საქართველოს სამხრეთ დასავლეთში არის კუთხე არის ბებრი ტაო,დღეს სამწუხაროდ დღეს ეს მიწები ჩვენ არ გვეკუთვნის,დავკარგეთ,აქ მდებარეობს ძირძველი ქართული ეკლესია-მონასტრები,აქ დღესაც ცხოვრობენ ლაზები(ქართველები) და დღესაც ჩქეფს ქართული სული...
სამწუხაროდ ეკლესია-მონასტრები მიტოებულია,წირვა არ მიმდინარეობს და ხშირად თურქები ეკლლესიებს ბილწავენ.
სამდღიანი ტური ტაო–კლარჯეთში.
პირველი დღე: თბილისი - ახალციხე - ვალე (საბაჟო) - ფოსოვი - ერუშეთის უღელტეხილი (2550 მ) - არტაანი - შავშეთი - სათლეს ციხე - ტბეთი - ხანძთა - დოლისყანა - ართვინი - იუსუფელი - სასტუმრო "აგარა" (პარხალის ხეობაში) 590 კმ.
პირველ დღეს სანახავი ისტორიული ძეგლები: სათლეს ციხე, ტბეთი, ხანძთა, დოლისყანა.
06:00 – გასვლა თბილისიდან ვალეს მიმართულებით. თბილისი - ახალციხე - ვალე 240 კმ
10:00 – 11:00 საბაჟო პროცედურები.
11:00 – 14:00 ვალეს საბაჟო - ერუშეთის უღელტეხილი (2550 მ) - არტაანი - არსიანის უღელტეხილი (2450 მ) - შავშეთი - სათლეს ციხე (დროის სიმცირის გამო ციხეზე ასვლა არ ხერხდება, გზიდან ვუღებთ სურათებს და ვაგრძელებთ გზას) 140 კმ.
14:00 – 14:30 სათლეს ციხე - ტბეთი 15 კმ.
15:30 – 17:30 ტბეთი - ხანძთა 55 კმ.
19:00 – 20:00 ხანძთა - დოლისყანა 30 კმ.
20:30 – 23:00 დოლისყანა - ართვინი - იუსუფელი - სასტუმრო 110 კმ.
ფეხით სავალი მონაკვეთი: ხანძთაში კლდოვანი და ვიწრო საცალფეხო ბილიკი (საშუალო სირთულის) 2 კმ.
მეორე დღე: სასტუმრო - პარხალი - იუსუფელი - კავკასიძეების ციხე - ოთხთა - იუსუფელი - ხახული - ოშკი - თორთუმის ჩანჩქერი - სასტუმრო 235 კმ.
მეორე დღეს სანახავი ისტორიული ძეგლები: პარხალი, კავკასიძეების ციხე, ოთხთა, ხახული, ოშკი.
08:00 – 09:00 საუზმე სასტუმროში.
09:00 – 10:00 სასტუმრო - პარხალი 15 კმ.
11:00 – 13:00 პარხალი - იუსუფელი - ოთხთა. გზად ვნახავთ კავკასიძეების ციხეს (ციხეზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია) 45 კმ.
14:00 – 16:00 ოთხთა - იუსუფელი - ხახული 80 კმ.
16:30 – 17:30 ხახული - ოშკი 30 კმ.
18:30 – 19:00 ოშკი - თორთუმის ჩანჩქერი 20 კმ.
19:30 – 20:00 თორთუმის ჩანჩქერი - იუსუფელი 32 კმ.
20:00 – 21:00 შჰოპპინგ იუსუფელში.
21:00 – 22:00 იუსუფელი - სასტუმრო "აგარა" 13 კმ.
ფეხით სავალი მონაკვეთები: პარხალში 300 მეტრი, ოთხთაში 200 მეტრი.
მესამე დღე: სასტუმრო - იუსუფელი - იშხანი - ბანა - კოლა - არტაანი - ერუშეთის უღელტეხილი (2550 მ) - ფოსოვი - ვალე (საბაჟო) - ახალციხე - თბილისი 530 კმ.
მესამე დღეს სანახავი ისტორიული ძეგლები: იშხანი, ბანა.
08:00 – 09:00 საუზმე სასტუმროში.
09:00 – 10:30 სასტუმრო - იუსუფელი - იშხანი 45 კმ.
11:30 – 13:30 იშხანი - ბანა 75 კმ.
14:30 – 18:00 ბანა - კოლა - არტაანი - ერუშეთის უღელტეხილი (2550 მ) - ფოსოვი - ვალეს საბაჟო 170 კმ.
18:00 – 19:00 საბაჟო პროცედურები.
19:00 – 23:00 ვალის საბაჟო - ახალციხე - თბილისი - 240 კმ.
დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
სამოძრაოდ მითითებული არის დაახლოებითი დროები და მცირე ცვლილებები არ არის გამორიცხული.

