სიტყვა ”კომპლექსი” ძალიან მოდური და ყოველდღიურია ჩვეულებრივ საუბრებში. ბოლო დროს ადამიანები ამ სიტყვას განსაკუთრებით იმ შემთხვევაში იყენებენ, როცა სურთ, მთელი სისავსით წარმოაჩინონ მავანის მინუსები - ”კომპლექსების გროვა”, ”ჩაციკლული კომპლექსომანი”, ”მისი შემხედვარე კომპლექსიც კი კომპლექსდება” - დაახლოებით ამ ფრაზებით გამოაქვთ სასტიკი მსჯავრი ქართველ ახალგაზრდებს.
მართლაცდა, რა ასეთი საშიში შინაარსის მატარებელი სიტყვაა ეს ”კომპლექსი”, რაშიც სავარაუდოდ, არასრულფასოვნებას უნდა გულისხმობდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, არასრულფასოვნების კომპლექსები ნებისმიერ ადამიანს აქვს, რაც არ უნდა ყოველმხრივ იყოს შემკული სიმშვენიერით მისი როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მხარე. რა თქმა უნდა, ზოგი მეტად განიცდის საკუთარი კომპლექსების მრავალფეროვნებას და ზოგი - ნაკლებად, მაგრამ ყველა რომ თანაბრად ვიზიარებთ ამ ხვედრს, ამაზე არა მგონია, ვინმემ იდავოს.
როგორც ჩანს, ”კომპლექსი” არცთუ ისე ბუნდოვანი და უცხო ყოფილა ჩვენთვის. დავიჯერო, არავის აწუხებს იდეები, რომელთა სახალხოდ გამოთქმა გვრცხვენია ხოლმე და ფიქრი ამაზე ჩვენც დოსტოევსკის ”ყმაწვილივით” გვიბიძგებს სახლის სხვენში გამოკეტვისაკენ (ციტატა რომანიდან ”ყმაწვილი”: ”და დღეს, როგორც ნამდვილ, თავის საცოდაობაში დარწმუნებულ ”ქონდრისკაცს” შეჰფერის, ვზივარ ჩემს მანსარდზე მთელი დღეები და უზარმაზარი ბოღმისაგან აღვსილი თითებს ვიჭამ. აი, ესაა ხვედრი ყველა ახალგაზრდისა, ვისაც იდეები აწუხებს”).
მე თუ მკითხავთ, სწორედ ეს არის არასრულფასოვნების განცდის მთელი ავან-ჩავანი, რომელიც იმდენად ”მშობლიურია” ჩვენთვის, რომ ხანდახან მიკვირს კიდეც, ყველანი ასეთი ”ნიუდაჩნიკები” რატომ ვართ-მეთქი. და ვინც არ არის ”ნიუდაჩნიკი”?..
თუმცა, სჯობს, ისევ დოსტოევსკის კიდევ ერთ გმირს, ამჯერად ნიკოლაი სტავროგინს (რომანიდან ”ეშმაკნი”) მოვუსმინოთ: ”ადამიანები რაც არ უნდა ”დიდნი” იყვნენ, მაინც სტანჯავთ განცდა საკუთარი განუხორციელებლობისა, დაბლებს სიმაღლის ხსენების ეშინიათ, მაღლები სულ იმის ფიქრში არიან, იქნებ სხვა რომ დაბალია, ესაა სწორედ ნორმალური და არა ჩემი სიმაღლეო, მსუქანს გამხდრისა შურს, გამხდარს - მსუქნისა, მორწმუნე შინაგანად ურწმუნოს თავისუფლებას შენატრის, ათეისტს კი უღმერთობა აწამებს. ასე რომ, ყველანი გასაჭირში არიან, ყველანი იტანჯებიან! სრული სიმშვიდე არ არსებობს! აი, ესაა ხვედრი საცოდავი ადამიანებისა”.
რაც შეეხება ჩვენს - ქართულ ეროვნულ კომპლექსებს და მათ მართლაც ორიგინალურ სახეებს, დღეს განსაკუთრებით ”მოდაშია” ისეთი წმინდა ქართულ-ახალგაზრდული კომპლექსები, როგორიცაა, მაგალითად - ”ჩემი შვილი სხვაზე ნაკლებად არ უნდა იყოს ჩაცმული”, ”იმ ბანძთან როგორ ვიდვიჟენიებ”, ”ქალს კაცის ჩრდილისაც კი უნდა ეშინოდეს”, ”ცოლს ტუჩებში როგორ ვაკოცებ”, ”შვილი თუ კვირაში ერთხელ მაინც არ სცემე, მერე თავს გაუვა” და რა ვიცი, კიდევ უამრავი სხვა.
ერთ ქართულ ისტორიასაც გიამბობთ, რომელიც ვგონებ, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული ქართული კომპლექსის ნაირსახეობას წარმოაჩენს. ერთ-ერთ პოლიკლინიკაში ექიმთან რიგში მდგომი ხანშიშესული ქალბატონი სრულიად უცხო ადამიანებს დროის გასაყვანად უამბობდა: ”იცით, ჩემი ძმისშვილი რა ჭკვიანი ბავშვია. ჯერ სულ 7 წლისაა, კითხვა 4 წლისამ უკვე იცოდა და ახლა უკვე იმდენი რამე აქვს წაკითხული, შეიძლება თქვენც კი არ იცოდეთ ყველაფერი, რაც იმან იცის. რამდენიმე დღის წინ ”დიდოსტატის მარჯვენა” დაამთავრა”...
ქალბატონის მონაყოლმა იქ მყოფ თქვენს მონა-მორჩილს ერთი კითხვა გაუჩინა: ”კი მაგრამ, ქალბატონო, წაკითხვით, გასაგებია, წაიკითხა, მაგრამ თუ გაიგო რამე, რაც შიგნით ეწერა. მე ამხელა კაცი ვარ და ამ ნაწარმოებში ბევრი რამ ჩემთვისაც გაუგებარია და 7 წლის ბავშვს რა უნდა გაეგო?” ”შენთვის კი იქნება გაუგებარი, მაგრამ იმისთვის არ იქნება - რასაც კითხულობს, მერე სულ მთლიანად გვიყვება ხოლმე”, - ერთობ უკმეხად მომიგო ქალბატონმა.
წარმოვიდგინე, 7 წლის ”ჭკვიანი ბავშვი” ჯერ როგორ კითხულობდა და შემდეგ როგორ უამბობდა მშობელ-ნათესავებს მორიელების მიერ უტას დაკბენის სცენას. გამოგიტყდებით, ძალიან შემეცოდა ეს ბავშვი.
ჩემი აზრით, ბავშვობიდან ასე ყოვლისმცოდნეობაზე დაჯერებულ-დარწმუნებული ადამიანები ხდებიან ხოლმე იმ ზღვა კომპლექსების მატარებელნი, რომელთა ჩამოთვლა და აღწერა ალბათ დოსტოევსკისაც გაუჭირდებოდა.