
გუდაურში ტურისტების რაოდენობა მატულობს
გუდაურში ტურისტების რაოდენობა მატულობს. სამთო-სათხილამურო სეზონი უკვე გახსნილია, საბაგირო ჩართულია და თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს აღწევს .
28 იანვრიდან, თოვლის მოსვლის შემდეგ, ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. ტურისტები ძირითადად, უცხოელები არიან, ყოფილი ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან – ესტონეთიდან, ლიტვიდან, ასევე უკრაინიდან და ჰოლანდიიდან.
როგორც ისინი ამბობენ, ამ კურორტის შესახებ მათ რეკლამებიდან შეიტყვეს.
სალაროებთან, სასრიალო ტრასებზე ასვლის მსურველთა რიგებია. ტრასაზე ასასვლელი ბილეთი უფროსისათვის 21 ლარი, ბავშვისთვის კი 15 ლარი ღირს.
ქირავდება თხილამურებიც. მთელი სასრიალო კომპლექტის დაქირავება ერთი დღით 30 ლარი ჯდება.
მათ, ვინც თხილამურებზე დგომა არ იცის, მწვრთნელები მოემსახურებიან. მათი მომსახურების ფასი 30 ლარიდან იწყება.
საოჯახო სასტუმროში ფასები დღეში 50 ლარიდან იწყება. საშუალო დონის სასტუმროში ორკაციანი ნომერი 100 დოლარი ღირს. უცხოელი ტურისტები ამბობენ, რომ ფასები თბილისის სასტუმროებში უფრო მაღალია, ვიდრე გუდაურში.
გუდაურამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია. პროგნოზის მიხედვით თოვა კი 2 თებერვლამდე გაგრძელდება.