ნამყოფი ხართ ბირთვისში?

რამე იცით მის ისტორიაზე? ცოტას მე დავწერ და
ბირთვისის სურათებსაც დავდებ, თუ გაქვთ თქვენც დადევით
ბირთვისი ბირთვისი მდებარეობს ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, ალგეთის ხეობაში, მდინარიდან ჩრდილოეთით, ორიოდ კილომეტრზე.
ამ ციხის მშენებლებს აქ ძალიან მოხერხებულად გამოუყენებიათ ლანდშაფტის სირთულე, კერძოდ მეტად ძნელად მისადგომ მაღალ მთებს შორის იქმნება ბუნებრივი სიმაგრე. ამას გარდა აქ ბევრი სხვა მთაც მდებარეობს და ციხის მშენებლებს კედლით შეუერთებიათ მთების ეს ხაზი და დაახლოებით ერთი კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია შემოუფარგლავთ. ყველაზე მაღალ ადგილას კი დგას კოშკი (“შეუპოვარი”), საიდანაც შეიძლება დაზვერვა. აქ ასევე არის საცხოვრებელი და სამეურნეო ხასიათის შენობები, არის წყალსაცავიც.
ბირთვისის ციხე ისტორიულ წყაროებში იხსენიება მეთერთმეტე საუკუნიდან, როცა კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისის ამირა და ციხე ჩამოართვეს. ციხის ნანგრევებს შორის არის როგორც განვითარებული ფეოდალიზმის, ასევე გვიანფეოდალური ხანის ნაგებობები.
თავის დროზე ეს ციხე ითვლებოდა აუღებლად, მაგრამ 1403 წელს თემურ-ლენგმა თავისი მერვე ლაშქრობის დროს მოახერხა მისი აღება, თუმცა ამას დიდი დრო და ძალა მოანდომა ციხის მიუდგომლობის გამო-ქართველებს დიდძალი სურსათ-სანოვაგე და წყალი მოემარაგებინათ, ამასთანავე თვითონ ციხეც კარგად იყო გამაგრებული, რომელსაც ვინმე ნაზალ ერისთავი (სხვა ცნობით-თორელი 30 დიდაზნაურით და 150 მეომარით) განაგებდა.
თავდაპირველად თემურმა წარუმატებლობა განიცადა და ამით განრისხებულმა ბრძანა ციხისათვის მისი ხანგრძლივი ალყის მიზნისათვის სამი მხრიდან ციხე აეგოთ, მაგრამ ვერც ამით გახდა რამეს. თემურმა ბოლოს მექრითები იხმო. ისინი იყვნენ კლდეზე ცოცვაში გაწაფული მეომრები, რომელთან ერთად თემური თვითონ ნადირობდა ხოლმე სავსებით მიუდგომელ ადგილებში. მან აღუთქვა ურიცხვი სიმდიდრე იმ მეომარს ვინც კედელზე ავიდოდა. ერთმა მეომარმა სახელად ბეგიჯაგმა ეს დავალება წარმატებით შეასრულა და კედელზე თოკებით ავიდა და თან ოთხასსაფეხურიანი თოკის კიბეც აიტანა. მთელი ღამის განმავლობაში თემურის ჯარი ადიოდა ამ გზით და ასულნი ორად გაიყვნენ შაჰმალექის მეთაურობით-ერთმა ნაწილმა ბრძოლა დაუწყო ქართველებს და მეორემ ალაყაფის კარი გააღო. ქართველებს კი ეს კედელი რაკი მიუვალად ჩანდა, ამ მიმართულებით ყურადღება მოდუნებული ჰქონდათ და როცა მტერი მოულოდნელად თავს დაესხათ, ისინი დამარცხდნენ და ციხეც დაეცა 1403 წლის 12 აგვისტოს სამკვირიანი ბრძოლების მერე. თემურმა კი დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა ეს მოვლენა. საზეიმო დიახაც რომ ჰქონდა შუააზიელ ხეიბარ მბრძანებელს!
