Ezekia
ეზეკია

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5065
წევრი No.: 200822
რეგისტრ.: 9-April 15
|
#57024747 · 22 Oct 2020, 09:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქალაქი პლეხანოვი ხალის-ღლაბუცში დაიბადა, ამსტერდამის ერთ სასტუმროში, ოთახში, რომლის ფანჯარაც ისე შესცქეროდა ერთ ნაბიჯში ამოზრდილ ყრუ კედელს, როგორც ბრმა შესცქერის ხმას.
იმ ბრწყინვალე ოთახში მაშინ ერთი ინგლისელი იდგა, რომელიც დღისით მოლზე კოტრიალსა და გიტრიკვრაში ჰკლავდა დროს, საღამოს კი - ლუდის სმაში და რომელიც მათრობელა ბალახების ისეთი ტრფიალი გახლდათ, რომ არ იქნებოდა, ამ ქალაქში ბელორუსიის მოქალაქე ნიკოლაი პერვოის საბუთით მყოფ პლეხანოველ მოგელას არ გადაჰყროდა.
ჰოდა, ხშირად იყო ხოლმე, რომ ან ბალახზე ეყარნენ, ანდა იმ ტკბილ ოთახში, სადაც ხანდახან ტელევიზორიც კი აჩვენებდა მთელს სამ არხს და ლაპარაკობდნენ და ხარხარებდნენ და კოტრიალობდნენ და ჰყვებოდნენ ამ მთისას და იმ მთისას და ისეთი სიცილის ოთახი მეორე არ დაბადებულიყო. ხოხავდნენ არცთუ სუფთა საფეხე ხალიჩებზეც კი და საშხაპე შლანგსაც მიკროფონად მოიხმარდნენ ხოლმე.
ამსტერდამში კაი სათრობი ბალახები იყო ყოველთვის.
ჰოდა, იქა სთქვა ერთხელ გულაღმად მწოლარე და ჭერში მაცქერალმა პლეხანოველმა მოგელამ, სიმართლე თუ გინდა, ძმაო, ქვეყნად არ არსებობს ქალაქ პლეხანოვის დარი ადგილიო. სად ჯანდაბაშიაო, ჰკითხა ინგლისელმა, რომელსაც იმ ღამეს საყურე გადაეყლაპა და გვარიანი შიშიც ეჭამა.
ქალაქი პლეხანოვი მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე დედამიწერილი უდაბნოს კიდეზეო, - გამოუცხადა პლეხანოველმა მოგელამ, - წარმოადგენს ერთ გრძელ და დაკლაკნილ ქუჩას, რომელიც, ნურას უკაცრავად და, ზედ მიწაზე არ მდებარეობს, არამედ მანქანების სასაფლაოზეა გაშენებულიო. ანუ, უდაბნოში მანქანების სასაფლაო იყო და ქალაქი ზედ დაიბადაო. ინგლისელმა თქვა, არ მიყვარს ამერიკული ქალაქებიო. ისევე, როგორც ადამიანების უმრავლესობას, ქალაქი პლეხანოვი ამერიკაში ეგონა, დიდ უდაბნოში, სადაც სისხლის დაუნანებელი ოდენობით, მოულოდნელი სექსუალური აფეთქებითა და მთვლემარე მტვრით გაჯერებული ფილმები იბადება ხოლმე.
ჰეეეეეეეეეეო, არაფერი გცოდნიაო, - უთხრა მაშინ პლეხანოველმა მოგელამ, - ქალაქ პლეხანოვში სულაც არ არის მთავარი ეგ ამბებიო, ქალაქ პლეხანოვში მსოფლიოში საუკეთესო გაზიანი წყალი და გლიასე იყიდებაო, ასევე ქალაქ პლეხანოვში შლაპის დახურვა სირცხვილად ითვლება, ჭრელი ჰალსტუხის გაკეთება კი ჰომოსექსუალიზმს უტოლდება თავისი მნიშვნელობით, რომ აღარაფერი ვთქვათ ლოყაზე ქილვაშის ჩამოგრძელებაზე, ხოლო ჰომოსექსუალიზმი იქ სულ ბოლო რამეაო. თანაც, ქალაქ პლეხანოვში სახლში კარიდან შესვლა სავალდებულო სულაც არ არის, ანდა დაკაკუნებაო, ფანჯრიდანაც ისევე შედიხარ, როგორც კარიდან, და ეს არავის უკვირსო.
