კულტურული მრავალფეროვნება სხვადასხვა ტრადიციების შეჯერების შემდეგ ყალიბდება და ეს მოვლენა პროგრესის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტადაა შეფასებული. თუმცა საუბარია მხოლოდ სხვა ხალხების კარგ და მისაღებ ტრადიციებზე. ქართველი ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების აზრით, კი ჩვენ სხვა ხალხისაგან სუფრული ტრადიციების უმეტესად ცუდი მხარეები შევითვისეთ და სწორედ ამიტომაცაა, რომ ნამდვილი, ღირებული ქართული ადათების მოძიება ძალიან გვიან, 21-ე საუკუნეში გვიწევს. არადა, ის, რაც ათეულობით წლების მანძილზე ქართული სუფრის უძველესი ადათი გვეგონა, შესაძლებელია ყველაფერი იყო ქართულის გარდა.
სუფრის წინამძღოლი შესაძლებელი იყო ქეიფისას რამდენჯერმე შეცვლილიყო. საერთოდ, ცნობილია, რომ მე 19-ე საუკუნემდე ქართული სუფრა უფრო თავისუფალი იყო და ხშირად, როგორც დღეს ამბობენ, `ყველა თავისი ჭიქის თამადა იყო` .
ერთ-ერთი უძველესი კახური სადღეგრძელოებია: `სამი სახარება გვეწეოდეს`. `დავრჩენილიყავით` (ეს სადღეგრძელო ალბათ კახეთის მტრის მიერ მუდმივი აოხრებების შემდეგ გაჩნდა, როდესაც ხალხის ფიზიკურად გადარჩენა იყო მთავარი) და სხვა… იმერეთში ერთი ძალიან საინტერესო სადღეგრძელოს მივაგენი, რომელიც იმის ვარაუდის საკმაო საფუძველს იძლევა, რომ ძალიან ძველი უნდა იყოს - `გვეცადოს, რომ არ გვეცოდოს`, ჩემის აზრით ეს სადღეგრძელო ქართული სიტყვიერების პატარა შედევრია! დღევანდელ ქართულ სუფრაზე ძველი და ნამდვილად ქართული ელემენტები ძალიან მცირეა და რაც არის, ისიც თანდათან ქრება`. იმედია ამ საკითხზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება და მომავალში უფრო ნათლად გვეცოდინება თუ როგორი იყო ნამდვილი ძველქართული სუფრა. კარგი და ღირებული ტრადიციების აღდგენა ხომ ნაგვიანები, მაგრამ გემრიელი ნაყოფის მომცემი ხეჭეჭურის ხის დარგვას ჰგავს.@
ბოლო დროს გაჩნდა აზრი, რომ ქართულ სუფრაზე არსებული თამადის (სუფრის წინამძღოლის) ინსტიტუტი სულაც არაა წმინდა ქართული და მისი ფესვებიც დამპყრობლების ტრადიციებში უნდა ვეძიოთ. ქართველი ეთნოგრაფების აზრით, თამადის ინსტიტუტი უდავოდ ქართულ ტრადიციებს ეფუძნება და რომ არა საბჭოურ ეპოქაში დამკვიდრებული თამადობის დამახინჯებული ფორმები, ეს ინსტიტუტი უდავოდ ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვნების მომცველი იქნებოდა. ალექსანდრე ჯელაძე: `თამადობა ნამდვილად ქართულია, მაგრამ არა იმ ფორმებით, როგორიც დღესაა. დღევანდელი თამადის სახე კომუნისტურ ეპოქაში ჩამოყალიბდა და ამ ტრადიციის ასეთ დამახინჯებას რუსებს უნდა `ვუმადლოდეთ`. ახლანდელი სუფრული მლიქვნელობა და პირფერობა რა თამადობაა? 1892 წელს გაზეთი `ივერია` წერდა, რომ ბრწყინვალე პიროვნებას - კოტე ბახუტაშვილს გადაუხადეს თამადობის დაწყებიდან 50 წლისთავი. კოტე ბახუტაშვილი ცოტას ლაპარაკობდა და ხალხს აძლევდა მოლხენის საშუალებას. სიმღერა, ცეკვა, იუმორი, კაფია, ლექსი, შაირი იყო ქართული სუფრის მშვენება. აი, ეს იყო თამადობა და ასე ესმოდათ ქართველებს მოლხენა სულ რაღაც ორი საუკუნის წინ.საქმე ბევრი ღვინის სმაში ნამდვილად არაა. ქართულ სუფრაზე ყველა იმდენს სვამდა, რამდენიც შეეძლო. მაშინ ითქმებოდა მოკლე, ლაკონური და ომახიანი სადღეგრძელო. ქართველი კაცი ყოველთვის ილოცება. სადღეგრძელოც ერთგვარი ლოცვა იყო. უწინ, როცა სოფელი სალოცავში იყრიდა თავს, ყველას თავისი ღვინო - ზედაშე, ნამცხვარი, ხაჭაპური და ნაზუქი მიჰქონდა. კეთილგანწყობის ნიშნად, ქართველი კაცი ღვინის ჭიქას დაადებდა ხაჭაპურის ნაჭერს ან მთელ ხაჭაპურს და ვაჟიშვილს ეტყოდა: ეს მიუტანე ამას და ამასო. ეს იყო მოკითხვა და დალოცვა`.@
