„ვიღებთ ვალდებულებას, ფართები კონკრეტულ ვადაში და ზუსტი პირობებით ჩაგაბაროთ“
"დექსუსის" ხელმძღვანელმა გიორგი ქანანაშვილმა commersant.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა
commersant.ge
კითხვა: რა ფორმით მოხდება "ცენტრ პოინტ ინვესტის“ (ინვესტბანკის) ვალდებულებების დაფარვა (კლიენტების მიერ შეტანილი თანხების ანაზღაურება) - საცხოვრებელი ფართით თუ შეტანილი თანხის ეტაპობრივად დაბრუნებით?
წინასწარ გიხდით მადლობას.
გიორგი ქანანაშვილი: „დექსუსი“ მართვაში შევიდა „ცენტრ პოინტსა“ და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა საოპერაციო სახის მოგების რაოდენიმე წყაროს შექმნაზე, საიდანაც დაიფარება კონკრეტულად „ცენტრ პოინტ ინვესტის“ ვალდებულებები. ასეთად განიხილება არა სამშენებლო შემოსავლები, არამედ მაგალითად, ბაზრის ან/და სხვა აქტივების იჯარით გაცემა. აღნიშნულის შესახებ, ყველა კრედიტორს გაცნობებთ ინდივიდუალურ შეხვედრაზე და გაგაცნობთ ამ საკითხის გადაწყვეტის გზებს.
კითხვა: მაინტერესებს "მარიჯანის" პროექტის შესახებ, თუ ხართ ჩამოყალიბებულები, და თუ ხართ, როდის განახლდება მშენებლობა და როდის იგეგმება დამთავრება. პატივისცემით შალვა ახალკაცი
გიორგი ქანანაშვილი: მოგეხსენებათ, კომპანია „დექსუს“-ს გააჩნია 3 წლიანი პროგრამა. ამ დროში დასრულდება „ცენტრ პოინტის“ ყველა პროექტი. უკვე დაიწყო მუშაობა რამდენიმე ისეთ ობიექტზე, რომელთა დეტალური სამოქმედო გეგმა უკვე მზად არის. ასეთებს შორის არის დიდი დიღომი, ბაკურიანის „მზიური ველი“; სულ რამოდენიმე დღეში დაიწყება ჭავჭავაძისა და ყიფშიძის კუთხეში არსებული სახლის სამუშაოებიც. გარკვეული პერიოდულობით გამოცოცხლდება ყველა პროექტი. კონკრეტულად მარიჯანის ქუჩის ობიექტთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სამუშაოები განახლდება არაუგვიანეს გაზაფხულისა. დეტალურ ვადებს შეგატყობინებთ საბოლოო სამოქმედო გეგმის შემუშავებისთანავე.
კითხვა: ბატონო გიორგი, "ცენტრ პოინტი"არ გვაძლევდა აშენებული, ბოლომდე გადახდილი ბინების რეესტრის საბუთს, გვაიძულებდა გადაგვეხადა დღგ, ანუ დამატებით მთელი თანხის 18%, რაც არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული. თქვენ ოფისში გავიგეთ, რომ "დექსუსი" იმავე პოზიციაზეა. გთხოვთ გაგვიმარტოთ.
გიორგი ქანანაშვილი: სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში მომხმარებლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა საგადასახადო ვალდებულებების თემას. თუმცა არის შემთხვევები, სადაც ხელშეკრულებები ითვალისწინებს ამ გადასახადებს. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გადასახადების გადახდის არსებობის შემთხვევაშიც კი, ეს თანხა დასაფარი იქნება მხოლოდ ბინის ექსპლუატაციაში მიღებისას. გვინდა დაგიდასტუროთ, რომ ეს არის საგადასახადო ვალდებულება და არა კომპანიისათვის დამატებითი შემოსავლის წყარო.
კითხვა: ბ-ნო გიორგი, მე გახლავართ დიდი დიღმის ოაზისის მობინადრე, პირველ რიგში მინდა წარმატებები გისურვოთ, და მაინტერესებს, როდის დასრულდება ჩვენი მშენებლობა. ვიყავი ობიექტზე და გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ მშენებლობა განახლდა.
გიორგი ქანანაშვილი: დიდი დიღმის მშენებლობა ერთ-ერთი პირველი განახლდა. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც გაწერილი იქნება ამა თუ იმ ობიქტის ჩაბარების ზუსტი ვადები. უახლოეს ხანში თქვენ, ისევე, როგორც სხვა ყველა დიდი დიღმის მოსახლეს დაგიკავშირდებიან და გაგაცნობენ ახალ ხელშეკრულებას, რომელშიც გაიწერება ჩაბარების ვადა.
