წარმოგიდგენთ ნანა კვიცარიძის საკმაოდ საინტერესო სტატიის შემოკლებულ ვარიანტს თემაზე..

ცაციებს ყველა დროში “არანორმალურებად,” ვერაგებად და ფარისევლებად მიიჩნევდნენ. ლათინურად “დექსტერ” მართალს, მარჯვნივ მყოფს, წამლობას ნიშნავს, ხოლო “სინისტერ” _ მემარცხენესა და დამღუპველს.
ცაციები დღემდე კულტურული ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. მაგალითები გნებავთ? არასდროს დაფიქრებულხართ, რატომაა, რომ მისალმებისას მარჯვენა ხელს უწვდიან ერთმანეთს; მაჯის საათზე საქოქი მუდამ მარჯვნივაა; სატელეფონო ჯიხურებში ტელეფონები მარჯვნივ კიდია; მეტროს ტურნიკეტებში სამგზავრო ბარათებისთვის განკუთვნილი ჭრილიც მარჯვნივაა, კარის სახელურებიც კი ისეა განთავსებული, რომ მარჯვენა ხელით უფრო მოსახერხებელი იყოს მათი გაღება...
და კიდევ, რატომ ვამბობთ ხოლმე: “ლევად” იშოვა,” “ლევად გაყიდა,” “მარცხენა ფეხზე ავდექი” და ა. შ. ანდა, არ დაკვირვებიხართ, რომ ბავშვებს, რომელთათვისა მარცხენა ხელი დომინანტია, მშობლები, ნათესავები ან სკოლის მასწავლებლები დაჟინებით აიძულებენ, ყველაფერი მარჯვენით აკეთოს? ამის შედეგად კი ხშირად,”მემარცხენეებს” უქვეითდებათ სწავლის უნარი, ებმით ენა, ეფანტებათ ყურადღება, ერღვევათ ლოგიკა და... ჩვენი საზოგადოების თვალსაზრისით, “ნორმალურები” ხდებიან!
მეცნიერებს კი მიაჩნიათ, რომ უძველეს დროში კაცობრიობა ცაცია იყო, ხოლო “მემარჯვენეების” რიცხვის ზრდა იმან გამოიწვია, რომ ხელჩართული ბრძოლებისას, როცა მთავარი მახვილი და ფარი გახლდათ, ცაციები, უბრალოდ, ამოწყდნენ, რადგან მახვილი მარცხენა ხელში, ხოლო ფარი მარჯვენით ეკავათ, რის გამოც სხეულის მარცხენა მხარეს, ანუ იმ ნაწილს, სადაც გულია, ვერ იფარავდნენ.
სხვა ჰიპოთეზით, ცაციების რიცხვის შემცირება ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს როლის გააქტიურებამ გამოიწვია.
ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ტვინის მარცხენა ნახევასფერო _ სხეულის მარჯვენა, ხოლო მარჯვენა ნახევარსფერო სხეულის მარცხენა ნაწილს მართავს. ნახევარსფეროები გარეგნულად კი ჰგვანან ერთმანეთს და ერთობლივადაც მუშაობენ, მაგრამ განსხვავებულად “ფიქრობენ.” ამას ნახევარსფეროთაშორისი ასიმეტრია ეწოდება.
აქტიურ მარჯვენა ნახევარსფეროს ახასიათებს ინსტინქტური არაცნობიერი მოქმედებანი, ალღო და ინტუიცია, ხატოვანი აზროვნება, რიტმის, ფერების, ბგერების, სუნის, შეხების მოქნილი გრძნობა და სივრცეში კარგი ორიენტირება.
უძველესი დროის ადამიანებს აქტიური სწორედ ეს მარჯვენა ნახევარსფერო ჰქონდათ. ცივილიზაციის ნიშნების წარმოშობისთანავე ზემოჩამოთვლილი თვისებები, პრაქტიკულად, უსარგებლო აღმოჩნდა და ისინი სხეულის მარჯვენა ნაწილის მმართველმა ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს უფრო საჭირო ფუნქციებმა: ცნობიერმა კონკრეტულმა აზროვნებამ, მათემატიკურმა და ანალიტიკურმა, მეტყველების, წერა-კითხვის, დიფერენცირებული და მიზანმიმართული მოქმედებების უნარმა შეავიწროვა.
ასე გაიმარჯვა “მემარჯვენეობამ,” ხოლო ცაციები შერისხულები და ჩრდილში მოქცეულნი აღმოჩნდნენ.
