ნოჰადონის "მეფეების გზა"
ნაწყვეტები
"აბამაბარიდან ურითირუმდე ფეხით ვიარე. ეს იგავიცაა და სინამდვილეც, ისევე ერთიანი, როგორც ჩემი გონება და მეხსიერება. ერთი მეორეს მოიცავს და თუმცა შემიძლია, ერთი გამოვხატო, მეორე მხოლოდ ჩემთვის არსებობს.
ეს მანძილი ჩემით გავიარე და მსახურები არ ვიახლე. არც რამით მივლია, საკუთარი გაცვეთილი წაღების გარდა, არც თანამგზავრი გამიყოლებია, ხელჯოხის გარდა, რომელიც ქვაზე კაკუნით მელაპარაკებოდა. ყულაბის მაგივრობას პირი მიწევდა და მასში სპეკალების ნაცვლად სიმღერები მეყარა. როდესაც სარჩოს სიმღერით ვერ ვშოულობდი, ხელებს ვიშველიებდი და იატაკებს ან საღორეებს ვასუფთავებდი, და ამას ხშირად უშველია.
ახლობლები შიშობდნენ, რომ თავს საფრთხეში ვიგდებდი. შეიძლება იფიქრეს, რომ ჭკუაც დავკარგე. მიხსნიდნენ, რომ მეფეები ამხელა მანძილზე მათხოვრებივით ფეხით არ უნდა დაეხეტებოდნენ. მაგრამ თუკი მათხოვარს შეუძლია ასეთი მანძილის დაფარვა, მეფემ რატომ ვერ უნდა შეძლოს? ნუთუ მათ მათხოვარზე უძლური ვეგონე?
ზოგჯერ ვფიქრობ, ასეცაა. მათხოვარმა ბევრი ისეთი იცის, რაც მეფეს არც მოელანდება. მაგრამ მათხოვრებისთვის კანონებს ვინ წერს? არა მგონია, ჩემი გამოცდილება - პარტახის შემდგომი იოლი ცხოვრება და ფუფუნება - კანონმდებლობის გამოცდილებასაც მაძლევდეს. მხოლოდ იმით რომ ვხელმძღვანელობდეთ, რაც ვიცით, მაშინ მეფეებს მხოლოდ ჩაის მოდუღებისა და ტახტების დათბუნების შესახებ უნდა შეეძლოთ კანონების გამოცემა.
ასეა თუ ისე, გზას დავადექი - და როგორც მკითხველი მიხვდებოდა, გადავურჩი კიდეც. ამაღელვებელი თავგადასავლები სხვა გვერდებისთვის უნდა შემოვინახო, რადგან პირველ რიგში განვმარტავ, თუ რატომ მოვიქეცი ასე უცნაურად. დაე, ჩემი ოჯახის წევრებს გიჟი ვეგონო, მაგრამ არ მინდა, ისტორიაშიც გიჟად შევიდე.
ჩემი ოჯახი ურითირუში პირდაპირ გაემგზავრა და ჩემს მოსვლას რამდენიმე კვირა უცდიდა. კარიბჭესთან ვერ მიცნეს, უკვე იმდენად გაბურძგნილი ვიყავი. როდესაც ვინაობა გავამხილე, წამიყვანეს, შემკრიჭეს, დამაპურეს, ცრემლები მასხეს, შემდეგ კი ქოქოლა დამაყარეს. ბოლოს კი მკითხეს, ეს ყოველივე რა მიზნით ავიტეხე. ნუთუ არ შეიძლებოდა, საერთო, მარტივი და იოლი გზით მოვსულიყავი წმინდა ქალაქში?
პასუხად წაღები გავიძრე და დაკოჟრებული ფეხისგულები ვუჩვენე. ისინი არხეინად შემოვაწყვე მაგიდაზე, თეფშის გვერდით, რომლიდანაც მანამდე ყურძენს მივირთმევდი. ჩემს ახლობლებს უკვე სახეზე ეწერათ, რომ ჭკუიდან შემცდრად მთვლიდნენ, ამიტომ ჩემი მოგზაურობის ამბების მოყოლა დავიწყე. ამბები ერთიმეორეს მიეწყო, ზამთრისთვის შენახული გამომშრალი ტალევივით. მათგან პური გამოვაცხვე და ამ წიგნის გვერდებად ჩავალაგე.
ჰო, შემეძლო, სწრაფად მოვსულიყავი. მაგრამ ყველა ადამიანის გზას ერთი დასასრული აქვს. უკვდავი ჰერალდების გარდა ყველამ, სულერთია, დიდებულ აკლდამაში განისვენებს თუ ვიწრო თხრილში, ბოლოს მაინც ღამისმმზერთან უნდა ივახშმოს.
ესე იგი, მთავარი დასასრულია? თუ გზა, რომელსაც მანამდე ვირჩევთ? ვამტკიცებ, რომ არც ერთ შედეგს არა აქვს იმხელა მნიშვნელობა, რამხელაც მის მისაღწევად გავლილ გზას. ჩვენ დასასრულის არსებები არა ვართ. მოგზაურობა გვაყალიბებს: დაკოჟრილი ფეხისგულებით, მგზავრობისაგან გაძლიერებული მხრებით, თვალებით, ცოცხალი გამოცდილებისაგან რომ გაგვბრწყინებია.
ბოლოს, უნდა განვაცხადო, რომ შეუძლებელია, კეთილი საქმე ცრუ საშუალებით იქნეს მიღწეული, ვინაიდან ჩვენი ყოფიერების არსი არა მიღწევაშია, არამედ საშუალებაში. ხელმწიფემ ეს უნდა შეიგნოს: თვალი არ უნდა გაუშტერდეს მიზანზე, არ უნდა აარიდოს გზას, რომელიც ამ მიზნამდე მიიყვანს."
"ერთხელ ვნახე, გალეული კაცი ვეება ლოდს ზურგით როგორ ეზიდებოდა. უპერანგო, შუა მზისგულზე, ტვირთის ქვეშ წელში წყდებოდა, შარვლად მხოლოდ ძონძები ეცვა. სავსე შარაზე მიბარბაცებდა და ხალხი გზიდან ეცლებოდა, თუმცა არა თანაგრძნობის გამო - ეშინოდათ: იმდენად მძიმედ მოაბიჯებდა, წინ გადადგომას ვერავინ უბედავდა.
მეფე ამ კაცს ჰგავს: მობარბაცებს და სამეფოს სიმძიმე მხრებზე აწვება. გზას ბევრი უთმობს, მაგრამ ცოტა თუ ბედავს, მოუახლოვდეს და ხელი შემოაშველოს. არ სურთ, მათი წვლილიც იდოს საქმეში, ვინაიდან ეს ტვირთით სავსე ცხოვრებას მოუტანთ.
მახსოვს, მაშინ ეტლიდან გადმოვედი და იმ კაცს ლოდის ზიდვაში შევენაცვლე. მგონი, ჩემს მცველებს შერცხვათ. იოლია, ყურადღება არ მიაქციო უპერანგო გლახაკის ჯაფას, მაგრამ მეფის ჭაპანწყვეტას თვალს ვერავინ აარიდებს. იქნებ, უფრო ხშირად უნდა ვცვლიდეთ ადგილებს. თუკი გამოჩნდება, როგორ ზიდავს მეფე ქვეშევრდომთა ტვირთს, იქნებ გამოჩნდნენ ისინი, ვინც შეეშველებიან მეფეს, ზიდოს თავისი ტვირთი, ასეთი უხილავი და ასე მძიმე."