elene911
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 37
წევრი No.: 107709
რეგისტრ.: 27-December 09
|
#19847390 · 28 May 2010, 07:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბედნიერებამ მითხრა: ნუ მეძებ! შენი შვილების თვალებში მნახე. ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე. შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან, სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს, სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო. მნახე კახეთის უდრეკ დგომაში, მთვარისფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში, თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაში და ჭირნახულის ჟივილ-ხივილში, დაზამთრებული გურიის მთებში, ხელიხელ ნაკრეფ ჩხავერის ტკბილში, საგაზაფხულედ მზა ნადურებში და კრიმანჭულის ჭირზე სიცილში.
ბედნიერებამ მითხრა: რად მეძებ! მე ხომ მეგრული ნანები მქვია, ლაზური ქვისფერის დაბლობებზე გაზრდილ ქალ-ვაჟებს რომ ზნედ ატყვია. მე ამ ჰერეთის, ან იმერეთის სიზმრების ცა ვარ დაუსაბამო. სტუმრის გულიან მოსაფერეთის, უარყოფა ვარ სოფლის საამო. ის ქალაქი ვარ, ქარის მცნობელი, გულით ბაგრატის გუმბათისხელა, ზემო იმერეთს დინჯად მომსვლელი, ზრდილობიანი ვარ საპოვნელა. მე მთების ზღვა ვარ თეთრად გაშლილი, სვანური ზარის ცრემლში ნაჟური. უშბის კალთა ვარ, მეწყრად დაშლილი და აქაფებულ ენგურს ნაწური. დარიალს მჯდომი ქირიკაშვილის შეცოდებული ჯიხვი ვარ ნორჩი, გერგეტის მზე ვარ, მყინვრად აშლილი და განძის გადამმალავი ომში. ჭიუხში ხევსურთან შემთხვეული, ფშავში მისული ნისლის უბე ვარ. დინჯი თუშის და ფიცხი მთიულის თვალში დამდგარი ფიქრის გუბე ვარ. ქართული სულის მგელვარე რაშის შმაგი, ამაყი და მორცხვი მთა ვარ, ჭოროხის თავშიც და გურჯის კარშიც ჩაუქრობელი ქრისტეს ნატვრა ვარ. კუპრად და ჭირად მოზღვავებულით ვერმოწამლული ხულოელი ვარ, განდაგან თრევას არგუებული შენი ერთგული აჭარელი ვარ.
ბედნიერებამ მითხრა: თუ მეძებ, ალესანდროულს ნუ მოსწევ გვიან... რაც კი რაჭველმა სწრაფად ვაკეთე, იმას ნამდვილი ხვანჭკარა ჰქვიან. ჭელიშის ოთხთავთან შეწირული, სანთელ-ბერების არგანაგონი, სჯულის მსხვერპლი ვარ თავგანწირული, სიდარბაისლე ვარ ბარაკონის. ტაოს ცრემლი ვარ, ბანად შთენილი, სახლის დაცვა ვარ ლომგულ ფხოველის... კლარჯეთის ხმა ვარ, ვერმოწვდენილი გალავნებამდე სვეტიცხოველის... მამა გრიგოლის შეწყნარებული არაუდები ხანძთის შვილი ვარ. ფარავანი ვარ, ნინოს ხლებული, იოთამ ზედგენიძის ძილი ვარ. თუ არ დაგღალე, აფხაზეთი ვარ... სურნელი სოჭის მთუთქავს, მაციებს. მე ყოველ ღამე კვლავ იქ შევდივარ, სანამ უფალი არ მაპატიებს ქართულის ზერელედ მივიწყებას, სტუმარ-ქალების მალულად დევნას, სიმდიდრისათვის გაფაციცებას, მიწას მოწყვეტას, საფლიდო ლხენას. სანამ უძღები შვილი მამასთან თავჩაქინდრული ცრემლით არ მივალ, სამოსელს პირველს მამა ჩამაცვამს და სიხარულით გული წამივა. სანამ ილორში წმინდა გიორგის არ მივენდობი მწირველ მღვდელივით და არ ვიტირებ, რაც არ ვიცოდი, ზურმუხტ ბიჭვინთის ღვთისმშობელივით. მაშინ დასცხრება აბელის ცრემლად სამაჩაბლოში დაბა ბრწყინვალე, აღარ ვიქნები კერპების მძევლად, აღარ შემარცხვენს ჩემი სიმხდალე.
