VIP Blogger
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2722
წევრი No.: 145645
რეგისტრ.: 29-March 12
|
#49907787 · 11 Feb 2017, 18:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1983 წლის ნოემბერი იდგა. მეგობრები ერთ-ერთის სახლში ვქეიფობდით და როცა გარეთ გამოვედით და ტაქსი გავაჩერეთ, აღელვებულმა მძღოლმა გვითხრა: აეროპორტიდან მოვდივარ და ახალგაზრდებს თურმე თვითმფრინავის გატაცება დაუპირებიათო. მეორე დღეს მთელი თბილისი ლაპარაკობდა ამაზე. მე მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ღამის სექტორის სტუდენტი ვიყავი და საავტომობილო გზების სამინისტროს კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობდი. შემდეგ ცოტა ხნით საბურთალოს რაიკომში გამგზავნეს სტაჟირებაზე. ამ დროს რაიკომის მდივანი შოთა დოღონაძე (შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) მეძახის და მეუბნება: ახალგაზრდა ხარ, ნუ დაგეზარება, წადი ქალაქკომში აბესალომ იმედაშვილთან, (იდეოლოგიის განყოფილების გამგე იყო) რაღაცას გადმოგცემს და პირდაპირ მე მომიტანეო. რა თქმა უნდა, შევასრულე ბ-ნ შოთას დავალება და აბესალომ იმედაშვილს თავის კაბინეტში მომცრო შეკვრა გამოვართვი. როცა შოთა დოღონაძეს შეკვრა გადავეცი მითხრა: აბესალომ იმედაშვილმა დამირეკა და მისაყვედურა: ასეთ ახალგაზრდას, ასეთი საქმე რატომ ანდეო. მე გამიკვირვება გამოვხატე, რა რთული საქმე ეს იყო-მეთქი. მაშინ რაიკომის მდივანმა მიპასუხა: საქმე იმაშია, რომ შენ ახლა თვითმფრინავის გამტაცებლების სასამართლო პროცესზე ერთჯერადი დასწრების საშვები მოიტანეო. ( საშვები საბურთალოს რაიონის საწარმო-დაწესებულებებში უნდა გაენაწილებინათ) კაბინეტიდან გარეთ გამოსულმა ვერ მოვისვენე და ისევ უკან შევბრუნდი. შოთა აკაკიევიჩ! ხომ იცით მე იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობ, მერე?- ამომხედა გაღიმებულმა შოთა დოღონაძემ. საშვები ხომ მე მოვიტანე ?! კი მოიტანე-ახლა უკვე იცინის ბატონი შოთა, ჰოდა ერთი ცალი არ მეკუთვნის?! გეკუთვნის-მითხრა და შეკვრიდან ერთი საშვი ამოიღო. დათო ტურაშვილი წერს: „სასამართლო დარბაზში უმრავლესობას კაგებეს თანამშრომლები შეადგენდნენ და მხოლოდ ბრალდებულების მშობლებს მისცეს პროცესზე დასწრების უფლება და არავის სხვას-მათ შორის გატაცებული თვითმფრინავის ყოფილ მგზავრებსაც. მგზავრებიდან მხოლოდ ისინი შეარჩიეს, ვინც მათი აზრით, მხოლოდ იმას იტყოდა, რაც ხელისუფლებას სურდა.