mekvle
ვეფხვთმბრდღვნელი

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 714
წევრი No.: 9637
რეგისტრ.: 21-March 05
|
#9330477 · 23 Apr 2008, 20:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავაში არ ჩავერევი და პირდაპირ შემოგთავაზებთ სტატიას, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში "ბრავაკაზა"
სიღნაღი _ მკვდრეთით აღმდგარი ქალაქი
ბელა ჩეკურიშვილი
თუ გინდა სტუმარს კახეთი აჩვენო, სიღნაღიდან უნდა გადმოახედო _ ამას სიღნაღის რეკონსტრუქციამდე ამბობდნენ. მართლაც, ეს უმშვენიერესი ქალაქი მაღალბორცვიან ადგილზეა გაშენებული, საიდანაც ალაზნის ველის უკიდეგანო სივრცე და კავკასიონების დათოვლილი ქედები იშლება. დღესდღეობით, როცა უძველესი ქალაქის რეკონსტრუქციის მთავარი ეტაპი დასრულებულია, შეიძლება სხვაგვარადაც ვთქვათ _ თუ გვინდა სტუმარს საქართველო ვაჩვენოთ, მან აუცილებლად უნდა ნახოს სიღნაღი. მკვდრეთით აღმდგარი სიღნაღის საზეიმო გახსნაზე უცხოელი ტურისტები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ თუკი აქამდე შვეიცარიის ალპებში ისვენებდნენ, ამიერიდან მათი არჩევანი სიღნაღზე შეჩერდება. სიღნაღელებს კი თავი ჯერ კიდევ სიზმარში ჰგონიათ. რეკონსტრუქციამდე აქაური უძრავი ქონების ფასი იმდენად დაბალი იყო, მის გაყიდვას აზრიც არ ჰქონდა და მყიდველიც არსად ჩანდა. დღეისათვის ქალაქში უკვე არსებობს ისეთი შენობები, რომელზეც ფასები ათასჯერაც გაიზარდა. მაგალითად, თუკი უწინ საცხოვრებელი ბინა 3 000 დოლარადაც ვერ იყიდებოდა, დღეს მისი ფასი 300 000 დოლარია და მყიდველიც არსებობს.
სიღნაღის რეაბილიტაციის პროგრამა მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც პრეზიდენტის უშუალო ინიციატივით ხორციელდება. პროგრამის კოორდინაციასა და საპროექტო სამუშაოებს ხელმძღვანელობს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის ფონდი, რომელმაც სიღნაღის რეაბილიტაციაზე ზრუნვა ჯერ კიდევ 1997 წელს დაიწყო და იქ არაერთი პროექტი განახორციელა. მასშტაბური პროექტის შექმნა განაპირობა სიღნაღის ძველი უბნების არქიტექტურული ანსამბლის მაღალმა მხატვრულ-ურბანულმა ღირებულებამ და ქალაქის განვითარების უნიკალურმა შესაძლებლობებმა. პროექტის მიზანია, როგორც ქალაქის ისტორიულ-არქიტექტურული სახის გადარჩენა-შენარჩუნება, ასევე მისი კულტურულ ცენტრად გადაქცევა და საქართველოს ტურისტულ რუკაზე დაბრუნება.