ეს სურათი ეამა მოხეტიალე ინგლისელს, მთლად საჩემო ალაგი ყოფილაო. ოღონდაც, პლეხანოველმა მოგელამ უთხრა, სანამ იმ საშენო ალაგს მიაღწევდე, ერთი კარგი მაკრატელი გვჭირდება, რათა შენი თმა და იერი პატივსაცემ თარგზე მოვიყვანოთ, ეგრე კი არ გამოვა, რომ ქალაქ პლეხანოვს საყურით დამშვენებული მიადგე და ეგ ცერგამომზირალი სანდლები გეცვასო. იმდენ ხანს ელაპარაკა იმ თავის ინგლისურით, რომ ბოლოს ინგლისელმა საყურეც მოიხსნა და სწორედ ამიტომ იყო, რომ ნაშუაღამევს გადაეყლაპა.
ინგლისელს რომ მეტად იოლი არ მოსჩვენებოდა ქალაქ პლეხანოვის ყოფა-ცხოვრება, პლეხანოველმა მოგელამ ის ვითარებაც აღუწერა, თუ როგორ უნდა გაატაროს დღე ქალაქ პლეხანოვის მცხოვრებმა ვაჟკაცმა. ცხოვრება რომ მოყვასის სიყვარულია, ეს ინგლისელს ისედაც უნდა სცოდნოდა, მაგრამ ქალაქ პლეხანოვშიო, - ასე უთხრა პლეხანოველმა მოგელამ, - ამაზე უკეთ არაფერი ჩანსო. საკუთარი თავის პატივისმცემელმა ვაჟკაცმა იმდენი მაინც უნდა მოახერხოს, რომ დღეში ერთი კვნიტი ჩატკეპნილი მათრობელა ბალახი მაინც იშოვოს და კარგად გამოახვიოს ცელოფანში, რათა პირში ჩაიდოსო. ამან გააოცა ინგლისელი, რა მიზეზია, რატომ ჯიბეში ჩადება არ შეიძლებაო. იმიტომო, - აუხსნა პლეხანოველმა მოგელამ, - რომ ეს ერთი ციდა კვნიტი, ქალაქის ბოლოს რომ საავადმყოფოა, იქ უნდა მიიტანოს ფორთოხალთან, ძეხვთან, ასანთთან, საპირფარეშო გორგალთან და სხვა ასეთებთან ერთადო. საავადმყოფოში რაღა ხდებაო, ჩაფიქრდა ინგლისელი და პლეხანოველმა მოგელამაც აუხსნა: აკი გეუბნებოდი, რომ ქვეყნად არ მოიძებნება ქალაქ პლეხანოვზე კეთილი ქალაქი, ვინაიდან ეს საავადმყოფო სინამდვილეში ციხეა და ადამიანი რომ რამეს დააშავებს, სწორედ იქ მიჰყავთ, რახანღა ქალაქ პლეხანოვში, კაცი რომ გასულელდება და რამეს დააშავებს, წამსვე ავად ხდება, რადგან განიცდის, ეს როგორ დამემართაო, და ამიტომ, საავადმყოფოში მიჰყავთ, სადაც მკურნალობენ და უვლიან და რახან არსებობს საავადმყოფოში საჩუქრებით მისვლის ტრადიცია, ხოლო საუკეთესო ნუგბარს სწორედაც რომ ბალახეული წარმოადგენს, ამიტომ, იმის ტრადიციაც არსებობს, რომ მნახველმა ეს განსაკუთრებული საჩუქარი მოყვასს მალვით შეუტანოს, ხოლო საავადმყოფოს მცველებში კი არსებობს ტრადიცია, რომ მნახველი გაჩხრიკონ, ოღონდ არასგზით პირის ღრუში არ უნდა ჩახედონ, რადგან ეს დიდ შეურაცხყოფად ითვლება ქალაქ პლეხანოვში, რაიც, შესაძლოა გამჩხრეკთა მოკვლითაც კი დასრულდესო. აი, ღირსეული ხალხიო, შესძახა მაშინ ინგლისელმა.
