Phantom
Life is War

      
ჯგუფი: Members
წერილები: 14040
წევრი No.: 2141
რეგისტრ.: 5-May 03
|
#4795754 · 12 Feb 2007, 14:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ბოლო-ბოლოტქვით რა ლინკი არ იხსნება და არ ვიცი რაშია საქმე, მოკლედ იქნებ გაითვალისწინოთ, |
"საქართველოს რესპუბლიკა " # 14 ხუთშაბათი, 25 იანვარი, 2007 წელი.
კონტრასტი: კორეა და საქართველო, ანუ როგორ ზრუნავდნენ იქ ნათიაზე და რა დახვდა აქ
ოლღა ცისკარიშვილი
მიხეილ ქანთარიამ ჯერ თსუ ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა, მერე - მოსკოვის ელექტრონული ტექნიკის ინსტიტუტი მიკროხელსაწყოების სპეციალობით, მაგრამ ქარხანა "მიონში" დარაჯად მუშაობდა. მეუღლე მანანა აბრამიშვილი ექიმია, თუმცა მისი მწირი ხელფასი სახსენებლადაც არა ღირდა. სამშობლოში დაუფასებელი სპეციალისტი, კორეის ცნობილმა ფირმა "თფქთგტპ"-მა მიიწვია სამუშაოდ და ბატონი მიხეილიც 1997 წელს, ოჯახთან ერთად, კორეაში წავიდა.
ასე ცხოვრობდა ეს ოჯახი იქ: ფირმა იხდიდა ნათიასა და ეკას სწავლის საფასურსა და ბინის ქირას. ბავშვებიც ბეჯითობდნენ. შეისწავლეს რუსული, ინგლისური და კორეული ენები. არც მშობლიური დავიწყებიათ. ნათია ოცნებობდა, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა და ჟურნალისტად იმუშავებდა. როცა მეხუთე ენის - იაპონურის შესწავლა გადაწყვიტა და თან უფლებაც მოიპოვა, რომ მას, 15 წლის ბავშვს, ორ კორეულ სკოლაში ინგლისური ენა ესწავლებინა, სწორედ მაშინ დაატყდა თავს უბედურება: ერთ საღამოს, იგი ტელევიზორის წინ უგონოდ იპოვეს. კორეელი ექიმების დაიგნოზი: არტერიოვენური მალფორმაცია 8ფიქ9ბ ჰემორაგია (ინსულტი), ენცეფალიტი, მენინგიტი, ვენტრიკულიტი, ჰიდროცეფალია (ტვინის შეშუპება). მედიკოსები ნათიას შემთხვევას უნიკალურს უწოდებენ, რადგან ამგვარი რამ მხოლოდ მოხუცებს ემართებათ. დედა ბავშვის ავადმყოფობის კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ბავშვის დაძაბული რეჟიმი იყო, ან ის საშინელებათა ფილმები, რაც, მოზარდთა გაკაჟების მიზნით, კორეული სკოლების სასწავლო პროგრამებში შედის. "სულ სხვა ქვეყანაში მოვხვდით. კორეაში დღე დილის ექვსი საათიდან იწყება. ყველა მობილურებითა და სიდიპლეერებით დარბის, დღე-ღამეს კომპიუტერთან ასწორებენ, კვების სხვა კულტურა, სხვა ჰავაა. ბავშვებს დამოუკიდებლობას პატარაობიდანვე აჩვევენ.. ხშირად ვფიქრობ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ნათიას ავადმყოფობის მიზეზი. იქნებ, გადაღლა.... გარდა იმისა, რომ ოთხი ენა იცოდა, ჰქონდა აბსოლუტური სმენა, დადიოდა თანამედროვე ცეკვებსა და აერობიკაზე, კარგად იდგა თხილამურებსა და ციგურებზე... პრინციპში, კორეა პატარა ამერიკაა," - ამბობს ქალბატონი მანანა.
"საავადმყოფოში ჩემი თვალით დავინახე ტვინში უზარმაზარი სისხლჩაქცევა. ექიმს, რომელმაც ბავშვს ხელი მოჰკიდა, 12 მსგავსი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. თუმცა კი გამომიტყდა არასოდეს მინახავს ინსულტი ბავშვს დამართნოდეს და თანაც ასეთიო," - ყვება ნათიას დედა ექიმ შინზე, რომლის მიმართ მადლიერებასაც მუხლზე დამდგარი ხელების კოცნით გამოხატავდა. 13-საათიანი ოპერაციიის ყველა ნიუანსი დღესაც ზედმიწევნით ახსოვს. მას კარგად ესმოდა, რომ, უმძიმესი დიაგნოზის გამო, ბავშვის გადარჩენის იმედი თითქმის არ იყო. საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და საავადმყოფოს ისტორიაში ერთ-ერთ უნიკალურ შემთხვევად აღინუსხა.
