ადრე როცა დიპლომს ვწერდი მაგისტრატურისათვის, ხევზე გარკვეული ინფორმაცია მოვაგროვე და იქ ხდის ხეობაზეც ეწერა
თერგის მარჯვენა შემდინარეებიდან მხოლოდ ხდისწყალს (რუსულად “კისტინკას”) შეიძლება ყინვარული მდინარე ეწოდოს. გაცილებით ნაკლებად საზრდოობს ყინვარებით მეორე შემდინარე სნოსწყალი. თერგის მარცხენა შემდინარეები, პირიქით, თითქმის ყველა ტიპობრივ ყინვარულ მდინარეებად გვევლინება და სათავეს ხოხის ქედზე ღებულობს (მდ. რესდონი, სუათისდონი, მნაისდონი, ჩხერი, ყაბახი). უდიდესი ყინვარები – სუათისი, ორწვერი, დევდარაკი 6-7 კმ სიგრძისაა.
თერგის ხეობის მერიდიანული მონაკვეთის აღმოსავლეთით და სნოს ხეობის ჩრდილოეთით ამართულია ხდის მთათა ჯგუფი, რომელიც გვერდითი ქედის ნაწილად გვევლინება. ამ მთების კალთებიდან გამოედინება თერგის მარჯვენა შემდინარეები ხდისწყალი და არმხი. აღნიშნულ ჯგუფში ანუ კვანძში შედის სამი მერიდიანული ქედი-ყურო, შავანა და კიდეგანი, რომელთა სამხრული ბოლოები ერთმანეთთან განედური ქედითაა გადაბმული.
ყუროს ქედი, რომელიც თერგისა და ხდისწყლის წყალგამყოფს წარმოადგენს, დავირგვინებულია ყუროსწვერისა (4091 მ) და შინოს (3948 მ) მწვერვალებით. იგი უშუალოდ დასცქერის თერგის მერიდიანულ ხეობას და სოფელ ყაზბეგს; მისი კალთებიდან დასავლური მიმართულებით ,,ხევის პატარძლის" - მყინვარწვერის თეთრად მოქათქათე კონუსისა და მისი კალთებიდან ჩამოწოლილი ორწვერ-აბანო-დევდარაკის ყინვარების ხედი იხსნება.
შავანას ანუ შანის ქედი ხდისწყლისა და არმხის წყალგამყოფია. იგი ყუროს ქედზე საგრძნობლად მაღალია, - მისი უმაღლესი მწვერვალი შავანა (შანი) ზღვის დონიდან 4430 მეტრს აღწევს და ამრიგად აღმოსავლეთი კავკასიონის მესამე მწვერვალს წარმოადგენს სიმაღლის მიხედვით[1].
ეს ქედები აგებულია ქვედაიურული თიხაფიქალებით, რომლებიც მთის ბროლის კრისტალების შემცველი კვარცის ძარღვებით არის გამსჭვალული, შავანის ქედის ორივე ფერდობზე და ყუროს ქედის აღმოსავლურ ფერდობზე რამდენიმე ჩამოკიდებული და ცირკული ყინვარია. ზემოდასახელებული სამი ქედის შემაერთებელი განედურ სერზე ორი უნაგირასებრი დადაბლება არსებობს _ უღელტეხილები, კიბე და სამთრეზლოსღელე, რომლებითაც გადადიან საცალფეხო ბილიკები სნოს ხეობიდან ხდისწყლისა და არმხის ხეობებში. აღნიშნული სერის დასავლური ნაწილის კალთაზე, ხდისწყლის სათავეში ჩაწოლილია მნიშვნელოვანი ყინვარი კიბე, რომელიც ადამიანთა 2-3 თაობის თვალწინ ხეობური ყინვარიდან ცირკულ ყინვარად იქცა.
ხდისწყალი (Кистинка) სათავეს კიბის ყინვარიდან ღებულობს, ზოგადად ჩრდილო-დასავლეთისაკენ გაედინება და თერგს სოფ. გველეთს ქვემოთ 3 კმ მანძილზე შეერთვის.
შავანასა და ყუროს ქედების ფიქლოვანი მაღალი კედლებით გარშემოზღუდული ხდე კლდეების, ღორნალების, ყინვარების, ალპური მდელოებისა და ჭორომ-ჩანჩქერიანი ნაკადების განმარტოებულ სამეფოს წარმოადგენს. ხეობის ზემო ნაწილი საფეხურებიანი უტყეო ტროგის ხასიათს არატებს, თარაზული დაჭაობებული მოედნებისა და ჭორომ-ჩანჩქერიანი უბნების მორიგეობით. თითქმის სრული უქარობის მეოხებით, აქ ზაფხულობით არაჩვეულებრივი მრავალგვარი პეპლები დაფრენენ, ზამთრობით კი ჯოგებად ცხოვრობენ ჯიხვები და არჩვები, რომლებიც ამ დროს ხდის ხეობაში თავს უშიშრად გრძნობენ.
ხდისწყალი შუა ნაწილში ეროზიულ ხეობაში შედის, რომლის ციცაბო ფერდობები ფოთლოვანი ბუჩქნარითაა შემოსილი და შემდეგ, ჩაიჭრება რა დარიალის გრანიტულ მასივში, აქაფებული ჭორომების უწყვეტ კიბეს აჩენს. ამ თეთრი კიბის სიგრძე 4 კილომეტრია, სიმაღლე კი 300 მ.
1. საბაშვილი, მ. და ჯიკაევა, მ. ყაზბეგის რაიონის მთამდელოთა ნიადაგების შესახებ. “საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე“, ტ.11, #9, 1950.