როდესაც ქართულ სუფრასთან და ღვინის სმასთან დაკავშირებულ ადათ-წესებსა და უძველეს ტრადიციებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, რომ იმ ადათების უდიდესი ნაწილი, რომელთაც ქართულად მივიჩნევთ, ხშირ შემთხვევაში სულაც არაა ქართული და შემოსულია სხვა ხალხების კულტურებიდან. თითქმის ყველა დამპყრობელმა ქართველებს საკუთარი კულტურის ელემენტები დაგვიტოვა და მრავალი არაქართული, მაგრამ დაუსაბუთებლად ქართულად მიჩნეული ტრადიცია დღემდეა შემონახული. ქართველი ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების ათეული წლების მანძილზე ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ ჩვენი სუფრული ადათ-წესები წმინდა კავკასიური ტრადიციების გარდა, მონღოლურ, არაბულ, ოსმალურ, ირანულ, ურარტულ, სკვითურ და კიმერიულ ტრადიციებსაც ეფუძნება.პრაქტიკულად არ გვყოლია ისეთი დამპყრობელი, რომელსაც ქართულ სიტყვიერებასა და სასმელის სმის კულტურაში რაიმე თავისი არ შემოეტანოს. ალექსანდრე ჯელაძე, ეთნოგრაფი: `მცდარი იქნება, თუკი დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ჩვენი კულტურა მხოლოდ კოლხურ-იბერიულ საწყისებზე აღმოცენდა. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ქართული სუფრა, რომელშიც წმინდა ქართული დღეს ძალიან ცოტა რამ თუ არის. ღვინის დაძალება მონღოლებისაგან გადავიღეთ. მონღოლებისათვის სუფრაზე ღვინის არ დალევა შეურაცმყოფლად ითვლებოდა და თუკი ვინმე მაინც არ დალევდა, ამის გამო ხშირად სიკვდილითაც კი სჯიდნენ. ჩვენთან სიკვდილით არ სჯიან, მაგრამ ამის გამო ჩხუბი არაერთხელ ამტყდარა. ქართულ სუფრაზე დღეს არსებული მერიქიფის ინსტიტუტი ირანულია, ისევე როგორც ტოლუმბაშობა. რაც შეეხება იმას, რომ ქართველ ქალებს ხშირად ძალით სვამენ სუფრასთან და აიძულებენ, მთვრალი ხალხის ცქერით თავი დაიტანჯონ, ესეც არაქართული ტრადიციაა და ამის ფესვები ჩრდილოკავკასიაში, კერძოდ კი დაღესტანში უნდა ვეძიოთ`.@
დავით კობიძე, ეთნოგრაფი: პირველი ქართული სადღეგრძელოები წარმართული ღვთაებების, მზის, მთვარის, დედამიწისა და ბუნების სადიდებელი იყო. საერთოდ, ცნობილი ამბავია, რომ ქართველები "საბჭოურ გაზარმაცებამდე" ძალიან პრაქტიკული და ჯანსაღი ბუნების ხალხი იყვნენ და ეს სადღეგრძელოებშიც გამოიხატებოდა. ქართველები ლოცავდნენ იმას, რაც რეალური, აუცილებელი და საჭირო იყო. ლოცავდნენ ღმერთს (მაშინდელი გააზრებით, ღმერთი თავად ბუნება იყო), შვილებს, მოსავალს და ყველაფერ იმას, რაც საჭირო და უმთავრესია ადამიანისათვის. ეს "პრაქტიკულობის" ტენდენცია შემდგომი პერიოდის სადღეგრძელოებშიც შენარჩუნდა. მაგალითად, ერთ-ერთი ძველი წერილობითი წყაროს მიხედვით, საქართველოს პირველი მეფე, ფარნავაზი მცხეთელმა მესხმა, ვინმე გოინიმ ასე დალოცა: "იყავ ჯანმრთელი მეფეო და იქმნეს მხიარულობა". დღესაც ძნელია ადამიანს ამაზე კარგი რამ უსურვო. ჯანმრთელობა და მხიარულება, მართლაც ყველაზე სწორი და ჯანსაღი სურვილია. ალბათ სწორედ ჯანმრთელობა და მხიარულება ნიშნავს ბედნიერებას.".@