IX საუკუნეში ტაო-კლარჯეთის მხარეში სამონასტრო ცხოვრების მეთაური გახდა გრიგოლ ხანძთელი. ეს მხარე ძველთაგანვე დასახლებული ყოფილა ქართველური ტომებით: ჭანებითა და მეგრელებით. VIII საუკუნის პირველ ნახევარში მურვან ყრუს შემოსევის გამო ეს მხარე მთლიანად აოხრდა. სწორედ ამით აიხსნება, რომ როდესაც გრიგოლ ხანძთელი აქ მოვიდა, „მას ჟამსა სხუაი მონასტერი არა შენ იყო მათ ქუეყანათა, თვინიერ ოპიზისა, და არცა მსოფლიონი ერისკაცნი ახლვიდეს ახლად შენებისათვის მათ ქუეყანათაისა; რამეთუ კლარჯეთს და ტაოთა შინა და შავშეთს და ყოველთა მათ მახლობელთა ქუეყანათა მცირედნი იპოვებოდეს და დაშენებულ ტყეთა შინა ადგილ-ადგილ“. VIII საუკუნის 50-იან წლებში აქ დამკვიდრებულან ქართველები და მონასტერი იოანე ნათლისმცემლის სახელზე განუახლებიათ. ოპიზა იქცა ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცხოვრების კერად. აქ მოღვაწეობდნენ მიქაელ პარეხელი, გიორგი მაწყვერელი. ოპიზა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ქართული მწერლობისა, აქ გადაწერილა ბევრი საყურადღებო ძეგლი ამ პერიოდისა და შემდეგი დროის მწერლობისა. მაგალითად, აქ 913 წელს გადაწერილია ე.წ. ოპიზის სახარება.
გრიგოლ ხანძთელმა ააშენა ხუთი მონასტერი: სამი მამათა და ორი დედათა. მათგან შატბერდი აშოტ კურაპალატმა „აგარაკად ხანძთისა“ გააჩინა. მის დროსვე დაარსებულა წყაროსთავის მონასტერიც დავით მიძნაძორელის მოწაფის, ილარიონის მიერ, რომელიც მერე „კათალიკოზ იქმნა მცხეთას“. ამ დროს ეკუთვნის ტბეთის მონასტერი, სადაც ზაქარია ანჩელ ეპისკოპოსს რამდენიმე სასწაული აღუსრულებია.
X საუკუნეშივე უნდა იყიოს აშენებული პარხალის იოანე ნათლისცმემლის სახელობის მონასტერი ჭოროხის ხეობაში. მისთვის იოანე ბერაიას შეუწირავს მის მიერ შატბერდში 973 წელს გადაწერილი სახარება, რომელიც დღეს პარხალის სახარების სახელითაა ცნობილი.
ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული და სამონასტრო ცხოვრების ნიადაგზე აღმოცენდა ახალი ცენტრი ათონის ივერთა მონასტრის სახით.
ხანძთა
ხანძთა ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი უდიდესი მონასტერთაგანია. დღევანდელი არქიტექტურული კომპლექსი შედგება: მონასტრის ეკლესიის, სამრეკლოს, სატრაპეზოს, მცირე სამლოცველოების, წყაროს და გალავნისაგან.
ისტორიული წყაროების ცნობით სულიწმინდამ 784 წელს ოპიზის მონასტერში დამკვიდრებული წმინდა გრიგოლი ხანცთაში მიიყვანა. აქ მას მარტომყოფი ბერი ხუედიოსი დახვედრია. ბერმა სტუმარს მიდამოები დაათვალიერებინა და გრიგოლმა ამჟამინდელი ადგილი მონასტრის ასაშენებლად ძალიან მოიწონა. პირველად აქ ხის ეკლესია და ბერების სენაკები აიგო, მოგვიანებით აშენდა დიდი დარბაზი სატრაპეზოსათვის. IX საუკუნის დასაწყისში გრიგოლმა ადგილობრივი დიდებულის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური და მორალური მხარდაჭერით ქვის ეკლესიაც აღმართა.
გურგენ კურაპალატის შვილმა აშოტ კუხმა (896-918) IX საუკუნეში აქ გრანდიოზული მშენებლობა წამოიწყო, რომელიც ერისთავთერისთავმა გურგენმა (918-941) დაასრულა. მშენებლობის დაწყებამდე დიდი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებულა: ეკლესიისთვის ციცაბო კლდე დაუვაკებიათ, ჩავარდნილი ადგილები თაღებით მოუსწორებიათ, აღმოსავლეთ მხარეს კი საყრდენი კედელი ამოუყვანიათ. ტაძრის ასაშენებლად საჭირო ქვა და კირი ციცაბო ბილიკებით ძალიან შორი მანძილიდან მშენებლებს ზურგით მოუტანიათ.