საყურე კი მხოლოდ მესამე შეძახებაზე გადაეყლაპა: იმდენი ილაპარაკეს ენის ქვეშ შენახულ საჩუქრებზე, რომ, ბოლოს და ბოლოს, ინგლისელმა მეცადინეობა დაიწყო.
მთელი ჩემი ცხოვრება მშობლიურ ქალაქში მოყვასისთვის ხელის გამართვა იყოო, აუხსნა პლეხანოველმა მოგელამ, აქ დასასვენებლად ჩამოვედი, რათა დავბრუნდე და გაათკეცებული ენერგიით განვაახლო მოყვასის მხარდაჭერაო. ინგლისელის ნაღვლიან შეკითხვაზე, ნუთუ ბევრი ადამიანი მკურნალობს იმ საავადმყოფოშიო, პლეხანოველმა მოგელამ მიუგო: სანამ ერთი ნახევარი ქალაქი იქ მკურნალობს, მეორე ნახევარი მას ხელს უმართავს და თვითონაც სამკურნალოდ ემზადება, ამიტომ ხშირია, რომ ადამიანს სულაც არ უნდა, მაგრამ მაინც უნდა ჩაიდინოს რაღაც დანაშაული, რათა საავადმყოფოში მოხვდესო. ასეთია ერთობის სული, რომელიც ქალაქ პლეხანოვში მეფობს და ძნელად რომ წარმოიდგინო ადგილი დედამიწის ზურგზე, რომ ადამიანებს ასე უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც ქალაქ პლეხანოვში. აბა, რომელ სხვა ადგილას შეგიძლია სხვის სახლში შეხვიდე ფანჯრიდან, მაცივარი გამოაღო, კოხტად გამოსკდე და მერე, თუ სახლის პატრონი შემოგისწრებს, მისგან მადლობები ისმინო, რა კარგი ჰქმენ, რომ შემოიარე, ასე არა სჯობიაო? თანაც, სახლის პატრონი ამას იმგვარი გულწრფელობით გეტყვის, რომ განიარაღდები და მასთან ღამითაც დარჩები, მისი ცოლი კი საუკეთესო თეთრეულს გაგიშლის და საბანსაც კი შემოგიკეცავსო. მართალია, არსებობს ტრადიცია, რომ, როცა იქედან წახვალ, შენმა მასპინძლებმა თავიანთ ამხანაგებს ჩამოურეკონ და უამბონ, როგორ ცუდად მოიქეცი, მაცივარი რომ დაუკითხავად გამოაღე. თუმცა, ესეც ტრადიცაა და სხვა არაფერი, ხოლო, რაც შეეხება ბუნებას, მის აღწერას არც ვაპირებ, რადგან მაინც ვერ წარმოიდგენ, რომ უდაბნოში, ძველი მანქანების მთაზე, ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს, მაგალითად, ქათმები დაფრინავდნენ. გინახავს კი, ინგლისელო, ქალაქი, სადაც ქათმები დაფრინავენო?
სამწუხაროდ, ინგლისელს ქათამი მხოლოდ შიშველი და თავწაკვეთილი ენახა და კიდევ - საბავშვო წიგნებში, ოდესღაც.
