lady tგრძელია ნამეტანი...

ბალადა კაპიტანზე
შოთა ნიშნიანიძე
I
ასეთი ბიჭუნა სადღაც მყავს ნანახი:
ვეება ჩექმები, ვეება ფაფახი,
წიგნში თუ კინოში? ან იქნებ სიზმარში?
იღვიძებს... იღვიძებს ბავშვობის რიჟრაჟი...
დიდებს და ძლიერებს სულ ყინჩად უდექი,
ისეთი მხნე იყავ, ისეთი უტეხი,
ისეთი ღმერთმანი, კაცს ღიმილს მოგვრიდი,
ჩაპაის ვარსკვლავთან მეგობრის ჭოგრიტი,
ჩაპაის ფაფახთან კაპიტნის კორტიკი?
გიყვარდა წიგნები: "კრაზანა", "სპარტაკი",
კრივი, ჭიდაობა, ბურთი და ჭადრაკი.
მარცხი და წაგება არასდროს არცერთი!
მართლა არაფერი მინახავს ასეთი:
მოგებულ მეტოქეს სულ უკან დასდევდი,
არ გსურდა, არ გწამდა წაგება არცერთი.
– ერთხელად, ერთხელაც, ხელახლა! თავიდან!
მეჩხუბე, მეჭიდე, მომიგე, რა გინდა!
გიყვარდა მოხმობა გარდასულ გრიგალთა
და სამოქალაქო ომები გიყვარდა.
გქონდა დაჩხაპნილი წიგნების გვერდები,
გიყვარდა წითლები და გძულდა თეთრები.
იბრძოდი დაჭრილი, მთლად ღონემიხდილი
და თუკი მოგკლავდნენ არ გსურდა სიკვდილი.
ყვიროდი: "ხელახლა! თავიდან, თავიდან!"
ბრაზობდნენ ბიჭები: "მკვდარი ხარ, კაპიტან!"
– ხელახლა! თავიდან! არა, არ ითვლება!
ასე არ კვდებიან, ბიჭებო, წითლები.
და რევოლუციებს ხელახლა იწყებდი,
ხელახლა უტევდი მტერს თავდავიწყებით.
ათასჯერ გკლავდნენ და არასდროს კვდებოდი...
II
და როცა წლები და ბავშვობა გავიდა,
შენ მართლა დაეცი ბერლინთან, კაპიტან!
იქ ნამდვილ სროლაში, იქ ნამდვილ სანგარში
ნამდვილად დამთავრდა სიკვდილთან თამაში.
ნამდვილად კვდებოდი და არა გჯეროდა,
წვეთავდა სიკვდილი წარბების ჩეროდან.
შენ სიკვდილს ერთჯერადს არ იყავ ჩვეული,
სხვა ტყვია ყოფილა მტრის ტყვია წყეული!
გინდოდა გეყვირა: "ხელახლა! თავიდან!"
ტიროდნენ ბიჭები: "ნუ ღელავთ, კაპიტან!"
ეჰ, ხვეწნა მუდარა არ ჭრიდა სიკვდილთან
და ისე კვდებოდი, სიკვდილი გიკვირდა...
დიახ, სამშობლოსთვის ხელახლა მოვკვდებით,
ხელახლა ვეცემით მტერს გაბოროტებით.
ხელახლა! ხელახლა! თავიდან! თავიდან!
კაპიტან, მომწონხართ, სწორი ხართ, კაპიტან!
III
ხელახლა! ხელახლა! თავიდან! თავიდან!
მეც მინდა, მეც მინდა, მოგბაძოთ, კაპიტან!
და თუკი ვეცემი და თუკი ვმარცხდები,
ჩემი დამარცხება არ მჯერა არცერთი.
ეჭვებს და შეცდომებს, მარცხებს და წაგებებს
მაგ ბავშვურ ჟინსა და სიკერპეს ვაგებებ.
არც სიტყვა, არც ბედი არ მიყვარს უკმარი,
მეც ვებრძვი, მეც ვუტევ ხვეწნით და მუქარით.
ერთხელაც მეჭიდე, ერთხელაც წყეულო,
მარცხსა და წაგებას არა ვარ ჩვეული.
ხელახლა! ხელახლა! თავიდან! თავიდან!
მიზანსაც მივაღწევ, ლელოსაც გავიტან.
და თუმცა ცხოვრება უჩინრად გავიდა
შენსავით დავეცე – მზადა ვარ, კაპიტან!..