ავი ენები ამბობენ, ვოლანდი სტალინიაო ) როგორც თავად ბოროტება, რომელსაც ყველანაირი ბოროტება ხელეწიფებოდა, თავისი ხან გამქრალი და ხან აღდგენილი აქცენტით, და ხანდახან გამოვლენილი მოწყალებით.
...
დავამთავრე ოსტატი და მარგარიტა'

მიყვარს ეს წიგნი.ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ და რაღაც ახალს ყოველთვის ვპოულობ ხოლმე.
კი, წიგნი სავსეა მინიშნებებით.
კი, თუ იმ დროის შესახებ იცით ცოტა რამ მაინც, ფაუსტის აზრზე ხართ და ბულგაკოვის ბიოგრაფიაც წაკითხული გაქვთ, რაღაც პარალელებს უფრო იპოვით.
წაიკითხეთ მერე ეს ბიოგრაფია. თუ რომანი გაინტერესებთ )
თუმცა, თუ ესენი არ იცით წინასწარ, მაინც არ გაგიჭირდებათ კითხვის დროს მაშინდელი 'კაიცხოვრების' წარმოდგენა:
თუნდაც სულ თავიდან, ბერლიოზი და ბეზდომნი პატრიარქებზე რომ მივიდნენ, იმ ხვატში კიოსკში (წარწერით 'ლუდი და წყლები') ნორმალური დასალევი რომ ვერ იშოვეს-ვერც გაზიანი სასმელი და ვერც ლუდი, გახსოვთ? არც გაჰკვირვებიათ. ასეც იყო მოსალოდნელი მაშინდელ ცხოვრებაში.
ან ის ბინა თუ გახსოვთ, ბეზდომნიმ სანთლები და ხატი საიდანაც წამოიღო-კომუნალკა შიგ შესახლებული რამდენიმე ოჯახით, საერთო სააბაზანოთი, კარები რომ წესიერად არც ეკეტებოდა, და საერთი სამზარეულოთი, დახვავებული ქვაბებით და პრიმუსებით. პრიმუსის სურათიც მოვიძიე ისე, აი:

