მეორე მდედრი

ჰოდა რა ხდება ახლა, რასთან გვაქვს საქმე:
ეს წერილწაღებული მანდილოსანი გახლავთ ემანსიპირებული მდედრი, რომელმაც გადაწყვიტა ჩემს კონსერვატორ დაქალთან ერთად კაფეში შევალ, რამეს დავლევთ, ვიჭუკჭუკებთ ჭეშმარიტ ღმერთზე, ამ მთისას და იმ ბარისას მოვყვებით და ასე, ტკბილად გავლევთ ჩვენთვის ბოძებული რამდენიმე ათეული წლიდან ერთ-ერთი დღის რამდენიმე საათს თუ არა, წუთს მაინცაო. ჰოდა შევიდნენ კაფეში (მე არ შევედი კაფეში) და დასხდნენ, ემანსიპირებულმა მდედრმა წარმოსთქვა, შენ კი დამლახვრე შაითან და ამომბუგე ჯაჰანამის ცეცხლში, როგორ მცხელაო და მერე ჩუმად უჩურჩულა დაქალს, წყალი უფასოა ჰეჰეჰე-ო და ოფიციანტს შეუძახა - ეი, შენ! ონკანის წყალი მომართვი, ონკანის წყალი თუ გექნებაო... დაქალი შეცბა, თვითონაც წყლის აღება ჰქონდა განზრახული და რადგან ვერაგმა თანამეინახემ დაასწრო, ეს იმას ნიშნავდა, რომ თავად მოუწევდა მსხვერპლის გაღება (ა.კ.ა. რამე ისეთის აღება, რისი ასახვაც ანგარიშში იქნებოდა შესაძლებელი), ჰოდა სანამ თავხედი მდედრი წყალს არხეინად წრუპავდა, ერთი ფინჯანი თურქული ყავა შეუკვეთა, ეგებ ჩამწარებული ხასიათი მაგან ცოტა მაინც მომიტკბოსო და ბარემ, რადგან ხარჯია, კიტრი-პამიდვრის სალათაც ჩამიჭერი, ოღონდ უხახვოდო.
თუმცა ამას არ დასჯერდა ემანსიპირებული მდედრი. დაინახა წინ სიმპათიური, ჩამოყალიბებული მამრი მიზისო (ასაკშია და უკვე კარიერაც აწყობილი ექნება და ჩემი ჰაერში გამოკიდებული სწენკაც როდემდე უნდა ვატარო ლოკოკინას ნიჟარასავითო) და გადაწყვიტა თვალისათვის უფრო საამო გავხდები და მაკიაჟს შევისწორებ, ერთ ფენა პომადას კიდევ გადავისვამო (წყლის სმისას პომადაც ჩააყოლა და ძველებურად ვეღარ უღუოდა ბაგენი) გახსნა ჩანთა, ამოიღო თავისი წვრილმანი საკოხტაოები და გასწია საპირფარეშოსაკენ, თუმცა, როგორც ზემოთ დავინახეთ, ენაზე კბილის დაჭერაში მსოფლიო ჩემპიონი ნამდვილად არ გახლდათ და თავისი მზაკვრული მიზნების შესახებაც ერთი-ორი სიტყვა გადასტყორცნა მაგიდის მეორე მხარეს. მაგრამ ჰოი უბედურებავ! არა უწყოდა მან, რომ ის მამრი, ვისაც თვალი დაადგა, მისი კონსერვატორი დაქალის ბავშვობის სიყვარული და მწიფობის ხანის ღამის ოცნება გახლდათ! (სწორედ ამიტომ ზის შეფუთული მდედრი ზურგით, ემანდ არ დამინახოსო, ერიდება რა)... ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა კონსერვატორი დაქალისთვის! წამოხტა და საპირფარეშოსაკენ გაემართა! თან დანას დასტაცა ხელი, ბარემ ჩესტზე თუ შემეხო, ასაჩეხი იქნება და იარაღი თან მქოდესო. შევიდა და ეუბნება, შენო, დაო, რანაირად იქცევიო. იცი ეგეთ საქციელს ჩვენში რას ეძახიანო. იმ მეორემ დაუძაბა, აბა რას ეძახიანო, რას და ბოზობასო. გაიმეორე რა თქვიო და საჩხუბრად გამოიწია. ამან დანა აწია და სახესთან დაუტრიალა, რამე ხო არ გეშლება, ამ დანას ვერ ხედავ, ზედმეტი არ მიქაროო. ემანსიპირებულმა მდედრმა მაგაზე, ჩემი შენ გითხარი, მუშტებით ბრძოლაში დანა მოიტანე, მაგას ჰქვია ბოზობა თუ ჰქვიაო. აააიტ, ჩესტს შეეხეო?! შესძახა თავსაფრიანმა, იცოდე არ დაგინდობო. იმან - აბა ვნახოთ რისი თავი გაქვსო! ჰოდა ამ მეორემ დაარტყა. მერე უცებ გაიაზრა შარი ავიკიდე, ახლა ჯობია დავტყდეო, მაგრამ ეგრევე ხომ ვერ დატყდებოდა, საეჭვო იქნებოდა. ჰოდა შევარდა უკან დარბაზში და განერვიულებული და უცებ დაჰკრა თავში დანა დამრჩა იქო. ხომ ვერ შებრუნდებოდა, უცებ დაინახა რომ წინ მჯდარ წითლიან მამრს, ანუ მისი ინტერესის ობიექტს, ისე მოსწონებოდა თავისი საკვები, თვალებმინაბული ნთქავდა, ცალ ხელში ჩანგლით. მეორეში - ჩაბღუჯული პურით. დანა მარცხნივ იდო. გასვლისას ჩუმად ააცალა ეს დანა, მივიდა თავის მაგიდასთან, დანა სადაც მოუხვდა, იქ დადო (მარჯვნივ), როგორც იქნა, ამოისუნთქა და ასე ამოსუნთქული სკამზე დაებერტყა, თან ხელები მაგიდაზე დაჰკრა (მაგიტომ ზრიალებს თეფში). მიმტანი, რომელსაც ზედა მაგიდიდან ნარჩენები მოჰქონდა, გაოცებული შემოტრიალდა, სიცხე ხომ არ აქვს ამ ქალსაო, სხვებმა კი არ შეიმჩინიეს, იმიტომ რომ დედიკოებმა ასწავლეს, რაც თქვენი საქმე არაა, იქ ცხვირს ნუ ჩაყოფთო. ასე გასრულდა ამბავი ესე.
მორალი: ძილი კარგია.
This post has been edited by Winterblade on 17 Aug 2017, 06:23