შემდეგი პერიოდის ბირთვისის ისტორიიდან აღსანიშნავია შაჰ-თამაზის დაპყრობითი ომების ერთ-ერთი ეპიზოდი.
მას შემდეგ რაც ამ შაჰმა ზემო ქართლის (იგივე მესხეთი) საქმეები მოაგვარა, 1541 წელს მეფე ლუარსაბთან საომრად წავიდა, ჯერ თრიალეთს მიადგა და ჩვეულისამებრ ააოხრა, მერე კი საბარათიანოს (ქვემო ქართლი) მიადგა. ამ მხარეში მხოლოდ ბირთვისი დარჩა აუღებელი. სპარსეთის მბრძანებელმა მისი აღებაც მოინდომა, მაგრამ კოვზი ნაცარში რომ ჩაუვარდა, ცბიერებას მიმართა: შეუთვალა იქ მყოფთ თუ დამნებდებით არაფერს დაგიშავებთო და ციხის დამცველებიც ამაზე დათანხმდნენ. შაჰმა კი მაშინვე აჩვენა ყველას რა ფასიც ჰქონდა მის დაპირებებს-ყველანი ტყვედ აიყვანა რამდენიმეს გარდა რომლებმაც თავის დახსნა მოახერხეს.
ბირთვისთან არის დაკავშირებული სპარსეთის წინააღმდეგ გიორგი სააკაძის ბრძოლის ერთი მომენტიც. ამ მხარისა და აგრეთვე ბირთვისი მფლობელი ქაიხოსრო ბარათაშვილი (სხვათა შორის ქვემო ქართლი ღალატის ხშირი ბუდე იყო ყოველთვის) სპარსელთა მხარეზე ყოფილა. მან ციხის გარნიზონი ახლადმოყვანილი ხუთასი ყიზილბაშით გაზარდა. გიორგი სააკაძემ ეს რომ გაიგო რაკი ციხის აღება პირდაპირ ძნელი იყო ხერხს მიმართა: დილაადრიან თავს დაესხა ბარათაშვილთა ახლომდებარე რეზიდენციას-ტბისს და შეიპყრო ქაიხოსროც და მისი ძმა ხოსია. რაკი მეპატრონეები ხელთ იგდო ციხეს იოლად მოუარა. მოღალატე თავადები აიძულა თვითონვე გამოეყვანათ სპარსელთა ჯარი და შემდეგ ისინი პირწმინდად გაჟლიტა.
მეთვრამეტე საუკუნის ორმოციან წლებში ერეკლე მეორეს (იგი მაშინ მხოლოდ კახეთის მეფე იყო) განუდგა ბატონიშვილი აბდულა-ბეგი, რომელსაც მხარს უჭერდნენ ბარათაშვილები. ერეკლე ჯარით მიადგა საბარათიანოს და ჯერ სურდა მშვიდობიანად შემოერიგებინა ისინი და ბირთვისში გამაგრებულ ამ თავადებს შუამავლები მიუგზავნა, შეჰპირდა პატიებას, მაგრამ ვერაფერი გააწყო, ვერც სამშვილდეში გამაგრებულნი შემოირიგა. მაშინ ერეკლემ გადაწყვიტა სარჩო მოესპო მათთვის, შემოდგომა იყო და ჯარს ყანები გაათიბინა. თავადებმა კი ეს ვერ აიტანეს და ჯარით თვითონაც შეუტიეს მეფეს, მაგრამ ერეკლემ მათ სძლია და ციხემდეც სდია. მემატიანე მოკლედ სწერს ამის თაობაზე: “ბირთვისის ციხის ომი ხომ არ იქნებოდა, ჩამოეცალნენ, წაახდინეს საცა რამ შენობა იყო. საამის შვილის სასახლე დაწვეს”. ამ ცნობაში ავტორი გარკვევით ამბობს რომ ბირთვისის ციხე ბრძოლით არ აიღებოდაო.
ბირთვისის ციხე კი მტკიცედ იდგა მეთვრამეტე საუკუნის ბოლომდე ქვეყნის სადარაჯოზე.
This post has been edited by არწივი9 on 12 Nov 2006, 18:00
მიმაგრებული სურათი