ადრეული შუა საუკუნეების პერიოდის ქართული სადღეგრძელოები, თავიანთი შინაარსით ძალიან ჰგავს ისეთ სადღეგრძელოებს, რომლებსაც დღეს ევროპის ქვეყნებში მიღებებსა და ბანკეტებზე ხშირად გაიგონებთ. შეიძლება გაგაკვირვოთ ამ შედარებამ და დაუჯერებლად მოგეჩვენოთ პარალელები ადრეული შუა საუკუნეების საქართველოსა და 21-ე საუკუნის ევროპას შორის, მაგრამ თუკი ძველი არაბი ისტორიკოსის ინექ ალ დეისის ცნობებს ვნახავთ, ბევრი რამ ცხადი გახდება. ინექ ალ დეისი წერს: "სომხეთში და საქართველოში ღვინო ძალიან უყვართ, თუმცა რომაელებივით არ იციან დათრობა. სულ სამ სასმისს სვამენ და სხვადასხვანაირად ადღეგრძელებენ იმ ადამიანს, ვისაც ქეიფი ეძღვნება". ფაქტია, რომ ამ ამბების მომყოლ არაბ ისტორიკოსს არანაირი მოტივაცია არ ექნებოდა რაიმე მიზნით ტყუილი ეთქვა, და თუ ეს ყველაფერი სინამდვილეა, მაშინ სწორია ჩვენი ვარაუდი ამასთან დაკავშირებით, რომ თანამედროვე ევროპული და ძველი ქართული სადღეგრძელოები ერთმანეთს ჰგავს. ბანკეტის ტიპის ევროპულ სუფრებზე, ძველი საქართველოს მსგავსად, სწორედ აღნიშნული ბანკეტის (შეხვედრის, სუფრის..) მომწყობთ ლოცავენ და თან სხვადასხვანაირად.. @
ხო კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს რას (ვ)სვამთ :
ალექსანდრე ჯელაძე, ეთნოგრაფი: "საქართველოში არყით დათრობა ძველ დროში მაინცა და მაინც მიღებული არ იყო. არაყს უფრო მეტად სამკურნალო დანიშნულებით იყენებდნენ. არაყის გამოხდის დიდი ტრადიციებით ცნობილ ფშავშიც კი, მე-19 საუკუნემდე ასეთი ტიპის სასმელს (ლუდისაგან განსხვავებით) ძირითადად დილით, სამწყემსურში წასვლის წინ სვამდნენ, ან რაიმე დაავადების მკურნალობისათვის. ძალიან ცდება ის, ვინც ამბობს, რომ საქართველოში ჭაჭის არაყი, ვთქვათ, ანწლის არაყზე უფრო პოპულარული იყო. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში არსებობდა არყების განსაკუთრებულად დაყენების ტექნოლოგიები და გამოსახდელად ყველაზე ხშირად იყენებდნენ ანწლს, პანტასა და თქვენ წარმოიდგინეთ, ასკილს. არყის გამოხდის ძველქართული ტექნოლოგიების დიდი ნაწილი დღეს ან დაკარგულია, ანდა თითო-ოროლა ადამიანმა თუ იცის. გურიაში დღეს თითქმის ყველა ოჯახი ტყემლის არაყს აკეთებს, რომელიც როგორც ექიმები ამბობენ, ჯანმრთელობისათვის საზიანოა, მაშინ როდესაც იგივე გურიაში არსებობდა სხვადასხვა ხილისაგან არაყის დამზადების რამდენიმე ტექნოლოგია. ლეგენდარული გურული არაყი სწორედ იმ ძველი ტექნოლოგიებით გამოხდილი არაყია და არა ის, რასაც ახლა ამზადებენ. მე დაახლოებით ათი წლის წინ მქონდა ბედნიერება ჩოხატაურში გამესინჯა ალუმინის მოკალულ ქვაბში გამოხდილი ნამდვილი გურული კარალიოკის არაყი, რომელიც გემოთიც და არომატით ნამდვილად სჯობს თუნდაც იმ უცხოურ ცნობილ არყებს, რომლებიც მაღაზიებში რამდენიმე ათეული ლარი ღირს".
***
არყის გამოხდაში გარკვეული ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ ჭურჭელს, რომელშიც არაყი იხდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის მიუხედავად, ძალიან იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელიც საარაყე ქვაბად კომუნისტურ ეპოქაში ქუთაისის ქარხანაში დამზადებულ ნახევრად თითბერის ქვაბებს არ იყენებდეს. არადა, ცნობილია, რომ თითბერი თავისი დანამატი შენარევებით გახურების დროს განსაკუთრებულად მავნე ნივთიერებებს გამოყოფს და ასეთ ქვაბში გამოხდილი არაყის დამლევი ადამიანი ალკოჰოლურ ზემოქმედებას განსაკუთრებილად აღგზნებულად განიცდის. ვინ იცის, შესაძლებელია, სწორედ ასეთი საარაყე ქვებების "დამსახურებაა" ის რომ, ზოგიერთ კაცს ქალების საყვარელი წყევლისა არ იყოს: "არაყი კი არა, მხოლოდ ნავთი, ცეცხლი და კუპრი დაელევინება".
http://marani2.blogspot.com/2008_02_01_archive.html