Fabian
წოლხვრელის აჩრდილი

       
ჯგუფი: Moderators
წერილები: 20868
წევრი No.: 115438
რეგისტრ.: 11-May 10
|
#22710149 · 27 Nov 2010, 17:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართულ-ქურთული ურთიერთობების ისტორია
ქურთების წარმომავლობის შესახებ მრავალი მეცნიერული ვერსია არსებობს. მეცნიერებაში დამკვიდრებული შეხედულებით ქურთი ხალხის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს ზაგროსის უძველესმა აბორიგენებმა და ირანული მოდგმის ტომებმა. მათი წარმომავლობის უძველესი ფესვები ნათესაურ კავშირშია მიდიელებთან. ცნობილი ქურთოლოგი მინორსკი მიიჩნევდა, რომ ქურთები მიდიელთა შთამომავლები არიან. ნიკო მარის საინტერესო მოსაზრებით, ქართველები და ქურთები ძველი ხალხის, კარდუხების (ვანის ტბის სამხრეთით სახლობდნენ) შთამომავლები არიან. მარის შეფასებით, ქურთთა წინაპრების, ანუ კარდუხების ენა კავკასიური ენების მონათესავე იყო და ქურთების ირანიზაცია რეგიონში ირანული ტომების გაძლიერების შედეგად მოხდა.
სამხრეთ კავკასიის მოსაზღვრე რაიონებში ქურთების პირველ გამოჩენას ისტორიული წყაროები უძველესი პერიოდიდან აღწერს. ცნობილია, რომ სპარსეთში ჯერ კიდევ სასანიდების დინასტიის მმართველობის დროს ქურთები სამხრეთ კავკასიის მოსაზღვრე რაიონებში დასახლდნენ. არაბთა დაპყრობითი ომების დროს კი ქურთები გამოჩდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზეც, სადაც X საუკუნეში შედადიდებისა და რავადიდების დამოუკიდებელი ქურთული დინასტიები დამკვიდრდნენ.
ქურთები, როგორც მებრძოლები, პირველად არაბთა ლაშქრობების დროს გამოჩნდენ. X საუკუნიდან კი შედადიდთა ქურთული დინასტიის გაძლიერების პერიოდში მათი საქართველოსთან ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდა. XII საუკუნეში ქურთები ისე გაძლიერდნენ, რომ კავკასიაში ბატონობისათვის ქართველ მეფეებს უწევდნენ მეტოქეობას. შედადიდთა სახელმწიფოს დაცემის შემდეგ მრავალი ქურთული ოჯახი საქართველოში გადმოსახლდა. ცნობილია, რომ ზოგიერთი ოჯახი შემდგომში ქართველი მეფის სამსახურში ჩადგა. მათ შორის იყო ქურთული წარმოშობის მხარგრძელების გვარი. სარგისის ოჯახს, კერძოდ, მის ორ ვაჟს - ივანე და ზაქარია მხარგრძელებს ქართველ მეფეთა კარზე სახელმწიფო თანამდებობები ეკავათ. ისინი მაღალი რანგის სამხედროები იყვნენ და XII-XIII საუკუნეებში სომხეთის მნიშვნელოვან ნაწილს მართავდნენ.
ქართველმა ისტორიკოსმა შოთა მესხიამ მხარგრძელთა წარმოშობის კვლევისას მრავალ ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ მხარგრძელები ქურთული წარმოშობის გვარია. ძველი სომეხი ისტორიკოსები - კირაკოს განძაკეცი, ვარდანი, ზაქარია სარკავაგი და სხვანი ერთმნიშვნელოვნად უსვამენ ხაზს მხარგრძელთა ქურთულ ფესვებს. ზაქარია სარკავაგი ასეთ ცნობებს გვაწვდის: „ბაბილონის ქვეყანაში იყო ვინმე კაცი ქრისტიანი, სახელად ზაქარია, რომელიც მარებმა (ქურთებმა) დასვეს თავიანთ მთავრად, ვერ მორიგდა მათთან და იქ ცხოვრება აღარ შეძლო; გამოძებნა ხელსაყრელი დრო, შეკრიბა მთელი სახლეული, მონები და მონამხევალნი და მთელი თავისი ქონებით, ბაბილონის ქვეყნიდან წამოსული, გადავიდა სპარსეთში. აქედან შეუმჩნევლად გადავიდა სომხეთის საზღვრებში დაგაემართა საქართველოსკენ“.
როგორც ჩანს, ქურთები ქართველებს უძველესი დროიდან იცნობდნენ. ქართველები (გურჯები) ქურთი ხალხის მდიდარ ფოლკლორშიაც კი მოიხსენიება.ქურთი პოეტი ფაყიე ტაირანი თავის პოემაში „შეიხი სანაანი“ ქართველ ქალწულზე შეყვარებული სუფიების შეიხის თავგადასავალს ყვება. ხალხში ეს პოემა „დოტა გურჯას“ (ქართველთა ქალწული) სახელწოდებით არის გავრცელებული. სიტყვა „გურჯი“ კი მთელ ქურთისტანში ლამაზის სინონიმია.
