რა არის ბიომეტრული პასპორტი?ბიომეტრული პასპორტი წარმოადგენს ჩვეულებრივ პასპორტს, რომელსაც დამატებით, ყდაში ან პერსონალური მონაცემების გვერდზე ჩასმული აქვს მიკროჩიპი, ელექტრონული ინფორმაციის ჩასაწერად. ბიომეტრული პასპორტების გამოყენება მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტების აღმოფხვრას. სპეციალურად, ბიომეტრული პასპორტებისათვის შემუშავებულია ICAO სტანდარტი, რომლითაც ხელმძღვანელობს ყველა ქვეყანა რომელსაც გააჩნია ბიომეტრული პასპორტი.
რა დადებითი მხარეები აქვს ბიომეტრულ პასპორტს?ბიომეტრული პასპორტი ჩვეულებრივი პასპორტისგან განსხვავდება დაცვის მაღალი დონით, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს მისი გაყალბების შესაძლებლობას. გასათვალისწინებელია, რომ არ უნდა მოხერხდეს პასპორტში არსებული ფოტოსურათის გაყალბება და არ მოხდეს არასტანდარტული ჩიპის გამოყენება, რომელსაც სხვა ქვეყნის საზღვრებზე არსებული მანქანა ვერ აღიქვამს. გარდა ამისა, ბიომეტრულ პასპორტში გამოიყენება ახალი ტიპის, უფრო დაცული მასალა. არსებობს სამი სახის ბეჭდვა: პოლიკარბონატზე ლაზერული გრავირებით ბეჭდვა, ჭავლური პრინტერით ბეჭდვა და ლაზერული პრინტერით ბეჭდვა ლამინატზე, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს პასპორტის გადაბეჭდვას, ან შემდგომში მის გამოყენებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბიომეტრული პასპორტების შემოღება ხელს შეუწყობს გამარტივებული სავიზო რეჟიმის არსებობას საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის.
რამდენი ქვეყანა გასცემს ბიომეტრულ პასპორტს?დღეისათვის ბიომეტრული პასპორტებით სარგებლობის პრაქტიკის დანერგვა დაწყებულია: ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, უნგრეთში, ჰონკონგში, ესტონეთში და სხვა ქვეყნებში. ბიომეტრული პასპორტების ტექნოლოგიას იყენებს მსოფლიოს 26 ქვეყანა (ძირითადად ევროპული ქვეყნები) და ჩვენი ინფორმაციით 2010 წლისათვის მათი რიცხვი გაიზრდება 45-მდე. რადგანაც მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ამ ტიპის პასპორტების გამოყენება, საქართველოს სავარაუდოდ 2 წელიწადში უკვე ბიომეტრული პასპორტების გამოყენების აუცილებლობა შეექმნება.
რა სტანდარტებია ბიომეტრული პასპორტისათვის? ამჟამად, მოთხოვნა არის მხოლოდ ახალი სტანდარტების პიროვნების ფოტოსურათის ჩაწერა ელექტრონული სახით მიკროჩიპზე. 2009 წლისათვის შემუშავდება სტანდარტი თითის ანაბეჭდებისათვის. რაც შეეხება მიკროჩიპის მახასიათებლებს, რეკომენდირებულია იყოს 64 კბ-იანი RFID სტანდარტის ჩიპი. დღეს მოქმედ ბიომეტრულ პასპორტებში პირის პერსონალურ მონაცემებთან (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და სხვა) ერთად მისი ელექტრონული ფოტო ჩიპზეა დატანილი. თუმცა მიმდინარეობს მუშაობა იმაზეც, რომ ამ ტიპის პასპორტებში ჩაიდოს მოქალაქის ისეთი ინდივიდუალური მონაცემები, როგორიც არის: თითის ანაბეჭდები და თვალის ფერადი გარსის შესახებ არსებული ელექტრონული ინფორმაცია. შესაძლებელია დამატებით ჩაიწეროს ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც პიროვნებას მიენიჭება სახელმწიფოს მიერ და ადასტურებს მის ნამდვილობას.
რა არის ფოტო-საძიებო სისტემა? ფოტო-საძიებო სისტემა წარმოადგენს პიროვნების ფოტოსურათით იდენტიფიცირების საშუალებას. სურათი შეიძლება იყოს როგორც ელექტრონული (ციფრული ფოტო), ასევე დასკანერებული სახით. იდენტიფიცირების სიზუსტე დამოკიდებულია ფოტოსურათის ხარისხზე. კარგი ხარისხის ფოტოსურათის შემთხვევაში სიზუსტე შეადგენს დაახლოებით 95%-ს, ხოლო ცუდი ხარისხის შემთხვევაში _ 70%-ს.
როდის შევძლებთ ბიომეტრული პასპორტების გაცემის დაწყებას?2008 წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება საქართველოში ბიომეტრული პასპორტის ბეჭდვის დაწყება.
წყარო -
სამოქალაქო რეესტრი