ალბათ ხშირად შეგხვედრიათ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ასეთი ტიპის სარეკლამო განცხადებები: მაღალკვალიფიციური პარაფსიქოლოგი, თეთრი მაგი და მკითხავი კურნავს სხვადასხვა დაავადებებს, ხსნის ჯადოს, აბრუნებს სახლიდან გაქცეულ ადამიანებს, ხსნის ბედს და სხვა უამრავი მსგავსი პრობლემის გადაჭრაშიც გეხმარებათ.
ბოლო დროს ასეთი ტიპის მკი-თხავ-მჩხიბავებს კლიენტურა საგ-რძნობლად შეუმცირდათ, რაც, თავის მხრივ, საქართველოში ღვთის მორწმუნეთა მომრავლების ნიშანიცაა. თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში მაინც არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ოჯახის, სამსახურისა თუ სხვა პრობლემების გადაჭრას ანდობენ არა ექიმებს, სულიერ მოძღვრებს ან სხვა შედარებით საღად მოაზროვნე ადამიანებს, არამედ თაღლით მკითხავებსა და ძმათა მათ.
თუ როგორ ”ეხმარებიან” ქართველი მკითხავები ადამიანებს, ამის გასარკვევად, თავად მივმართე ავლაბრის დასახლებაში მცხოვრებ ერთ, როგორც თავად თქვა - ”გამოცდილ და სერთიფიკატიან” მკითხავს, გიული შენგელიას.
მკითხავთან ჩემი მისვლის მიზეზად ორი პრობლემა გამოვიყენე. პირველი იყო უამრავი მართალ-მტყუანი დაავადება, რაც ვითომდაც ასე ”მტანჯავდა და მაწამებდა”, მეორე - ჩემი მხატვარი მეგობრის მიერ ფერადი ნაჭრებით, ჩემივე თმით, ღილებით და რაღაც ”გაუგებარ ენაზე” დაწერილი ქაღალდის ნაგლეჯებით შექმნილი ასხმულა, რომელიც ვითომდა სახლში შემთხვევით ვიპოვე და დიდი ეჭვი მქონდა, რომ ჩემთვის ბოროტის მდომი ადამიანის მიერ გაკეთებული ჯადო უნდა ყოფილიყო.
ამით ჩვენ იმის გაგებაც გვსურდა, დაიჯერებდა თუ არა ხსენებული მკითხავი ქალი ამ ”ჯადოს” რეალობას და რას მოიმოქმედებდა მისი ბოროტის მქმნელი ძალის გასანეიტრალებლად. როცა მკითხავს ვესტუმრე, აღმოჩნდა, რომ კლიენტურა ბევრი და კალთების ჩამომხევი არ უნდა ჰყოლოდა, რადგან ჩემმა მისვლამ იგი აშკარად გაახარა და დიდი, ალბათ სპეციალურად მკითხაობისთვის განკუთვნილი ოთახისკენ გამიძღვა.
გიული მკითხავის ყოველგვარი შესაძლო დაეჭვების აღმოსაფხვრელად თავიდანაც და მთელი ამ ვიზიტის განმავლობაში ავადმყოფობებითა და ჯადოს შიშით დატანჯული კაცის როლის განსახიერება მომიხდა. ძალიან მორიდებულად ვიქცეოდი და რაც მთავარია, სულ თვალებში შევცქეროდი მას ისე, როგორც ”მხსნელთან” მოსაუბრის ვალია.