შუა საუკუნეებში ქართველები მოხსენიებული ჰყავს ცნობილ ქურთ პოეტს აჰმად ხანის (XVII ს.) თავის პოემაში „მამე და ზინი“:
„მათ ბრძოლით აიღეს განთქმული ქალაქი,
დაიპყრეს დიდი ქვეყანა.
მათი ყოველი ამირი
ხელგაშლილობით ჰათამს ჰგავს
და სიმამაცით რუსტამს ედრება.
გახედე! არაბებიდან ქართველებამდე
ქურთები კოშკებად დგანან.
რუმი და აჯამი ალყაში მოექცა,
ქურთები გარს შემოფენილან.“
ქართველებისა და ქურთების კავშირი დაფიქსირებულია ოსმალეთის სულთნის სულეიმან ბრწყინვალის (1520-1566 წ.წ.) დროს, როდესაც ქურთების პოზიციები სამხრეთ კავკასიის მოსაზღვრე რაიონებში მყარი იყო. სულთანი თავად უწყობდა ხელს მებრძოლი ქურთული ტომების დასახლებას სამხრეთ კავკასიისსაზღვრისპირა რაიონებში, რათა მოეგერიებინა ქართველებისა და ჩერქეზების შემოტევები. ამ მოვლენას ქურთული წარმოშობის იდრის ჰაქიმის სახელსაც უკავშირებენ, რომელიც სულთნის მრჩეველი იყო. შემდგომში სწორედ მას დაევალა ჩრდილოეთით, სამხრეთ კავკასიის სიახლოვეს, ქურთების დასახლების ორგანიზება.
ქურთმა ბეგებმა და აღებმა განსაკუთრებულ დიდებას მაშინ მიაღწიეს, როდესაც სულეიმან ბრწყინვალემ ისინი ირანსა და ბაღდადზე გასალაშქრებლად მიიწვია. სულთანმა მათ ტიტულები უბოძა, ნაწილს კი დამსახურებისამებრ გადასცა ოლქები - საქართველოდან ბაღდადამდე და ბასრიდან ეგვიპტემდე, ციხესიმაგრეები, ქალაქები, რაიონები და სოფლები.
ქურთი ისტორიკოსი მალა მაჰმუდ ბაიაზიდი ნაშრომში „წიგნი ქურთისტანის ახალი ისტორიისათვის“ გადმოგვცემს, რომ სულთან სულეიმანს დედა ეკითხება კავკასიის საზღვრებთან სამხედრო საქმეების მდგომარეობის შესახებ: „თურქეთ-სპარსეთის საზღვრის გასწვრივ, იქ სადაც აუცილებელი იყო სპარსელებისა და ქართველების თავდასხმებისაგან ოსმალთა ტერიტორიებისა და საზღვრების დაცვა, ქურთული ტომების დასახლებისთანავე ააგეს გამაგრებები და ციხესიმაგრეები. როდესაც სულეიმან ბრწყინვალე სტამბოლში დაბრუნდა, დედამ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შვილო ჩემო, შენ დაბრუნდი, მაგრამ ქართველები და ყიზილბაშები არ დაესხმიან თავს შენს ოლქებს და არ მიაყენებენ მას ზიანს?.“ სულთანმა უპასუხა: „დედა ჩემო, მე ავაგე მტკიცე კედელი ოსმალთა იმპერიასა და ქართველთა და ირანელების სახელმწიფოებს შორის, მტერი ვერ შეძლებს რაიმე ზიანის მიყენებას.“ „როგორ შეძელი, ჰკითხა მან, ამგვარ დიდ სივრცეზე კედლის აშენება?“ სულთანმა უპასუხა: „დედა, მე ავაშენე ისხორცისა და სისხლისაგან, მე დავავალე ამ რაიონების მმართველობა ქურთულ ტომებს, მე ისინი მწკრივში ჩავაყენე, როგორც საველე გამაგრება საქართველოდან ბაღდადამდე, ბასრიდან შაჰრიზურამდე. მტერი ვერ შეძლებს მათი გვერდის ავლით ისლამის სახელმწიფოში შემოჭრას.“
ქართულ-ქურთული ურთიერთობების შესახებ მრავალი ფაქტი მოიპოვება სპარსულ და ქურთულ ისტორიულ წყაროებშიც. ცნობილია, რომ ირანის ქურთისტანის არდალანის საამიროს რამდენიმე გამგებელი ქართველი იყო: თემურ ხან აჯარლუ(1682 – 1688 წ.წ.), მუჰამად ხან გურჯი (1701/2 – 1704/5 წ.წ.), მუჰამად რეზა ბეგ გურჯი (1746 – 1747 წ.წ.), ხოსროვ ხან გურჯი (1847 წ.). არდალანის საამირო აღმოსავლეთ ქურთისტანის (ირანის ქურთისტანი) პოლიტიკური და კულტურული ცენტრი იყო. აქ მრავალი სამეცნიერო ცენტრი არსებობდა, რომლის განვითარებასაც ქურთი ამირები უწყობდნენ ხელს. არდალანის ამირები საკუთარ მონეტებსაც კი ჭრიდნენ. არდალანის ქართველი გამგებლები მუსლიმანები იყვნენ და სპარსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ერეოდნენ.
