http://presa.ge/index.php?text=news&i=2847[ლევან სეფისკვერაძე, ზურა პაატიშვილი]
სიახლეები, ანუ თანამედროვე ტექნიკური პროგრესის საჩუქარი, რაც თბილისში არსებულ უამრავ სათამაშო მექანიკური აპარატების სიმრავლეშია გამოხატული, შეიძლება ითქვას, რომ ძალზე კარგად გამოიყენეს მავანმა აფერისტებმა და ხალხის გაყვლეფის ახალ, აწ უკვე თანამედროვე მეთოდებს მიაგნეს. ჩვენ შევეცდებით გარკვეული დაკვირვების შედეგად ”მექანიკური აფერის” რამდენიმე გამოაშკარავებული ვარიანტი შემოგთავაზოთ, რათა თავად დარწმუნდეთ მავანთა მიერ ჩვენთვის თავსმოხვეული, ვითომდა ერთი შეხედვით, უწყინარი აფერის მეთოდების არსებობაში.
ხურდის მაძიებლები
დღეს ძალზე პოპულარულია, თბილისის სხვადასხვა უბან-ადგილში დადგმული ხურდის ჩასაყრელი და ხურდისვე მოსაგებ აპარატურაზე თამაში. ასეთი აპარატები, როგორც წესი, შუა ქუჩაში ღია ცის ქვეშ დგას და მათ ყოველთვის აზარტული თამაშების მოყვარული უამრავი ადამიანი ახვევია გარს.
თამაშის სტრუქტურა ასეთია: აპარატში აგდებ მონეტას (ძირითადად ოცთეთრიანს). მონეტის ჩაგდების შემდეგ, აპარატის შიგნით ამუშავდება გარკვეული მექანიზმი, რომელიც ამოძრავებს რკინის ნიჩბის მსგავს გრძელ ფირფიტას, რომელიც აპარატის ფსკერზე გამომწვევად დაყრილ, ბევრ ხურდას აწვება გვერდიდან და ბუნებრივია ადამიანს ექმნება ილუზია, რომ სადაცაა ხურდები აპარატის გარეთ გადმოიყრება და მისი ნადავლი გახდება. მაგრამ, მომენტალურად ფირფიტა წყვეტს მოძრაობას და ჩერდება. მოთამაშე კი, პირში ჩალაგამოვლებული რჩება.
ასეთი სცენის მომსწრე, ან უშუალოდ თვითონ მონაწილე ადამიანმა, ძალიან დიდი შანსია, რომ ფულის მოგების ცდა გაიმეოროს და იქამდე ყაროს ხურდები ფულის ამ მახე-აპარატში, სანამ მთლად ჯიბეცარიელი არ დარჩება. თუმცა, ხანდახან არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ასეთ აპარატზე მოთამაშე ადამიანებიც რჩებიან ხოლმე მოგებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია, მათში რაღაც გარკვეული ლოგიკის მარცვალი ნამდვილად არსებობს.
ხსენებული ლოგიკის მიგნება-გამოკვლევისთვის პატარა ცდა ჩავატარეთ. მთელი სამი საათის განმავლობაში ასეთი თამაშების დიდ მოყვარულ ახალგაზრდა კაცთან (რომელსაც თავის მხრივ გამორკვეული ჰქონდა, თუ საშუალოდ როდის ან რამდენი სვლის შემდეგ შეიძლებოდა ფულის ჩამოყრა აპარატიდან) ერთად ვუთვალთვალეთ ასეთ აპრატზე მოთამაშე ადამიანებს და, შესაბამისად, სვლების დათვლაც მოგვიწია, ანუ ვითვლიდით იმას, თუ საშუალოდ რამდენი მონეტის ჩაგდების შუალედში იყო შესაძლებელი თანხის მოგება.
აღმოჩნდა, რომ ასეთ აპარატებს მუშაობის სამი რეჟიმი ჰქონია. პირველი რეჟიმი 46 სვლას მოიცავს, მეორე - 85, მესამე კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს - სამს ანუ 85 სვლის მერე უკვე მესამე მონეტის ჩამგდებსაც შეეძლო მოგება. სულ მთლიანად კი, აპარატის მუშაობის საერთო-სავარაუდო მოგების განრიგმა 134 სვლაში სამჯერ მოგება, ანუ სამი მოთამაშის მოგება შეადგინა. რაც მთლიანობაში 10-15 ლარს შეადგენს. აპარატში დარჩენილი, ანუ წაგებული თანხა კი, ლამის სამჯერ მეტს - 40-45 ლარს.