რეანიმაციაში, საიდანაც ყოველდღიურად რამდენიმე მიცვალებულს ასვენებდნენ, ნათიამ ორი თვე დაჰყო. რკინის კარს მიღმა ქართველ დედას იატაკზე ეძინა და ვერც ერთმა დისციპლინირებულმა კორეელმა ექიმმა საავადმყოფოდან ვერ გახიზნა. მაშინ ნათიას მშობლებმა ისიც არ იცოდნენ, რომ მათ შვილს კიდევს 12 ოპერაცია გაუკეთდებოდა.
"ფაქტობრივად, საავადმყოფოში გადავსახლდით, ჩემი პატარა გოგო, ეკა, სკოლაში საავადმყოფოდან დადიოდა. თუმცა დედაჩემის ჩამოსვლის შემდეგ, სიტუაცია შესამჩნევად დასტაბილურდა. უგონოდ მყოფ ბავშვს ქართულად რომ უღიღინებდა და ეფერებოდა, აზრი დაუბრუნდა. "იავნანამ" კიდევ ერთი სასწაული ჰქმნა," - იგონებს მანანა.
"მისი გადარჩენა ჩემთვის სასწაულის ტოლფასი იყო. რეანიმაციიდან გამოწერილ ბავშვს უკვე თავად ვუვლიდი, ყველაფერი ჩემი პირადი მეთვალყურეობით კეთდებოდა. საჭმელს შპრიცით ვაძლევდი, ღია ტრახეას ვუსუფთავებდი, სპირტით ვზელდი. ამის შემყურე პერსონალიც თან გადაგვყვა. მეგობრებმა მოსკოვიდან ხიზილალა გამოგვიგზავნეს. ცხვირიდან ზონდით ვაიძულებდი მიღებას. უძვირეს ტროპიკულ ხილს - პაპაიას ვყიდულობდით, სწორედ ამ პროდუქტებმა მომიძლიერა შვილი. დედამ ბროწეულის წვენი ჩამოგვიტანა. ფირმა "სამსუნგში" ჩემი შვილის შემოწირულობებისთვის ურნა დაიდგა. ყოველდღე საავადმყოფოსთან სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები, მათს შორის, 20-25, ბუდისტი მოდიოდა და ლოცულობდა. დახმარების უამრავი ფონდი გაჩნდა, ერთი იტალიელი მონაზონი კი ჩვენთან ექვსი თვე დადიოდა... მორწმუნე არ ვიყავი, მაგრამ შვილმა რწმენამდე მიმიყვანა.
ვიდრე ნათიას ეს დაემართებოდა, წინა დღეს ჯვარი ჩამოუვარდა კისრიდან და ხელით დაიჭირა... ეხლა ვფიქრობ, რომ აშკარად ღმერთმა მინიშნება მოგვცა, მაგრამ ვერ მივხვდი...
მართლმადიდებლებმა ათენიდან იოანე რუსის სასწაულმოქმედი ხატი ჩამოასვენეს და საავადმყოფოში მოგვიტანეს. ბავშვის თავთან დავასვენეთ ხატი და ისიც შესამჩნევად გამოკეთდა," - განაგრძობს ნათიას დედა. იგი ბავშვის გადასარჩენად ყოველ დილა-საღამოს ღვთისმშობლის ლოცვას 300-300-ჯერ კითხულობდა.
ნათიას ცნობიერება კი დაუბრუნდა, მაგრამ ვერ ლაპარაკობდა, ვერც ტვინის შეშუპებას შველიდნენ რამეს. სპინალური სითხე მოგრძო ტვინის პარკუჭებში გროვდებოდა და სისხლის ევაკუაციას არღვევდა. ამის გამო, კრუნჩხვები გაუხშირდა და დამატებით ათზე მეტი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ბავშვის მდგომარეობა არასტაბილური იყო.
ბოლოს, გადამწყვეტი, ოთხსაათიანი ოპერაცია - შუნტირება გაუკეთდა.