კითხვა: მოგესალმებით, ბატონო გიორგი! მოხარული ვარ, რომ ჩვენი საშველი გამოჩნდა, დიდი იმედი მაქვს თქვენი და პოზიტიურად ვუყურებ ამ ცვლილებებს. მე ვარ სააკაძის მობინადრე და მაინტერესებს, როდის გაირკვევა და დასრულდება ჩვენი მშენებლობა. წარმატებებს გისურვებთ. პატივისცემით ნინო.
გიორგი ქანანაშვილი: ნინო, დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის. სააკაძის მოედნის მშენებლობის აღდგენა იგეგმება 2011 წლის თებერვლიდან. მანამდე იგეგმება ობიექტის მდგომარეობის დეტალური შესწავლა და კონკურსის გზით შევარჩევთ სამუშაოთა შემსრულებელ სამშენებლო კომპანიას.
კითხვა: უნდა გააფორმოს თუ არა ახალი ხელშეკრულება პირმა, რომელმაც სამი წლის წინათ დაფარა ბინის მთლიანი ღირებულება და თუ უნდა გააფორმოს, რატომ?
გიორგი ქანანაშვილი: მოგახსენებთ, რომ თქვენს ხელთ არსებულ ხელშეკრულებებში დარღვეულია ვადები და, როგორც წესი, არ არის სათანადოდ დაზუსტებული მისაღები ფართის ტექნიკური მახასიათებლები. აღნიშნული უკვე იძლევა ახალი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს, რადგანაც ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას კონკრეტულ ვადაში და ზუსტი პირობებით ჩაგაბაროთ თქვენს მიერ მისაღები ფართები.
კითხვა: მოგესალმებით! გექნებათ თუ არა ვაკანსიები? ვარ მშენებლობის მენეჯერი, მაქვს სერიოზული გამოცდილება და სურვილი მაქვს დავიწყო მუშაობა თქვენს კომპანიაში. მოგმართავთ თხოვნით, მომეცით შანსი წარმოვაჩინო საკუთარი თავი. წინასწარ გიხდით მადლობას, პატივისცემით, დათო.
გიორგი ქანანაშვილი: მადლობა შეკითხვისათვის. „დექსუსი“ საინვესტიციო და დეველოპერული კომპანიაა. ჩვენ ვახორციელებთ მენეჯმენტს. რაც შეეხება უშუალოდ სამშენებლო საქმიანობას, მოგახსენებთ, რომ ჩვენ კონკურსის გზით ვარჩევთ კონტრაქტორ კომპანიებს. პროფესიონალი კადრების დასაქმება კი ჩვენი მათდამი არსებული მოთხოვნებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
კითხვა: ბატონო გიორგი. ვიშენებ ბინას კრწანისში. რა ბედი ეწევა ამ კომპლექსს, გააგრძელებს თუ არა მშენებლობას იგივე კომპანია და მართალია თუ არა, რომ ბინის რეგისტრაციისთვის დღგ მენაშენემ უნდა გადაიხადოს და არა კომპანიამ? თუ ასეა, რატომ აქამდე არ ვიცოდით?
გიორგი ქანანაშვილი: მშენებლობა უსათუოდ გაგრძელდება და დასრულდება. ვადები დადგინდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შედგება დეტალური სამოქმედო გეგმა. 2010 წლის ბოლომდე, ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება ზუსტი 3 წლიანი გეგმა. რაც შეეხება დღგ-ს საკითხს: ამის და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ასახული იქნება ჩვენს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.
კითხვა: რა კონკრეტული მოქმედებები განხორციელდება ბათუმში ``თეთრი მაგნოლიის`` ექსპლოატაციაში მისაღებად და როდის მოხდება ყველაზე უარეს შემთხვევაში მოსახლეებისათვის ბინების გადაცემა?
გიორგი ქანანაშვილი: ბათუმის „თეთრს მაგნოლიასთან“ დაკავშირებით ვგეგმავთ 2011 წლის ზაფხულის სეზონის დაწყებამდე შევასრულოთ ყველა ვალდებულება. დეტალური ბიზნეს გეგმის მომზადებამდე, ვფიქრობთ ნაადრევი იქნება უფრო კონკრეტული დაპირების მოცემა. '' ზოგადი პასუხებია ჩემი აზრით.
* * *

მაქსიმალურად ეცდებიან ხალხისგან ზედმეტი თანხის ამოღებას-დღგ-ს სახით იქნება თუ სხვა სახით.