როცა გრძელი მაგიდის სიგანეზე აქეთ-იქიდან დავსხედით და ჩემი ყველა უბედურება გავუმხილე, გიული მკითხავმა ნაპოვნი ”ჯადოს” მისთვის ჩვენება მიბრძანა, თან მკითხა: შენს გარდა კიდევ სხვაც თუ შეესწრო ჯადოს აღმოჩენის პროცესსო. როდესაც ჩემი უარი მოისმინა, მეგობრის მიერ წინა დღით შექმნილი ჩიჩილაკისებური ასხმულის გულდასმით თვალიერებას შეუდგა. რამდენიმე წუთის შემდეგ (დღესაც მიკვირს, სიცილი როგორ შევიკავე, ნაჭრის ნაგლეჯებში უაზროდ მოფათურე მკითხავს რომ ვუყურებდი) მკითხავმა შემბრალებლის ხმით მკითხა - ეჭვი თუ გაქვს ვინმეზე, თუ იცი, ვის შეეძლო შენთვის ასეთი ჯადოს გაკეთებაო.
- ე.ი. მართლა ჯადოა, ხომ არ გეშლებათ?
- შენ მე რას მასწავლი, ბიჭო, რა ჯადოა და რა არა. ეს არის გულის ჯადო, თანაც, როგორც ჩანს, ქართველი შავი მაგის გაკეთებული არ უნდა იყოს.
- აბა სადაურის?
- უფრო ქურთულს ჰგავს. კიდევ კარგი, რომ ჩემთან მოხვედი. მე მოვხსნი მაგას, ოღონდ რამდენჯერმე მოსვლა მოგიწევს.
- რატომ?
- დაგჭირდება, ასე იოლად ძლიერი ჯადოს მოხსნა შეუძლებელია.ჯადოს გამოლოცვას სხვა ლოცვები უნდა, მაგრამ აბა, შენ საიდან გეცოდინება ეგენი.
- თანხა რამდენი დამჭირდება ამ ყველაფერში?
- ადრე ფულს საერთოდ არ ვიღებდი, არც შენ უნდა გართმევდე ახლა, მაგრამ ხომ იცი, რა დროა, გაჭირვებას რა ვუთხარი, თორემ... ერთხელ მოსვლაში 5 ლარზე მეტს არ გამოგართმევ. მე მგონი, სამი-ოთხი სეანსი უნდა ეყოს.
- ადრე ერთ მკითხავთან ვიყავი, მაშინაც ჯადოს მოხსნაზე და იმას უთქვამს, ამ ლოცვებისთვის ოთხჯერ მოსვლაა საჭიროო.
- რომელ მკითხავთან იყავი? - მკითხა გიული დეიდამ და სახეზე აშკარად დაეტყო კონკურენტული ინტერესი და კიდევ სხვა რამეც. იქვე სპონტანურად მოფიქრებული ვითომ მკითხავის სახელი და გვარი ვუთხარი და ჩემდა გასაოცრად, როცა მკითხავისგან სავარაუდო მხრების აჩეჩვას თუ არა, მოგონებულ მკითხავზე არ ვიცნობო თქმას მაინც რომ მოველოდი, მითხრა - ჰოო, ვიცი ეგ ვინც არის, მაგასთან რამ მიგიყვანა, ბიჭო, ეგ ხომ სუფთა აფერისტია. რა იცის მაგან ან ჯადოების მოხსნა ან გაკე... - აქ კი ცოტათი შეცბა ქალბატონი გიული, რადგან ჩემთან საუბარში უკვე ნათქვამი ჰქონდა, მე ჯადოებს მხოლოდ ვხსნი და არაფრის დიდებით არ გავაკეთებო.
- აკი თქვით, ჯადოებს მე არ ვაკეთებ და მხოლოდ ვხსნიო? თურმე თქვენც უკეთებთ სხვას ჯადოებს, - აშკარად ”მაზოლზე” დავაჭირე ფეხი მის უმკითხავესობას.
