დიდი სიამოვნებით შევიტან ჩემს მოკრძალებულ წვლილს ამ მართლაც კარგი პოეტის სულ ცოტათი პოპულარიზაციაში მაინც.
წამოდი ცაში!
მაგ სნეულ სხეულს
მე ვუდასტაქრებ შუქის ლექსებით;
მზეს მაცოცხლებელს გამოვთხოვ სხივებს
მაინც გამოვთხოვ,
არ მოვეხსნები!
და თუ მნათობი მაინც გაკუშტდა,
არ გაიმეტა შენთვის წამალი,
გულს ამოვიგლეჯ, მზექალ, საკუთარს
და შენ ჩაგიდგამ!
დაე ალალი
იყოს ის შენთვის
თუ ბედნიერი
იქნები მგოსნის ქალღმერთი ჯიქი;
ჩემთვის კი, აბა, რა ბედენაა,
თუ რომელ მკერდქვეშ იბორგებს იგი!
გაბრიელ ჯაბუშანური
მაინც ამოვთხარე და მაინც ვიპოვე ეს პოემა.

მადლობა კარავს - იქ მივაგენი. წაიკითხეთ და დატკბით.
ბალადა ქვაკაცაზე
მზექალო.
მწუხარე ბალადას გიმღერი,
მწუხარედ გიმღერი
(ვახმე!):
ამ (აწ შენს) აულში სახლობდა ღილღველი,
სახელად უხმობდნენ ახმედს.
არ ჰყავდა თვისტომი
ძმაცა და მამაცა
თერგს გაღმა იმსხვერპლეს ურუსთ,
რვა რუსი მიაგო ახმედმა მამაცმა
მაგივრად სიკვდილის ბურუსს.
და მაინც არ დაცხრა აბრეკი უძღები:
დახარბდა მტრის სისხლს და გუამთ.
ამბობდა:
„-სამარეს ურუსნი უსხები
მიეგენ, ეს ალახს უამს!“
(*უსხი- „ზროხა საკლავი მსუქანი“(საბა)
და იყო თარეში ყუბანის ველებზე
მტრის ხოცვა, ტაცება ცხენთა.
მისმინე, მზექალო,
მე-შენი მელექსე
გიგალობ,
თანა ვღვრი ცრემლთა...
2
მზექალო,
მწუხარე ბალადას გიმღერი,
გლოვისებრ გავლებულ გულთან
ამ (აწ ჩემს) აულში იზარდა ღილღველი,
სახელად უხმობდნენ სულთანს.
ბალღივე დაობლდა
დედ-მამა,
და-ძმანი
უდროოდ იმსხვერპლა ჟამმა,
ობლისთვის საწუთრო ცრემლია და ძმარი,
მწარეა სხვათ ლუკმის ჭამა...
ვიშით და ვაებით იზარდა სულთანი,
ნორჩ გულში ვარამის ლესვით,
კაცის ძეთ სიძულვილს ზიდავდა სულ თანა,
გულშივე ბორგავდა გესლი.
და გრძნობა ამგვარი სად პოვებს გზას მეტსა
მკვლელობის, თარეშის იქით:
სულთანიც უმალვე ედოსტა*
ახმედსა და ორი აბრეკი ჯიქი-
ხოცავდნენ გიაურთ ყუბანის ველებზე,
იხვეჭდნენ ცხვართა და ცხენთა.
მისმინე მზექალო,
მე-შენი მელექსე
გიმღერ და
ვღვრი ცრემლითა
ცხელთა...
(*დოსტი- ამქარი, ამხანაგი, თანამესუფრე)
3
მზექალო,
ვაების ცრემლებში გაწურვილ
ბალადას გიგალობ კვნესით:
ამ (აწ შენს) აულში მზეობდა ქალწული,-
სახელად უხმობდნენ ზეზიკს.
დედა მის ამქვეყნად მოყვანას გადაყვა,-
მიეგო შავეთის კიბეს
და მურთაზს მამამისს
არც ქალი,
არცა ყმა
არ ჰყადა
მის გარდა კიდევ.
ობოლ ბავშვს ახმედის მშობელი ეძიძა
(მურთაზს არ შეურთავს ცოლი)
იზარდა ზეზიკი,-
წლის მეჩვიდმეტისა
შეიქმნა მზისაცა ტოლი.
მზექალო,
ვაების ცრემლებში გაწურვილ
ბალადას გიგალობ კვნესით:
ამ (აწ შენს) აულში მზეობდა ქალწული,
სახელად უხმობდნენ ზეზიკს.
4.
ვარდსა ჰგავს ასული
კვირტია დღეს იგი,-
ალისფრად იშლება ხვალე,
ახმედის თვალის წინ დაქალდა ზეზიკი,
მაგრამ ვაჟს უხმობდა ხმალი.
ზეზიკი ახმედის თვალის წინ დაქალდა,
ვაჟმა ვერ შენიშნა იგი:
ვაჟს სისხლი ეძახდა,-
მკლავები და კალთა
სისხლმავე მოხვია ჯიგიტს.
და სისხლის ძახილით მას მზერა დაეხშო,-
ვაჟს ოდენ მტრის მოკვლა სურდა:
(„ვინ ქალი,
რა ტრფობა,
რა ოხვრა,
რა ეშხი,
გიაურთ ვერკინოთ სულთან!
გავსრისოთ ურუსნი მთასა და ბარადა,
დღეს და მზეს გვიჩრდილებს ჩრდილო!..“)
მზექალო,
გიმღერი მწუხარე ბალადას,
მწუხარედ გიმღერი, ტკბილო.
5.
ვარდსა ჭგავს ასული
კვირტია დღეს იგი,-
ალისფრად იშლება ხვალე:
დაქალდა,
დამშვენდა,
დამზევდა ზეზიკი,
გულის ტოლს ეძებდა თვალი.