მთელი რიგი სიახლეებით ხანცთის ეკლესია კლარჯეთის არქიტექტურის ახალი ეტაპს წარმოადგენს: თლილი ქვის საფასადო პერანგი, გუმბათის ყელის თაღნარი და ტეხილი კარნიზი, ფართო თავსართები. ხანცთა ერთადერთია კლარჯეთის შემორჩენილ ეკლესიებში, რომელიც ჩახაზული ჯვრის გეგმაზეა აგებული.
ეკლესია თავისი მოხდენილი ზომისა და შემაღლებული პროპორციების წყალობით დომინირებს არა მხოლოდ სამონასტრო კომპლექსზე არამედ მთელ მიდამოზეც. ჯვარგუმბათიანი შენობის შიდა სიგრძე 16.85, სიგანე კი 10.50 მეტრია. ეკლესიის დანახვისას განსაკუთრებულ ყურადღებას გუმბათი მიიქცევს, იგი თავისი აგებულებით ბრწყინვალედ აგვირგვინებს შენობას. ეფუძნება ოთხ მსუბუქად შეისრულ თაღს, გუმბათის ყელი თორმეტწახნაგაა. ყველაზე უჩვეულოა სახურავი, რომელსაც ნახევრად გაშლილი ქოლგის ფორმა აქვს.
ეკლესიის საშენი ქვა უაღრესად ხარისხიანად არის დამუშავებული, ფასადებზე გამოყენებულია თანაბარი ზომის, სუფთად გათლილი მართკუთხა ბლოკები. ისინი თანაბარ რიგებად არის დაწყობილი და ისე მჭიდროდ ერგებიან ერთმანეთს, რომ რიგებსა და ქვებს შორის კირის ხსნარი არ ჩანს. ეკლესიის მაშენებელია ხუროთმოძღვარი ამონა, რომელსაც გიორგი მერჩულე ხოტბას ასხამს და „სიბრძნით სრულიად მაშენებელს“ უწოდებს.
მონასტრის დასავლეთ ნაწილში უნდა ყოფილიყო ბერებისა და არქიმანდრიტის სენაკები, ისინი წარმოადგენს ყოველგვარ კომფორტს მოკლებულ, უკიდურესად სადა ოთახებს, ნიშების, ბუხრებისა და ღუმელების გარეშე, რაც შეესაბამება მონასტრის მკვიდრთა ასკეტურ ყოფასა და მკაცრ დისციპლინას. მთელი ანსამბლის არქიტექტურაც ასევე სადა და ასკეტურია. რელიეფები არ არის. ერთადერთი ჯვარი, რომელიც მხოლოდ წითელი ქვითაა გამოყვანილი და არ გააჩნია არანაირი ორნამენტაცია აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის თავზე იყო ჩასმული. რადგან ამ მხრიდან ეკლესია ფაქტიურად მიუდგომელია და მისი დანახვა მხოლოდ შორიდანაა შესაძლებელი, პროფესორი ვახტანგ ჯობაძე თვლიდა, რომ მას არა დეკორატიული, არამედ სწორედაც რომ საკრალური ფუნქცია ეკისრებოდა და ის მოასწავებს მაცხოვრის მეორედ მოსვლას, რასაც კაცობრიობა ძრწოლით და შიშით აღმოსავლეთიდან მოელოდა. ჯობაძე აღმოსავლეთის სარკმელს მეორედ მოსვლის ხილვის სარკმელს უწოდებს, ჯვარი კი ქრისტეს წინამორბედია. მისი განმარტებით, წითელი ფერის შერჩევაც მეორედ მოსვლის სიმბოლური გაცხადებაა, რამეთუ წითელი ფერი ნიშნავს ქრისტეს დაღვრილ სისხლს.
რაც შეეხება ყველაზე ადრეულ ნაგებობებს, გრიგოლისდროინდელად შეიძლება მივიჩნიოთ ქვის დიდი სატრაპეზო, გალავნის ნაწილი, ეკლესიის დასადგმელად ბაქანისათვის ამოყვანილი კედლის ქვედა ნაწილი, სატრაპეზოსთან არსებული სენაკების ნაშთები, ასევე, არქაული ფორმებით გამორჩეული და დიდი მასიური ქვის ლოდებით ნაგები პატარა დარბაზული ეკლესია წყაროს თავზე.
წყაროს სამლოცველოს გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები დღეისათვის მონგრეული აქვს. ნათლად ჩანს რომ აფსიდი ნალისებური მოხაზულობისაა. იგი სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვებითაა ნაგები და სრულიად სადაა შიგნითაც და გარედანაც. თურქეთში მცხოვრები ჩვენებურები ამ მშენებლობის შესახებ ლეგენდებს ჰყვებიან. მათ სჯერათ, რომ სამლოცველო სამმა ძმამ ააგო, რომლებიც სამი თვე მთაში ცხოვრობდნენ, მკაცრად მარხულობდნენ (მხოლოდ ბალახით იკვებებოდნენ) და ამიტომაც ღმერთმა დიდი ლოდების დაძვრის ძალა მისცა.