ასევე, ისაცაა გასათვალისწინებელი, რომ აღნიშნული აპარატის პატრონს, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ გამორკვეული კომბინაციების რაოდენობა ყველაზე უკეთ მოეხსენებოდა, ამიტომ დავაკვირდით, რომ ზუსტად იმ დროს, როდესაც აპარატის ლოგიკური ციფრები ამ ნიშნულს უახლოვდებოდა, როცა თანხა უნდა ჩამოყრილიყო, აპარატის პატრონთან საეჭვოდ ახლოს მდგომი ორი ბიჭი რიგრიგობით მიდიოდა და ასე, ერთ ლარამდე ხურდებს ყრიდა, აქედან გამომდინარე, უმეტესად მოგება სწორედ მათ რჩებოდათ. ჩვენი ეჭვები კი იმან უფრო გააძლიერა, რომ ფულის მოგების შემდეგ ორივე ბიჭი ადგილზე რჩებოდა და ისევე, როგორც ჩვენ, დაკვირვებით შესცქეროდნენ აპარატს და ხალხის თვლას აგრძელებდნენ, აპარატის პატრონს კი, მალიმალ რაღაცას ეკითხებოდნენ ხოლმე.
სავარაუდოდ, მოგების მოახლოვების დროს ჩვენც ვცადეთ ხურდების აპარატში ჩაყრა, მაგრამ იმ ორი ბიჭიდან ერთ-ერთმა არ მიგვიშვა. ჩემი რიგია ახლა, მოიცადეთო. ამ ყველაფრიდან ჩვენ საბოლოოდ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა შევძელით: ე. წ. ხურდების მოსაგები აპარატი, ხშირ შემთხვევაში ძალიან ეშმაკურად ჩაფიქრებული აფერის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ისეთი აფერაა, როცა ბრალს ვერავის დასდებ.
წაგებული მოგებულები
გამოცდილ მოთამაშესთან ერთად დავაკვირდით სხვაგვარი ტიპის, თუმცა სტრუქტურულად, ხურდების მოსაგები აპარატის მსგავს მეორენაირ მექანიკურ მანქანასაც, რომელიც ძირითადად ახალგაზრდების მოტყუებაზეა გათვლილი. ამ აპარატის საშუალებით არა ფულის, არამედ ცალკეული ნივთების მოგებაა შესაძლებელი. სათამაშოების, საფულეების, მობილური ტელეფონების და სხვა ასეთი საინტერესო ნივთების მოგების მსურველს ამ აპარატის საშუალებით შემდეგი პროცედურისა და მოქმედების გავლა უწევს:
აპარატში უკვე ჩაყრილია ჩვენ მიერ უკვე ნახსენები ”საჩუქრები”. მოთამაშე ფულს აგდებს სპეციალურად დატოვებულ ჭრილში, რის შემდეგაც აპარატშივე ზემოდან ქვემოთ ჩამოეშვება ლითონის, ადამიანის ხელის მტევნის მსგავსი მექანიზმი.
შეკუმშვა-გაშლის შემძლე ლითონის კონსტრუქცია იწყებს მოძრაობას, უფრო სწორად კი, მოთამაშე საკუთარი სურვილისამებრ ამოძრავებს მას. იგი გაუსწორებს თავისთვის ყველაზე სასურველ ნივთს ამ ”ხელის მტევანს” და სპეციალურ ღილაკს აჭერს თითს მაქსიმალურად ძლიერად. ძლიერად თითის დაჭერის შემდეგ, თუკი ამ კონსტრუქციამ ნივთი ”კლანჭებში” მოიგდო, ზემოთ ამისწევს. ამ ყველაფრის კარგად დასრულების შემდეგ კი, სასურველი ნივთი მოთამაშის გახდება.
მაგრამ, როგორც წესი, მოთამაშეებს არც ამ შემთხვევაში უმართლებთ ხოლმე. მიზეზი კი, ოთხ მეტად მარტივ რაღაცაში მდგომარეობს:
1. ”ხელის მტევნის” მსგავსი კონსტრუქციის ნაწილების ერთმანეთთან მიახლოვების შესაბამისად, ნივთის მყარად დაჭერის შანსი ძალზე დაბალია, რადგან შეგნებულად მოშვებულია და მორბილებულია ის ჭანჭიკები, რომლებიც რკინის ”კიდურებს” ერთმანეთს აახლოვებს.
2. ამოსაღებად უმეტესად შერჩეულია ისეთი ნივთები, რომელთაც გლუვი ზედაპირი აქვს, რის გამოც მექანიზმი უმეტესად სხლტება ნივთიდან. მეორე ცდას კი თავიდან ფულის გადახდა სჭირდება.
3. ღილაკს, რომლის მეშვეობითაც ”ხელის მტევანი” მოძრაობს, ძალიან დიდი ძალით დაჭერა სჭირდება, რათა ნივთი მყარად დაიჭირო. ეს კი, მოგეხსენებათ ყველას არ შეუძლია.
4. მოთამაშე დროშია შეზღუდული. რაც იმაში გამოიხატება, რომ თამაშის დაწყებიდან (ე.ი. ფულის აპარატში ჩაგდებიდან) რამდენიმე წამის განმავლობაში თუ დროულად არ შეასრულე სამივე პროცედურა - ჩაშვება, დაჭერა და ამოღება, - აპარატი ჩერდება. ეს კი მოთამაშეს აბნევს და აჩქარებს, რაც, რა თქმა უნდა, სულაც არ ასხამს მის წისქვილზე წყალს.
