ჩემი აზრით სვანეთი იყოფა "რამდენიმე ავტონომიურ ბუნების სფეროდ"
ბრჭალებში ჩასმული ტერმინი მე მოვიგონე გარკვეული ფიქრისა და დაკვირვების შემდეგ

მოკლედ იმის თქმა მინდა რომ თუ მანქანით იმოძრავებ სოფლებში მაშინ არც თუ ისე ცოტა რამეს ნახავ.
მაგრამ თუ გინდა რომ ტრანსპორტით ერთ სოფლამდე მიაღწიო და იქიდან გადახვიდ-გადმოხვიდე, ბევრის ნახვას ვერ მოასწრებ.
ზუსტი რჩევის მოცემა შენი კითხვიდან გამომდინარე ცოტა რთული და სპეციფიურია, მაგრამ ზოგად შაბლონებს მაინც გეტყოდი.
1. სოფელ ბეჩოში დაბანაკდი "შიხრას" ველზე (უშბის მთლიანი კორპუსი ამ სოფლიდან რომ ჩანს ლამაზად ეგრე ვერსაიდან ნახავ)
ამავე სოფელში სალაშქრო ადგილები და მაგარი ხედები უამრავ ადგილას არის, მაგალითად აუცილებლად უნდა ახვიდე "მეზ'რ"-ის ტბაზე
საიდანაც უშბის იშვიათ ხედს ნახავ და არამარტო უშბის. ზოგადად იმ არემარის უმშვენიერეს ხედებს, ბეჩოდანვე შეგიძლია მთა "ბახისკენ" გასწიო
და გზად უმშვენიერესი ჩანჩქერი "შდ'გრა" მოინახულო. ამავე სოფელში მთა გულისკენაც რეკომენდირებულია სიარული.
2. სოფელი ლატალი (უამრავი შუასაუკუნის ეკლესიით)
ლატალის ერთ-ერთი სოფლის "ლაჰილის" ზემოთ არის "მხერის" ეკლესია თავისი ულამაზესი ხედებით.
ამ სოფელში კიდევ არის ბევრი ლამაზი ადგილი და სოფელი! თუნდაც "სიდიანარი" და ა.შ
ახლა დავფიქრდი, შემდეგ უნდა დამეწერა სოფელ ლენჯერი, მერე მესტია მერე, მერე.... ანუ გამოდის რომ ყველა სოფელი უნდა შემომეთავაზებინა
რადგან რომელიმეს გამოკლება ამ სიიდან, საძნელო საქმედ მივიჩნიე. (მართლაც ასეა)
მაგრამ შენ ხომ ოპტიმალური მარშრუტი და რჩევა გჭირდება. ყველაფერს ხომ ვერ მოედები ერთ კვირაში.
მოკლედ გზაზე სოფელ ლენჯერის უამრავ ლამაზ კოშკს გადახედავ, შემდეგ მესტიის მარგალიტ კოშკებს ნახავ და მიხვდები რომ
განსაკუთრებული კუთხეა სვანეთი. დაფიქრდები, ნუთუ საქართველოში ასეთი საუნჯე გვაქვსო!
3. შემდეგ სოფელ მულახის ყველა სოფელი მოგხიბლავს. მის ერთ-ერთ თემს "ლახირს" რომ დაინახავ მისი 15 უძარღვესი ჯაჭვურად განლაგებული კოშკით
კულტურული შოკის დიდ დოზას მიიღებ (მიუხედავად იმისა რომ მსგავსი განცდები ლატალიდან მოყოლებული გექნება)
ნუ სოფელ მულახში თუ ჩახვალ. იქ სახეტიალო ადგილები ბევრია.
4. სოფელ მულახს მარცხნივ რომ მოიტოვებ, უღვირის უღელტეხილზე გადახვალ, იქვეა პატარა ტბა ტყეში, კარგი საპიკნიკე და საკარვე ადგილია.
5. უღვირის უღელტეხილიდან ჩახვალ სოფელ იფარში, გზაზე ისეთი ფიჭვნარია რომ სანამ სოფლამდე მიაღწევ ფილტვები გაწმენდილი გექნება

სუპერ სურნელოვანი გზაა.
იფარში აუცილებლად ნახე მისი ერთ-ერთი თემი "ნაკიფარი" სადაც მე-11 საუკუნის წმ. გიორგის ეკლესიის ცოცხალი ფრესკები აღტაცებაში მოგიყვანს.
იქვე აუცილებლად მოინახულე ვასო პირველის მიტოვებული სვანური სახლი სამრეთის მხრიდან.
6. ამის შემდეგაც იმდენია სანახავი რომ, რა გითხა

უბრალოდ შენზეა დამოკიდებული, სოფელ ადიშში ახვალ თუ არა, ან სოფელ წვირმიში.
თუ არადა გაუყვები უშგულის მიმართულებით გზას და ნახავ სოფელ კალას და ამავე სოფლის ერთ-ერთ ბორცვზე აუცილებლად წმ.კვირიკესა და ივლიტას ეკლესიას.
7. უშგული თავის ოთხივე თემით (სოფელ კალიდან 9 კილომეტრშია)
ნუ აქ რომ ააღწევ, შენ თვითონ დასახავ ორიენტირებს, არავინ აღარ დაგჭირდება მრჩევლად

თავად გაერკვევი ყველაფერში, იმდენად ცხადი იქნება შენთვის სივრცე. (პერმანენტული კულტურული შოკის ქვეშ იქნები)

სოფლის თავში წმ. ლამარიას ეკლესიასთან ახვალ და მისი ეზოდან გადმოხედავ უშგულს, ამ დროს ზურგსუკან შხარის გრანდიოზული კედელი გიდგას

აქ რაც დავწერე, ზღვაში წვეთია სვანეთის შესაცნობად, მაგრამ მთავარი სიმბოლოები მაინც არის იმისათვის რომ თქვა სვანეთი ნანახი მაქვსო