მონასტრის დასავლეთ მხარეს, გალავანს შიგნით ორსართულიანი სამრეკლო დგას, ის ტრადიციულად ორსართულიანია. ქვედა იარუსს შეადგენს კუბური მოცულობა შიგ ერთი სათავსით, ზედას კი — რვათაღიანი ფანჩატური, საკუთრივ სამრეკლო. ფანჩატურს აქვს ქვის ლორფინით დაბურული დაბალი კონუსური სახურავი
მასზე შემორჩენილია ოთხი სამშენებლო წარწერა ერთ–ერთ მათგანში მოხსენიებულია სამრეკლოს მაშენებელი მარკოზი. მას მეცნიერები აიგივებენ კლარჯ მღვდელ-მონაზონ მარკოზთან, რომელიც 1545 წლის ახლოს ხანძთიდან სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში გადავიდა. სინას სულთა მატიანის ერთ–ერთ მინაწერში იგი თავის თავს „ჴანცთასა სამრეკლოსა აღმშენებელსა“ უწოდებს. სამრეკლო მას 1540–იან წლებში უნდა აეგო
წარწერაში ასევე მოხსენიებულია კალატოზები კლდელი აბესალმა, ქამირი და ყაზანი. ხანცთის ერთ–ერთი წარწერის ფილა ფოტოგრაფმა დიმიტრი ერმაკოვმა თბილისში ჩამოიტანა. წარწერაში მოხსენიებულია ერისთავთ–ერისთავი სუმბატი ან აშოტ ერისთავთ–ერისთავი განსაკუთრებული შინაარსისაა წარწერის მეოთხე სტრიქონი:“ ...მას მივყიდეთ ესე ტაძარი..“ მანამდე ნახსენებია მამა იოვანე, სავარაუდოდ მონასტრის წინამძღვარი. ტექსტიდან ჩანს, რომ მან ვიღაცას (ვინაობა არ ჩანს წარწერის დაზიანების გამო) „მიჰყიდა“ ტაძარი. ეკლესიის გაყიდვა უცნობია როგორც ქართული, ისე ქრისტიანული სამყაროს პრაქტიკაში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ აქ შესაძლოა რაიმე უფლების გაყიდვა იგულისხმებოდეს, მაგალითად მონასტრის ეკლესიაში დასაფლავებისა.
VIII-X საუკუნეებში ხანცთის მონასტერი იყო ქართული განათლებისა და მწიგნობრობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი. ხანცთაში მოღვაწე პირთაგან წმ. გრიგოლ ხანძთელის გარდა აღსანიშნავია: არსენ დიდი, ქართლის კათალიკოსი, გიორგი მერჩულე, რომელმაც სწორედ აქ, ხანცთაში დაწერა 950 წელს „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“, საბა იშხნელი და მრავალი სხვა.
ოსმალეთის იმპერის მიერ კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ხანცთა დაიცალა და დავიწყებას მიეცა.
მივიწყებული მონასტერი მკვლევართათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1889 წელს, ალექსანდრე ქუთათელაძემ გამოაქვეყნა მოკლე თხზულება გიორგი მერჩულეს თხზულებიდან. ავტორი ხანძთას დამახინჯებული სახელით — „ხანძოეთით“ მოიხსენიებდა. იგი ვარაუდობდა, რომ „ხანძოეთი“ კლარჯეთშია, ანჩის მახლობლად. ასე ფიქრობდა თ. ჟორდანიაც. განსხვავებული აზრი გამოთქვა ექვთიმე თაყაიშვილმა. მან „ხანძოეთი“ ევფრატის ზედაწელში, ისტორიულ დასავლეთ სომხეთში მდებარე ქალაქ ჰანძითთან გააიგივა.
ნიკო მარის მიერ გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების სრული ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ ხანცთა კლარჯეთში მდებარეობს, მაგრამ მისი ზუსტი ლოკალიზაცია მაინც გაძნელდა. საქმეს ართულებდა ისიც, რომ კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთაგან“ მხოლოდ ორის ტოპონიმი დაიკარგა — ხანცთა და შატბერდი; ადგილობრივმა გამაჰმადიანებულმა ქართველებმა ამ სახელწოდების მონასტრის ან დასახლების შესახებ არაფერი იცოდნენ. XX სუკუნის დამდეგს ნიკო მარი კლარჯეთში მოგზაურობისას შეეცადა თავად დაედგინა მონასტრის მდებარეობა და ხანცთასთან გააიგივა კარჩხალას ხეობაში მდებარე პატარა ეკლესია — ნუკას საყდარი. ერთი პერიოდი ეს მოსაზრება საყოველთაოდ იყო მიღებული მეცნიერებაში, 1950-იან წლებში ის „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების“ დეტალური ანალიზის საფუძველზე უარყო პავლე ინგოროყვამ. მისივე გამოკვლევით, ხანძთა არის გვიანდელი ქვემო ფორთა (აშაღი ფორთა (Aşaği Porta), ამჟამად შეადგენს სოფელ ფირნალის (Pırnali) ერთ-ერთ უბანს), რომელიც ნიკო მარს შატბერდი ეგონა. ეს მოსაზრება დამატებითი არგუმენტებით განამტკიცა ვახტანგ ჯობაძემ. ამჟამად ამ აზრს, რომ ფორთას სახელით დარჩენილი ნამონასტრალი არის ხანცთა ემხრობა ყველა თანამედროვე მკვლევარი
იშხანი
„და მი-რაი-ვიდა იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაი დიდებულისა მის ადგილისაი, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერ და ხორციელ“, - წერს გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.
იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომელიც აშენებული იყო VII საუკუნის I ნახევარში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, ნერსეს მიერ. ნერსეს ტაძარი იშხანში საბას სულ დანგრეული დახვედრია. პირველი ტაძრისაგან გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრადწრიული აბსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით ნერსეს პატივსაცემად და სახსოვრად საბას მთლიანად მოუცევია ახალ შენობაში.
იშხანი ცენტრაულ-გუმბათოვანი ტაძრისა და სამნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას წარმოადგენს. თავდაპირველად საბას ტაძარი ნაშენი იყო ოდნავ თლილი პატარა ქვებით, მაგრამ XI საუკუნის I ნახევარში იგი ორჯერ განახლებულა. მეორე განახლება მეფე ბაგრატ IV-ის დროს, 1032 წელს მომხდარა. ამ დროს ტაძრის ყველა კედელი გარედან ლამაზად თლილი წითელ-ყვითელი ფილებით შეიძერწა. ეს დიდი და ძირითადი განახლება იშხნელი ეპისკოპოსის, ანტონის თაოსნობითა და ზედამხედველობით მოხდა, ხოლო ხუროთმოძღვარი იყო ივანე მორჩაისძე.
ტაძრის ახლანდელი დასავლეთი კარი გადაკეთებულია მაჰმადიანთა მიერ, რომლებმაც ტაძრის დასავლეთი მკლავი ჯამედ აქციეს. ამ უკანასკნელმა გარემოებამ გადაარჩინა იშხნის ტაძარი სრული განადგურებისაგან.
იშხნის თაღის შიგნითა კედლები, როგორც ჩანს, მოხატული იყო X საუკუნის II ნახევარში. ამ ფრესკების მიხედვით, შემდგომ ოშკისა და ხახულის ტაძრები მოიხატა. „სახელგანთქმულია სილამაზე ოშკისა, ადგილმდებარეობა ხახულისა და მოხატულობა იშხნისა“, - ამბობდნენ ძველ ტაოში. სამწუხაროდ, ეს ფრესკები, ჟამთა სიავისა და ადამიანთა მიერ სრულიად განადგურებულია. უკეთ დაცულია კედლის მხატვრობა გუმბათის მიდამოებში, სადაც საკმაოდ კარგად ჩანს ზაქარია წინასწარმეტყველის აპოკალიფსური ჩვენება - ანგელოზთა მიერ ჯვართამაღლებისა და ოთხი ეტლი სხვადასხვა ფერის ცხენებითურთ. წარმოდგენილია აგრეთვე ანგელოზთა დასი, სხვადასხვა წმიდანები და წინასწარმეტყველები.
როგორც ფრესკის ფრაგმენტული წარწერიდან ჩანს, იშხნის ტაძრის მომხატველი უნდა იყოს ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი (+966) და მისი ძმა, დავით მაგისტროსი, შემდგომში დავით დიდი, ტაოს კურაპალატი. მათ იშხნის ტაძარი მოხატეს X საუკუნის II ნახევარში, არა უგვიანეს 966 წლისა.
ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს, რომ მეფე დიმიტრი I იშხნის ტაძრისათვის დაუბრუნებია სოფელი ლოზნი, რომელიც ადრე ტაძრისათვის შეუწირავს დიმიტრის პაპას, მეფე გიორგი II და მის მამას, მეფე დავით აღმაშენებელს. ამ შემოწირულობების გამო იშხნის მთავარეპისკოპოს ეგნატის განუჩენია მეფე დიმიტრისათვის აღაპი და ტაძარში დაუკიდია სამი კანდელი - დიმიტრი მეფის, მისი დის, თამარ დედოფლის (შირვან-შაჰის, აღსართანის მეუღლის) და დიმიტრის შვილების - მეფე დავითისა (1154-1155) და მეფე გიორგი III-სათვის (1155-1184).
საყურადღებოა აგრეთვე XII საუკუნის ლამაზი მხედრული წარწერა. ერთ-ერთ მათგანში მოხსენიებულია ბაგრატიონთა შორის პირველი „ქართველთა მეფე“ ადარნერსე II (923) და მისი ოთხი შვილი. გურგენ მეფის მიერ აშენებული პატარა ეკლესია დაზიანებულია.