პოკერ კლუბის მფლობელის აღიარება
როცა ქართველების მიერ მექანიკურ აპარატებზე თამაშის სიყვარულზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ სათამაშო აპარატებიც. ასეთ აპარატებზე თამაშის მოყვარულთა ასაკი განსაზღვრული ნამდვილად არ არის, რადგან ბანქოს თამაშის ამ მექანიკურ ვერსიას უდავოდ ბევრი მოყვარული ჰყავს ჩვენს ქვეყანაში.
პოკერში მოგება-წაგების კომბინაციები ძალზე მრავალმხრივია. ამიტომაც, სავარაუდოდ, ეს მრავალმხრივობა უნდა იწვევდეს დიდ აზარტულობას და შესაბამისად - დაინტერესებასაც. ჩვენ გავესაუბრეთ პოკერის მოყვარულ რამდენიმე ადამიანს, რომელთა უმეტესობა ერთხმად აცხადებს, რომ ამ თამაშში მოგება მხოლოდ მოთამაშის ალღოსა და ცოდნაზეა დამოკიდებული, რამაც ჩვენი დიდი ეჭვი გამოიწვია, რადგან ერთნაირი ”მასტის”, ერთი ფერის ან კარტების სიდიდის მიხედვით დაწყობა უმთავრესად შემთხვევითობას უნდა უკავშირდებოდეს. ამას კი, როგორც წესი, მხოლოდ იღბალი განსაზღვრავს.
ჩვენი ეჭვები, მთლად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გამართლდა ერთ-ერთი ახალგახსნილი პოკერ კლუბის ახლგაზრდა მფლობელთან საუბრისას, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, თუმცა ჩვენდამი გარკვეული სიმპატია გამოამჟღავნა და ალბათ სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ საკუთარი პროფესიული, რამდენიმე ეშმაკური მეთოდი გაგვიმხილა.
- არსებობს აზრი, რომ საქართველოში ჩამოტანილ პოკერის სათამაშო აპარატებს შემდეგ სპეციალურად აპროგრამებენ ისე, რომ მომგებთა რიცხვი მაქსიმალურად შემცირდეს. მარტო საქართველოში კი არა, ეს მეთოდი მთელ მსოფლიოშია მიღებული, თუმცა ჩვენთან ზოგიერთ მეპატრონეს მართლაც ზედმეტი მოსდის - ზოგიერთ პოკერ-კლუბში ან კაზინოში აპარატებს ისე აპროგრამებენ, რომ ძალიან ცოტას აგებინებენ. ეს, ჩემი აზრით, ღორობაა და მეტი არაფერი. ადამიანს გარკვეული ზომიერების შეგრძნება უნდა ჰქონდეს, უნდა იცოდეს ის საშუალო მოგების დოზა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუშვა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს კლუბში აღარავინ ივლის და ამით დამთავრდება ყველაფერი.
ე.ი. აღიარებთ, რომ პოკერის აპარატებზე სავარაუდო მოგების შესაძლებლობა ხელოვნურად არის შემცირებული?
- რა აღიარება მაგას უნდა? აი, მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ პოკერის სათამაშო აპარატები, როგორც თავიდან, ახალი როცაა, ისე ვამუშაოთ. ამ შემთხვევაში მხოლოდ 8-10 პროცენტი დაგვრჩება, რაც იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადებს საკმაოდ დიდს გვახდევინებენ, ძალიან ცოტაა. ამიტომ, პატარ-პატარა ეშმაკობები ჩვენც ვიცით.
მაინც როგორ ხდება პოკერის აპარატის უფრო წამგებიანად გადაკეთება?
- აი, მაგას კი ნამდვილად ვერ გეტყვით. ისედაც, ახლა რაც გელაპარაკეთ, ჩემი მხრიდან ეგეც არასწორია, მაგრამ ისეთ აპარატზე, როგორიც პოკერის აპარატის კოდექსის შეცვლაა, ნუ გეწყინებათ და, პასუხს არ გაგცემთ.
როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მსგავსი ქმედებები კანონით ისჯება. დავიჯეროთ, არ გეშინიათ იმის, რომ ერთხელაც, შეიძლება, ამაზე დიდი პრობლემები შეგექმნათ?
- არა მგონია ამით ქვეყანას ვაქცევდე. რა დროს ჩვენზე მსჯელობაა, ან დღეს ვის სცალია ამისთვის, ქვეყანაში რა ამბები ხდება ვერ ხედავთ? და თუ ახლა მაინცდამაინც ვინმე მოვა და პრეტენზიები წამოაყენა, პოკერზე რატომ იტყუებიო, დიდი-დიდი, ჯარიმა გადამახდევინონ და ეს იქნება. რომელი სისხლის სამართლის დამნაშავე მე ვარ?!
This post has been edited by karaoke on 3 Jul 2008, 17:31