მზექალო,
შუნჯიხვს რა მოსწყურდეს ხარლაღი,
გულში გრძნობს კენტობის ზამთარს:
და თუ ხარს იხილავს იგი იალაღზე,
რატომღა დალახავს ცხრა მთას?!
შუნჯიხვი ხარლაღ ტოლს მზე მზერით მოხაზავს,
გული წყვილს დაუწყებს ძახილს.
ასევე ასულმა,-
სურვილთა ბოღაზად*
აქცია ახმედის სახე.
(*ბოღაზი- ნავთსაყუდელი)
როდესაც ახმედი შინ იყო,
ზეზიკი
დედობილს (ახმედის დედას)
თან ახლდა
და მართლაც
მოგავდა მზეს იგი,
რა მიჯნურს მალულად ჰმზერდა.
და გულიც
ასულის
მოჭგავდა ფოთოლსა,-
ქარი რომ ათრთოლებს მთაში,
გულში ხან მზე იდგა,
ხან უღვთოთ მოთოვდა,
მაგრამ ქალს ვერ გრძნობდა ვაჟი...
ო, სისხლის ძახილით მას მზერა დაეხშო,
ვაჟს ოდენ მტრის მოკვლა სურდა
(„რა ქალი,
რა ტრფობა,
რა ოხვრა
და ეშხი,
გიაურთ ვერკინოთ, სულთან!
დე, მტერთა გვამები გაგვეგონ ქვე-კალოდ,
ამაზრზენ ჰავაზატს** ვრჩეობ!..“)
მწუხარე ბალადას გიმღერი,
მზექალო,
მწუხარედ გიმღერი, ჩემო.
(**ჰაზავატი-(არაბ. ღაზავათ) ისტ. „საღვთო ომი“ არამუსულმანთა წინააღმდეგ ისლამის გასავრცელებლად)
6.
მზისფერო მზექალო,
გიგალობ ჰანგს ცრემლით,
ისმინე ამ გულის ფეთქვა...
მკაცრ იყო ზეზიკის ძიძა და გამზრდელი-
დედაი ახმედის ფეტიმატ.
როდესაც გიაურთ ძეი და მეუღლე
მოუკლეს,-
არ გატყდა, არა,
ის უხმოდ დაემხო მუხლზე და მეუფეს
ახედა, შესძახა:
„-ალახ!
შენ ხედავ:
ორი მზე ჩამიქრეს ავ რუსთა,-
ერთი მზე,
ერთი ძე
ახმედ
მრჩება და თუ იგი ათწილად არ უძღავს
მაგიერთ გიაურთ,
ვახმე!..
გაფიცებ, ალახო, შენს მზეს და დიად წიგნს,
შენს სახელს გაფიცებ დიადს,-
მიიღე ძე ესეც!..
დედა და დიაცი
გენუკვი!..
მისმინე დიაცს!..“
და ურუსთ ახმედიც ყუბანის ველებზე
ხოცავდა,
სტაცებდა ცხენთა...
მისმინებ მზექალო,
მე-შენი მელექსე
გიმღერ და
ვღვრი ცრემლთა ცცხელთა...
7.
მკაცრ იყო ფეტიმატ-დედაი ახმედის,-
ზეზიკის გამზრდელი ფეტიმატ
და ძეიც მის სიტყვას აროდეს ლახევდის
მსწრაფლ იქმდა, რაც გინდა ეთქვა.
დედამ თქვა:
„-ჩემს სახლში აბრეკთა ალაფი
(ისმინეთ, ახმედ და სულთან!)
თიკანიც არა მსურს, მოწმეა ალახი,
არამი არც ჩემს ქმარს სურდა!“
მართლაც
და ნაძარცვს რა
სულთან და ახმედი
მორეკდნენ
არვეს თუ რემას,
მაცნენი აულებს აჰყრიდნენ მძაფრ ხმებით
და იყო დაფდაფის ცემა:
„..მოგროვდით, ღილღველნო,
არმაღანს* აგრე კარგს
გვპირდება ჯიგიტთა გარჯა
ურუსთა ხარ-ცხენი მორეკეს აბრეკთა,
ერთ კვირად გვეყოფა ხარჯად!“
*არმაღანი- ფეშქაში, ძვირფასი საჩუქარი, „შორით მოსულისაგან მიღებული მის თემის ძღვენი“(საბა)
ხრიალი ხარების...
და სისხლი ნასხლეტი...
ციალი ხმალთა და ცულთა...
„-დაკალით!
მოხარშეთ!!!“-
ამბობდა ახმედი,
„-შეგერგოთ!“-
ამბობდა სულთან.
და იყო ზეიმი:
პურობა,
შუშპარი*,
აბრეკთა შექება ჰანგით...
(*შუშპარი- ცეკვა, როკვა)
ხარობდა,
მზეობდა
ზეზიკი-მუშთარი,
ზეზიკი-პირსავსე მანგი
ცხარობდა ახმედის
არ ხედვის
სახმილი
(გიშორებ, სიშორის ხარკო!)
მწუხარე ბალადას,
მე შენ წინ დახრილი,
გიგალობ, მზექალო,
კარგო!..
თავი მეორე
1.
განა თუ დიდია ეგ შენი აული,
მზექალო-მზისაცა დარო:
ქავ-ციხეთ მხარმარცხნივ გორი რამ ჩაუვლის,
გორის ძირს გამოდის წყარო.
წყაროსთან ლერწამი ქალწული რამა ზის,-
ქალია თუ სული მთისა?!!
რაზეა მოზარე ზეზიკი ლამაზი,
ზეზიკი-ზიარი მზისა?!!
მწუხარე ბალადას.
მზექალო-მთოვარე,
გიხმობ და გიმღერი კვნესით,
მივხედოთ,
მზისფერო,
მოწყენით მჯდომარე,
წყაროსთან მოზარე ზეზიკს...