ისტორიულ-არქიტეექტურული ექსკურსი
სიღნაღი, როგორც ქალაქი, მე-18 საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა მეფე ერეკლე II-ის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. მაღალ ბორცვზე განლაგებით ქალაქმა ციხე-სიმაგრის ფუნქციაც შეიძინა და არქიტექტურის თავისებური ხასიათიც გამოიკვეთა: ვიწრო ქუჩები აღმა-დაღმა მიიკლაკნება ფერდობებზე. სახლები ტერასებად ლაგდება. ქალაქის ლანდშაფტში დომინირებს წმინდა გიორგის ეკლესია და მისი მაღალი სამრეკლო. სიღნაღის მხატვრული იერის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ე.წ. მეხუთე ფასადი, ანუ სახურავები. აქ სახლები ძველთაგანვე კრამიტით იყო გადახურული, რაც მეტ მომხიბვლელობას ანიჭებდა ქალაქს. სიღნაღში მრავლადაა შემორჩენილი XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები თავისებური, "სიღნაღური" იერით. ნაგებობათა უმრავლესობა XIX საუკუნის დასაწყისსა და მეოცე საუკუნის დამდეგს შორის არის აშენებული. თავისი მასშტაბით, ქუჩათა ქსელის სტრუქტურით, ნაგებობათა განლაგების პრინციპით სიღნაღი ერთიან მხატვრულ-ურბანულ ქსოვილს წარმოადგენს. სიღნაღის განსაკუთრებულობას განაპირობებს აგრეთვე 4,5 კილომეტრის სიგრძის გალავანი 23 კოშკითა და 7 თაღოვანი კარიბჭით. გალავანმა დროის მსვლელობას გაუძლო და ქალაქის ზრდასთან ერთად, მისი სტრუქტურის ნაწილი გახდა. საბჭოთა პერიოდში სიღნაღში ბევრი რამ განადგურდა. მაგალითად, 1926 წელს დაანგრიეს მთავარანგელოზის ეკლესია, შემდეგ _ ძველებურ დუქანთა სავაჭრო რიგები ახლანდელ კოსტავას ქუჩაზე, ტრადიციული `სიღნაღური~ სახლები აღმაშენებლის მოედანზე და სხვა. მათ ნაცვლად ყოვლად უსახური ნაგებობები აშენდა. ამჟამად ისტორიული შენობები ძირითადად შემორჩენილია ბარათაშვილის, დადიანის, ევდოშვილის, დავით აღმაშენებლის, 9 აპრილის, ლოლაშვილის, ჭავჭავაძის, ქეთევან წამებულის, რუსთაველისა და ერეკლე II-ის ქუჩებზე. 1975 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, სიღნაღი კულტურულ ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ზონად გამოცხადდა.
ჯადოქრები
სიღნაღის რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც 2007 წლის გაზაფხულზე დაიწყო, რეკორდულად მოკლე დროში რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. რეალურად საქმე გვაქვს არა მხოლოდ არქიტექტურულ-ურბანული რებილიტაციის პროგრამასთან, არამედ დიდი სოციალური მნიშვნელობის პროექტთან, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. პროგრამის პირველი ეტაპი ოქტომბრის ბოლოს დასრულდა. სამუშოები გრძელდება. საბოლოო ჯამში მივიღებთ მთლიანად განახლებულ ძველ სიღნაღს. არქიტექტურული სამუშაოების გარდა, ქალაქში განხორციელდა მიწიქვეშა და მიწისზედა ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტები, რაც სიღნაღს პირველ რიგში სჭირდებოდა. არქიტექტორი ვაჟა ორბელაძე ხუმრობს: როგორც მოხუც ადამიანს განუახლონ სისხლი და მოუწესრიგონ სისხლძარღვთა თუ საჭმლის მომნელებელი სისტემა, ასე შეიცვალა სიღნაღში ყველაფერი. კერძოდ, განახლდა წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემა, სანიაღვრე კოლექტორები, გაზგაყვანილობა, ელექტროობა. ელსადენის ბოძებითა და მავთულებით, გაზისა და საკანალიზაციო მილებით დაქსელილმა ქალაქმა სუფთა, თანამედროვე იერი მიიღო. გამოიცვალა ქუჩის საფარი, ცენტრალური ქუჩები რიყის ქვით მოიკირწყლა, სამანქანო გზებზე გრანიტის კვადრები დაეგო, ხოლო ტროტუარებზე _ ბაზალტის ქვა. განსაკუთრებული ყურაღება დაეთმო ქალაქის კეთილმოწყობის ელემენტებს: განათების არმატურას, კარ-ფანჯრების ფურნიტურას, შედრევნებისა და სკვერების გაშენებას. საქართველოს პრეზიდენტმა სიღნაღში სიტყვით გამოსვლისას რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის ავტორებს ჯადოქრები უწოდა. არქიტექტურულ პროექტებზე რამდენიმე ჯგუფი მუშაობს არქიტექტორების _ ვაჟა ორბელაძის, გიული გეგელიას, დათო გივიშვილის და ნინო ბაგრატიონის ხელმძღვანელობით. მათ კოორდინაციას ვაჟა ორბელაძე უწევს. "ბრავაკაზასთან" საუბრისას ვაჟა ორბელაძე აღნიშნავს, რომ რეკონსტრუქციამდე ქალაქში ერეკლესდროინდელი შენობები აღარ არსებობდა. საუკუნის წინანდელმა სახლებმა ჩვენამდე ასე თუ ისე მოაღწია, თუმცა მათი უმრავლესობა ძალიან მოუვლელი იყო. რაც შეეხება შენობათა არქიტექტურულ სტილს, აქ შედარებით მძლავრად იყო შენარჩუნებული წმინდა ქართული საერო, უფრო კი კახური არქიტექტურის ნიმუშები.