ბედნიერებამ მითხრა: სად მეძებ! მზე დასავლეთში როდის ასულა! რეებს აგროვებ, დარდობ საგნებზე და ვეღარ იცლი, იდგე კაცურად! სადმე სულ ახლოს, აქ, ვარძიასთან, სარგის თმოგველის ნაკამარალზე, მტრის გაოგნებულ ელეგიასთან, მის მოღალატე ცოლის დანკალზე, ქორებრ ხედვიდე მღელვარე ზეგანს ლურჯ-ბალახიან ჯავახეთისა, მესხთა სამკვიდროს, აბულის წყებას, კუმურდოს ლოდის ძღვენთა კვეთისა. ნაათაბაგარ, ნამოღალატარ, ოდესღაც ტყიან განვლიდე გორებს, დაუდევარი ფიქრის კვალდაკვალ მიადგებოდე მოპარულ ლორეს... ბედნიერებამ მითხრა: რა ვიცი, კახში ინგილოს რა ეშველება, თუ გეშორება უკვე დმანისი და მარნეული არ გეშენება... ისე მოკვდები, გარეთ არ გახვალ, რისთვისღა ცხოვრობ? საერთოდ ვინ ხარ? შენ, ძმაო, ქართველს სულ აღარ ჰგავხარ, რას ადღეგრძელებ! რაებს იხსენებ! ვის რად არგია, სად რა მოგსვლია?! დასთვრები, ისტორიას იჩემებ... ხალიბებს, ჭანებს, კაბადოკიას... არაფერს არ ქმნი, რითღა შოულობ მაგ საგროვებელს და არა - სარჩოს? მოფხანვის მაგვარ შვებას პოულობ, როცა იყიდი და აღარც გახსოვს, რისთვის იყიდე, რის გეშინოდა, როცა მოხვეჭის გზაზე დგებოდი, რით მიგაძინეს და რა გინდოდა, როცა ნამუსთან დაბრუნდებოდი.
ბედნიერებამ მითხრა: არ მეძებ! თორემ სამშობლოს ცვარიან ბგერას იავარქმნილი გულისნადებზე იმყოფინებდი მალამოდ ძგერას... მელექსეობის ამპარტავნებას მდუმარე ჭვრეტის ლხინში გასცვლიდი, დამანებებდი დევნას თავნებას და შენთან მოსვლას თვითონ მაცლიდი ნაღდი თბილისის საღამოებად, არდანაბიჯებ ხატების გრილში, ვიწრო ქუჩების ჭა-ეზოებად, ნატანჯი ხალხის დაღლილ ღიმილში. დაბრუნდებოდი მშობლების სახლში, რაც ღმერთმა მოგცა, იმით ძლიერი, დათმენის სიბრძნეს ჩაჰხედდი თვალში, მოიქცეოდი, როგორც ივერი. ჩაგიხუტებდი, რაც წლები დაგრჩა, ჩემს სამკვიდროში კვლავ იქნებოდი და შენნაირი გარეთ ვინ დაგრჩა, აწი იმაზე დაფიქრდებოდი. წარდგომის ჟამი დამშვიდებულზე უეცარ ხმობად დაგიდგებოდა, ნააღსარებზე აწი შენს გულზე ძებნა და შფოთი არ იქნებოდა.
ამიტომ ნურსად, გესმის, ნუ მეძებ! ყველა ასახდენ ზღაპარში მნახე! ...და სიხარულის უხლებ ველებზე იმედის სიოდ გამომიძახე!.. * * * შეხვედრა კონსტანტინეპოლთან ლევან ვასაძე
”მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხდეთ და ვტიროდეთ, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი” ფს. 136, მუხ. 1
ქართულ სიმღერას მონატრებული, გულამღვრეული, მიმოფანტული, მე შენთან ვსტუმრობ, მეფის ქალაქო, რომ გიზიარო დარდი ქართული.
