ქართულ ინტერნეტ სივრცეში მართალია ამაზე საუბარი არ არის, მაგრამ ცოტა ხნის უკან გერმანულ ვიკიპედიაში ამოვიკითხე, არც თუ ისე შორეულ წარსულში ქართველების არაკეთილგენწყობილ დამოკიდებულებაზე ქურთების (იეზიდების) მიმართ. როგორც იქ ეწერა:
"ოსმალეთის იმპერიიდან კავკასიაში, კერძოდ საქართველოში და სომხეთში, იეზიდების მიგრაცია პირველად მე-18 საუკუნიშეი მოხდა. მიგრაციის მეორე ტალღა უკავშირდება რუსეთ-თურქეთის ომს 1877-1878 წწ. რასაც მოყვა გადასახლების მესამე ტალღა პირველი მსოფლიო ომის დროს, მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამ გადასახლების მიზეზი იყო იეზიდების მასობრივი დევნა და ხოცვა, რაშიც ოსმალ მოხელეებთან ერთად, არც თუ იშვიათად, მონაწილეობდნენ მუსლიმი ქურთებიც.
სომხები ხშირად აძლევდნენ თავშესაფარს ოსმალეთის იმპერიიდან დევნილ ქურთებს, ხშირად იფარებდნენ მათ თავიანთ სახლებში, რაც იეზიდებისა და სომხების მშვიდობიან თანაცხოვრებას უწყობდა ხელს.
1990 წლისთვის საქართველოში მცხოვრები იეზიდი ქურთების რიცხვი 22 000 შეადგენდა, სომხეთში შესაბამისად - 60 000. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მზარდი ნაციონალიზმის ფონზე, ორივე სახელმწიფოში დამოკიდებულება ამ რელიგიური უმცირესობის მიმართ მკვეთრად გაუარესდა. იეზიდების რიცხვი საქართველოში 1989-1997 წწ
1200-მდე შემცირდა, სომხეთში - 18 000-მდე. იეზიდები მასიურად სახლდებოდნენ ევროპასა და რუსეთში (!!!!).
საქართველოდან მათი გადასახლების მრავალრიცხოვანი მიზეზი არსებობდა. ქურთ იეზიდებს მასიურად ავიწროვებდა პოლიცია და სახელმწიფო აპარატი. ხშირად თავს ესხმოდნენ, უყენებდნენ ცრუ ბრალდებებს, კეთდებოდა უსამართლო და აგრესიული განცხადებები პრესაში იეზიდების მიმართ. ქართველი პოლიტიკოსები ღიად გამოხატავდნენ თავიანთ ნეგატიურ დამოკიდებულებას ამ რელიგიური უმცირესობის მიმართ. ხშირი იყო მკვლელობის და სხეულის დაზიანების ფაქტებიც.
იეზიდებს არ ქონდათ უფლება ემუშავათ მაღალ პოსტებზე. ისინი არ სარგებლობდნენ თანასწორი უფლებებით ადმინისტრაციულ სფეროში და სამედიცინო მომსახურებისას. ასევე არ ეძლეოდათ შანსი მიეღოთ უმაღლესი განათლება და ჰქონოდათ მაღალი შემოსავალი. ეკრძალებოდათ იეზიდური სალოცავების აგება და უფლება არ ქონდათ შესულიყვნენ პარლამენტში, ან რაიმე სახით მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფოს მართვაში. იეზიდების ყოველი თხოვნას, შეექმნათ მათთვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, მართველი წრეები უყურადღებოდ ტოვებდნენ. საბჭოთა კავშირის დროს იეზიდ ქურთებზე მიცემული საგარანტიო მანდატები, 90-იან წლებში მათ ისევ ჩამოერთვათ...."
http://de.wikipedia.org/wiki/Jesiden ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი ტიპიური ქართველისთვის, რომელიც იმის ღრმა რწმენით გაიზარდა, რომ ქართველები ყველაზე სტუმართმოყვარე, ყველაზე მეგობრული, ყველაზე ლოიალური, შემწყნარებლური და მოკლედ ყველაზე, ყველაზე... ერი ვართ!
იმ ტიპიური ქართველისთვის, რომლისთვისაც რუსული შოვინიზმი და ნაციონალიზმი (იმ რუსეთისა, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩვენგან შევიწროვებულმა რელიგიურმა და ეთნიკურმა უმცირესობამ შეაფარა თავი, აგერ სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ) ყოველთვის კრიტიკის საგანი იყო (და არის დღემდე), მართალი გითხრათ ეს ფაქტი საკმაოდ შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა.
ძალიან მიჭირს რამე გამართლება მოვუძებნო საქართველოს ასეთ დამოკიდებულებას იეზიდი ქურთების მიმართ. რა უნდა გაეკეთებინა ამ ეთნიკურ უმცირესობას ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი, რომ მსგავსი დევნა დაემსახურებინა? ან ამართლებს 90-იანი წლების შავ-ბნელი პერიოდი და მძიმე დროება ჩვენი ხალხის ასეთ დამოკიდებულებას, იმ პერიოდში საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ?
... სხვები ამაზე რას ფიქრობენ არ ვიცი, მაგრამ მე იმედი გამიცრუვდა, რომ თურმე ყველაზე, ყველაზე, ყველაზე "თვინიერი" ერი მსოფლიოში, რეალურად სულაც არ ვყოფილვართ ისეთი, როგორიც ჩვენ გვეგონა რომ ვიყავით (ყოველ შემთხვევაში მე მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული ქართველების ტოლერანტულობაში) ...