3 წლის წინ მოხდა ეს ამბავი;
მამაცი მეთხვიარი, ანუ მონადირე, ნადირთა ქალღმერთ დალს უყვარდა. მან საუკუნო ერთგულების ნიშნად თავისი მძივი უსახსოვრა ვაჟკაცს, მაგრამ ბეთქილმა მიცემული სიტყვა გატეხა და დალის ნაჩუქარი მძივი თავის საცოლეს ჩამოჰკიდა ყელზე.
ერთ დღესაც, როდესაც ახალგაზრდობას თავი სოფლის მოედანზე მოეყარა, ბეთქილიც მათ შორის იყო, მღეროდნენ და ფერხულს უვლიდნენ, უეცრად მოცეკვავეთა წრეში თეთრი შუნი შევარდა, ხალხს ლაჯებში გაუძვრა და გაუჩინარდა. მსგავსი რამ არავის სმენოდა, მოხუცებმა უმალ თქვეს - ან დიდ სიხარულს მოიტანს, ან დიდი უბედურებასო. ხალხი შეჩოჩქოლდა. შუნს ვინმე უნდა გაჰკიდებოდა, მაგრამ ვინ იქნებოდა ასეთი გულადი, თუ არა ბეთქილ?!
მონადირეს პაჭიჭები ჩაუსწორებია, თოფისთვის დაუვლია ხელი და უკან გაჰყოლია თეთრი შუნის კვალს. კვალს შავ კლდეებში შეუტყუებია ბეთქილი, შავ კდეებში - დალის სამფლობელოში. და უეცრად ქალღმერთი დალი გამოცხადებია დაბნეულ ბეთქილს. თავისი ნაჩუქარი მძივი მოუკითხავს, აბა საიდან მოიტანდა ბეთქილი დალისაგან მოძებნილ ქარვის ყელსაბამს?
იცრუა თურმე - სასთუმალქვეშ დამრჩაო. მაგრამ დალის ვერარას გამოაპარებდა ბეთქილი...
- შენ რომ სიმართლეს ამბობ, იმ სიმართლით იარეო - უთქვამს თვალზე ცრემლმომდგარ დალს ბეთქილისთვის და გაუჩინარებულა.
სიბნელე ჩამოწოლილა. ბეთქილს შავ კლდეზე ფეხის დასადგმელი ადგილი ჩაუშვავდა. მამაცი მონადირე ცალი ფეხით და ცალი ხელით გადმოეკიდა ქარაფებზე.
მეორე დღეს ხალხი შეიყარა ქარაფებთან. ცდილობდნენ მონადირის კლდიდან მოსხნას, მაგრამ იქ აბღატებას ვიღა გაბედაბდა? ვიღა შეძლებდა ქარაფებს გადავლებოდა?
ბეთქილმა მხნეობა მოიკრიბა და ომახიანად გადასძახა შეკრებილთ:
- ჩემმა საცოლემ იცეკვოს, უკანასკნელად მინდა ვნახო მისი გოგმანიო.
წრე გაიშალა და მონადირის საცოლემ რონინით ჩამოუარა მოედანს.
ისევ დაიძახა ბეთქილმა:
- ახლა ჩემმა დაიამ მიტიროს, მინდა უკანასკნელად გავიგონო მისი ხმაო.
მოედნის შუაში, კლდის ნაშალ ლოდზე ციცქნა გოგო ჩამოკდა და მოთქმა დაიწყო.
- ახლა კი მთელმა სოფელმა იცეკვოს, მთელი სოფლის ცეკვას მინდა ვუყუროო. . დაიძახა ბეთქილმა.
ხალხმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდა. წრე შეკრა და შინავორგილი ჩამოუარა, თეთრი ნაბდისქუდიანები ერთურთს გადაჭდობილმი სვანური მურყვანებივით მოჩანდნენ, ტორტმანებდნენ, ირწეოდნენ, ბუბუნებდნენ...
- ჰე...ჰე... ჰეეიიი... დაიძახა ბოლოს ბეთქილმა ომახიანად. მთებმა მისი ხმა ჭიუხებსა და ქარაფებში დაკარგეს. თავად კი კლდეებს გადმოევლო. მონადირის სისხლით შეიღებაო თურმე უშბის ციცაბოები. იმ ადგილს, სადაც ბეთქილი დაენარცხა, "წითელ ქარაფს" ეძახიანო.
ქაჯ-ეშმაკების საბუდარსაც უწოდებდნენ უშბას...