ქათმები დაფრინავენ, ხოლო მაწანწალა ძაღლებს ადამიანებისგან ვერ გამოარჩევ, ისეთი ჭკვიანები და ადამიანურები არიან, მეტიც, ადამიანებივით ნაგავსაყრელებთან იკრიბებიან და ადამიანებივით სწყინთ რაღაცეები, ადამიანებივით მოგესევიან ხოლმე, როცა საჩხუბარია და ადამიანებივით ხალისით აგედევნებიან, როცა რაიმეს გაიღებ მათთვის. საერთოდ კი, იქ არაფერი ისეთი არ არის, სხვაგან რომ შეგხვდეს. აბა, სად გინახავს, რომ ტაქსის ერთი კარი ჰქონდეს, ანდა რესტორანი მატარებელს ჰგავდესო.
აღტაცდა ინგლისელი, მაგრამ რა აღტაცდა, სანახავიც ეს უდაბნოს ქალაქი ყოფილა, თუ ყოფილა, რატომღა ჰქვია ქალაქი პლეხანოვი, რას ნიშნავს ეს პლეხანოვიო? საქმეც ეგ არისო, რომ ეს სახელიც იმის დასტურია, თუ რა კეთილი და თბილი ხალხი ცხოვრობს ამ ქალაქშიო. პლეხანოვი კაცის გვარია და ვინ იყო პლეხანოვი, ამ ქალაქში ხეირიანად არავინ იცის, ამბობენ მხოლოდ, რომ მას დიდი ულვაშები ჰქონდა და ჩაგრული ხალხის თავისუფლებისთვის იბრძოდა, ხოლო რახან ჩაგრული ხალხის თავისუფლებისთვის იბრძოდა, თუნდაც ჩვენებური არ ყოფილიყო, ჭეშმარიტად ეკუთვნის, რომ ჩვენს ქალაქს მისი სახელი დარქმეოდა. იმასაც ამბობენ, რომ ეს პლეხანოვი მანქანების სასაფლაოს პატრონი ყოფილიყო და ქალაქსაც ამიტომ დარჩენოდა მისი სახელი, თუმცა, ორივე შემთხვევაში ეს ჩვენებურების სიკეთესა და გონებრივ სილაღეზე მეტყველებს. სხვა ვინ დაარქმევდა უცნობი, თუნდაც დიდულვაშებიანი კაცის სახელს თავის ქალაქსო.
აი, ასეთი რამეები გამოუდიოდა პლეხანოველ მოგელას, როცა ხასიათზე იყო და იმდენს ლაპარაკობდა ქალაქ პლეხანოვის შესახებ, რომ წინა დღეს მოყოლილს ხეირიანად ვეღარც იმახსოვრებდა და იმავე ამბავს მეორე დღეს სულ სხვანაირად ჰყვებოდა.
ინგლისელი კი კმაყოფილი იყო და თავისი გონების ფართო ტილოებზეც ღონიერი და საზღვარდაუდებელი გასმებით ხატავდა ქალაქ პლეხანოვს. ძალიან მაგარი ქალაქი გამოდიოდა და თანდათან ისე მოხდა, რომ რაც კი სათრიაქო თამაშობები არსებობს ადამიანთა გონებაში, ყველას ქალაქ პლეხანოვის თამაშობამ აჯობა და ერთ დღესაც, უკვე თბილისში მყოფს, პლეხანოველ მოგელას იგრერიგად მოენატრა ქალაქი პლეხანოვი, რომ მთელღამიან სიცილ-კაეშანში მოჰყვა და იმის შემდეგ ყველგან ამბობდა, მე დავიბადე და აღვიზარდე ქალაქ პლეხანოვშიო, რის გამოც მეგობრები იტყოდნენ ხოლმე, მათრობელა ბალახებმა ტვინი გამოუხმეს პლეხანოველ მოგელას და მხოლოდ ერთი ადგილი დაუტოვეს, სადაც რაღაც პლეხანოვის დამახინჯებული სურათია ჩარჩენილიო.
სითი ოფფ პლეჰანოფფის აღწერილობები.
როგორი იქნება დღევანდელი აღმაშენებლის აღწერილობა, საინტერესოა...
|