2.
ცხრა დღეა
ახმედი თერგს გაღმა თარეშად
გაიჭრა სულთანთან ერთად
და გული ასულის მოუცავს კაეშანს,
გულის სწორს ახვეწებს ღმერთსა:
„-ალახო,
ალახო,
ხედვიდე ახმედსა,
უმარჯვე,
უმართლე
ხელი!
არა გთხოვ,
ალახო,
ხარჯსა და სახვეჭსა,-
უმიჯნე მტრის ტყვია ცხელი!
უმალ მან
უწყალო ურუსი
უგვანი
იმსხვერპლოს,
იძიოს შური!..“
წყაროს წყლით ადრევე აივსო კუმგანი,
მაგრამ წყალს ვინ უგდოს ყური!
ზის კენტი
ასული,
ფიქრებში
წასული,
თუნგიდან გადმოსჩქეფს წყარო...
ბალადით ვადუმებ
შენდამი მძლავრ სურვილს,
მზექალო- მზისაცა დარო...
3.
მზექალო,
ვამსგავსე სურვილი ისარსა,-
უცბად რომ გეცემა გულსა:
უმზერ და იარა თანდათან იზარდა,
არა რა არა რგებს წყლულსა...
წყაროსკენ გამოწვდილ გზაწვრილზე მხედარი
გამოჩნდა.
მეორეც მოჰყვა.
ზეზიკი-მზისფერი,
ვერარას მხედავი,
ურვით ზის,
ვერ ამჩნევს მოყვასთ.
როდესაც მნათობი იბურვის ღრუბლითა,
მაინც ჩანს ბურუსში ბადრო:
მზე მაინც მზე არი,- ნაკურთხი უფლისა,
მე მნათობს ქება ვით ვკადრო!
ნაზ იყო, ასევე, ზეზიკი ციერი,
მურთაზის მზისფერი ქალი,
შუქისებრ შვენოდა კაეშნის იერი,
ბრმა მზერა და ღაწვი მქრქალი.
დარდებში
წასული
ჯდა თეთრი
ასული,
თალხი რამ ეხატა ხატად...
და ორი მხედარიც
ედარა
უსულოს,
ან იქნებ
გადიქცნენ
ქვადა?!!
უცილოდ ქვად იქცნენ აბრეკნი მტრიანნი,
ტრფიალი დაატყდათ ჯიგიტთ...
უმზირე, მზექალო,
როგორ კლავს ტრფიალი,
უცილოდ ისარს გავს იგი!..
4.
მზექალო,
თუმცაღა ისარს გავს ტრფიალი,
მაგრამ ვინ გაუგოს გეზი?!!
და იდგნენ
ცხენდაცხენ
აბრეკნი-მტრიანნი,
იდგნენ და უმზერდნენ ზეზიკს.
ერთბაშად
ერთ მათგანს
მსგავსი რამ ოხვრისა
დასცდა და განივრცო ჩქამი:
მეორემ მერანი მეყსეულ მოღრიჯა,
ჩამოხდა
და შეკრთა ქალიც..
მოხედა
ორ მხედარს,
მყის იცნო ახმედი
და მზერა ზეზიკის,-
მზე ვით განათდა,
თანაც მან იმ წამსვე,
მკაცრ ხედვით
დაცხრილნა ვაჟნი
და ზევით
წავიდა.
წაიღო წყლიანი კუმგანი,
დაყარა რაყიფნი კუშტმა,
დაყარა რაყიფნი გაყრისგან გულმკვდარნი,
სალამიც არ უთხრა გულშმაგთ...
მზექალო,
მზექალო,
მსგავსნი ხართ ასულნი
ფიქრები ფიფქს გიგავთ ნაბუქს:
უმალვე გოროზად გულში ჰკლავთ მძლავრ სურვილს,
ტრფიალს თუ შეატყობთ ჭაბუკს.
ასევე ზეზიკმა
რა ნახა მხედარნი,-
„ახმედი!“
შესძახა გულმა
და სახე ასულის მყის მარეხს ედარა,
თან მანვე
სხვაც რამე
უმალ
შენიშნა:
შეიცნო:
ვაჟკაცნი იუფლა
მისივე სურვილის ალმა,
უფრორე იმზევა ზეზიკის ტრიუმფმა,
თან მყისვე,
მასშივე
ქალმა
იწივლა დიაცთა გველური ბუნებით
(ასეა!-
ნუ მიწყენ, მზექალ!)
და ქალმა ზეიმის მაღალი ცდუნება
აქცია ქარიშხლის ჭექად.
მზექალო,
განა შენც ასევე არ მიყავ,
პირველ რომ გაგიტყდი ვაჟი
შემრისხე,
დამსეტყვე
ავ სიტყვით:
„-არ მიყვარს!“-
ჩამხერგე სახმილის ზღვაში...
და მდაგავ
მას შემდეგ,
გულს არ რა უხარის,
სიცოცხლეს
უცეცხლოდ ვცდილობ...
მზექალო,
გიმღერი ბალადას მწუხარეს,
მწუხარედ გიმღერი, ტკბილო.
5.
მზექალო,
მე მიკვირს
ვითა გთმობ აგრე ტკბილს,
თუმცაღა გადვიქეც ქვადა...
გრძნობისგან ხელქმნილნი
ბორგავდნენ აბრეკნი,
მოგავდნენ დავარდნილ ქადაგს:
„-წავიდა!..
წავიდა...“
ოხრავდა ახმედი,
„-გაგვიწყრა...“-
გმინავდა სულთან,
„-ნეტავი რა რისხვის მწვერვალზე აღვედით,-
აბრეკნი ზეზიკს არ სძულდა...
გაგვიწყრა,
არ გვითხრა:
რა რისხვა მიიღო
ჩვენს თავზე
მზეთამზე ქალმა...
