აჰა, დავწერე რაღაც და, ვისაც რა გინდათ, მიამატეთ/ჩაასწორეთ. ქართულად ჯერ არ წამიკითხავს და რაღაცების ქართულ თარგმანის იდენტობაზე თავს ვერ დავდებ.
თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფენტეზი სერიის - "მეფის მკვლელის ქრონიკა" ავტორი ამერიკელი პატრიკ როტფუსია, რომელმაც თავისი საგა ორიგინალი ტრილოგიის სახით ჩაიფიქრა. 2007 წელს გამოიცა ტრილოგიის პირველი წიგნი - "ქარის სახელი", 2011 წელს მისი გაგრძელება - "ბრძენკაცის შიში", მკითხველები კი მას შემდეგ დღემდე ელიან ტრილოგიის დასკვნითი ნაწილის გამოსვლას, რომლის სამუშაო ვარიანტია - "ქვის კარი".

პატრიკ ჯეიმს როტფუსი 1973 წლის 6 ივნისს ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში დაიბადა, ამავე ქალაქში დაამთავრა უნივერსიტეტი და რაღაც პერიოდი ჟურნალისტადაც მუშაობდა. 1999 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ როტფუსი იწყებს მასწავლებლობას და 2002 წელს იგებს პრემიას "მომავლის მწერლები". მისი სადებიუტო რომანი კი ("ქარის სახელი") მხოლოდ 2007 წელს გამოიცა. 2012 წელს როტფუსი იწყებს ყოველთვიურ პოდკასტს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ისეთი ავტორები როგორებიც არიან ტერი ბრუკსი და ბრენდან სანდერსონი. ჯამში 8 ეპიზოდი ჩაიწერა. 2014 წელს როტფუსი ჯეიმს ერნესტთან კოლაბორაციის შედეგად ქმნის აბსტრაქტულ სტრატეგიულ თამაშს - Tak, რომელიც მის მომდევნო წიგნს - "ბრძენკაცის შიში" ეფუძნება. 2015 წელს როტფუსი და მაქს ტემკინი ქმნიან მორიგ პოდკასტს, სადაც ერთმანეთს ტელეფონით ურეკავენ და ათას სისულელეზე საუბრობენ. პატრიკს ჰყავს ორი ბიჭი, რომელთა სახელებსაც როგორც წესი, ინტერნეტში არ ამჟღავნებს. თავის ბლოგზე კი მათ უწოდებს ოოტ და ქიუთი სნოო-ს. ცხოვრობს სახლში, რომელიც მისმა მეგობარმა გოგომ, სარამ იყიდა. ჩართულია ქველმოქმედებაშიც, სხვა მხრივ კი ძირითადად წერს. აქტიურობს სოციალურ ქსელებშიც -
https://www.facebook.com/Patrick.Rothfuss/?fref=ts /
https://twitter.com/PatrickRothfuss?ref_src...7Ctwgr%5Eauthor
მეფის მკვლელის ქრონიკა მრავალმხრივ გამორჩეული საგაა. ერთი შეხედვით ეს არის კლასიკური ფენტეზი მაგიის ელემენტებით და ჩამთრევი სიუჟეტით, თუმცა როტფუსს ყველა სხვა ავტორისგან გამოარჩევს მისი ტექსტისადმი დამოკიდებულება. უზომო შრომის შედეგად შექმნილი ერთმანეთზე ლამაზად გადაბმული ეპიზოდები და საერთო ჯამში ჩამოყალიბებული ულამაზესი სამყარო, რომელიც პოეზიის ნიმუშს უფრო ჰგავს, ვიდრე მხატვრულ ნაწარმოებს. წიგნი აგებულია მთავარი პერსონაჟის კვოტის ირგვლივ, რომელიც ერთი ჩვეულებრივი, ვითომდა არაფრით გამორჩეული წითური ყმაწვილია. "ქარის სახელის" დასაწყისში მკითხველი ეცნობა უკვე დაბერებულ კვოტს, რომელიც თავის ფუნდუკს მართავს და არსაიდან გამოჩენილ ქრონისტს თავისი ცხოვრების შესახებ უყვება. აქვეა მისი მარჯვენა ხელი - ბასტი. კვოტი კი ახლა კოტის სახელით ცხოვრობს. ტრილოგიის თითოეული წიგნი ერთი დღის განმავლობაში მის მიერ მოთხრობილი ამბავია. თუმცა უცნაურია ის, რომ წარსულის ამბები იმდენად დაძაბულ გარემოს ქმნის, რომ ძნელი ხდება დაუკავშირო აწმყოს და მიხვდე, რა რის გამო ხდება, ვინ არის მეფე, ვინ არის მისი მკვლელი, ვინ არის ბასტი, რა მოხდა წარსულში და რატომ შეამოკლა კვოტმა თავისი სახელი. ზოგადად ძალიან ძნელია ილაპარაკო მეფის მკვლელის ქრონიკაზე ისე, რომ არ წამოგცდეს სპოილერი და რომელიღაც იდუმალება არ გაამხილო. არადა ერთი შეხედვით ამ ყველაფერს მთავარი გმირი თავადვე, პირველი გვერდებიდან აკეთებს.