მაგრამ გიხილავ, და ჩემი სევდა არარაობად მომეჩვენება, გავხედავ ბოსფორს და მზესთან ერთად ზღვაში იმედი ჩაესვენება.
რით გაგაკვირვო? უსამართლობით, სილამაზით თუ ხალხის დაცემით, სასჯელად მოსულ ბარბაროსებით, თუ სიწმინდეთა მიმოტაცებით?
როგორ გიტირო? ექვს საუკუნეს ვერ წაუშლია ხილვები შენზე, მაგ მზე-ტაძრებზე, მაგ სპეტაკ ხალხზე და არნახული სიმწარის ბედზე.
ადი-დავდივარ მწვანე ბორცვებზე, ვეძებ სოფიის ცარიელ ტაძარს, ის ყველგან მოსჩანს და მისი დარდი არც ერთი ტაძრის ქვითინს არა ჰგავს.
ის ტირის თავის მაშენებელის სიტყვის გატეხვას და უზნეობას ჯერ მის უხილავ ცოდვით დაცემას და მერე ხილულ მის უმწეობას.
ამბობენ, თურმე იმ ბოლო ღამეს, ცას უტირია ბერძნებთან ერთად, ღვთისმშობლის ხატი ძირს დავარდნიათ და ვერ დაუძრავთ, რომ კვლავ დაედგათ.
წინათგრძნობისგან გულგადაგლეჯილ ქრისტეს მეომრებს გალავნებიდან, მოზღვავებული ოსმალოს მიღმა ხილვა უნახავთ ლურჯ ველებიდან:
უცნაურ ციაგს აუტანია იმ ბოლო ღამეს შორი ველები, ვერ გაუგიათ, რა ანათებდა, უნდოდათ ეცნოთ ევროპელები.
მაგრამ მანამდე სამასი წელი გენუელები, ხარბი ფრანკები შენს საგანძურებს ეზიდებოდნენ დაუღალავად, თავის ტანკებით.
და მაგ ღამისთვის შენი იმედი მიწაზეც ფუჭი იყო და ცაშიც, მერეც უკითხავთ მემატიანეთ თუ რა ნათება იხილეს მაშინ.
იქნებ, მე ვხვდები: შენს ალყის მიღმა იდგნენ ჯარები ანგელოზების, შენი შვილების და წმინდანების და არა მაშველ ბარბაროსების.
ციაგი მათი ცრემლები იყო, შენი სულები შენვე გტიროდნენ, და შენს მეომრებს ეგებებოდნენ და ვარსკვლავები ციდან ცვიოდნენ.
როცა დაირღვა პირველი დაცვა, როცა წაგლეკეს იანიჩარებმა, როცა ქუჩები წარღვნამ გადაწვა და ბზარი უყო ტაძრის კარებმა,
ნეტა, როგორი საშინელება იყო წირვაზე დამსწრეთა გულში, და დემონების შემოვარდნაში, გაგლეჯვაში და სისხლის ალმურში.
აღსავლის კართან, კანკელის მიღმა, საკურთხეველში მდგომი მამები მოახლოვებულ საშინელებას უმზერდნენ, ვინ იცის, რა თვალებით.
მერე ოთხ მათგანს, ბარძიმ - ფეშხუმნი მტკიცე ხელებით აუტაცნიათ და პანტოკრატორს შეჰვედრებიან, რათა კედელი მათთვის ასწიოს.
არავინ იცის, რა მოხდა მერე, მამები დახშულ საკურთხეველში გაუჩინარდნენ, როგორც სიზმარი, სოფიის აღმოსავლეთ კედელში.
ახლა იქ ხშირად მდგომი ბრბოები გიდებს უნდობლად ენაბებიან, როცა ისმენენ, რომ ის მამები საკურთხეველში დაბრუნდებიან.
სამი დღე ჰქონდათ სელჩუკებს ვადა არ დანებების სასჯელის წესით, როგორ დაიტევს გული ამ ხილვას აღსავსეს უთქმელითა და კვნესით.