ქურთებისა და ქართველების ურთიერთობის შესახებ ისტორიული ცნობები ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II დროსაც მოგვეპოვება, როდესაც მეფე, რუსების მხარდაჭერის იმედით, 1770 წელს, ანტიოსმალური კოალიციის შექმნას შეეცადა. დღემდე შემონახული დოკუმენტების მიხედვით, ერეკლე II-სთანდაკავშირებას ასურელები და ეზიდები ცდილობდნენ. ერთ-ერთ წერილში ასურელთა ეპისკოპოსი ისაია ერეკლე II სწერდა, რომ იგი ქურთისტანში იმყოფებოდა, სადაც ეზიდებს შეხვდა, რომლებიც, თავის მხრივ, ასევე ითხოვენ მფარველობას ერეკლესაგან.
1770 წლის მარტში საქართველოში მოვიდა შეტყობინება, რომ ერეკლე II თხოვნა დაკმაყოფილდა და რუსეთის ჯარის დამხმარე ძალები გზაში არიან. ერეკლე II ბრძოლის დაწყება გადაწყვიტა და გენერალ ტოტლებენს ახალციხის მიმართულებით ერთობლივი ოპერაცია შესთავაზა. თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში ერეკლე II ასურელებისა და ეზიდების დახმარების იმედიც ჰქონდა, რადგან ეზიდების მთავარი ჩობან აღა და ასურელთა კათალიკოსი სიმონი თურქების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე ერეკლე II წერილებს სწერდნენ. რუს გრაფ ნ. პანინისადმი მიწერილ წერილში ერეკლე II წერს: „ეს ჩობან ოღლი, რომელიც არის გვარათ იეზიდი, ეს არც არის ქრისტიანი და არც მაჰმადიანი. მიმდეგი უფრო ქრისტიანეთა და წინააღმდეგი არის მაჰმადიანთი. ამასაც სურს ჩვენი შემოერთება, რომელნიც ესენი დიდათ შეჭირვებული არიან მაჰმადიანთაგან.“ თავისი გეგმის განხორციელება ერეკლე II ტოტლებენის ღალატის გამო ვერ შეძლო, რის გამოც ანტიოსმალური კოალიცია არ შედგა.
ამ პერიოდში სულთნისა და ზოგიერთი ქურთული ტომის ერთიანობა დიდ სამხედრო ძალას წარმოადგენდა, ამიტომაც ირანი და რუსეთი ქურთული ტომების მომხრობას ცდილობდნენ. ამგვარი ვითარება XIX საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა, ერევანის სახანოსა და საქართველოს რუსეთთან შეერთებისშემდეგ კი ვითარება შეიცვალა. ამავე პერიოდში აგრეთვე შეიცვალა ბრწყინვალე პორტას დამოკიდებულება ქურთი ბეგებისა და აღების მიმართ. სულთანი უკვე ქურთების ძალაუფლების შეზღუდვასა და დამოუკიდებელი ქურთული სამფლობელოების გავლენის შეკვეცას იწყებს. მრავალი ქურთი დიდებული საუკუნეების განმავლობაში იძულებული იყო ლავირება მოეხდინათ სპარსეთისა და ოსმალთა იმპერიას შორის, XIX საუკუნიდან კი ირანელებსა და თურქებს რუსებიც დაემატა. ქურთ დიდებულებს შორის ზოგიერთი პრორუსულ ორიენტაციას ირჩევდა, რადგან ისინი რუსეთში იმ განმანთავისუფლებელს ხედავდნენ, რომელიც მათ დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შექმნაში დაეხმარებოდა.
ქურთები XIX საუკუნეში, რუსულ-თურქული ომების დროს, ორივე მეომარი მხარის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდნენ. რუსი და თურქი სამხედროები ქურთების ომში მონაწილეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. რუსები კავკასიის მცხოვრებლებისგან პოლკებს აყალიბებდნენ, რომლებიც რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ. მათ რიგებში ქურთებიც ირიცხებოდნენ. რუსების მხარეს 1829 წელს მებრძოლ ქურთებს შორის ჰასნის ტომის ეზიდი მხედრებიც იყვნენ, რომლებსაც ჰასან აღა ხელმძღვანელობდა. ქურთულ ტომებს შორის ეზიდები ყველაზე მეტად ილტვოდნენ რუსეთისაკენ, რაც მათ მიმართ მუსლიმანების ნეგატიური დამოკიდებულებით იყო განპირობებული. თუ ქურთები მხოლოდ თურქების წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, ეზიდები განიცდიდნენ ორმაგ წნეხს, თურქებისა და მუსლიმანი ქურთების მხრიდან.