მაშ, იგი
მაშრიყის
ნათელი რა იყო,-
პირველ რომ უელვა ალმა?!!...
არა, მას
არამი
არ ეთქმის ნასხლეტი
სხივისა
(მთვარე რამ გვხუთავს)“
„-ჩემია ის შუქი!“-
ფიქრობდა ახმედი,
„-ჩემია!..“
ფიქრობდა სულთან...
ასეა, მზექალო,
ხანდახან ტრფიალი
გველის გულს აძგერებს ნაზად:
ხანაც რომ არასდროს არ იყო მტრიანი,
მოსიხლედ მოგისევს ძმასა...
6.
წყაროსთან
ჩამოსხდა
ორივე აბრეკი
(წეღან რომ ზეზიკი იჯდა):
დაჭრილ ვეფხვს მოგავდა მწუხარე ახმედი,
სულთანი მოგავდა ჯიქსა.
მათ შორის რამ გველი,
გულისა მდაგველი
გაწვა და მყის ძმობა შთანთქა:
(ვთქვათ ბარემ
აშკარად:
რა გული,
რა გველი,-
ძმათ შუა ქალშავა ჩადგა!)
შენ ხედავ, მზექალო
ნაზ ასულს უმანკოს,
მისივე სიკეთის ძალით,
ძალუძს, რომ აბრეკნი უკუნში უმანგოდ
აღკვეთოს,
წაჰკიდოს ძმანი...
შენც ასევ არ გვიყავ
მე და ჩემს რაყიფსა
მზექალო, მაგ ეშხის ძალით,-
მოყვრობა გავყარეთ,
რა ეჭვი აყეფდა,
ვიშუეთ შიშველი ხმალი...
7.
„-ჩემია ზეზიკი!-
ნირავდა ახმედი,-
ალახმა მარგუნა იგი!
და მზერა, ამჯერად,
მზესავით ნასხლეტი
ჩემს მიმართ იყო და
ჯიგიტს
შემერგოს!
დე, მერგოს
მურთაზის ასული,
იღბალი მიღიმის, მჯერა!
სხვა დროსაც მიხილავს,
ჩემს მიმართ ნასროლი
ამ ქალის ამგვარი მზერა!
თანაც, ოხ,
ალახო,
რა იყო მზერა სხვა,
მისგან რომ მეხივით გვეჭდო?!!-
ქალს ალბათ სულთანის უნდოდა შერისხვა,
ან იქნებ...
განიბენ,
ეჭვო!!!
ჩემია ზეზიკი!
ვაცხადებ ახმედი,
ალახმა მარგუნა იგი
და მზერაც ზეზიკის,-
მზესავით ნასხლეტი,-
ჩემია!-
შემერგოს ჯიგიტს.
თან ამ ბიჭს-
ძმადნაფიცს
არ ვიცი, რა ვუყო,
ჰხამს ორთა ძმობის ხე გახმეს:
მწამს: გული
ქალწულის
მის მიმართ ჭაუხობს,
და მაინც იფრთხილე, ახმედ!..
სისხნაფიც
ძმისადმი
ქველობა ვალადა
მადევს...
და მე მაინც ვრჩეობ
მზე- ზეზიკს!..“
8.
სულთანი ფიქრობდა
ჩემია ზეზიკი!..“
(თან ეჭვის ისარიც ერჭო)
ო, ეჭვი, მზექალო,
ჩამოგავს გველს იგი,
წყეულო,
წყეულო ეჭვო!..
მზექალო,
მეც ეჭვმა მომსრა და დამასო
ისარი-
ვერ ჩავკალ ურჩი:
სხვასთან ზის მზექალი
და სხვასთან თამაშობს
ყვავივით
ჩამჩხავის ყურში...
„-ჩემია ზეზიკი!-
სულთანი ფიქრობდა,-
თან ეჭვის თარეშიც
ჰგვემდა,-
იქნება ის ქალი ჩემს მიმართ მუქრობდა,-
მრისხანე მზერით რომ გვცემდა...
იქნებ მზე-ღიმილი აწვევდა
ახმედსა,
მზე-მზერაც უხმობდა ახმედს?!!...
მაგრამ, ოხ,
ალახო,
მწამს: ჩემი გახდება
ზეზიკი!..
და უნდა გახდეს!!!
ჯოჯოხეთს ავიტან,
გავკვეთ და გავიტან,
გავადენ სისხლისა ჩქერსა,
ხმლითაც და სისხლითაც,
საკუთარ თავითაც
დავიცავ
საფიცარს
ჩემსა!!!
ჩემია ზეზიკი!
ნაწყევლს და ნაწამებს
აწ მაინც მეწვიოს ლხენა,
მზის სხივი ესხუროს ჩემს დახრილ წამწამებს,
მემიჯნოს ტანჯვა და წყენა!..
დე,
ახლა გამოცხვეს ოხერი ხმიადი
ობლისა.
ო, ვფიცავ
ზეცასა
ვაჩქარებ,
დავასწრებ,-
დღე დადგა, დიადი
დიაცი
დავისვა მეცა!!!
სისხლნაფიც
ძმისადმი
ქველობა ვალადა
მადევს...
და მე მაინც ვცდილობ
ჩემი ვქმნა ზეზიკი!..“
მწუხარე ბალადას
გიგალობ,
მზექალო,
ტკბილო...
ავახმე, მზექალო,
ტიალი
ტრფიალი
გველის გულს აძგერებს ნაზად:
ხანაც რომ არასდროს
არ იყო მტრიანი,
მოსისხლედ
მოგისევს
ძმასა...
9.
წამოდგნენ აბრეკნი,
კუშტად და უბრადა,
მერნები იოკეს თოკით;
დაბლა კი, ფერდოვზე, ეფინა ღრუბლადა
ნაძარცვი რემა და ჯოგი.