სამი დღის თავზე ხოცვით გამძღარი, მეჰმეტი ტაძარში შემოსულა, ონიქსის მჩიჩქნელ თურქს გასწყრომია, ”აქ - მეჩეთიო”, და კვლავ გასულა.
ქალაქი ისე გადაუბუგავთ, რომ ვერ ივარგა სულთანის ტახტად, მისი ზღაპრები და ნამსხვრევები მეზობელ ვაჭრებს სათრევად დარჩათ.
და თხელ ჰაერში დასალანდავი შორი ხილვები კაცის მცდელობის დედამიწაზე სამოთხის შექმნის და ფუფუნების უცოდველობის,
მინათებს ღამეს, აწუხებს გრძნობას, მადინებს ცრემლებს, მილულავს თვალებს, ხიბლში ჩახრჩობის საფრთხეს მიჩვენებს და სამშობლოზე ფიქრში მაწვალებს.
ღვთისმშობლის სახლში მტანჯველად მოსულს მაღალი ღმრთისგან სასჯელი ელის, ჩვენ კი სიმდიდრეს დავეძებთ ისევ და იმედი გვაქვს კვლავ ევროპელის.
სულ ყველაფერი ყირაზე დადგა შედეგად ჩვენი უნიათობის, გამთლიანების იმედს გვაძლევენ სანაცვლოდ ერის უნიატობის.
შენ ეს ხომ ნახე, მეფის ქალაქო, ჯვაროსნებისგან დასუსტებული, მათგან ელოდი შენ დახმარებას პაპთან ვაჭრობას შეგუებული.
და შენც აღარ ხარ, სამყაროც სხვაა, უმრავლესობა სულ მართალია, ვინც ქებით იხვეჭს - ის მაგარია, ვინც სულზე ფიქრობს - ის საწყალია.
ჩვენც ამ ფერხულში გვაბამენ ახლა, ამაშიც ისევ ბევრსაც ვაჯობებთ, ახლა, რომ სხვაგან გავარდნა გვინდა, ჩვენთან გადმოსვლას ბევრს მოვანდომებთ.
და ამ ერების გადაზელვაში, დაგვემუქრება ახალი მტერი: მენივთეობა, მიმღწეველობა, და წარმატების ყალბი იერი.
ვინღა გვიშველის გალაღებულებს, ვინღა აგვიხსნის სანუკვარ მიზანს, სიღარიბესთან ბრძოლის სანაცვლოდ გასაკეთებელ საქმეს ვინ იზამს?
ვინ გადაგვარჩენს ღვთისმშობლის გარდა, ვინ გაგვახსენებს ჩვენს მატიანეს, და ნუთუ ტაოს, ან ამ ქალაქის ამბავი ისევ დაიგვიანებს?
და უხილავის დანახვის ნაცვლად ნუთუ ხილულის თვლაში ვიქნებით, და რატომ ხდება ჩვენს თავს ომები არ მოვუსმენთ და არ დავფიქრდებით?
ამდენ შიშებში, მეფის ქალაქო, მაინც არ მტოვებს იმედის განცდა, და გულს მიმაგრებს შენი აჩრდილიც, ოშკიც, ხახულიც, იშხანიც, ხანძთაც.
და ვხედავ, ფუჭად არა ჩაივლის ბარათაშვილის სულისკვეთება, გალაქტიონის ლურჯა ცხენებად მისი მერანი მტერს ეკვეთება.
და ჩვენი ერის ძარღვში ჩასხმული რუსთველის ალმას-ზურმუხტ-ლალები, ილია მართლის ლოცვა-ლექსები და ვაჟას უდრტვინველი თვალები
გაგვინათებენ წინადაგებულს, უპატიებელს გვაპატიებენ, ულმობელს ჩვენს თავს არ შეარჩენენ და ბოლო დღემდე მიგვაცილებენ.
იქ სადაც მშვიდად გველოდებიან მათ, ვისაც გული გვიწევს საბრძოლოდ, და ზეციური და მიწიერი გამთლიანდება ჩვენი სამშობლო.
ამ ხილვას ვხედავ მე შენს კალთებზე, ბოსფორის პირას ნაცემი, მწირი, ვით ბაბილონის მდინარეებზე მე საქართველოს იმედით ვტირი.
|