სამხრეთ კავკასიაში ცალკეული ქურთული ტომების გადმოსახლება XIX საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთ-თურქეთის ომების (1804-1813 წ.წ. და 1826-1828 წ.წ.) დროს აქტიურდება. 1813 წლის გიულისტანის შეთანხმების შედეგად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა სპარსეთის იმპერიის ყოფილი ტერიტორიები. ამ ტერიტორიისადმი სწრაფვა ქურთმა ლტოლვილებმაც დაიწყეს. 1828 წლის თურქმანჩიის შეთანხმების შედეგად რუსეთის შემადგენლობაში სხვა ქურთული ტომებიც მოექცნენ.
ამ პერიოდში რუსები არცთუ ისე ძლიერად უტევდნენ თურქებს, რის გამოც ქურთთა ლიდერებს ბრძოლაში ღიად ჩაბმა უძნელდებოდათ. 1828 წლის ივნისის შუა რიცხვებში, როდესაც რუსებმა თურქების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ბაჰლულ ფაშამ ვერ გაბედა ბრძოლაში ჩაბმა. მან გაიგო რა რუსები მცირერიცხოვანნი იყვნენ, სულთნისადმი ერთგულების შენარჩუნება გადაწყვიტა და თავად ჭავჭავაძეს განუცხადა თავისი მკვეთრი გადაწყვეტილების შესახებ ბაიაზიდის ბოლომდე დაცვის შესახებ. მუსლიმანი ქურთებისაგან განსხვავებით, ეზიდები თავიდანვე რუსების მხარეს გადავიდნენ.
თავადი ჭავჭავაძე 1828 წლის 15 სექტემბერს გრაფ პასკევიჩს (ანგარიში ¹1030) სწერს: „ჰასან-აღას ქურთები ყველა ღონით ცდილობენ საკუთარი ერთგულების დაცვას: ისინი ყველგან პირველნი ვარდებიან ცეცხლში.“
ამავე პერიოდში სამხრეთ ქურთისტანში ქურთების, მათ შორის ეზიდების მდგომარეობა უარესდება. 1832 წელს ქურთმა მმართველმა რავანდუზის ამირამ მუჰამად ფაშამ თავი დამოუკიდებელ მმართველად გამოაცხადა და მეზობელი ქურთული სამთავროების დაკავება დაიწყო, მან ეზიდური სოფლებიც გაანადგურა. ამის გამო ეზიდთა ნაწილმა ჩრდილოეთით მდებარე რაიონებს შეაფარა თავი.
ქურთების მასობრივი გადმოსახლება უკვე ყირიმის ომისა (1853-1856 წ.წ.) და რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878 წ.წ.) შემდეგ იწყება. სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გაძლიერების შედეგად, ქურთი მმართველები, მათ შორის ეზიდები, რუსების მხარეს გადადიან და მათთან თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. წინაპრების მონათხრობით და წყაროებით ცნობილია, რომ ბაიზიდის შემოგარენში მცხოვრები ეზიდები (XIX საუკუნის 70-იანი წლები) ნელ-ნელა ყარსისაკენ მიემართებიან. ჩვენამდე მოღწეული გადმოცემით, ამავე პერიოდში თბილისში დონდუკოვ-კორსაკოვთან მოლაპარაკებაზე ჩამოვიდნენ ეზიდური ტომის - სიპკის წარმომადგენლები - ალი, ამარიკე პოლატის შვილი, ნჰოე მჰო და ბადოე მამო.
XX საუკუნის დასაწყისში კი თბილისში რუსეთის მეფისნაცვალთან სხვადასხვა პერიოდში ჩამოვიდნენ ქურთი დიდებულები - აბდურაზაყ ბადრხანი და იუსუფ ქამილ ბეი ბადრხანი, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. იუსუფ ქამილ ბეი ბადრხანი შემდგომში საქართველოში დარჩა და საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწეოდა, გარდაიცვალა 1934 წელს.
1878 წელს რუსეთის შემადგენლობაში ქურთების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა ყარსელი და არდაღანელი ქურთების ხარჯზე. რუსეთი ეზიდებისათვის მხსნელად იქცა, რომელსაც ისინი ეროვნული და რელიგიური შევიწროებისაგან უნდა ეხსნა. ეზიდები ყარსის ოლქში 1918 წლამდე იყვნენ.