- მე თეთრი მაგი ვარ და ჯადოების გაკეთების უფლება არა მაქვს. ჯადოს კეთება დიდი ცოდვაა და მაგას არასოდეს ვიზამ. ისე, გაკეთება ყველა თეთრმა მაგმა ვიცით, მაგრამ არ ვაკეთებთ. ადრე ერთხელ შევცდი, ქალი იყო მოსული, მთხოვა, ჩემმა შვილმა მეძავი მოიყვანა ცოლადო. თურმე ცოლი ქმრის წინ ბოზობდა და ქმარს ისეთი რაღაც ჰქონდა გაკეთებული, ვერაფერს ხვდებოდა. მაგ ერთხელ მომიწია დასაშორებელი ჯადოს გაკეთება და ისიც უკვე კაი ხანია, მოვინანიე.
- ვისთან მოინანიე, მღვდელთან?
- რა შენი საქმეა, ან ეგეთ კითხვებს რატომ მისვამ? თუ არ გჯეროდა ჩემი, მაშინ საერთოდ რას მოდიოდი?
- მაპატიეთ, ბოდიშს გიხდით, თუკი რამე საწყენი გითხრათ. თქვენ ის მირჩიეთ, მე რა მეშველება ახლა?
- შენ ნუ გეშინია, მე თუ დამიჯერებ, ყველაფერი კარგად იქნება, ამიტომ ჯობია, ახლავე დავიწყოთ.
კარგით-მეთქი, დავეთანხმე. თუმცა არც კი ვიცოდი, რაც უნდა დაწყებულიყო და მართლაც დაიწყო...
ე. წ. ლოცვა
მკითხავმა მიბრძანა, მუხლებში თავჩარგული პოზით პირქვე დავმჯდარიყავი მაგიდის ქვეშიდან მის მიერ გამოცურებულ ფუმფულა ხალიჩაზე, ხელები წინ გამომაწევინა და ზედ მწვანე აჯღა-ბუჯღა გაურკვეველი ნაქარგებით დამშვენებული ნაჭერი გადამაფარა. შემდეგ მოიტანა ასე, მეტრანახევრიანი წვრილი თეთრი თოკი, რომელიც არაქართულ ენაზე თავისი ლოცვა-პუტუნის თანხლებით თავზე ხუთ-ექვსჯერ შემომახვია. ყოველი შემოტარების ბოლოს ჩემთვის გასაგებ ერთადერთ სიტყვას ”ამინ”-ს იძახდა. ამის მერე, წამოდექიო, მითხრა. მეც დავმორჩილდი. მაგიდაზე შემოდგა ერბო ”ვიტას” ორკილოიანი ყუთი, რომელიც ნახევრამდე სავსე იყო მიწის მსგავსი მოყავისფრო სველი მასით. ქილაში ორივე ხელი სათითაოდ ჩამაყოფინა, თან ისე, რომ რაც შეიძლება მეტი დამკრობოდა ხელზე ეს გაურკვეველი მასა. შემდეგ გაზუნზლული ხელები ალბათ წინასწარ მომზადებულ თეთრ ნაჭერზე დამაჭერინა. ნაჭერზე ორივე ხელისგული გაპარჭყული თითებითურთ გამოისახა, რის მერეც დასვრილი თეთრი ნაჭერი ოთხად გადაკეცა და მაგიდის უჯრაში ჩადო. დღეისთვის გვეყოფაო, მითხრა. ტაშტში ხელების გადაბანის შემდეგ ქალბატონ ”თეთრ მაგს” არც მისი ”კუთვნილი” თანხის გადახდის შეხსენება დავიწყებია და წამოსვლის წინ დამაბარა, ხვალაც უსათუოდ მოდი, თორემ ჩემი ლოცვა არ იმოქმედებსო.
აი, ასეთი იყო ჩვენს მიერ ჩატარებული პატარა მკითხავური გამოცდის შედეგები, რომელიც გიული შენგელიამ არათუ ვერ ჩააბარა, ათმაგად კრიტიკულად განგვაწყო იმ ადამიანებისადმი, რომლებიც საკუთარ თავს განკურნების ძალის მქონე კეთილისმქმნელებს უწოდებენ, სინამდვილეში კი ყველანი მხოლოდ აფერისტები არიან და მეტი არაფერი.