ცხრამეტი ცხენი და ვეება ცხრა ხარი
ფერდობზე ეფინა ღრუბლად.
გავარდა ხაბარი*, მეხივით ნახალი,
მორბოდნენ, სტოვებდნენ ზღურბლთან.
ისმოდა ყიჟინა ქუხილზეც მაღალი,
მორბოდნენ დიაცნიც მორცხვნი;
მოხუცებს ელოდა ამბავი ახალი,
ჭაბუკებს ლხინი და ხორცი.
„-სალამი აბრეკებს!
ალაფი ნაძარცვი
კვლავაც ნუ მოგაკლოთ ვაჟთა!“
მოგროვდნენ ღილღველნი: ბავშვი თუ ქალ-კაცი,
მუნ თავში
მურთაზი დაჯდა.
„-გვიამბეთ, ჯიგიტნო!“-
მურთაზმა ახედა
აბრეკებს
ამრეზით
მდგომთა.
„- თერგს გაღმა ვიყავით,-
დაიწყო ახმედმა,-
ხუტორთან ხვასტაგი ძოვდა.
შავ ფარად
ვიფარეთ
ღამეი-ურჩხული,
მივხოხდით,
დავესხით მწყემსთა.
ხელდახელ მოვახრჩეთ ორივე ურჯულო
და ომიც უმალვე შეწყდა.
უკუნში მეყვსეულ მოვსხლიტეთ ხარ-ცხენი,
მთებისკენ ავიღეთ გეზი.
აწ აქ ვართ...“
ახმედმა
გახედა
დარცხვენით
მამასთან მდგომარე ზეზიკს.
„- თან ვამბობ
(განაგრძო)
ვეხსნები
შეითან
ურუსთა ძარცვას და ხოცვას;
მე უკვე აბრეკი აღარ ვარ დღეიდან,-
სხეული სხვა ცეცხლმა მოწვა.
არ ვიცი, ამაზე რას იტყვის სულთანი,
მე მტკიცედ ვადგევარ ამ აზრს;
კმარ იყოს, რაც ვხოცე ურჯულო მურდალი,
აწ ალახს მივუძღვნი ნამაზს!
დე, ეს დღე დაიდოს, ვითაარ საზღვარი
დათმობად თარეშთა ჩემთა;
აღარ მსურს ურუსთა რემა თუ თხა-ცხვარი,
არც სისხლი ახელებს ჩემს თვალს!
და თქვენ კი, ჭაბუკნო,
რატომღა აყოვნებთ
განაგეთ საქმენი თქვენი
ურუსთა ხარ-ცხენი, სამგლე და საყორნე,
დახოცეთ,-
პურობა ქმენით!
დახოცეთ ხარ-ცხენი!..“
ამავ დროს სულთანი
ფიცხობდა:
„- იხლართვის საქმე
ჩემს მზეს თუ იჩემებს რაყიფი უგვანი,
დე, ბედი გადაწყდეს აქვე!..“
გულმწყრალი
სულთანი
ხალხის წინ წამოდგა:
„- დაიცათ, ახმედ და ვაჟნო,
მადროვედ ორიოდ ღილღურის წარმოთქმა
მეც მინდა:
თემს სიტყვა
ვამცნო!
ჰე, ძმანო,
აქამდე რუსთაგან ალაფი-
ხვასტაგი მოგვყვავდა რაცა,
ყველასი იყო და, ვითაარ ჯალაბი,
თანაბრად ვიყობდით ნაძარცვს.
აწ მინდა:
დავლიდან
მე ჩემი არჩივი*
ავიღო.
ასეა საქმე!
კვლავ ხვედრი
ახმედის
თქვენ იყოს,
არ ვჩივი,
ან კიდევ, როგორც სურს ახმედს!..“
(*არჩივი- წილი, კუთვნილი კერძი)
ახმედი
„- საქმე თუ ასეა, ეგ ჩემი არჩივიც
მე შენთვის მიძღვნია, სულთან,
ალაფს არ დაგიდევს აბრეკი-არწივი,
სიძუნწე მე მიწყივ მძულდა!“
სულთანი
„-მისმინეთ, მოძმენო,
იმას, რაც გითხარით,
მე აქვე
ერთ სათქმელს
ვურთავ:
ჩემს გულში არ არის სიყალბის მისხალიც,
მისმინე, ვაჟკაცო მურთაზ!
ვიშით და ვაებით ვიზარდე სულთანი,
ნორჩ გულში ვარამის ლესვით;
ობლობის ვაგლახი დამდევდა სულ თანა,
საწუთრომ მასმია გესლი.
ახლა კი ვაჟი ვარ - ამაყი აბრეკი,
მძლედ მიჭირს მუხლი და ხმალი;
მტერთა წინ ვერავინ მიხილავს დადრეკილს,
ვაჟს მარტო მაკლია ცალი!..
და, აი, მოგმართავ, ვაჟკაცო მურთაზო,
კრძალვით და
გენუკვი ზეზიკს!..
ურვათიც აქვეა,- არა გთხოვ უფასოდ,-
და თუ ის მცირეა,-
გეზი
კვლავ ვიცი
თერგს გაღმა ურუსთა ხუტორებს
არტყია რემა და არვე;
ყუბანშიც დავტორავ ტრამალებს უტორველს
და ალაფს გავაჩენ ჩქარვე!
მურთაზო,
ალახმა აბრეკად დამბადა,
საფლავში ასევე ჩავალ;
თან ალბათ აულებს დარჩება ამბადა
ჩემი და ურუსთა დავა!
მურთაზო,
შუქსა გთხოვ!
ურვათს კი დანარჩენს
გავაჩენ,
მცირედი თუა,
ეს, რაც მყავს.- არ შევიქმთ
ამაზე დავას ჩვენ,
შენ „ჰო“ თქვი,-
და ქალი უარს
არ იტყვის,-
შენს სიტყვას
იგი ვერ დალახავს,-
დიაცი ჩრდილია ვაჟის!