პ. ი. ავერიანოვი ეზიდების შესახებ თავის წიგნში წერს: „პოლკოვნიკ ლიხუტინის გადმოცემით, რომელიც საკმაოდ იყო დაინტერესებული ქურთებითა და მათ შესახებ დაწვრილებით ცნობებს აგროვებდა, ეზიდები ყველაზე პატიოსანი და მშვიდობისმოყვარენი არიან მთელ ქურთებში და რუსების მიმართყველაზე მეტ თავდადებასა და ერთგულებას იჩენენ. მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თურქი სამხედროების შესახებ შეგეძლო უფრო დაყრდნობოდი, ვიდრე სხვა ქურთებისა და თვით სომხების ცნობებსაც კი. ისინი ამას ყოველგვარი მოსყიდვისა და ანაზღაურების გარეშე, მხოლოდ ნებაყოფლობითა და საკუთარი რწმენით აკეთებენ.“
XIX საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერიაში 300 ათასზე მეტი ქურთული ოჯახი ცხოვრობდა. ისინი ძირითადად დასახლებული იყვნენ ერევნის გუბერნიის სურმალის მაზრაში, ყარსის ოლქში, მთიან ყარაბაღსა და საქართველოში.
1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმების თანახმად, თურქეთმა ყველა ის ტერიტორია დაიბრუნა, რომელიც რუსეთმა ომამდე და ომის შემდეგ მიითვისა მცირე აზიის აღმოსავლეთში. ამის გამო ეზიდებმა ვანის ვილაიეთიდან, სურმალიდან და ბაიაზეთიდან თავი სომხეთსა და საქართველოს შეაფარეს.
1914-18 წლებში განხორციელებული გადასახლების ერთ-ერთი მიზეზი იყო ეზიდების მჭიდრო კავშირი რუსებთან, რომელთა უკან დახევის შედეგად ეზიდებს შეეშინდათ თურქებისა და ზოგიერთი ქურთი ბეგების შურისძიების, ამიტომ ჯანგირ აღას მეთაურობით მათ (ვანელი და ბაიაზიდელი ეზიდები) მიატოვეს მშობლიური მხარე და სომხეთისაკენ დაიძრნენ იმ იმედით, რომ ვითარების დამშვიდების შემდეგ უკან დაბრუნდებოდნენ. თუმცა, დროებითი სტუმრები საბჭოთა კავშირის შექმნის შედეგად, როდესაც საზღვრები ჩაიკეტა, სამუდამოდ დარჩნენ.
სომხეთში ეზიდების დასახლებას რუსების მიერ ერევნის სახანოს აღებამ შეუწყო ხელი. პირველად ისინი ალაგიაზისმთისპირას, აპარანში სახლდებიან, სადაც ადრე მუსლიმანი ქურთები და აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ და, რომლებიც აზერბაიჯანსა და თურქეთში გადასახლდნენ. სომხეთში ეზიდების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდებოდა და ასე გრძელდებოდა 1918 წლამდე.
ერთ-ერთ საარქივო მასალაში ვკითხულობთ: „სარაის შემოგარენში ათი ეზიდური სოფელია, სულ ხუთასი კომლი. ყველაზე მეტად ის არის საოცარი, რომ მათ შორის ბევრი რუსულად საუბრობს. ეზიდები ზამთარში საშოვარზე ტიფლისში დადიან. უფრო მდიდრებს სახლებში მეფის სურათებიც აქვთ. ხელმწიფე იმპერატორს ისინი ჩვენ ხელმწიფეს ეძახიან. ჩვენმა კონსულმა ამას წინათ რამდენიმე დღე გაატარა მათ შორის. აქაური ეზიდები რუსეთის ჭეშმარიტი მეგობრები არიან. ისინი ჩვენთვის შეიძლება სასარგებლონი გახდნენ. მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ისინი ქურთულად საუბრობენ და ქურთებთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებენ“.
უფრო მოგვიანებით ეზიდები დასახლებულ ადგილებს იცვლიდნენ და მკვიდრდებოდნენ იქ, სადაც შერეული სომხურ-ეზიდური მოსახლეობა იყო. სომხეთში მცხოვრებ ეზიდებში მიღებულია მათ ორ ნაწილად დაყოფა - აპარანის ეზიდები (ელა ახბარანე) და ელის ეზიდები (ეზდიე ელე), ანუ აშტარაკის, ტალინისა და არარატის ველზე მცხოვრები ეზიდები.
საქართველოში ეზიდები ძირითადად თბილისის ძველ უბნებში ტომობრივი კუთვნილების მიხედვით სახლდებოდნენ. ისინი იკავებდნენ ერთ ქუჩაზე მდებარე სარდაფებსა და ნახევრად სარდაფებს: სოლოლაკში, დიდუბეში, ვორონცოვზე, ჩერქეზოვზე, მიხაილოვზე, ზემელზე, ვერაზე, მეიდანზე და სხვ. ეზიდები ქალაქის ქუჩებსა და რაიონებს აქ დასახლებული ტომების სახელით მოიხსენიებდნენ. მაგალითად, „ქუჩა მასაკა, ქუჩა ჩოხრაშა, თახა მანდასორა“ (მასაკის ტომის ქუჩა, ჩოხრაშების ქუჩა, მანდასორის ტომის უბანი).
