https://matsne.gov.ge/ka/document/view/2278806 მუხლი 11. საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები
1. უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას:
ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის;
გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა;
დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები;
ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;
ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა;
ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში;
თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება.
4. უცხოელი, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, უკან ბრუნდება.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს სამართლებრივი ან ფაქტობრივი მიზეზის გამო არ შეუძლია დაუყოვნებლივ დატოვოს სასაზღვრო კონტროლის ზონა, იგი დროებით განთავსდება სასაზღვრო კონტროლის ზონაში, მეთვალყურეობის ქვეშ, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.
მუხლი 18. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ:
ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;
ბ) აღარ არსებობს ის საფუძველი, რომლის გამოც მან მოიპოვა საქართველოში ყოფნის ნებართვა;
გ) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს;
დ) მას ჩადენილი აქვს დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;
ე) იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე;
ვ) იგი დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა დაავადებით, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. ამგვარ დაავადებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ზ) მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა;
თ) მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც:
ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე:
ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;
ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან;
ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;
ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს.
------------------------------------
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2342552 მუხლი 16. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ:
ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;
ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში;
გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც:
ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე:
ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;
ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან;
ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;
ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.
4. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.