დაგვლოცე, მურთაზო,
მოგვხედოს ალახმა!
სამივემ ვიხაროთ მთაში!..
რუსს რუსი მოკეთობს
და ღილღველს - ღილღველი,
ორივე მტრის მარცხსა ცდილობს...“
მზექალო,
მწუხარე ბალადას გიმღერი,
მწუხარედ გიმღერი, ტკბილო...
სიჩუმე ჩამოდგა სულისაც მხუთავი,
ისეთი,
(მერწმუნე, მზექალ!)
რომ კარგად ისმოდა: ახმედის,
სულთანის,
ზეზიკის
გულების ფეთქვა...
თეთრ იყო სულთანი, ვით თრთვილი დილისა,
თეთრ იყო ახმედი მუნჯი,
თეთრ იყო ზეზიკიც- სურვილთა თილისმა,-
ისართა დამსობი გულში.
იდგა და ელოდა სამება მიჯნურთა
განაჩენს მურთაზის პირით;
წამოდგა მურთაზი,
(სიოც კი მიჩუმდა),
ხმა მისი მოგავდა ხირიმს:
მურთაზი „-ვეფხვია სულთანი,
გმირი და ჯიგიტი,
თვით ჩემი ზეზიკიც მზეა,
ობლობით იზარდა,
თავის ბედს იგი თვით
განაგებს
და სიტყვას გზიანს
აწ გვეტყვის,
აბრეკ ბიჭს
ან უკუნს წაჰკიდებს,
ან კიდევ
გაიყვანს მზეში;
მე ვერსად ვიშოვნი სულთანზე კარგ სიძეს,
მაგრამ შენ
რას არჩევ, ზეზიკ!!“
სიჩუმე სუფევდა სულისაც მხუთავი,
ისეთი,
(მერწმუნე, მზექალ!)
რომ კარგად ისმოდა: ახმედის,
სულთანის, ზეზიკის
გულების ფეთქვა...
თეთრ იყო სულთანი, ვით თრთვილი დილისა,
თეთრ იყო ახმედი მუნჯი,
თეთრ იყო ზეზიკიც- სურვილთა თილისმა,-
ისართა დამსობი გულში...
ხალხის წინ წამოდგა ზეზიკი-ციერი,-
მურთაზის მზისფერი ქალი,
შუქივით შვენოდა ამაყი იერი,
მზე-მზერა და ფერი მქრალი.
მდუმარე აბრეკნი ელოდნენ ცახცახით
მურთაზის მზისაგან მსჯავრსა;
ზეზიკმაც მიმართა მუნჯ ახმედს, თავდახრილს,
ხმა მისი მოგავდა ზარსა:
ზეზიკი „-ახმედო,
ერთს გკითხავ:
ეს მითხარ,
შენ არჩივ
ალაფს რომ
სთავაზობ
სულთანს,-
იქნებ, ვით მურთაზი,
ასევე შენ არჩევ
სხვას დავრჩე,-
შენ თუ ეს გსურს და
თუ მაგ შენს ძმადნაფიცს ხელს მიტომ უმართავ
შენ გინდა:
ეჯიბად
დაჯდე,
მაშინ მე მზადა ვარ
მურთაზიც ურვათსა
უმალვე მიიღებს, ახმედ!..“
სიჩუმე სუფევდა სულისაც მხუთავი,
ისეთი,
(მერწმუნე, მზექალ!)
რომ კარგად ისმოდა: ახმედის,
სულთანის,
ზეზიკის
გულების ფეთქვა...
თეთრ იყო სულთანი, ვით თრთვილი დილისა,
თეთრ იყო ახმედი მუნჯი,
თეთრ იყო ზეზიკიც- სურვილთა თილისმა,-
ისართა დამსობი გულში...
მურთაზი „- შენ, ჩემო ასულო,
(მურთაზი აგმინდა),
არა სჯი სავსებით სწორად;
შენს ბედს მე შენ განდობ და სულაც არ მინდა,
ურვათი დამიდგან გორად!..“
ზეზიკი „-მადროვე, მამილო,
მე ვკითხავ ახმედსა,
პასუხი თავადვე გამცეს!..“
ახმედი „- განა თვით არ მხედავ,
(ახმედი ამხედრდა),
შენთვის შმაგს რადა მგვემ ამდენს?!..“
ზეზიკი „- ვაჟნო, მაშ, მივეგეთ ამ ამბის დასასრულს,
ზეზიკი ვამოკლებ სიტყვას
რა ვქნაბ თუ საქმარედ სულთანი არა მსურს,
თუ მხოლოდ ახმედი მიყვარს!..“
სიჩუმე სუფევდა სულისაც მხუთავი,
ისეთი,
(მერწმუნე, მზექალ!)
რომ კარგად ისმოდა: ახმედის,
სულთანის,
ზეზიკის
გულების ფეთქვა...
თეთრ იყო სულთანი, ვით თრთვილი დილისა,
თეთრ იყო ახმედი მუნჯი,
თეთრ იყო ზეზიკიც- სურვილთა თილისმა,-
ისართა დამსობი გულში...
ხან ზეზიკს უმზერდნენ მდუმარე ღილღველნი,
ხან კიდევ ახმედს და სულთანს...
მზექალო,
მწუხარე ბალადას გიმღერიბ
გლოვისებრ გავლებულს გულთან...
11.
მზექალო,
მეხსა ჰგავს ქარაფთა მხლეჩავსა
უარის პირბასრი დანა:
სრავს იგი
სასტიკი
მიჯნურ გულს ბეჩავსა,
ხლეჩავს რა
სხეულსაც თანა...
უარი უთუოდ ჩამოგავს უკუნსაც,-
უცებ რომ გვეცემა თავზე;
ის არის
მდინარის
მძვინვარი უკუსვლაც,-
მშრალზე რომ დარჩება თევზი...
