2019 წლის მწვანე ბარათის გათამაშების წესები
(The American DV-2019 Green Card Lottery)
გადავწყვიტე დავეხმარო იმათ, ვისაც სურს 2019 წლის მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება და არ იციან წესების შესახებ, თუ ვის შეუძლია ლატარიაში მონაწილეობის მიღება და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდე ამისთვის. თავის დროზე მეც ძალიან დაინტერესებული ვიყავი და ყველგან ვეძებდი ინფორმაციას. შარშან მე თავად შევავსე ანკეტა და ოჯახმა მოვიგეთ. ძალიან დიდი სიხარულია და მინდა ყველა იმ პიროვნებას ვისაც ეს ჭირდება მივაწოდო ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც ამ წლის მწვანე ბარათის გათამაშებას შეეხება. მაშ ასე:
წლევანდელ ლატარიას ეწოდება DV-2019, რაც იმას ნიშნავს, რომ ლატარიაში მოგებულ აპლიკანტს, მას შემდეგ რაც საკონსულოში წარმატებით გაივლის გასაუბრებას და მიიღებს 6 თვიან ვიზას, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება შეეძლება 2019 წლის იანვრიდან.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ლატარიაში მონაწილეობის უფლება გქონდეთ:
1) დაბადების ქვეყანა - იმისათვის რომ ლატარიაში მონაწილეობა მიიღოთ, საჭიროა იმ ქვეყნაში იყოთ დაბადებული, რომელი ქვეყანაც მონაწილეობას იღებს ლატარიის გათამაშებაში. ხალხი რომელიც ისეთ ქვეყანაში არიან დაბადებულნი, საიდანაც მაღალი ემიგრაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მონაწილეობას ვერ მიიღებენ ლატარიის გათამაშებაში. ეს არის იმ ქვეყნების სია, სადაც დაბადებული ადამიანები წლევანდელი ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ: ბანგლადეში, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, კოლუმბია, დომინიკის რესპუბლიკა, ელ სალვადორი, ჰაიტი, ინდოეთი, იამაიკა, მექსიკა, ნიგერია, პაკისტანი, პერუ, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი და დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ირლანდიის ჩათვლით. აღნიშნული ქვეყნების სია არაა მუდმივი და ყოველწლიურად შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით შემცირდა, თუ გაიზარდა ამ ქვეყნებიდან ამერიკის მიმართულებით ემიგრაცია. სიას შეიძლება დაემატოს ახალი ქვეყნები, ან პირიქით აკრძალვაში მყოფი ქვეყანა გამოაკლდეს. აქ კიდევ არის ერთი ნიუანსი, კერძოდ თუ პიროვნება ისეთ ქვეყანაშია დაბადებული, რომელი ქვეყანაც ლატარიაში მონაწილეობას ვერ იღებს, ამ პიროვნებას მაინც შეეძლება ლატარიაში მონაწილეობის მიღება იმ შემთხვევაში, თუ მისი მეუღლე იქნება ლატარიაში მონაწილე ქვეყანაში დაბადებული.
2) განათლება ან სამუშაო გამოცდილება - სრული საშუალო სკოლის განათლება და ამის დამდასტურებელი ატესტატი (კარგი იქნება თუ დანართის სახით ნიშნების ფურცელიც გექნებათ). თუ არ გაქვთ სრული საშუალო სკოლის ატესტატი (კომუნისტების დროს იყო 10 წლიანი, შემდეგ 11 წლიანი და ახლა 12 წლიანია) გასაუბრებას ვერ გაივლით წარმატებით და ვიზას ვერ მიიღებთ. ტექნიკუმის, ინსტიტუტის და უნივერსიტეტის დიპლომს მხედველობაში არ მიიღებს კონსული სკოლის ატესტატის გარეშე. თუ არ გაქვთ სკოლის ატესტატი, მაშინ არის ერთი გამოსავალი და აუცილებელი მოთხოვნა ლატარიის წესების მიხედვით. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა გქონდეთ გარკვეულ სამუშაობზე. აქ არის ლინკი სადაც შეგიძლიათ ნახოთ თუ რომელ სამუშაოს ჩაგითვლიან
http://www.usadiversitylottery.com/jobs.html . ვიმეორებ თუ არ გაქვთ სრული საშუალო სკოლის ატესტატი, ან ზემოთაღნიშნული სამსახურებიდან ერთ-ერთის ბოლო 5 წლის განმავლობაში 2 წლიანი მუშაობის სტაჟი, მაშინ ლატარიაში გამარჯვების შემთხვევაში ვიზას ვერ მიიღებთ და ტყუილად გადავარდებით დიდ ხარჯებში.
ეხლა რაც შეეხება თუ ვინ უნდა მიუთითოთ ლატარიის აპლიკაციაში. ანკეტის შევსების დროს აუცილებელია მიუთითოთ მეუღლე, გარდა იმ შემთხვევისა თუ ოფიციალურად ხარ განქორწინებული. დაიმახსოვრეთ ოფიციალური განქორწინება ნიშანვს, რომ იუსტიციის სახლიდან აღებული გაქვთ განქორწინების მოწმობა. თუ სასამართლოში გაქვთ შეტანილი განქორწინებაზე, მიუხედავად იმისა რომ სასამართლო გამოიტანს განჩინებას თქვენს განქორწინებაზე, არ ჩაგეთვლებათ განქორწინებად ოფიციალურად მანამდე, ვიდრე განჩინებას არ დაარეგისტრირებთ იუსტიციის სახლში. გაითვალისწინეთ აპლიკაციის შევსების მომენტში თუ არ ხართ ოფიციალურად განქორწინებული, მაშინ არ მიუთითოთ ანკეტაში რომ განქორწინებული ხართ. ანკეტაში აუცილებელია ყველა 21 წლამდე შვილების მითითება, თუ ეს შვილები არ იმყოფებიან ოფიციალურ ქორწინებაში. თუ შვილი ანკეტის შევსების დღეს უკვე არის 21 წლის, მაშინ ანკეტაში არ მიუთითოთ, მას დამოუკიდებლად შეუძლია გათამაშებაში მონაწილეობის მიღება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, შვილებში იგულისხმება წინა ქორწინების, მეუღლის წინა ქორწინების და ასევე აყვანილი შვილები. მიუხედავად იმისა მეუღლე, ან შვილი აპირებს თუ არა ამერიკაში ემიგრირებას თქვენ ვალდებული ხართ ანკეტაში მიუთითოთ, მერე იმათი უფლებაა წამოვლენ თუ არა.
აი ეს მოთხოვნებია იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა. დანარჩენი ნიუანსების შესახებ, როგორიცაა ანკეტის შევსება, ძალიან ადვილია და თუ ვინმეს სურვილი ექნება დავუწერ აქ ფორუმზე, როგორ ივსება. ყველას გისურვებთ წარმატებას.