მარიკა დიდებულიძე, ხელოვნებათმცოდნე: "სიღნაღის არქიტექტურაში არის ისეთი ელემენტები, რაც მხოლოდ სიღნაღისთვის არის დამახასიათებლი: პირველი სართულის "დარაბებიანი" სათავსები, რომლებშიც სახელოსნოები, მაღაზიები და დუქნები იყო განთავსებული; თხელი, "ქართული აგურით" ამოყვანილი კედლები აგურის "ხალიჩისებური" წყობით; მშვილდის ფორმის ღიადები; ვიწრო, მრგვალი, აგურისავე ბოძები, რომლებსაც ეყრდნობა მეორე სართულის ხის გადახურული ჭვირული აივნები; სახლების კრამიტის გადახურვა; ასევე სადარბაზო კარები და რკინის ნაკეთობები. თბილისისაგან განსხვავებით, სიღნაღში თითქმის არ არის აივანშემოვლებული შიდა ეზოები. სახლები ქუჩების გაყოლებით ლაგდება ერთიან არქიტექტურულ მოცულობებად. ეს ყველაფერი რეკონსტურქციის პროცესში უფრო გამოვლინდა და რასაკვირველია, მთლიანად შენარჩუნდა. სახლების ხუროთმოძღვრული სახე მათი ფუნქციითაც იყო განპირობებული, ვინაიდან არა მხოლოდ საცხოვრებელი, სავაჭრო-სახელოსნო დანიშნულებაც ჰქონდა. სიღნაღი ხომ პირველ რიგში ხელოსანთა ქალაქს წარმოადგენდა".
რეკონსტრუქციის დაწყებას წინ უძღოდა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა და აზომვა. საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის ფონდში გადაწყდა, როგორი უნდა ყოფილიყო ქალაქის მომავალი არქიტექტურული იერ-სახე. ფონდის დირექტორის, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, დავით ნინიძის დამსახურებით, ეს უდიდესი პროექტი ფაქტობრივად რამდენიმე თვეში განხორციელდა. ფონდმა შეიმუშავა პროგრამის კონცეფცია და სარეაბილიტაციო არეალების გამოყოფა, ითავა სამუშაოთა კოორდინაციაც და ზედამხედველობაც.
ვაჟა ორბელაძე, არქიტექტორი: "ჩვენი მოსაზრებები დავაფიქსირეთ თითოეულ სახლზე. ყველა პროექტი სპეციალისტებმა შეარჩიეს. გვქონდა რამდენიმე თანამედროვე სტილში გადაწყვეტილი პროექტი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვამჯობინეთ, უფრო კონსერვატორული, "სიღნაღური" სტილისთვის მიგვენეჭიბინა უპირატესობა. ვფიქრობ, მართებული გადაწყვეტილება მივიღეთ. განახლებული ქალაქის "რატუშაც" კი, რომელიც აშკარად ევროპული ელემენტია, გარკვეულ კონტექსტში ზის. ამით გამოვხატეთ სწრაფვა ევროპისკენ. თუ გვინდა ევროპული თვითმმართველობა, ეს შენობის სტილშიც უნდა ასახულიყო. გამგეობის ძველი, უსახური საბჭოთა შენობა ისე გადავაკეთეთ, რომ ახალი "რატუშა", თავისი კოშკით, თვითმმართველობის პრიმატის განსახიერებაა. თავის დროზე ეს ევროპაშიც ამ ნიუანსებით აისახა არქიტექტურაში. პარალელურად, არსებობდა ბრძანება, რომ ქალაქებში სახლები არ უნდა აშენებულიყო რატუშასა და საკათედრო ტაძარზე მაღალი. ვისაც სიღნაღის რატუშის სტილი გაუკვირდება, მას შეიძლება ეს განმარტება მივცეთ და ჩვენი ინოვაცია ამით ავხსნათ".