“ „კაგებეს“ თანამშრომლების რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველოს უმაღლეს სასამართლოში გამართულ პროცესებს ძირითადად თბილისის რაიკომების მიერ შეკრებილი პირები ესწრებოდნენ. აქედან ვიღაცას იმდენად არ აინტერესებდა რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში, რომ გაზეთი „ლელო“ გაშალა და კითხვას შეუდგა. მოსამართლე თეიმურაზ გერსამია ამ პროცესით გახდა პოპულარული. ერთ-ერთი მსაჯული ვაგონშემკეთებელი ქარხნის მუშა კონსტანტინე ილურიძე იყო, ( თბილისის საპატიო მოქალაქე და სოციალისტური შრომის გმირი). მე ასევე ვიცანი სასამართლო სხდომის მდივანი- შოთა ასათიანი. მაშინ ბ-ნ შოთა ასათიანი სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. პროცესზე სახელმწიფო ბრალმდებლად გამოდიოდა რესპუბლიკის პროკურორის - ანზორ ბარაბაძის მოადგილე იოსელიანი. იოსელიანს ქართულად გამოსვლა უჭირდა, ამიტომ პროცესის მიმდინარეობისას ივერიელებიდან ერთ-ერთმა ურჩია, რომ რუსულად ელაპარაკა, მაგრამ იოსელიანმა რჩევა არ მიიღო და ქართულად გააგრძელა გამოსვლები. ლეკიშვილები იგივე ივერიელები პროფესიით ექიმები იყვნენ. კახა და პაატა ივერიელების მამა პროფესორი ვაჟა ლეკიშვილი ენდოკრინოლოგი იყო და როგორც ამბობდნენ, ერთ დროს, ედუარდ შევარდნაძესაც მკურნალობდა. პროცესზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა აღნიშნა: როცა ჩემი ნათესავი თვითმფრინავში დაიჭრა კახა ივერიელმა მითხრა ჭრილობაზე თუთუნი დააყარე და სისხლდენა შეჩერდებაო. ამან მოსამართლე გერსამია დააინტერესა და იკითხა: რა ქენი მერე, შეუჩერდა სისხლდენაო, არ შეუჩერდაო - უპასუხა დაზარალებულმა. მაშინ მოსამართლემ ჩაილაპარაკა: თუთუნით რომ სისხლდენა შეგეჩერებინა ნობელის პრემიას მოგცემდნენო. პროცესზე მომეჩვენა რომ, განსასჯელები მაინცდამაინც ახლო მეგობრულ დამოკიდებულებაში არ იყვნენ სასულიერო პირ თემურ ჩიხლაძესთან. ჩიხლაძის გამოსვლები მათში ღიმილს იწვევდა. თემურ ჩიხლაძეს პაატა ივერიელისთვის ადრე უთქვამს: ისეთი შესახედაობა გაქვს, რომ შენით აუცილებლად ჰოლივუდში დაინტერესდებიანო. განსასჯელებიდან ყველაზე ცნობილი მსახიობი გეგა კობახიძე იყო. პროცესზე მან განაცხადა, რომ ის როგორც ბაპტისტი, მათი თავკაცის მოწოდებას- „ყველა ბაპტისტი ამერიკაში შეკრებილიყო“ აჰყვა და ამიტომ აპირებდა საბჭოთა კავშირის დატოვებას. ამასთანავე, პროცესზე ბაპტისტების თავკაცის მოწვევაც მოითხოვა. მოსამართლე გერსამიამ ამაზე რეაგირება არ მოახდინა. სალომე ზურაბიშვილი წერს: „ერთ ღამეს ტელეფონმა დარეკა... ყურმილში ჩემი ქმრის ბიძაშვილის აღგზნებული და ბედნიერი ხმა გაისმა, რომელიც თბილისიდან რეკავდა, ის აშკარად ქეიფიდან დაბრუნებულიყო და შეზარხოშებული ჩანდა; არ მახსოვს, რომელ დღესასწაულს გვილოცავდა და გვპირდებოდა, რომ მალე შევხვდებოდით. მაგრამ სად, რას ამბობს? მისი არეული საუბარი ღვინოს დავაბრალეთ. რამდენიმე დღის შემდეგ საშინელი ამბავი შევიტყვეთ. ამ ახალგაზრდამ და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, საბჭოეთის საპატიმროსთვის თავი დაეღწიათ -ერთ-ერთი მათი მეგობრის საქორწილო მოგზაურობის დროს შეეცადნენ, შიდა რეისის თვითმფრინავი იძულებით სტაბოლისაკენ წაეყვანათ, შემდეგ კი პარიზში ჩასულიყვნენ და ნათესავები, ანუ ჩვენ ვენახეთ, მაგრამ თვითმფრინავი უკან, თბილისში დააბრუნეს და აეროდრომზე დასვეს. ზოგიერთი „ პირატი,“ მათ შორის ჩვენი 26 წლის ახალგაზრდა ბიძაშვილი, თვითმფრინავში, ადგილზევე დახოცეს, დანარჩენები დააპატიმრეს.