ცინცხალი ,,ხილვა":
კუმელი ფისო სტუმრად მეწვია,
საცოდავი კნავილით ფხოჭნა ზარად კარი.
გავაღე.
ძაღლის სიკვდილი მომისამძიმრა და თვალები დახუჭა.
ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა სახსოვრად..
რძიანი ყავა მივართვი სტუმარს და იუარა.
მიზეზიც შემომკნავლა: კუმელმენის გადამკიდეს მრავალი დღე და ღამე არ მძინებია და კიდევ ყავაო?:
რძეში დავულბე საძილე ბანგი.
სავსე მთვარემ შემოანათა სარკმელში და შუაღამის 12 საათმაც ჩამოჰკრა.
მძინარემ აიწია ჰაერში და გაფრინდა სარკმელში მთვარისაკენ.
ცოცხების ლაშქარი შეეგება გზაზედ.....
ჩამთვლიმა სიზმარეთისაკენ.
მზის ამოსვლისას გამეღვიძა..
ორ ფისოს ეძინა კალთაში და ხელში წერილი მეკავა.
ზედ ეწერა --- წაკითხვისთანავე დაწვი და ფერფლი დამარხე.
ოჰ ეს ცნობისმოყვარეობა...
ვერასოდეს ვიგებდი სიტყვებს: ეშმაკმა დალახვროს...
ყოველი ამის მთქმელი ხომ ეშმაკს მოუწოდებს მოსვლად და ვინმეს, ან ყველა ღვთისმიერის დასალახვრად?
განა ეშმაკი ეშმაკებს ლახვრავს?
მზერა ვიგრძენი.
ორი წყვილი თვალი მიყურებს.
მოვხვიე ხელი ორივე ფისოს და გამაცია...
ხელში ორი ფისოს თოჯინა მეკავა.
წერილი?
თაფლის სანთლად ქცეულიყო წერილი.
კაკუნი მომესმასავით...
გასაღებად წამოვიწიე.
ჰკითხე ვინაა... იქნებ სიკვდილია.
ვკითხე.
კუმისის რძე მოგიტანე...
ცოტა ხანს დამელოდეთ... ვიცმევ.
კეთილი.
სწრაფად გადავძვერი სარკმლიდან, ჩავუყევი საწვიმარ მილს, შემოვედი სადარბაზოში და მეორე სართულზე .ჩემს კარს მივადექი.
არავინაა და კარი ოდნავ შეღებულია...
შევედი და... ზის სავარძელში ჩემი ორეული, ერთ ხელში ორი კატის თოჯინა უკავია და მეორეში სანთელი...
ორივემ ერთდროულად ვთქვით: მე მე ვარ, თუ შენ ხარ მე?
დიდი ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებთ ერთმანეთს...
სარკე არ დგას ბინაში, რომ ანარეკლად მივიჩნიო...
ვინ ხარ? --- ვეკითხები.
თავად ვინ ხარ? --- მპასუხობს.
ცოტა გონს მოვეგე და ისევ ვეკითხები: რომელი წელია?
6102 --- მპასუხობს.
აქ 2016.
რატომ ამბობ უკუღმა? --- მეკითხება.
საოცრად გამიხარდა თავის ხილვა მომავლიდან.
სტუმარი ღვთისაა! --- ვეუბნები. რა გინდა აქ, წარსულში?
შენ რაღა გინდა აქ, მომავალში?
გავიხედოთ ერთად სარკმელში და რასაც დავინახავთ გარეთ, ის იქნება ნამდვილი.
გავიხედეთ.
მე 2016 წლის რეალობებს ვხედავ, ის კი 6102-ისას.
მიხარია.
გაოცებული მეკითხება: რა გიხარია შე პაპუასო?
4000 წელი კიდევ იცოცხლებს ეს კაცობრიობა და ეს მიხარია --- გადარჩენა!
მწარედ ეღიმება --- იცი სად იყავი ეს 4100 წელი, რომ ასე გიხარია?
ცივად გამცრა პირველ ორ ციფრზე... ავაჰმე ოცნებავ...
სად ვიყავი?
ვიყავით.
უფრო გამაცია: არ თქვა ახლა --- ჯოჯოხეთშიო.
უარესში.
მერე?... როგორ გადავრჩით?
ვინ გითხრა რომ გადარჩი?
ამის სათქმელად მოხვედი მომავლიდან შე ზეპაპუასო?...მე სადღა მიმატოვე?
წარსულში.
რატომ?... და აბა შენ ვინღა ხარ.. ქურდი?
რა არის სიტყვა ქურდი?
აგიხსნი: შენამდე ხომ მე ვიყავი?
კი. --- ახლა მე ვარ და შენ აღარ ხარ, იმიტომ რომ დაწუნებული ძველი მოდელი ხარ, მე კი განახლებული.
რობოტები ვართ?
ხოც და არაც --- შენ ხარ ცოცხალი რობოტი ჟანგიან მოდელში, მე კი აღარ ვარ რობოტი და წარსულის ხარვეზების აღმოსაფხვრელად ვიღვწი.
ეგ როგორღა?
ხარ და არცა ხარ --- მე კი ვარ და სულ ვიქნები, ამიტომ წარსული მძიმე ტვირთად მაწვება... მრცხვენია.
რისი და ვისი?
ყველა წინა ჩემი მოდელის....
მერე? --- რას გვიპირებ წინა ინკარნაციებს...გვხოცავ?
არა! --- რომ დაგხოცოთ, მეც გავქრები უკვალოდ.
პირიქით! --- უნდა გაგაძლიეროთ აწმყოებში, მოგიაროთ და გიპატრონოთ
მფარველი ანგელოზივით, რათა მეც არ გავქრე.
საიდან უწყი გაქრობის ალბათობაზედ?
როდესაც მომავალი ქრება --- ვბრუნდები უკან შეცდომების გამოსასწორებლად და ახლაც აქ ამიტომ ვარ ჟანგიანო პაპუასო... შე მართლა პაპას ასოვ....
ორივეს ხარხარი აგვიტყდა... ჩავბჟირდი, ვიგუდები...
სიცილით ვკვდები.... კუბოში.
ბოლო სიტყვები მესმის --- აღდგომა და ხვალეო!
გონს რომ მოვედი:
ოთახში აღარავინაა და სარკმლის რაფაზე ვიღაცის კატა კნავის...
This post has been edited by triumpi on 2 Aug 2016, 15:28