იშხნის საეპისკოპოსო კათედრა მოღვაწეობას განაგრძობდა თურქთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგაც და საბოლოოს მხოლოდ XVII საუკუნეში გაუქმდა.
იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესიის სახარება. აქვე 973 წელს შესრულდა ჭედური, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ახლა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
ოშკი
ოშკის ტაძარი მთის კალთაზე დგას, მდინარე თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, იქ, სადაც ეს წყალი ერთვის თორთუმის ტბას, რომელიც დაახლოებით 1791 წელს შემთხვევით დაგუბების შედეგად წარმოქმნილა.
ტაძარი ნაგებია მოყვითალო-წითელი, წმიდად თლილი ქვით და, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებისა, დღესაც აოცებს მნახველს სიდიადით, სიმაღლითა და ყველა ნაწილის პროპორციულობით, ქანდაკოვანი დეკორითა და სხვადასხვაგვარი პოლიქრომული სამკაულით. სიდიდისა და ქანდაკოვანი სამკაულის მხრივ ეს ტაძარი ტაოში მეორეა ბანას მრგვალი ტაძრის შემდეგ. ოშკი ცენტრალურ-გუმბათოვანი და სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძრების ნაზავია. იგი იმეორებს იშხნის გეგმას, თუმცა მასზე მასშტაბურია და წაგრძელებული ფორმა აქვს. გუმბათოვანი ტაძარი სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნის. ტაძარი აგებულია ოთხ სვეტზე, რომელსაც გუმბათი ეყრდნობა. ოშკის სიგრძე 38,5 მეტრია, სიგანე - 36 მეტრი, სიმაღლე 40 მეტრი და ქართულ ტაძრებს შორის იგი ერთ-ერთი უდიდესია.
ოშკის ამშენებელნი ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნერსე III კურაპალატის (+961) შვილები - ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი (+966) და დავით მაგისტროსი, შემდგომ დავით დიდად წოდებული, ტაოს კურაპალატი (+1001). ტაძრის მშენებლობა დასრულებულა 958-961 წლებში, მშენებლობის გამგე ყოფილა გრიგოლ ოშკელი, ხოლო ხუროთმოძღვარი - ერისკაცი ვინმე, რომელსაც თავისი გამოსახულება აღმოსავლეთ ფასადზე მოუთავსებია. ამ ქვის მარტოოდენ ქვედა ნაწილია შემორჩენილი. ბარელიეფის ორივე მხარეს დაცულია მცირე წარწერა, რომელიც ასე იკითხება: ხუროთმოძღვარი ტაძარს „ათსა წელსა აშენებდა“.
სამხრეთ გალერეის ბოლოს, მაჰმადიანთა მიერ ამჟამად უკვე ამოქოლილ კამარაში შემორჩენილია ერთი ლამაზი, ორნამენტოვანი სვეტი. მეორე სვეტის წახნაგები კი უხვადაა შემკული რელიეფური ფიგურებით (კოზმა და დამიანესი, ვედრების კომპოზიცია, წმიდა ნინოსი, გრიგოლ ოშკელისა და წარწერა - „ქრისტე შეიწყალე მონაი შენი გრიგოლ“, ხოლო ფერადებით დახატულია ვედრების კომპოზიცია, ყველა ანგელოზთა დასი, მახარებელთა ემბლემები). ეს ერთადერთი შემთხვევაა ქართულ ტაძრებში სვეტების ამგვარად შემკობისა.
ტაძრის შიდა კედლები 1036 წელს საუცხოო ფრესკებით მოუხატავთ, მაგრამ მათგან მცირე რამ შემორჩენილა და ისიც დაზიანებულია. გარეთა კედლები დაფარულია მრავალრიცხოვანი ასომთავრული, მეტწილად წითელფერადოვანი წარწერებით, რომელთაგან 15 წარწერა იკითხება. ისინი ძვირფას ცნობებს გვაწვდიან ტაძრის მშენებლებისა და სხვა ისტორიულ პირთა შესახებ.
ტაძარს ადრე ოთხი კარი ჰქონია. მთავარ კართან არის ასევე წითელ ფერში შესრულებული ასომთავარული წარწერა, რომელშიც ნახსენები არიან ადარნასე კურაპალატი და მისი შვილები ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი და დავით კურაპალატი.
„ეს იყო გალატოზთა და მოქმედთა მიზდი და აზავერთა მექვიშეთაი, რომელიც წელიწადსა წაეგების დრამა 20 ათასი, ღუინო - ფისოსი 5 ათასი, რკინა ლიტრა 60, ხუარბალ - გრივი 250, გალატოზი და ხურო და მფედელი, რომელი მარადით შურებოდა - 70. ხარი, რომელ ქვასა კრებდა - 30, ჯორი და სხუაი აზავერი, რომელი გრიგოლ-წმიდით სპინდიაკსა კრებდა - 60 და ყოველი ერი და მოქმედი 80“ - წერია კედელზე...