XIX საუკუნის ბოლოს მცხოვრები თბილისელი ეზიდების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდიან შვედური მისიონერული ორგანიზაციები, რომლებიც სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მოღვაწეობდნენ, კერძოდ, ქ. თბილისში, ყარსში, ერევანსა და აგრიში. ვინაიდან იმ დროს თბილისი კავკასიის ცენტრა დ ითვლებოდა, მათი ძირითადი ადგილსამყოფელიც ამ ქალაქში იყო. მათ ურთიერთობა ჰქონდათ ეზიდებთან, რომელთა გაქრისტიანებაც დაისახეს მიზნად.შვედი მისიონერები პირველად 1887 წელს იმყოფებოდნენ ირანის ქურთისტანში მუსლიმან ქურთებთან, მათ ეზიდების შესახებ აქ გაიგეს და სარჰადის რეგიონში დაიწყო მათთან კავშირის დამყარება.
XIX საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ ქურთისტანის რაიონებში საქმიანობდა შვედური მისიონერული ორი ორგანიზაცია - „ქალთა მისიონერული სამუშაო ჯგუფი“ და „შვედური მისიონერული გაერთიანება“. „ქალთა მისიონერულმა სამუშაო ჯგუფმა“ 1898 წლიდან მუშაობა სპეციალურად ეზიდების მიმართულებით დაიწყო, რომელსაც „ეზიდთა მისია“ უწოდეს. „ქალთა მისიონერული სამუშაო ჯგუფიდან“ ეზიდების ნდობით სარგებლობდნენ იდა ობერი, მარია ანჰოლმი, და „შვედური მისიონერული გაერთიანებიდან“ ოლგა მობერი და ელინ სუნდვალი. ქალების გარდა, მისიონერულ საქმიანობას ეწეოდნენ მამაკაცებიც: ვ. სარვე, ნ. ე. ჰოიერი, ლ. ე. ჰოგბერი და ე. ჯ. ლარსონი.
შვედური მისიონერული ორგანიზაციებიდან იდა ობერი იყო პირველი, რომელიც ეზიდებს ეხმარებოდა. XIX საუკუნის ბოლოს იგი თბილისში ცხოვრობდა და 15 წლის განმავლობაში ავადმყოფებს სპეციალურ ვარჯიშებს უტარებდა. შვედი მისიონერების გადმოცემით, „ეზიდები თბილისში ყველაზე ჩამორჩენილ ფენას (Pariaklass) წარმოადგენდა. სიღატაკის გამო კი ადგილობრივი მოსახლეობა მათ ბინძურს ეძახდა“. მისიონერთა გადმოცემით, ეზიდები XIX საუკუნის ბოლოს თბილისში, ავლაბარში სახლობდნენ და შავ სამუშაოს ასრულებდნენ, ძირითადად მტვირთავებად და მეეზოვებად მუშაობდნენ.
იდა ობერის გარდა ეზიდებს ვილჰელმ სარვეც ეხმარებოდა, რომელიც თბილისში 1896 წელს ჩამოვიდა. ობერმა და სარვემ ეზიდებისათვის „ჩაის ჯგუფები“ შექმნეს, რომელმაც ობერის სიკვდილამდე (1904წ.) იარსება. ობერის გარდაცვალების შემდეგ, სარვემ მისი ხსოვნის პატივსაცემად წერილიც კი გამოსცა, სადაც იგი ამბობს, რომ იდა ობერს ეზიდები ძალზედ უყვარდა და ყველაზე კეთილ და კარგ ხალხად თბილისში ეზიდებს მიიჩნევდა. სხვა წერილში სარვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იდა ობერი და მარია ანჰოლმი ეზიდებზე შეყვარებულნი იყვნენ.შვედი მისიონერი მარია ანჰოლმი (1851-1946წ.წ.), რომელიც „ეზიდთა მისიის“ დამაარსებლად ითვლება, პირველად 1893 წელს ჩავიდა თბილისში. აქ გაეცნო იგი ეზიდებს. 1901–1902 წლებში ანჰოლმი კვლავ თბილისშია. მისი დაინტერესება თბილისელი ეზიდების ცხოვრებით კვლავ დიდია და უკვე შვედეთში დაბრუნებულმა მისიონერმა ქალბატონმა მრავალი წერილი გამოაქვეყნა. 1895 წელს ანჰოლმა გამოსცა წიგნი, რომლის მოზრდილი თავი დაეთმო ეზიდებს. 1902 წელს, შვედეთში დაიბეჭდა ცალკე წიგნი, რომელიც 2001 წელს მეორედ გამოიცა სტოკჰოლმში. მარია ანჰოლმი 50 წლის განმავლობაში ცდილობდა ფართო საზოგადოებისათვის გაეცნო ეზიდების ისტორია, მათი ყოფა. იგი გარდაიცვალა 95 წლის ასაკში, 1946 წელს.
