djindjidrinji
ანიბანი ჩემი შვილიშვილია.(ანანო)
* * *
შენ
რომ არ გტკენოდა,გაგეფინე წაქცეულს მინდვრად,
რომ არ გწყენოდა,გადავმალე ღიმილქვეშ ცრემლი,
როგორც ოცნება, საგულეში მესახლე მკვიდრად,
და შენს სიყვარულს დამღეროდა გრძნობათა მრევლი.
და განშორება უუძლურეს სიტყვებად დარჩა,
და ცისსაყართან ირეოდნენ ღრუბლები ეჭვთა,
და მეწამულად ბრიალებდა დედოფლის ფარჩა
და ცერზე შენგან ნაბოძები მიმინო ეჯდა.
და სიყვარულზე დაგეშილი ფრინველის მზერით,
ეფერებოდა ციცაბოებს ნაცრისფერ კლდეთა,
სათავადოსკენ ნამუსრევი მიქონდათ ძღვენი
და არსაკიძეს დასტიროდა ბებერი მცხეთა...
18.11.2003
NANKA
* * *
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.
30.11.2003
NANKA
* * *
გამოგზავნილია: ორშ დეკ 01, 2003 8:00 წერილის სათაური:
--------------------------------------------------------------------------------
* * *
მყვირალობისას თორმეტ სანთელს ავინთებ ქედზე,
წყალდიდობისას გადავლეკავ დახატულ ჭალებს,
სუბსარქისისას ვიბობოქრებ ქარიშხლის გვერდზე
და კვირტობისას შენთან ერთად გავახელ თვალებს.
ყვავილობისას გაგეშლები სოსნად და ვარდად,
მარიამობას ჩამოგიკრავ ერდოზე ზარებს,
სათიბობისას გავხუნდები მოცელილ დარდად,
და ღვინობისას ჭურ-მარანის შეგინგრევ კარებს.
ფოთოლცვენისას ავცეკვდები სურვილით ქარის,
გიორგობისთვეს შენს სარკმელთან მომიტანს ბედი,
ქრისტესშობისას ავმაღლდები სხეულში ქალის
და აღსარებად ავკვნესდები სიმღერით გედის.
დიდთოვლობისას დაგიფარავ ციცაბოს გზათა,
ენძელობისას ლილო-ჭრილოდ მოგივალ ხევში,
და როცა მარტი აგისუსხავს სისველეს თვალთა,
ტყემლის ყვავილად ჩაგაკვდები საფიცარს ხელში.
01.12.2003
NANKA