ეს იყო მაშინდელი 'გაზის პლიტა' )
საცოდავი ბერლიოზი ჯერ რომ არ დაესაფლავებინათ და მის ბინას უკვე რამდენი მსურველი გასჩენოდა, ესეც ხომ გახსოვთ.
ოსტატმა რომ ობლიგაცია მოიგო, სად გადავიდა?—ქირით!—რაღაც სახლის სარდაფში (!) და რა ამაყი იყო-წყლის ბაკი მქონდა ეზოშიო.
ასეთი იყო მაშინ ცხოვრება. ძირითადად. თორემ ერთეულებს ხუთოთახიანი ბინებიც ჰქონდათ მარგარიტას ქმარივით. თუმცა, კარგი ნაცნობებიც ჰყავდათ იქ, ზემოთ.
ყველაზე კარგი პირობები სად იყო, გახსოვთ?-მეტროპოლზე უკეთესიც. საგიჟეთში.
ასეა.
ის უხილავი თანამშრომლები, არეულობის დროს ზებუნებრივი სისწრაფით რომ ჩნდებოდნენ, მშვიდად აგვარებდნენ პრობლემებს, ხალხი მიყავდათ და აღარ აბრუნებდნენ?-ჩეკისტები. არ ახსენებენ მათ ვინაობებს.
ნიკანორის სიზმარი? თეატრი მხოლიდ კაცებით, და თან წვეროსნებით, არაფერს გაგონებთ? დიახ, ციხეს. და უწყინარი შეკითხვა-სხედხართ? ვსხედვართ, ვსხედვართ... როგორ არ გბეზრდებათ... ჯდომა აქ ციხეში ჯდომაა. ის სიმღერაც, მერე რაღაც ფილიალის სტაფი რომ შეუჩერებლად მღერის, ციხის სიმღერაა სხვათა შორის. და ვის ათავისუფლებენ ამ ციხიდან? ვინც ვალუტა ჩააბარა? არა მხოლოდ. ვინც + დეიდაც ჩაუშვა. დიახ.
და ის ფრაზებიც : თავიდანვე ასე გეთქვათ, ჩემს წასაყვანად მოხვედით? -მარგარიტა აზაზელს. ან იგივე აზაზელი-საკმარისია ადამიანს გამოელაპარაკო, რომ ჰგონია, აპატიმრებ. ან იგივე ნიკანორი როგორ დაპატიმრეს-ვითომ მეზობლის ჩაშვებით. თუმცა ფაგოტივით ყველაფრისმცოდნე ადამიანებიც არსებობდნენ, მიყურადებით, ჭორაობით, პირფერობით და ა.შ. რომ აგროვებდნენ ინფორმაციებს და მერე აცნობებდნენ, სადაც საჭიროა. მოდიოდა მერე შავი მანქანა და მიყავდა ხალხი. და მერე ეს ხალხი აღარ ბრუნდებოდა. ან თუ ბრუნდებოდა, ისეთი დამუშავებული და გატეხილი, სულ-გატეხილი, როგორც ოსტატი იყო...
ეს ოსტატი... მოგწონთ ოსტატი? მე არც მაინცდამაინც. რაღაცნაირი უფხოა, უსუსური, სუსტი. შავი ბერეტითა და შორს მიმართული ნაღვლიანი თვალებით ისეთ კაცებს მაგონებს, თვითონ რომ ვერ ერევიან ყოველდღიურ ცხოვრებას და ძლიერი ცოლების იმედად არიან. ცოლი კი ყავს ჩვენს ოსტატს ძლიერი. უუუ, რა ცოლი ყავს-ნამდვილი ალქაჯი. სასწაული ქალი.
სიმართლე გითხრათ, ვერც ვხვდები წესიერად, რა უნდა ამ ცხოვრებისგან მარგარიტას. ან რა უყვარს — კაცი-ადამიანი თუ კაცი-მწერალი, ის რომანი რომ შექმნა. ფაქტია, რომანს მარგარიტა უფრო იცავს, ვიდრე თავად ავტორი. თუმცა, ვისაც უყვარს, მან იმისი ხვედრიც უნდა გაიზიაროს, ვინც უყვარს.
ან საერთოდ ეს გმირები. 'ოსტატი და მარგარიტა'. იგივენი მოიაზრებიან გმირებად. არიან კი? არის გმირი ის უფხო ოსტატი გამოცარიელებული სულით და უხერხემლობით? ან ცოცხზე შემომჯდარი მარგარიტა, გაშმაგებული რომ ლეწავს რვასართულიანი სახლის ფანჯრებს. რა მაგარია ისე. გაგაბრაზებს ვინმე—fიიიიუ, გაუქროლე ცოცხით და მიალეწე მინები. მეც მივალეწავდი ერთი-ორს დიდი სიამოვნებით. ალქაჯი ვარ? ცოცხი მომაწოდეთ!
ეს მიყვარს კიდევ ამ რომანში. იმ სიმბოლო-ალეგორიების ძებნა-გამოცნობა ხო მიყვარს, და ეს-გმირების ადამიანურობა. თან მე მოსკოველ გმირებს ბიბლიური გმირები მირჩევნია. და როგორი ადამიანურები არიან ეს ბიბლიური გმირები, როგორი ხელშესახებები, თავისი სისუსტეებით და მღელვარებებით.
აი ვოლანდი-სატანაა, კი. ბელზებელი. ხორცშესხმული ბოროტება. მაგრამ აქ სიმპათიებსაც კი იმსახურებს. როგორი ძლიერია, ძლევამოსილი, ვაღიაროთ-სამართლიანიც, გულმოწყალეც ხანდახან, და რაღაცნაირად ადამიანური-მუხლმტკივანი ეშმაკი წარმოგიდგენიათ? ბებიის მაზით ფეხებდაზელილი. აი, აქ არის.
ან იეშუა. ამოიცნობა მასში დიდი რელიგიის ფუძემდებელი? უფრო გულუბრყვილო, დაბნეული ახალგაზრდა კაცია, რომელიც ყველა ადამიანში სიკეთეს ხედავს, ვიდრე განკაცებული ღმერთი.
ან პილატე? პილატე საერთოდ სინდისია. ნამუსი. კაცი, რომელსაც ამხელა ძალაუფლება ჰქონდა. კაცი, რომელიც მიხვდა იესოს ძალას და უდანაშაულობას. რამ შეიწირა? შიშმა. ხალხის კეთილგანწყობის, კეისრის კეთილგანწყობის დაკარგვის შიშმა. ძალაუფლების დაკარგვის შიშმა. რა მიიღო? უკვდავება/ხსენება იესოსთან ერთად-მაგრამ როგორი! და ტანჯვა. უღირდა? არანაირად. არა. ათიათასჯერ არა. გამოსწორებაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომაა, შიში, რაზეც იეშუაც ლაპარაკობს სიცოცხლის ბოლოს-შიში უდიდესი ცოდვაა. და სხვა სიავეების საფუძველი. შიში მამაძაღლია. არ დაგვავიწყდეს.
და საერთოდ. რელიგია. რომანის დასაწყისიდანვე, პატრიარქის ტბორებთანვე ხვდებით, რომ იმ დროს რელიგია მოდაში არ იყო. უფრო მეტიც, დასჯადი იყო. ამიტომ, ხალხი ან ისეთი არარელიგიური იყო, რომ ეშმაკს დაარწმუნებდა, ეშმაკი არ არსებობსო, ან იყო რელიგიური, როგორც იმ კომუნალკაში ხატ-სანთლების პატრონი, მაგრამ მალავდა. და ამის მიუხედავად მთელი რომანი სავსეა ბიბლიური თემებით და პერსონაჟებით. ღმერთით და ეშმაკით. და ელოდები, ელოდები, ელოდები-ეხლა დაეჯახებიან ერთმანეთს, აი, ისსსსსე დაეჯახებიაააან, ბაბააახ-და წიგნი აგიფეთქდება ხელში, ისე მაგრად დაეჯახებიანნნ! არაფერიც. მშვენივრად ჩაეტივნენ ერთად ღმერთიც და ეშმაკიც. ისე კოხტად, მშვიდად. დაჟე იეშუამ ვოლანდს თხოვა, ვიდრე ჩემთან მოვა ეს ხალხი, შენ მიმიხედეო. და კარგიო, ისიც დასთანხმდა. ჟღურტ-ჟღურტ. ასე შეწყობილები ვართ.
ასეა მართლა?
მართლა ასე ერთმანეთთან შეწყობილი გვყავს ღმერთი და ეშმაკი?
მართალია, რომ რაღა იქნებოდა ჩვენი სიკეთე, რომ არ ყოფილიყო ბოროტება? მართლა როგორი იქნებოდა მიწა ჩრდილების გარეშე?
რავიცი-რავიცი....
ფაქტია, წაკითხვის შემდეგ ისევ ბევრი ფიქრი და საფიქრალი დამრჩა. ბევრი თემა. რაღაც ახალი, რაღაც ძველი. რაღაცეებს ალბათ ინეტითაც მოვიძიებ. რაღაცეებს მერეც დავუბრუნდები. და ჩემი ურთიერთობა ამ წიგნთან დღესაც არ დამთავრდება...
და ეს ძააალიან სასიამოვნოა

P.S. ესეც ბონუსად. ნამდვილი ანუშკაა. წიგნის ანუშკას პროტოტიპი: