40 წლიანი პაუზის შემდეგ ლონდონის ‘ტოტენჰემ ჰოტსპური’ კვლავ თბილისშია. ამჯერად, სულ სხვა შემადგენლობით და სხვა ამოცანის წინაშე მყოფი.
უეფა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ თბილისის ‘დინამო’ ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლა, სადაც მას შესაძლებელი მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი ხვდა წილად. ბევრი იწერებოდა და იწერება იმის შესახებ, რომ თბილისელებს არანაირი შანსი არ ააქვთ ლონდონის წარმომადგენლებთან და კარგი იქნება, თუ გუნდი საერთოდ არ გამოცხადდება მოედანზე, რის შედეგადაც უფრო პატარა ანგარიშით – 0:3 დავმარცხდებით. თუმცაღა, ბრძოლა ყოველთვის საჭიროა გინდ ‘ტოტენჰემი’ იყოს და თუნდაც სამი ‘ტოტენჰემი’ ერთად.
თბილისის ‘დინამომ’ საქართველოს უმაღლესი ლიგის ახალი სეზონის ორი ტურის შემდეგ მეოთხე-მეხუთე პოზიციებს ყოფს გორის ‘დილასთან’ ერთად. თუ ჩემპიონატის პირველ ტურში ‘დინამოელებმა’ შინ მოახერხეს და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ‘ზესტაფონს’ ხელიდან 3 ქულა გამოსტაცეს – გორში მათ ამის გაკეთება ვერ მოახერხეს. მეტიც, რომ არა მსაჯის მიერ დაშვებული უხეში შეცდომები არავინ იცის წამოიღებდა ‘დინამო’ იმ ერთ ქულასაც თუ დარჩებოდა ქულის გარეშე. ფაქტია, რომ ‘დილამ’ თამაშით აჯობა თავის მეტოქეს და ამიტომ თბილისის ‘დინამოს’, როგორც ქართული ფეხბურთის ამჟამინდელ ფლაგმანს, ‘კლუბში’ არსებულ პრობლემებზე სერიოზული მუშაობა მოუწევს.
‘დინამოს’ ბანაკში არც თუ ისე სასიხარულოა ამბებია. საქმე იმაშია, რომ ეჭვის ქვეშ არის საქართველოს ნაკრებისა და ‘დინამოს’ მეკარის – გიორგი ლორიას დღევანდელ მატჩში ასპარეზობა. გავრცელებული ინფორმაციით, ‘დინამოს’ კარის დარაჯმა გუშინდელ ვარჯიშში დაზიანება მიიღო. ლორიას მატჩში მონაწილეობის შანსებს 50/50-ზე შევაფასებდით. გუნდს ასევე დააკლდებიან საყრდენი ნახევარმცველი ლევან ხმალაძე, მარცხენა ნახევარმცველი პიტერ გრაიჩარი და მარცხენა მცველი დარკო გლიშიჩი. მერებაშვილი, დვალი, ჩისკო და პატრიკ ვუო სრულ მზადყოფნაში არიან. სასიხარულო ამბავი არის ის, რომ გუნდს ირაკლი ძარია დაუბრუნდა, რომელსაც ‘სტრეიმურთან’ პირველ შეხვედრაში მიღებული დაზიანების შედეგად თვეზე მეტი არ უთამაშია. დიდი ალბათობით, დღევანდელ შეხვედრაში სეთურიძის ადგილს დავით ხურცილავა დაიკავებს. ‘დინამოს’ თავკაცი, დუშან უჰრინი, ამ მატჩის სათამაშოდ სავარაუდოდ, 4-4-1-1 ტაქტიკურ სქემას აირჩევს.
ფაქტია, რომ თითეულ ‘დინამოს’ გულშემატკივარს თავისი გუნდის ხილვა მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის რაუნდში სურდა. თბილისური გუნდის წარუმატებლობაში დიდი წვლილი არასწორ სატრანსფერო პოლიტიკას უჭირავს. გასული სეზონის ჩემპიონებმა გუნდიდან ერთბაშად 8 ფეხბურთელი გაუშვეს. ესენი არიან: მიკელ ალვარო (ბაქის ‘ინტერი’), დიმიტრი ტატანაშვილი (‘ჩიხურა’), კარლოს კოტო (მინსკის ‘დინამო’), ოთარ ხიზანეიშვილი (‘დილა’), პატრიკ მილქრომი (შტუტგარტის ‘კიკერსი’), ნიკა კვეკვესკირი და გიორგი თექთურმანიძე არენდით ცხინვალის ‘სპარტაკში’ არიან, ხოლო არჩილ თვილდიანი ბოლნისის ‘სიონში’ არის გადასული. მიმდენარე წლის ‘დინამოს’ სატრანსფერო პოლიტიკის ერთად ერთი დადებითი ფაქტი არის ის, რომ გუნდს ქუთაისის ‘ტორპედოდან’ შეუერთდა ელგუჯა გრიგალაშვილი, რომელიც მატჩების უმეტესობაში გამორჩეულია და გუნდში მნიშნელოვან როლს ასრულებს. კოტ დი უარელ ლეგიონერში გადახდილი 250,000 ევრო ნამდვილად არ ამართლებს, ხოლო რუმინელი დორინ გოგას შესაძლებლობები დღემდე უცნობი რჩება.