წიგნი გაყოფილია ორ სიუჟეტურ ხაზად. შესაბამისად, შინაარსობრივად პერიოდულად თხრობა ბრუნდება აწმყოში, რომელსაც მოცულობით ბევრად მცირე დრო აქვს დათმობილი, თუმცა ამის საპირისპიროდ იმდენად საინტერესოა, რომ მთავარ კითხვის ნიშნებს სწორედ ეს ეპიზოდები აჩენს. წარსულში კი კვოტს ოჯახური ტრაგედია შეემთხვევა, აქ ჩნდებიან რაღაც მითიური ვილანები - ჩანდრიანები და იწყება მარტოსული ახალგაზრდის ფათერაკებით სავსე ცხოვრება. ის იწყებს დიდ ქალაქში მარტო ცხოვრებას, ხურდების შეგროვებას და წვალებით სასწავლებელში მაგიის დაუფლებას. კვოტი ერთგვარი მუსიკოსიცაა, რაც ხშირად ეხმარება პურის ფულის შოვნაში. ტრილოგიის პირველი წიგნის უმეტესი ნაწილი მის საუნივერსიტეტო ცხოვრებას მოიცავს, რომელიც თავის თავში აერთიანებს ამ ცხოვრებისთვის აუცილებელ ყველა დეტალს - ერთგულ მეგობრებს, უიმედო სიყვარულს, გენიალურ პედაგოგებს და სქელჯიბიან მოწინააღმდეგე კურსელს. მოკლედ, აქ ყველაფერია, ნელ-ნელა ეს ყველაფერი იხლართება და დასკვნით ნაწილში ისეთი პასაჟი შემოდის, რომ ერთი სული გაქვს მეორე ნაწილი დაიწყო.

როტფუსის ნაშრომში დიდი როლი უკავიათ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს. კვოტი, ერთი მხრივ ამ საქმეში გამოუცდელი ახალგაზრდაა, მის ირგვლივ კი მუდმივად ჩნდებიან და ქრებიან დამატყვევებელი ქალები, რომელთა ადამიანური ბუნებაც ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია. ერთ-ერთი ასეთი ქალი სახურავზე მცხოვრები აურია, რომელსაც ხშირად სტუმრობს კვოტი, ამარაგებს სურსათით და კვოტის გარდა როტფუსსაც ძლიერ უყვარს ის. ტრილოგიის მიღმა დაწერილი ერთ-ერთი სპინ-ოფ ნოველა ხომ მთლიანად მას ეხება - "სიჩუმის ფრთხილი გამოხედვა".
ძალიან საინტერესო ეპიზოდს ქმნის როტფუსი ყოველი დღის/წიგნის დასაწყისში და ბოლოში. გვიყვება სამგვარ სიჩუმეზე, რომელსაც მოცული აქვს კვოტის (ახლა უკვე კოტის) აწმყო. თითქოს სწორედ ამ ეპიზოდებში აგდებს ის იმ პატარ-პატარა მინიშნებებს, რომლებიც საერთო ლაბირინთის გაკვალვაში უნდა დაგვეხმაროს.
როტფუსის ტრილოგიაზე სინემატიკაში უფლებები მოიპოვა ლაიონსგეითმა და მასზე ფილმის გადაღებაც იგეგმება, ქართულ საგამომცემლო სივრცეში კი უფლებების მფლობელია გამომცემლობა "წიგნები ბათუმში". ამ ეტაპზე გამოსულია პირველი წიგნი და მეორე წიგნის პირველი ნაწილი.
მოკლედ, ყველანი ხელების ფშვნეტით ველოდებით ტრილოგიის დასასრულს და იმედია ძალიან არ დააგვიანებს.
p.s. მეფის მკვლელის ქრონისტი - ზარმაცი პატრიკ როტფუსი -
http://celsius-233.blogspot.com/2015/10/rothfuss.html