“ როგორც ჩანს, ჯგუფი „საიდუმლეობას“ ვერ ინახავდა. ერთ-ერთმა მოწმემ სასამართლოზე ისიც თქვა, რომ გეგა რუსთაველის თეატრში აპირებდა მუშაობის დაწყებას და საზღვარგარეთ გასტროლების შემდეგ, აღარ დაბრუნდებოდაო. იმ დროს, საქართველოში ქალაქიდან ქალაქში ვერ დარეკავდი სატელეფონო სადგურის მეკავშირის გარეშე და შენს საუბარს აუცილებლად მეკავშირე უსმენდა. პარიზში დარეკვის დროს თბილისელი მეკავშირე მოსკოველ მეკავშირეს აძლევდა შეკვეთას, ხოლო ის პარიზს უკავშირდებოდა. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილის ნათესავი თბილისი-მოსკოვი-პარიზის ხაზზე უნებლიეთ ყველას აგებინებდა თავის განზრახვას. 1970 წელს სამგზავრო თვითმფრინავი Ан-24 ბათუმიდან სოხუმში მიფრინავდა. ლიტველმა მამა-შვილმა პრანას და ალგირდას ბრაზისკასებმა ეკიპაჟი აიძულეს თვითმფრინავი ტრაპიზონის აეროპორტში დაესვათ. ალგრირდას ბრაზისკასი მაშინ 15 წლის იყო. (ბრაზისკასებმა მოკლეს ბორტგამცილებელი) ლიტველები თურქეთში დაიჭირეს. შეწყალების შემდეგ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ და იქ არც თუ ისე წარმატებულად ცხოვრობდნენ. საბჭოთა სასამართლომ (მოსამართლე სუმბათაშვილი) მამა-შვილი დაუსწრებლად 1974 წელს გაასამართლა და მამას დახვრეტა, შვილს კი ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 1988 წელს ქალაქ ორჯონიკიძეში ტერორისტებმა პაველ იაკშიანცის მეთაურობით, დააკავეს ავტობუსი, რომელშიც მასწავლებელთან ერთად, სკოლის მოსწავლეებიც ისხდნენ. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ტერორისტებმა, იარაღი ფული და საზღვარგარეთ გაფრენა მოითხოვეს. მთავრობამ მოთხოვნები დააკმაყოფილა და ტერორისტებიც მინვოდის აეროპორტიდან, Ил-76 -ით ისრაელში გაფრინდნენ. ისრაელში ჩაფრენილ საბჭოთა ტერორისტებთან მოლაპარაკება თავდაცვის მინისტრმა იცხაკ რაბინმა გამართა. ტერორისტებმა ისრაელს საბჭოთა მთავრობის მიერ მიცემული მილიონი დოლარი შესთავაზეს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისკენ გზის გახსნის სანაცვლოდ. ისრაელში ქრთამზე უარი განაცხადეს და ტერორისტები საბჭოთა კავშირს გადასცეს. 1989 წელს პაველ იაკშიანცს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, სამ მის თანამზრახველს კი 14 წლით პატიმრობა. აღსანიშნაია, რომ ქართველი თვითმფრინავის გამტაცებლები თვითმფრინავის თურქეთის მიმართულებით გაფრენას მოითხოვდნენ, ხოლო თუ ეს არ მოხდებოდა, ისრაელისკენ ითხოვდნენ გეზის აღებას. მალხაზ კოხრეიძე
|