განახლდა ინგლისის პრემიერ ლიგის ახალი სეზონი და ‘ჰოტსპურსი’ ამ ფაქტს მომზადებული შეხვდა. ანდრე ვილაშ-ბოაშს სეზონის პირველი შეხვედრის ჩატარება სტუმრად ‘კრისტალ პალასის’ წინაამღდეგ მოუწია. მიუხედავად მასპინძლების ამაღლებული მოტივაციის გამოწვეული იმ ფაქტით, რომ ‘კრისტალ პალასმა’ 8 წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა და დაიბრუნა პრემიერ ლიგის ადგილი – ‘ტოტენჰემმა’ მშვიდად და ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე, მინიმალური სხვაობით დაამარცხა მეტოქე და თავის აქტივში პირველი სამი ქულა ჩაიწერა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ‘კრისტალ პალასთან’ შეხვედრაში ვილაშ-ბოაშმა თითქმის ისეთივე შემადგენლობა ათამაშა, რომელსაც ჩვენ თბილისში ‘დინამოს’ წინაამღდეგ ველოდებით.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლონდელების თავკაცმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია თუ რა ტაქტიკით ითამაშებს მისი გუნდი თბილისში. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავის საყვარელ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემას უღალატოს. ამ სქემის ნაწილი ვერ იქნებიან გუნდის ლიდერი გარეთ ბეილი, ცენტრალური მცველი იან ვერთონგენი, მარჯვენა გარემარბი აარონ ლენონი, ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი – სანდრო, შემტევი ნახევარმცველი ლუის ჰოლტბი, მარცხენა მცველი ასუ-ეკოტო და ტოგოელი ცენტრ-ფორვარდი ემანუელ ადებაიორი. აღნიშნული ფეხბურთელები დღევანდელ შეხვედრაში სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მიიღებენ მონაწილეობას.
მიმდენარე სატრანსფერო ბაზარზე ‘ტოტენჰემმა’ გაცილებით უფრო მეტი ფეხბურთელი გაყიდა ვიდრე იყიდა, თუმცა გაცილებით უფრო მეტი ფული დახარჯა, ვიდრე მოიგო. გუნდიდან წავიდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან სკოტ პარკერი (‘ფულჰემი’), ტომ ჰადლსტოუნი, ჯეიქ ლივერმორი (ორივე ‘ჰალ სიტი’), კლინტ დემპსი (სიეტლის ‘საუნდერსი’) და მრავალი სხვა. თუმცა, გუნდში მოვიდნენ ესპანეთის და ბრაზილიის ნაკრების წევრები – რობერტო სოლდადო (‘ვალენსია’) და პაულინიო (‘კორინთიანსი’) შესაბამისად. აგრეთვე, გუნდს ‘ტულუზიდან’ დაემატა ფრანგი საყრდენი ეტიენი კაპუ და ნაჩერ შადლი, რომელიც ‘ტვენტედან’ გადმოვიდან.
40 წლის წინ, თბილისის ‘ლოკომოტივის’ სტადიონზე ‘დინამო’ და ‘ტოტენჰემი’ მეგობრული ანგარიშით დაშორდნენ ერთმანეთს; ის შეხვედრა 1:1 მორჩა. თუმცა, ერთი კვირის თავზე, ლონდონში, ინგლისელებმა 5:1 სძლიეს დინამოელებს. ამის გარდა იყო კიდევ ერთი შეხვედრა, დაახლოვებით იმდენივე წლის წინ, სადაც ლონდონის კლუბმა 5:2 მოუგო დინამოს. ბოლოს ქართულ-ინგლისური საკლუბო დაპირისპირება 2004 წლის 11 ნოემბრით თარიღდება, როდესაც უეფას ჯგუფურ ეტაპის შეხვედრაში ნიუკასლში ჩასულმა ‘დინამომ’ 2:0 მარცხი განიცადა.
