აჰა,ჩემი ერთ-ერთი საყვარელი

ფრანსუა ვიიონი - გაბაასება საკუთარ გულთან
-ვინ არის? - მე ვარ, შენი გული. - ვინ? - შენი გული.
ნახე რას ვგავარ სისხლგამშრალი და გადაღლილი
ბეწვზე ვკიდივარ. - აკი გიძლებს. - გიჟი ხარ სრული!
-რატომ, რას მერჩი? - დაწანწალებ ქუჩის ძაღლივით,
მე კი გამლიე - არ ვიცოდ- ღმერთი და რჯული.
-მაშ რაა, ჯიქურ გამიმართე სიკვდილთან დავა!
-რა და სიცოცხლის წყურვილია. - არა, ცოფია!
- შემეშვი! - მინდა მიგახვედრო! - მივხვდები თავად!
-მერედა როდის? - სიყმაწვილე როდესაც გავა.
-რა უნდა გითხრა. - ნურას მეტყვი, ასე ჯობია.
-თქვი, რას აპირებ? - კაცი ვიყო. - თუ ავაზაკი?
ოცდაათის ხარ! - მომპარვია ჯორის ასაკი.
-ყმაწვილი ვარო? - სიტყვას მოჰყვა. - რა სიკვდილს ეძებ!
-არ ვიცი. - ღმერთო აღარ შერჩა ჭკუის ნასახი!
-იცი კი რამე? - ვიცი. - მაინც? - ვთქვათ ბუზი რძეზე
ზის შავი თეთრზე. - სულ ეგ არის? - გეცოტავება?
- მაგ ცოდნით ისევ მომიხერხებ შარში გავება!
ზის შავი თეთრზე! წამომიწყო ფილოსოფია!
- ნუ აყირავდი, არ გიხდება ეს გაავება.
-რა უნდა გითხრა. - ნურას მეტყვი, ასე ჯობია.
-არა, სულელი მაინც იყო, ჭკუანაკლული,
ან ბავშვობაში თავი გქონდეს ქვაზე დაკრული,
რაღაცა ახსნა იქნებოდა, რაღაც მიზეზი!
სიბინძურისკენ რომ მიიბრძვი თავგადაკლული,
გაქვს სილამაზის განცდა ბრიყვო? - უფაქიზესი.
-ეტყობა გიჟთან ვლაპარაკობ და არა საღთან,
ანაც ეგ თავი რიყის ქვაზე მაგარი გახდა,
ნახე, გასინჯე, ზედ რამდენი ჭდე და კოპია!
ზნე რომ იცვალო... - მე პირველი დავრჩები სახტად.
-რა უნდა გითხრა. - ნურას იტყვი ასე ჯობია.
-ვერ გავჩუმდები! - მაშ ვიდაოთ? - მაშ ნუ ვიდავებთ?
როდიდან მიდრკი სიბნელისაკენ? - შობის ღიდანვე,
როცა სატურნმა ავბედითი ტვირთი ამკიდა,
- რა სიგიჟეა! თურმე ცოდვებს სიყრმით ზიდავენ!
უმანკო ძილით როცა სძინავთ, იმ ასაკიდან!
ბრიყვი რომ თვითონ შეეყრება ჭირსა და სნებას,
თურმე ნუ იტყი, დამნაშავე ცის მნათობია!
ბრძენს უთქვამს: სიბრძნით დაიურვის მნათობთა ნება.
- სულ ტრაბახია, ვინც რად ჩნდება, იმადვე კვდება.
- რა უნდ აგითხრა. - ნურას იტყვი, ასე ჯობია.
-ვინძლო სიცოცხლე დიდხანს გინდა! - ღმერთმა ინებოს.
-იჯმენ, იქენჯნე, მიეჩვიე... - რას? - მოთმინებას!
იწვრთენ, ისწავლე, ნუ ჩაგითრევს ბნელი დინება,
ორმოს ნუ ითხრი, გმე, ქველთაგან რაც საგმობია!
ნუ ამჩატდები, მთავარია გულმოდგინება!
იმედით იყავ! - მაშ შევთანხმდით: იღბლის იმედად!
- რა უნდ აგითხრა. - ნურას იტყვი, ასე ჯობია.