„შვედურმა მისიონერულმა გაერთიანებამ“ კავკასიაში მუშაობა 1882 წლიდან დაიწყო. ამ ორგანიზაციამ 1908 წელს ოლგა მობერი (1880 – 1965 წ.წ.) სპეციალურად მიავლინა თბილისში.
ოლგა მობერი დაახლოებით 7 წელი დარჩა თბილისში. მან ეზიდების მიმართ გამოჩენილი ყურადღების გამო (ეხმარებოდა ობოლ ბავშვებს, ხშირად მართავდა შეკრებებს, იწვევდა ჩაიზე) დიდი ნდობა დაიმსახურა. შეკრებაზე დამსწრეთა რიცხვმა ორმოცდაათს მიაღწია. პირველი მსოფლიო ომის დროს ოლგამობერი სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო მისი თარჯიმანი კასჩა იბრაჰიმ თემროსი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად.
თბილისში მისიონერებსა და ეზიდებს ბევრი მეგობარი ჰყავდათ, მათ შორის ასურელი იბრაჰიმ თემროსი და სომეხი მ. ა. ტერ-ასატურიანცი. ისინი გარკვეული პერიოდი შვედეთში ცხოვრობდნენ და ეზიდების შესახებ წერილებს აქვეყნებდნენ. კასჩა იბრაჰიმ თემროსი (28/11 1913 წ.) წერდა, რომ ეზიდურ სოფლებში ქადაგების დროს ქრისტეს ხსენებაზე ეზიდები ტაუსი მალაქს ახსენებდნენ.
რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ (1917 წ.) მისიონერებმა კავკასია დატოვეს, მხოლოდ ელინ სუნდვალი (1853-1921 წ.წ.) დარჩა ეზიდებთან სიცოცხლის ბოლომდე. იგი ერევანში გარდაიცვალა. სუნდვალის ოცნება იყო ბავშვთა სახლის გახსნა. ამ მიზნით იგი ერევანში რამდენჯერმე შეხვდა ეზიდთა მეთაურებს - ჯანგირ აღას და უსუვ ბეგს, მაგრამ მიზნის განხორციელებაში პირველმა მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი. ომით გამოწვეული ნგრევა, ეზიდთა დევნა და უბედურება შოკისმომგვრელი იყო სუნდვალისათვის.
შვედ მისიონერთა დიდი მცდელობა გაექრისტიანებინათ ეზიდები შეუძლებელი აღმოჩნდა. მათ გააქრისტიანეს მხოლოდ ერთი პიროვნება – ვინმე მირზა, რომელიც თბილისში ვანიდან იყო ჩამოსული, და წყალს ეზიდებოდა. გაქრისტიანების შემდეგ მას მირზა ისავარი ეწოდა, რაც თურქულად იესოს მოყვარულს ნიშნავს. როგორც მარია ანჰოლმი გადმოგვცემს, გაქრისტიანებიდან რამდენიმე ხანში მირზა გაუჩინარდა.ეზიდების რამდენიმე ოჯახი, თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა მხარეშიც დასახლდა. ბათუმში ცხოვრობდნენ და მათი მცირე ნაწილი დღესაც ცხოვრობს სიპკის, დაუდის, როჟკის ტომიდან, ასევე სიჯადინის შეიხების ერთი ოჯახი და ფირე ხანის, ფირე გარგარის ფირების ოჯახიდან. ბათუმელი ეზიდების ნაწილი 1944 წელს სტალინის ბრძანებით ყირგიზეთში გადაასახლეს. მოგვიანებით ისინი საქართველოში დააბრუნეს.
ეზიდები ასევე ცხოვრობდნენ და მათი ნაწილი დღესაც ცხოვრობს კახეთში. კერძოდ, თელავში, ყვარელის რაიონში, წნორში, სოფ. ხირსაში. აქ ძირითადად ცხოვრობენ სიპკის ტომის წარმომადგენლები, მანდკის ორი ოჯახი, რაშის ერთი ოჯახი. ასევე, ცხოვრობს ფირების რამდენიმე ოჯახი ფირე ხანის, ყადიბლბანის, ფირ ქამალისა და ფირე ბადის ოჯახებიდან.
თიანეთის რაიონის სოფ. ვეძათხევში ცხოვრობდა ფირ დრბესის გვარის ერთი ოჯახი. სოფ. ორხევში კი - დასნის ტომის ერთი ოჯახი და ფირ დრბესის ერთი ოჯახი.
ოზურგეთის რაიონში, სოფ. გურიანთასა და სოფ. ნასაკირალში დღესაც ცხოვრობს სიპკის, როჟკისა და მირანგის რამდენიმე ოჯახი.
