებს, საშინლად იქნევდნენ აქეთ-იქით ხელებს, რაკი შედეგები არ მოსწონდათ. მთავარმა კონტრაქტორმა გადაწყვიტა, მოთხოვნათა თამასა დაბლა დაეწია, რაზეც ინსიტუტი ერთდოლარიანი ავანსის უკან დაბრუნებით დაიმუქრა. ამ დროს პროგრამისტი, რომლის სახელი არ შემონახულა, გამალებით ნადირობდა ეკიპაჟის სამი წყვილზე და მოახერხა კიდეც რამდენიმე ათეული ასეთი შესაბამისი კომბინაციის პოვნა, რომელთაგანაც თითოეული თავიანთი ნიშან-თვისებებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩაითვლებოდა. ავტომატები კვლავ განაგრძობდნენ მონაცემთა მიმოხილვას სიკვდილიანობის, არასასურველი კანდიდატების გაცხრილვის, ახლების დამატების და სხვათა საფუძველზე.
კაპიტანი მაიკლ ბრანტი, მეცნიერების მაგისტრი, საესკადრო ნაღმოსანთა ფლოტილიის კაპიტანი თადარიგში, შეუზღუდავი ლიცენზიის მქონე პილოტი და მთვარის ათვისების ვეტერანი უკვე ოცდაათი წლის ასაკში იმწამსვე ინსტიტუტის ფავორიტი გახდა. უმალვე დაიწყო ციებ-ცხელება, ბრანტისთვის მეწყვილე ეპოვათ, რომელიც (მასთან ერთად) დაასრულებდა ეკიპაჟის შედგენის საქმეს და გამოჩნდებოდა, შეძლებდა თუ არა წყვილი ჩვეულებრივი პრობლემების გადალახვას. ეს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ბრანტი ავსტრალიაში გადაფრინდა და ხელი სემანტიკის დოქტორ უინფრედ ქობერნს, მასზე ხუთი წლით უფროს ცხენისსახა ქალიშვილს სთხოვა. კარლსბადის არქივებში შემორჩენილია მისი სურათი, საიდანაც წყნარი, მშვიდად მომღიმარი, თუმცა მიმზიდველობას მოკლებული ქალბატონი გვიმზერს.
ან შეიძლება ბრანტი სულაც შინაგან ხმას მოკლებული მოქმედებდა, ინტუიციურ გამბედაობაზე დაყრდნობით, რაც ასე აუცილებელია იმისთვის, რომ იყო კაპიტანი. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ავტომატები მუსაობას განაგრძობდნენ, სასიგნალო ნათურები ციმციმებდნენ, პერფობარათები გარეთ ეცემოდა და ბოლოს და ბოლოს, ,,დესპანის“ ეკიპაჟი შეიკრა:
კაპიტანი მაიკლ ბრანტი, პირველი პილოტი, ასტროგატორი, სათადარიგო მზარეული, სათადარიგო ფოტოგრაფი, ხომალდინჟინერი; დოქტორი უინფრედ ქობერნ ბრანტი, ორმოცდაერთი წლის, სემანტიკოსი, მომარაგების ოფიცერი, ისტორიკოსი;
მისტერ ფრენსის იქს. სინი, ოცდარვა წლის, კაპიტნის მთავარი თანაშემწე, მეორე პილოტი, ასტროგატორი, ასტროფიზიკოსი, ფოტოგრაფი;
დოქტორი ოლგა კოვალიჩ სინი, ოცდაცხრა წლის, მზარეული, ბიოქიმიკოსი, ჰიდროპონურ დანადგართა სპეციალისტი;
დოქტორი უორდ სმითი, ორმოცდახუთი წლის, ფიზიკოსი და ქირურგი, ბიოლოგი;
დოქტორი მარი ჯეინ ლილ სმითი, ოცდაექვსი წლის, ატომური ფიზიკის სპეციალისტი, ელექტრონული სისტემების და ძრავათა ინჟინერი;
დოქტორი სერგეი რიმსკი, ოცდათხუთმეტი წლის, ელექტრონული სისტემების ინჟინერი, ქიმიკოსი-ინჟინერი, მექანიკოსი და მეტროლოგი, კრიოლოგი;
მისის ელეონორა ალვარეზ რიმსკი, ოცდათორმეტი წლის, გეოლოგი და სელენოლოგი, ჰიდროპონურ დანადგართა სპეციალისტი.
ამრიგად, ეკიპაჟი საჭირო უნარ-ჩევებით სათანადოდ აღჭურვილი გახლდათ. საჭიროების შემთხვევაში, სტარტამდე დარჩენილი ბოლო კვირეების მანძილზე გარკვეული კვალიფიკაციის შესწავლა დაჩქარებული, ინტენსიური კურსითაც შეიძებოდა. გაცილებით არსებითი და მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ მშვენივრად ეწყობოდნენ ერთმანეთს.
ალბათ, მეტისმეტად მშვენივრადაც.
,,დესპანის“ სტარტი ყოველგვარი ექსცესების გარეშე შედგა. გზის ადრეული მონაკვეთების მანძილზე მათი ყოველდღიური ანგარიშების დაჭერა ნებისმიერ რადიომოყვარულს შეეძლო. დაშორებისდა კვალდაკვალ, როდესაც სიგნალი დასუსტდა, მისი დედამიწის თანამგზავრული კავშირით გადმოცემა დაიწყეს. ეკიპაჟი მხიარული და ბედნიერი ჩანდა. ყველაზე უარესის გამკლავება, რაც კი დოქტორ სმითს მოუწია, ეპიდემიური ხასიათის კანის დაავადება გახლდათ. ეკიპაჟი სწრაფად შეეგუა სრულ უწონადობას და პირველი კვირის შემდეგ გულისზიდვის საწინააღმდეგო პრეპარატების საჭიროებაც გაქრა. თუ კაპიტან ბრანტს ჰქონდა კიდეც დისციპლინური ხასიათის პრობლემები, ანჯობინებდა, დედამიწისთვის, არ მოეხსენებინა.
,,დესპანი“ ფობოსშიდა ცირკუმპოლარულ ორბიტაზე გავიდა და მთელი ორი კვირა ფოტოდაზვერვას მოანდომა. რის შემდეგაც კაპიტანმა ბრანტმა დედამიწას უპატაკა: ,,ხვალ შევეცდებით დაშვებას გრინვიჩით 12:00-ზე, ლაკუს სოლის სამხრეთით.“
ამის შემდეგ ,,დესპანიდან“ დედამიწაზე მეტი შეტყობინება არ მოსულა.
საკმაოდ დიდია.
This post has been edited by ქაფქიანა on 9 Jun 2015, 17:59
--------------------
...Came the end, the final end of Eternity —And the beginning of Infinity.
Ceterum censeo Russio esse delendam...
We need ®US(SI)A Military Presence. © A10
|