არადა, კაცობრობის ყველა მოწინავე მიღწევას, თურმე, სწორედ ცაციებს უნდა ვუმადლოდეთ. არგუმენტი გნებავთ? ინებეთ, ოღონდ ბოლოდან დავიწყებ...
დარწმუნებული ვარ, ყველა გაფაციცებით ადევნებდა თვალს აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაქ ობამასა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ამასწინანდელ შეხვედრას, რომელიდანაც მსოფლიო პოლიტიკის პრიორიტეტები უნდ აგამოეკვეთა. ჰოდა, სწორედ ამ შეხვედრაზე ბრმისთვისაც კი ნათელი შეიქნა, რომ აშშ-ის ახალარჩეული და პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში, ბარაქ ჰუსეინის ძე ობამა პირწავარდნილი ცაციაა _ ყველა ხელშეკრულებას მან მარცხენა ხელით დაუსვა თავისი ხელმოწერა!
გამოდის, “მემარცხენეობა” არცთუ ურიგო ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტობაზე შეგიძლია პრეტენზია გქონდეს. სხვათა შორის, ობამას პოლიტიკური მეტოქე, საქართველოს დიდი გულშემატკივარი და მიხეილ სააკაშვილის მეგობარი მაკკეინიც ცაციაა!
ჯერ სადა ხართ, აქვე მოგიყვანთ ყველა იმ ცნობილი ადამიანის ჩამონათვალს, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს!
მაშ, ასე: არისტოტელე, ტიბერიუსი, მიქელანჯელო, გაიუს იულიუს კეისარი, ლეონარდო და ვინჩი, ალექსანდრე მაკედონელი, ჟანა დ’არკი, კარლოს დიდი, ნაპოლეონი, ნიუტონი, ჩაპლინი, ლუის კეროლი, პაბლო პიკასო, აინშტაინი, მაჰათმა განდი, ადოლფ ჰიტლერი, ნერონი, ოტო ბისმარკი, ბენჯამინ ფრანკლინი, უინსტონ ჩერჩილი, ფორდი, ჯორჯ ბუშ-უფროსი, ჯორჯ ბუშ-უმცროსი, ბილ კლინტონი, ფიდელ კასტრო, დედოფალი ვიქტორია, ისააკ ნიუტონი, ბილ გეიტსი, როკფელერები, ნიკოლო პაგანინი, ბეთჰოვენი, შოპენი, ჰანს ქრისტაინ ანდერსენი, ჰერბერტ უელსი, მარკ ტვენი და უამრავი სხვა.
სხვათა შორის, ყველასათვის ცნობილი ლამაზმანი, ნიკოლ კიდმანი თავის მშვენიერ თმას მარცხენა ხელით ივარცხნის. ცაციაა ანჯელინა ჯოლიც, ტომ კრუზიც, მილა იოვოვიჩიც, ჯულია რობერტსიც, სილვესტერ სტალონეც, დრიუ ბერიმორიც, ვუპი გოლდბერგიც, დემი მურიც...
კინაღამ დამავიწყდა: “ფარული” ცაციაა რუსეთის პრემიერი და ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც!
არ გაგიკვირდეთ, ასეთებიც არსებობენ და ისეთებიც, ორივე ხელს ერთნაირად კარგად რომ ხმარობენ. ამათ ამბიდექსტრები ჰქვიათ.
ძალიან საგულისხმოა, რომ შუა საუკუნეებში, კოცონზე რომ აჰყავდათ, იმ კუდიანთა უმეტესობაც ცაცია იყო!
და კიდევ, ცაცია გახლდათ ლეგენდარული სერიული მკვლელი ჯეკ მფატრავი და მანიაკი ანდრეი ჩიკატილო!
როგორ გგონიათ, ამჟამად მილიარდერმა მწერალმა, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი სიღატაკეში გაატარა, ქალბატონმა ჯოან როულინგმა რომელი ხელით დაწერა თავისი სახელგანთქმული “ჰარი პოტერი”?
მოკლედ, როგორც ერთად დავასკვენით, ცაციებს შეუძლიათ იყვნენ გენიოსებიც და საზარელი ბოროტმოქმედებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ცაციობა ნაკლი კი არა, ღირსებაა. თანაც ისეთი ღირსება, რომელსაც შეუძლია, მსოფლიოში სახელი გაგითქვას..
This post has been edited by LUNA102 on 19 Aug 2009, 11:38