"მის გამოფხიზლებას მოუთქმენლად ველოდი: თუ ვერ მიცნობდა, ე.ი. ტვინი ვეღარასდროს ამუშავდებოდა, მაგრამ სასწაულმა არც აქ მიგვატოვა - ჯერ საქართველოდან ჩამოსული ბებია იცნო, მერე - მე. შემდგომ, უფრო რთულ ეტაპზე გადავედით - მეტყველება და მოძრაობა ბავშვს თავიდან უნდა ესწავლა. პირველად მაშინ აღიღინდა, როცა კორეელი მეგობრები ესტუმრნენ, ხოლო ეტლიდან რომ წამოდგა, ჩვენმა ექიმმა შინმაც კი დაიძახა: "მირიკალ!", ანუ "სასწაული!" ოპერაციამდე ღვთისმშობლის ხატთან გართხმული რომ დამინახა, ირონიით გადმომხედა, მერე კი მითხრა, შენმა ლოცვამ და თქვენმა ხატებმა გადაგირჩინეს შვილიო," - გვეუბნება მანანა.
ამასობაში ნათიას მამას "სამსუნგში" კონტრაქტი დაუმთავრდა და მან, ასაკის გამო, ფაქტობრივად, სამსახური დაკარგა. სამუშაოდ პატარა ფირმაში მოეწყო, მაგრამ ოჯახისა და დაინვალიდებული შვილის შესანახად ფული აღარ ეყო. თავად სეულში დარჩა, ოჯახი კი თბილისში დაბრუნდა. არადა, კორეელი ექიმები საქართველოში დაბრუნებას არ ურჩევდნენ - შუნტირებული ბავშვის ტრანსპორტირებაც კი დიდი რისკი იყო.
საქართველოში ჩამოსული ოჯახი სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა. აღმოჩნდა, რომ ნათიას, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა, სახელმწიფოსგან, 38-ლარიანი პენსიის გარდა, სხვა დახმარება არ ეკუთვნოდა. "ობოლი უნდა იყო ან უსინათლო ან დაბადებიდან ავადმყოფი. ნათია კი მეორე ჯგუფის ინვალიდია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ეპილეფსიური სტატუსით. არც რაიმე კომუნალური შეღავათი გვაქვს. ყველაზე მეტად კი ფსიქოტროპული წამლების პრობლემა გვაწუხებს," - ამბობს ნათიას დედა. ის უკვე ზოგიერთი ქართველი ექიმის უვიცობასაც გადააწყდა. კინაღამ მოკლეს ნათია, როცა დედის უკითხავად, თავის ქეიფზე, გოგონას ნარკოზი გაუკეთეს. მერე კიდევ, "სასწრაფოს" ჟანგბადის ბალიში არ აღმოაჩნდა...
ოჯახის პრობლემა პრეპარატის სიძვირეა. მათს შესაძენად უკანასკნელ თეთრებს აგროვებენ, რადგან გოგონას კვირაში 400 ლარზე მეტი ღირებულების წამალი სჭირდება, სხვაგვარად მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქრება. ოჯახმა უკვე ყველაფერი გაყიდა, ავეჯიც. ერთ-ერთ კრუნჩხვითი შეტევის დროს მისულმა "სასწრაფოს" ექიმმა ძლივს გაუკეთა ბავშვს ნემსი, რადგან მისი ლეიბი ერთმანეთზე დაწყობილ მუყაოს ყუთებზე დევს. ერთადერთი იმედი სეულში მომუშავე მიხეილია, მაგრამ იმასაც კონტრაქტი აპრილში უმთავრდება. ნათიას ისტორია საქართველოში მომუშავე კორეელ ბიზნესმენ ბატონ სონგამდეც მივიდა. იგი მანამდეც დიდ დახმარებას უწევდა უნარშეზღუდულ ბავშვებს და ნათიას ოჯახსაც დახმარების ხელი გაუწოდა.
ნათიას დედა იმედოვნებს, რომ უყურადღებოდ ქართველებიც არ დატოვებენ. თუმცა ჯერჯერობით მის სატკივარს არავინ გამოხმაურებია. "მადლობას ვუხდი მამუკა ქაცარავას, ვისი თანადგომითაც ნათიამ ბორჯომში დაისვენა. დღესაც მის იმედად ვარ... ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ნათია სწრაფად იზრდება და მალე შუნტებიც გამოსაცვლელი ექნება".
უნიკალურ ოპერაციაგადატანილ ქართველ გოგონას, რომლის სიცოცხლისთვის სამიოდე წლის წინათ კორეელმა ექიმებმა სასწაული მოახდინეს, დღეს სამშობლოში სჭირდება გულისხმიერება, ნათიას პირადი ანგარიში "საქართველოს ბანკშია" გახსნილი: 175072100, ბანკის კოდი 220101502.
This post has been edited by Phantom on 12 Feb 2007, 14:19
|