დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, მართლა ძალიან ცუდი დრო იყო, მაგრამ რაღაცეები მაინც კარგად მახსენდება ხოლმე. თუნდაც ის, რომ მეტი ერთობა იყო ხალხში, მიუხედავად იმისა, რომ ყველას უჭირდა. ეტყობა გაჭირვება უფრო აახლოვებს ადამიანებს ერთმანეთთან, ვიდრე კარგი ცხოვრება. ან შეიძლება ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მაშინ ბავშვი ვიყავი, უდარდელი, სხვანაირად ვუყურებდი მომავალს, მიუხედავად იმისა, რომ სათამაშოებს მონატრებული ვიყავი. ზაფხულში მაგალითად, როცა არდადეგები გვქონდა, დილით რომ გავიდოდი სახლიდან, გვიან ღამემდე არ ვბრუნდებოდი. ხან ფეხბურთს ვთამაშობდით ბიჭები, ხან ვიღაცის ბაღში გადავიპარებოდით მკვახე ხილის მოსაპარად, ხან ზღვაზე ავიდოდით, ხან სონის კომპიუტერის სათამაშოდ წავიდოდით (ამისთვის ხშირად ბოთლებიც ჩაგვიბარებია ხოლმე და სპილენძზე და ალუმინზე გვიჩალიჩია

), ხან კალას ვადნობდით, ხან ბოლტებისგან ასაფეთქებელს ვაკეთებდით. ნაკლეინკების თამაშისგან ხომ სულ დასიებული მქონდა ხელები.

ეჰ რა ვიცი, ფაქტია, რომ უფრო მეტ დროს ვატარებდით ერთად. თქვენ წარმოიდგინეთ, ახალ-ახალ თამაშებსაც კი ვიგონებდით ხოლმე. მაგალითად ჩვეულებრივი დაჭერობანა მობეზრებული გვქონდა და ვთამაშობდით "ბესეტკაზე" (რკინებისგან შეკრული სეფა იყო ეზოში და იმ რკინებზე დავრბოდით ზემოდან). ეხლა რომ მახსენდება, მაჟრიალებს. იქიდან რომ გადმოვვარდნილიყავით, ალბათ დავსახიჩრდებოდით. მაგრამ მაშინ სხვანაირად ვუყურებდით ყველაფერს. არ არსებობს ცუდი კარგის გარეშე და კარგი ცუდის გარეშე, მაგრამ დღევანდელ ახალგაზრდობას მაინც არ ვუსურვებდი იმ პერიოდის გამოვლას. ჩვენი შვილები ნათელ ქვეყანაში უნდა გაიზარდონ.