განახლებული ღირსშესანიშნაობები
უცხოელი მოგზაურების მიერ შესრულებული ძველი ევროპული გრავიურების მიხედვით, ეკლესია ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილზე იდგა. საპატრიარქოს არქიტექტორთა ჯგუფმა შეიმუშავა პროექტი, რომლის თანახმადაც ამ ადგილს ეკლესია უნდა დაბრუნებოდა. თუმცა, იქ, სადაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ეკლესია იდგა, ჯერ კიდევ შემორჩენილ საძირკველზე ახალი ტაძრის აშენება ვერ მოხერხდა. გეოლოგებმა ნიადაგის შესწავლის საფუძველზე დაადგინეს, რომ ეს ადგილი მეწყრიანია. გადაწყდა, ახალი ეკლესია უფრო საიმედო ადგილას _ გვერდით ფერდობზე აეშენებინათ. ეს არის სიღნაღის მასშტაბების შესაფერისი ორნავიანი პატარა ეკლესია საკმაოდ მაღალი სამრეკლოთი. მისი არქიტექტორია დათო სვანიძე. სიღნაღში, სარეაბილიტაციო არეალში უმეტეს შენობებზე საძირკვლიან კარ-ფანჯრიანად ყველაფერი განახლდა. მართალია, მთელი ქალაქის განახლება ერთბაშად ვერ მოხერხდა, მაგრამ ის, რაც ფასეული იყო და შველას ითხოვდა, გაკეთდა. სიღნაღის ცენტრალური ნაწილის სახლების უმეტესობა ნატურალური, თიხის კრამიტით გადაიხურა. საბჭოთა პერიოდში კრამიტის სახურავები თანდათან თუნუქით იცვლებოდა. კრამიტი თუნუქზე მძიმეა. ამიტომ ჯერ შენობების გამაგრება იყო საჭირო. ბევრ სიღნაღელს საბჭოთა პერიოდის უხარისხო კრამიტით გამოწვეული დისკომფორტისა და შიშის გრძნობა გაუჩნდა. მათ ჯერ კიდევ ახსოვდათ, რომ ყოველი წვიმის მოსვლა ოთახებში წვიმასაც ნიშნავდა. ამჯერად, სახლები უმაღლესი ხარისხის ევროპული და თურქული კრამიტით გადაიხურა, ქვეშ კი წვიმისგან დამატებით დასაცავად იზოლაციის სპეციალური ფენაც გაკეთდა. ძველი, დანგრეული ბაზრის ადგილას სავაჭრო ცენტრი აშენდა. გაამაგრეს და ახალი ზღუდე გაუკეთეს ბოდბის მონასტრისკენ გადასახედს. სიღნაღში ცნობილი იყო ე. წ. ბებრების ბაღი _ ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერი. ძველი ფოტოების მიხედვით, ამ ადგილას ღვინის სარდაფების რიგი ყოფილა, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს და მის ნაცვლად სკვერი გააკეთეს. როდესაც სკვერის რეკონსტრუქცია დაიწყო და ის ადგილი გაითხარა, გამოჩნდა ძველი სარდაფები აგურის კამარებით, თახჩებითა და აგურის იატაკით. ძველ სიღნაღელებს ეს დუქნები ჯერ კიდევ ახსოვდათ. არქიტექტორებმა ახალი სკვერის დაგეგმვისას ეს ნაწილი სკვერის კომპოზიციაში ჩასვეს. შადრევანი კი, რომელიც ერეკლე II-ის მოედანზე გაკეთდა, ისე დაიგეგმა, რომ მხოლოდ სატრანსპორტო კვანძის განმტვირთავი არ ყოფილიყო და ადამიანებს მასთან მიახლოება და გაგრილება შეძლებოდათ. შადრევნის გასაფორმებლად გამოიყენეს არქეოლოგიური მასალის ფორმები და სახეები, რომელიც სიღნაღის მუზეუმშია დაცული. ეს არის სიღნაღის მიდამოებში აღმოჩენილი ლითონის მასალა, რომელზეც გამოსახულია ანთროპომორფული ფიგურები, ნადირობისა და სხვა სცენები. შადრევნის გაფორმებისას, ქვისგან გამოჭრილ ქვევრს სწორედ ამ ფიგურებით შემკული სარტყელი გაუკეთდა. სიღნაღის ქუჩებში მცირე ზომის ქანდაკებებიც დაიდგა, რომელთაგან ზოგი ფიროსმანის სიუჟეტებიდან არის აღებული, მაგალითად: "აქიმი ვირზე" და "ქალი ქოლგით", რომელსაც ფეხებთან ფიროსმანის ძაღლი უზის. საინტერესოა მოქანდაკე გია ჯაფარიძის "გოგონა", რომელიც ქორწინების სახლთან სკამზე შემდგარი, დიდი ზომის ფეხსაცმლით, მუხლებამდე მძივითა და ყვავილებით ხელში ეგებება მექორწილეებს. სახედარშებმული ურემი მეურმესთან ერთად ბაზართან დაიდგა, სადაც სადღესასწაულო დღეებში კასრებს დააწყობენ და ღვინო პირდაპირ ურმიდან გაიყიდება. არქიტექტორებმა სპეციალურად დაამუშავეს ქუჩების განათების დიზაინი და ლამპიონები. ასევე სააფიშე ტუმბოების, ტელეფონების ჯიხურების, ქუჩის მაჩვენებლებისა თუ ნომრების ყველა დეტალი ერთიან _ "სიღნაღურ" სტილში დამუშავდა.