სხვადასხვა გადმოცემის თანახმად, გარდაბანში მრავალი მუსლიმანი ქურთის ოჯახი ცხოვრობდა, სადაც ქურთული სოფლებიც კი არსებობდა. მაგალითად, სოფელი „ქურთლარი“. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გარდაბნის ქურთები ადგილობრივ აზერბაიჯანულ მოსახლეობას შეერწყა და მათისრული ასიმილაცია მოხდა.
საბჭოთა პერიოდში საქართველოში მცხოვრები ქურთების რაოდენობის შესახებ პირველი ცნობები 1926 წლიდან მოიპოვება, როდესაც ჩატარდა მოსახლეობის საერთო საკავშირო აღწერა. ამ მონაცემებით საქართველოში სულ 10 217 ქურთი ცხოვრობდა. მათ შორის თბილისში – 2 502 კაცი. ახალციხის მაზრაში – 3 094, მათ შორის სოფლებში: ასპინძაში - 437, აწყურში - 175, ვალეში - 76, ვარხანში - 47, ტოლოშში - 448, ურაველში – 1 656, შალოშეთში – 138. ბორჩალოს მაზრაში – 99, მათ შორის ლუქსემბურგში - 61, სადახლოში, ქვეშში და სხვ. – 38. ახალქალაქის მაზრაში – 930, მათ შორის სოფ. ოკამში - 251, ხერთვისში – 633. ბათუმის მაზრაში – 2 524, მათ შორის ბათუმში - 402, გონიოში - 572, კახაბერში – 1 340, ორთა ბათუმში – 210. ქობულეთის მაზრაში – 661, მათ შორის ქობულეთში - 144, ჩაქვში - 261. ასევე ხულოში - 40 და ქედაში - 11. 1926 წლის აღწერით ეზიდები და ქურთები ცალ-ცალკე აღწერეს. ეზიდების რაოდენობა 2 262 კაცს შეადგენდა, ქურთებისა კი, 7 955. შემდგომი წლების აღწერებში, 2002 წლამდე, ეზიდები და ქურთები ერთად აღწერეს.
საქართველოში დასახლების შემდეგ საბჭოთა პერიოდში ქურთული მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად მატულობდა: 1939 წელს 12.9 ათასი ქურთი ცხოვრობდა, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის 0.4%-ს შეადგენდა. 1959 წელს - 16.2 (0.4%), 1970 წელს – 20.7 (0.5%), 1979 წელს – 25.7 (0.5%). 1989 წელს საბჭოთა საქართველოში ჩატარებული ბოლოAაღწერის მიხედვით, ქვეყანაში 33.3 (0.6%) ქურთი ცხოვრობდა. 1959 წლის აღწერით ქ. თბილისში 12.9 ათასი ქურთი ცხოვრობდა, რაც ქალაქის მოსახლეობის 1.9%-ს შეადგენდა. 1970 წელს კი, თბილისში ქურთების რაოდენობა 18.4 ათასამდე გაიზარდა, რაც ქალაქის მოსახლეობის 2.1%-ს შეადგენდა. შემდგომ წლებში მათმა რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატა. 1979 წელს შეადგინა 23.4 (2.2%), 1989 წელს – 30.3 (2.4%).
1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის შედეგად ქურთების ემიგრაციის გამო, მათი რაოდენობა შემცირდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2002 წელს ჩატარებული მოსახლეობის პირველი აღწერის მონაცემების მიხედვით, ქურთები და ეზიდები კვლავ ცალ-ცალკეა აღწერილი: ეზიდების რაოდენობა შეადგენდა 18.3 (0.4%-ს), ქურთებისა 2.5 (0.0%-ს). ქურთები ძირითადად თბილისში (ქალაქის რამდენიმე უბანში: ისანი-სამგორი, გლდანი-ნაძალადევი, ლოტკინი, ისინი კომპაქტურად არიან დასახლებულნი), რუსთავსა და თელავში ცხოვრობენ. ისინი მცირე რაოდენობით არიან განსახლებულნი მცხეთის, გარდაბნის, ოზურგეთის რაიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
ქურთი მოსახლეობის ნაწილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წავიდა ემიგრაციაში, ძირითადად რუსეთისა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქებსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ძლიერი ქურთული დიასპორებია. ფაქტობრივად ეს ადამიანები ემიგრაციის ქვეყნებში დარჩენაზე არიან ორიენტირებულნი. მიგრაციის შედეგად ქურთების რაოდენობამ სომხეთშიც იკლო. სომხეთის ის რაიონები, სადაც ქურთული სოფლები იყო, ფაქტობრივად, დაცარიელებულია. სამხრეთ კავკასიაში ქურთების მიგრაციას განაპირობებს როგორც ნაციონალიზმის საფრთხე, ისე რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობები, სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობა და ინტეგრაციის არარსებობა.
|