ხახული
თორთომის წყლის მარცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში, არის სოფელი, რომელსაც დღესაც ხახულს ეძახიან. იგი რამდენიმე კილომეტრზეა გაშლილი და უბნებად იყოფა: ჯაფარ-აღა, დერდერესი, რადენსი, ოსმან-აღა, იოღუნი, ჩირენისი...
ხახულისწყალზე შემორჩენილია ხიდი, რომელსაც აქაურები, ქართული ტრადიციისამებრ, თამარის ხიდს უწოდებენ.
სოფლის ბოლოს არის ხახულის ტაძარი. ამის შესახებ თურქულ და ინგლისურ ენებზე გაკეთებული წარწერები გვამცნობს. მთავარ ტაძარს, ჩვეულებისამებრ, გარს ერტყა მცირე ეკლესები, რომელთაგან 5 გალავანს შიგნით იდგა, 3 კი - გარეთ. მაჰმადიანებს მთელი ტაძარი ჯამედ გადაუკეთებიათ, რასაც ტაძარი დანგრევისაგან გადაურჩენია.
ხახულის მონასტრის ნაგებობათა შორის განსაკუთრებით ორია მნიშვნელოვანი: დიდი გუმბათიანი ტაძარი, რომელიც აშენებულია დავით დიდი კურაპალატის მიერ, X საუკუნის II ნახევარში, რასაც ადასტურებს „ქართლის ცხოვრება“. ასევე საყურადღებოა მთავარი ტაძრის სამხრეთით მდებარე ერთნავიანი ბაზილიკა. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: „ხევზედ, შიფაქლუს მთის კალთას, არს ეკლესია - მონასტერი ხახულისა, ყოვლად-წმიდის ღვთისმშობლისა... ეს აღაშენა დავით კურაპალატმან, ბაგრატ მეფის მამობილმან. აქავ არს ეკლესია ფრიად შვენიერი, დიდშენი, რომელი აღაშენა 48-ე მეფემან დავით. არამედ აწ უქმ ცარიელ არიან...“ ვახუშტის მიერ დასახელებული 48-ე მეფე არის დავით კურაპალატი (876-881), ძე ბაგრატ კურაპალატისა და შვილიშვილი აშოტ I კურაპალატისა.
ხახულის ტაძრის კედლებზე წარწერები ცოტაა. ზოგი მათგანი ტაძრის მშენებელი ოსტატების ვინაობას გვამცნობს. ტაძრის მოხატულობისაგან ცოტა რამ შემორჩენილა. საკურთხევლის ფრესკებზე ჩანან მოციქულები, რომელთაც ხელში სახარება უჭირავთ. შემორჩენილია აგრეთვე ქართული ასომთავრული წარწერები. ტაძრის კარზე ჯერ კიდევ კარგად ჩანს წმიდა გიორგის, ღვთისმშობლის გამოსახულებები.
ხახულის მონასტერი ძველი საქართველოს განათლების ერთ-ერთი კერა იყო, საიდანაც გამოდიოდნენ გამოჩენილი საეკლეისო მოღვაწენი, ღვთისმეტყველნი, მქადაგებელნი, მთარგმნელნი, კალიგრაფები და სხვა. სახელგანთქმულ მთარგმნელს, გიორგი მთაწმინდელს პირველდაწყებითი განათლება სწორედ ამ მონასტერში მიუღია და აქვე აღკვეცილა ბერად. ჩვენამდე მოაღწია ხახულის მონასტერში გადაწერილმა ხელნაწერებმაც. ხახულის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი - კარედის კი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
ბანა
ოლთისის შენაკად ფენიაკჩაის ანუ ფენიკისწყლის ხეობაში, ცენტრალური გზიდან თუ გადაუხვევთ, სოფელ ფენიაკს მიადგებით. სწორედ აქ, ამ სოფელთან იდგა ტაოსა და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი და უდიადესი ტაძარი - ბანა...
„ფანასკერტის წყალზედ არს ბანა. აწ უწოდებენ ფანაქს. ეკლესია გუმბათიანი, დიდი, მშვენიერად ნაგები, კეთილ მშვენიერ ადგიალს აღაშენა მეფემან ადარნასემან და დაფლულნი არიან მეფენი. იჯდა ეპისკოპოზი მწყემსი ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისის და ნარემაკისა და აწ არც ცალიერ.“ - წერდა ვახუშტი ბაგრატიონი.
„ბანასნაირი ტაძარი მთელ აღმოსავლეთში არ მინახავს, აია-სოფიის შემდეგ აზიაში მსგავსი არაფერი შემხვედრიაო“, - უთქვამს მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გერმანელ ბოტანიკოსს კარლ კოხს. იმ დროს ბანა ჯერ კიდევ პირვანდელი სახით ყოფილა შემორჩენილი. მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიანი წლებისთვის, როცა ტაძარი მოინახულა დიმიტრი ბაქრაძემ, მას გუბმათი უკვე ჩამონგრეული ჰქონია.