მაგალითი სხვა ისტორიული ქალაქებისთვის
ზოგიერთ ადამიანს ისეთი შეგრძნებაც გაუჩნდა, რომ რეკონსტურქციის შედეგად ქალაქმა სიძველის იერი დაკარგა, ხელოვნური გახდა და რომანტიკული ელფერი აღარ აქვს. ასე, ალბათ, მხოლოდ ისინი ფიქრობენ, ვისთვისაც სიძველე ნანგრევებსა და მტვერთან ასოცირდება. ხელოვნებათმცოდნეთა შეფასებით, სიღნაღში სიძველე შენარჩუნებულია _ ის, რაც ავთენტური იყო, რეკონსტუქციის შემდეგ იგივე დარჩა. ბუტაფორული ქალაქში არაფერი არ არის. მართალია, სახლები ახალი კრამიტით გადაიხურა, მაგრამ ამ ქალაქისთვის კრამიტი დამახასიათებელი იყო და იგი სხვა მასალით არ ჩაუნაცვლებიათ.
მარიკა დიდებულიძე, ხელოვნებათმცოდნე: "ძეგლის რეკონსტრუქციისას, იქ ყველაფერი სწორდება ისე, როგორც ღირებული ნივთი მტვრისგან გადაწმინდოთ. ისტორიული ნაგებობები არა, მაგრამ საბჭოთაAპერიოდის უსახური შენობები მართლა გადაკეთდა. მათ საერთო ხუროთმოძღვრებასთან მისადაგებით სიღნაღური იერი მიეცა, რათა სტილიდან არ ამოვარდნილიყო".
ძირითადი არქიტექტურული პროექტების გარდა, რომელიც სახელმწიფო დაკვეთით გაკეთდა, სიღნაღში ბევრი კერძო ინვესტიციაც ჩაიდო. ამ პერსპექტიულ ქალაქში თითქმის ყველა ქართულმა ბანკმა მოისურვა საკუთარი ფილიალი, სასტუმრო თუ რესტორანი გაეხსნა. სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტმა" და "მეიდან ჯგუფმაც". ხოლო "კოკა-კოლა" თავის პროდუქციას აქაც შესთავაზებს ტურისტებს. ყველა ეს შენობა ძველი საბჭოთა ნაგებობების რეკონსტრუქციის შედეგად გაკეთდა, გარდა სუპერმარკეტ "პოპულისა", რომლისთვისაც ახალი ნაგებობა აშენდა. ამ ოფისების არქიტექტურაც "სიღნაღურ" სტილში დამუშავდა. სიღნაღისათვის სიახლე იქნება თანამედროვე კინო-თეატრი. სტალინის პერიოდის არქიტექტურული ნაგებობა განახლდა და უფრო მეტად დამშვენდა ნაძერწი ორნამენტებით. რაც შეეხება სიღნაღის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მისთვის სპეციალურად ახალი შენობა აიგო, სადაც სხვა ექსპონატებთან ერთად ფიროსმანის 12 ნამუშევარიც დაიდებს ბინას.
ვაჟა ორბელაძე, არქიტექტორი: "სიღნაღის რეკონსტრუქციით მივიღებთ პრეცედენტს, როგორ შეიძლება გაკეთდეს ჩვენი ისტორიული ქალაქები, რომელთაც ასევე სჭირდებათ შველა. პარალელურად სამუშაოებს ვაწარმოებთ ყვარელში, შემდეგ რიგში დგას თელავი, იწყება ისტორიული ნაწილის რეკონსტრუქცია ქუთაისში. ბათუმის ხელმძღვანელობის ინიციატივით დაწყებულია ბათუმის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქცია".
This post has been edited by mekvle on 23 Apr 2008, 20:21
--------------------
შემოვდგი ფეხი... მეორე ფეხი... ჩემი ფეხები!
|