ავხმე, მზექალო,
იცოდე ნეტავი
როგორ კლავს უარი-ჟამი;
უარი ხმალია-ოთხივ მხრივ მკვეთავი,
ფხაზე რომ აცხია შხამი...
უარი მხეცად ქმნის უწყინარ ცხუარსაც,
მისგანვე მოისრას გმირი...
მზექალო,
ნუმც გასმენს უფალი უარსა,
გადმოსულს მიჯნურის პირით!..
თეთრ იყო სულთანი, ვით რთვილი დილისა,
ხან უცბად ხდებოდა კუპრად,
მან მაინც დაძლია უარის თილისმა:
სულთანი „-გავშალოთ ნიშნობის სუფრა!..
ზეზიკის უარით გული არ მეპობა,
კვლავ ვუძმობ ძმადნაფიც რაინდს!
ალახმა
არა ქმნა,
მრგებოდა ნეფობა,
ეჯიბად დავჯდები
მაინც!..
ღილღველნო,
გავჟლიტეთ ხვასტაგი ნაძარცვი,
დაკალით ეგ ჩემი ცხენიც,
ახმედის ნიშნობას არც ქალი, არც კაცი
არ ასცდეს,
პურობა ქმენით!..
იციან მტრობა და იციან გატანაც
აბრეკთა ქველთა და უხვთა!..
გულმთვრალი
სულთანი
მოგავდა სატანას
„- გაჟლიტეთ!...
დაკალით!...“-
ქუხდა.
მკაცრ იყო ფეტიმატ- დედაი ახმედის,-
ზეზიკის გამზრდელი ფეტიმატ
და თემიც მის სიტყვას არასდროს ლახევდის
მსწრაფლ იქმდა,
რაც გინდა
ეთქვა.
და ახლაც წამოდგა:
ფეტიმატ „- ნაძარცვი ალაფი,
თქვენ იცით, ახმედ და სულთან,
არ მინდა არასგზით,
მოწმეა ალახი,
არამი არც ჩემს ქმარს სურდა!
მე ჩემი ალალი ოფლით და ნადაგით
გადვიხდი ქორწილს და ურვათს;
არა მსურს ურუსთა არამი ხვასტაგი,
მარიდეთ ამაზე მდურვა!
თქვენ თქვენებრ ილხინეთ ლაღად და ვაჟურად,
ნუ მიწყენთ დიაცს და მოხუცს!..
წავიდეთბ ზეზიკო,
საქმე გვაქვს საშური,
ჩემს ძველ ცრემლს ახლა შენ მოხოც!
წამიძეხ,
წავიდეთ,
არც რძალს და არც დედას
არ გვინდა არამი დავლა!
იპყარი, მზის დარო,
მერანი ახმედის,-
მაშვრალი მივაგოთ თავლას!
დაცხრა და დაოკდა ახმედი-ჯიგიტი,
მტრის რისხვა-
სისხლის ხმა
ჩაკლა;
დიაცებს ჩვენც გვინდა
ეჭვის და
შიშის წილ
სიმშვიდით
ვიშვებდეთ ახლა!
შენ ახლა ჩემი ხარ,- ჩემივე გაზრდილი,-
ზეზიკო-მზეო და მანგო!“
მწუხარე ბალადას,
მე, შენგან დაჭრილი,
გიგალობ,
მზექალო,
კარგო.
თავი მეოთხე
ახმედის ციხეზე აღმართეს სარათა-
ალამი, სიკვდილის მაცნე,-
ალამი რძისფერი.
ღილღველნი ჯარადა
მოგროვლნენ
და ბანზე დასხდნენ.
ერდოზე ესვენა ახმედიც რძისფერი,
საოცრად მშვიდი და ნაზი,
თითქოსდა
იტყოდა
„-რა ტყვია, რა მტერი,
ან რისი სიკვდილი ნასი?!..
რა გლოვის ზარი და
რა თეთრი სარათა,
ან რისი სამარის თაღი,
მზისფერი ზეზიკი,-
მზისავე დარადა
მიმზერს და მიღიმის ლაღი!“
თითქოსდა
გვითხრობდა
ამ წინა ღამინდელ
ზეზიკთან შეყრას და ყოფნას.
თითქოსდა
იტყოდა:
„-ავბედო, დამინდე,
დამინდოს ტყვიამ და თოფმაც!...“
თუმც შუბლსა აბრეკის
ავბედით
ეხადა
ეხატა
ნასროლი მკვეთრად,
თან, ასევ, ახმედის სახეზე ეხატა
ზეზიკთან ყოფნა და შეყრა...
და კრთოდა მოკლულის სახება,
სარკე ვით,
ელავდა კულულიც ქერა;
ახმედის სახეზე ეხატა გარკვევით
ზეზიკის ღიმი და მზერა...
მზექალო,
სურვილის თილისმა მიკვირს და
მის ახსნას შენგანვე ვითხოვ;
მწირს მჯერა,
მზისფერო,
არ ძალუძს სიკვდილსაც,
დათრგუნოს ტრფიალის ხვითო!
მზექალო,
დრო იყო
(ან იქნებ მეზმანა
დღე იგი- ედემის დარი?!..)
მზე -ღიმილს მაღვრიდი,
ლაღობდი ჩემთანა,
მღველფავდა ღიმილის ღვარი!..
თუმც შემდეგ შემრისხე,
იღბალი მზაკვარი
ამ გულის დათრგუნვას ცდილობს,
მაგრამ დრო ამ ღაწვზე იმ ღიმის ნაკვალევს
ვერასგზით
ვერ წაშლის,
ტკბილო!
მზექალო,
დრო იყო
სურათი პატარა,-
შენივე ხატება წმინდა,
მიძღვენ და მითხარი:
„-ხატივით ატარე,
თან გქონდეს,
გახსოვდე,
მინდა!“
ძვირფასო,
იმ ძღვენზე ძვირფასი რა მქონდა
(ვერ მიძღვნა ვერა რა კაცმა!),
მყის ყელზე შევიბი შიბით და დამქონდა,
ისე, ვით იესოს ჯვარცმა!
შემდეგ კი, შენ იცი
შენივე შერისხვის
მახვილი მეხივით მეხო
და მაშინ, მე, შმაგმა
ეშმაკად
შეგრაცხე,
გავშალე წყევლათა ეხო...
და შენი ხატება,
მზექალო,
ავახმე,
მკერდიდან მოვიხსენ რისხვით,
მივხოხდი ბუხართან და ცეცხლში ჩავამხე,
დავწყევლე ის დღე და რიცხვი...
ძვირფასო,
შენს პროფილს მოედო მყის ალი,
აინთო
და ჩაქრა ცეცხლი...
დაფერფლილ სურათზე მე მაინც გიცანი,
ვარკვევდი შენს ნაკვთებს შერყვნილს...
მზექალო,
ასევე შეერყვნა ზეზიკის
მზისფერი სახება ჯავრსა;
ექცია ქალწული ქვესკნელის ქეზიკად
ალახის რისხვას და მსჯავრსა...
არ აჩნდა მის მზერას აზრის რამ ნასახი,
თითქოს ქვად ქმნილიყო ქალი;
არ აჩნდა ზეზიკის მიმოხვრას და სახეს
ახმედთან შეხვედრის კვალი...
არა, ეს არ იყო მზისფერი ზეზიკი,
ეს იყო გლოვა და წყლული,
ეს იყო, უცილოდ, ქვესკნელის ქეზიკი,-*
ჯოჯოხეთს დაჯრილი სული...
გოლგოთაგავლილი
მარტვილი
ეს იყო,
ეს იყო ზეზიკის ჩრდილი...
ო, როგორ შეცვლილხარ,
მზისფერო ზეზიკო,
ზეზიკო- ცისკარო დილის!
მზექალო,
მე სიკვდილს ჩავთვლიდი ჩალადა,
ახლაც და
რაც გინდა დროსა,
დეე, ჩემს ციხეზე აღეღოთ სარათა,-
თუ ასე მიგლოვდი მგოსანს!
თუ ჩემი სიკვდილი ამდაგვარ თავზარსა
დაგცემდა, ვით მეხის ჭექა,
მე ბედად ჩავთვლიდი იღბალსა ამგვარსა,
არყოფნას ვარჩევდი, მზექალ!
მაგრამ, ოხ,
ლამაზო,
რას ვამბობ
გულხელი
(უმეცარს შემინდე, ცაო!),
შენ ღმერთმა გამიჯნოს
ნაღველის უღელი,
გაშოროს ჭირსა და ჭაობს!
დე, ისევ
გაბრიელს
გასდინდეს
მდუღარე,
სვემ გულში გორდაი მაგოს...
ავახმე,
გიმღერი ბალადას მწუხარეს,
მწუხარედ,
მზექალო-მანგო!..
შუქფერო,
ლექსები ქარივით დავფანტე,
დე, შენი მელექსე მერქვას;
შემინდონ: რუსთველმა,
პეტრარკამ
და დანტემ,
თუ კარგად ვერ გიმღერ,
მზექალ!
3.
„-ბრალი არ მიმიძღვის!-
აღმოთქვა სალმარძმა,-
მე სახლში ვითიე ღამე;
თუმც დიდხანს ვისხედით,
ვიუბნეთ სამმა ძმამ,
და ბოლოს ახმედი და მე
წავედით,
მივბარდით საკუთარ კერასა,
ვიწვიეთ სულთანიც,-
არა ქნა,-
ის ცეცხლან დარჩა და
დანარჩენს ვერ რასა
ვერ გეტყვით, ღილღველნო, ახლა!
ეს კია
აბრეკ ბიჭს ბრაზის რამ ბურანი
ბურავდა და ფერი მიწის
ედო.
სხვა არ ვიცი.
მომეცით ყურანი,
ყალბ ეჭვსაც
დავბეჭდავ ფიცით!
გუშინ რომ სულთანმა მერანი მაჩუქა,
ღილღველნო, მიმოწმებთ, მჯერა;
გუშინღამ უნაგირ მიბოძა მას უკან
და ახლა შეკაზმულ მერანს
თუ იტყვით, მოვიყვან
უმალვე
უკანვე,
ეს ძღვენიც
არ მშვენის
სალმარძს,
არა და
ალალ კაცს
ეჭვები უგვანი
უგანეთ
ვაჟმაც და ქალმაც!“
შუქი რამ ეფრქვია ვაჟკაცის ღაწვებსა,-
სინათლის,
სიმართლის
სხივი;
ამრიგად
გახსნილ წარბს
არც ურვა აწვება,
არც მოყვასთ
ავ ყოფას
ჩივის.
სალმარძის თვალებში ელავდნენ ალადა
(„მწყალობდე, მართალთა მწეო-ალახო!“).
მწუხარედ,
მწუხარე ბალადას
გიგალობ,
მზექალო-
მზეო!...
ვაჟკაცმა გაშალა მინდორზე ნაბადი,
დაემხო მუხლზე და:
სალმარძი „-ალახ!
შენი ვარ,
მიშველე,
ხომ შენვე დამბადე,
შენ მიძღვენ: გრძნობა და ძალა!
ალახო,
ჩემი ქმენ მურთაზის ასული,
ხომ ჩემთვის გაჰნირე აგრეც
ცეცხლის ზღვად
ეს რისხვა,
ზვავივით დაძრული
როდესაც მიაგე აბრეკთ!
* * *
გაგრძელება...
ალა
This post has been edited by tavadze on 16 Oct 2009, 23:56
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".