სუმბათ დავითის ძე წერს: „ადარნასე ძე დავით კურაპალატისა (881-923) დასვეს ქართველთა მეფედ... და ამან... აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანად“.
ამ ცნობის მიხედვით ბანა მეცხრე საუკუნის ბოლოსა და მეათე საუკუნის დასაწყისში აშენდა. თუმცა ტაძრის სტილისტიკური ანალიზით მეცნიერები ასკვნიან, რომ ტაძარი მეშვიდე საუკუნეზე გვიანდელი ვერ იქნებოდა, რადგან მას ტეტრაკონქის ფორმა აქვს, რომელიც მეშვიდე საუკუნის შემდეგ აღარ გვხვდება. „ადარნასე ალბათ ტაძრის ხელმეორედ მაშენებელი იყო“, - ვარაუდობს ზოგიერთი მეცნიერი.
ტაძარი აგებულია მრგვალ ბორცვზე. ამ ადგილას თითქოს ცა და მიწა ერთიანდება. ბანა მრგვალად აღიქმებოდა, თუმცა რეალურად მრავალწახნაგა იყო. სამსართულიანი და რთული კომპზოციის ტაძარი ეკლესიისგან და მრგვალი გალერეისგან შედგებოდა. ძველად კი გარედან შემოსაზღვრული იყო ქვის გალავნით. ეკლესია ბერძნულ ჯვარს - ტეტრაკონქს წარმოადგენს. პირველი სართული თავიდან 28 წახნაგა იყო და იგი მოგვიანებით გადააკეთეს. სავარაუდოდ, მეთექვსმეტე საუკუნეში, თურქების შემოსევის დროს, ბანა ციხე-სიმაგრედ აქციეს.
საკურთხეველში ექვსი სვეტი იყო, რომლებიც თვალსაჩინოდ გამოიყოფოდა გალერეისაგან.
ტაძარზე მრავლად ყოფილა წარწერები: „ქრისტე, შეიწყალე თეოდორე დიდი“, ეს წარწერა ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა. მეორე წარწერიდან მხოლოდ ერთი სიტყვა იკითხებოდა „დიდი“, მესამე წარწერა „ქრისტე, შეიწყალე გიორგი“ სავარაუდოდ, აქ მოსულ მლოცველს უნდა ეკუთვნოდეს.
ისტორიაში ცნობილია ბანელი ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც უღალატა ბაგრატ მეოთხეს და ტაოელ აზნაურებთან ერთად 1027 წელს საბერძნეთს წავიდა. შეთქმულებმა იმპერატორ კონსტანტინეს ტაოსკენ ჯარი გამოაგზავნინეს.
ვინმე ზაქარიას ბრძანებით, მეთერთმეტე საუკუნეში ბანაში გადაუწერიათ დიდი ტყავის კრებული, რომელიც გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომებსაც შეიცავს.
ბანაში დაიწერა ჯვარი ბაგრატ მეოთხემ, ბიზანტიის იმპერატორის ძმის, რომან არგონის ასულ ელენეზე. იქ იყვნენ დაკრძალულნი ტაოს ბაგრატიონები. უკანასკნელად დაკრძალეს ვახტანგ მეოთხე და მისი მეუღლე.
პარხალი
პარხალი პარხალისწყლის ხეობაშია, სოფელ პარხალში, ლაზეთის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირში. ამ მიდამოებში ოდესღაც კლდეში ნაკვეთი წყალსადენიც ყოფილა, რომელიც ტაძრის აგების შემდეგ თამარ მეფის ბრძანებით გაუყვანიათ.
თავად ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ამხელა ბაზილიკა საქართველოს ტერიტორიაზე არსად არის შემორჩენილი. ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელზე მეათე საუკუნეში დავით მესამე კურაპალატს აუგია.
მონასტრისთვის იონა ბარაიას შეუწირავს შატბერდში 973 წელს გადაწერილი სახარება, რომელიც დღეს პარხალის ოთხთავის სახელითაა ცნობილი.
პარხალის ტაძარი საკმაოდ კარგად არის შემონახული. ეს ალბათ იმის წყალობით, რომ აქაც მეჩეთია.
ოთხთა ეკლესია

ოთხთა ასევე ჭოროხის აუზში, ოთხთას წყლის ხეობაში მდებარე მეათე საუკუნის ძეგლია. იგი პარხალთან ერთად გვიანი ხანის ბაზილიკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც პროპორციებით ძალიან განსხვავდება ძველი ქართული ბაზილიკებისგან, მაგალითად, ბოლნისის სიონი, ურბნისი.
ოთხთასთან მისული ტაძრის მშვენიერებით იხიბლები, მაგრ
This post has been edited by geomeloman on 22 May 2014, 12:22
5 + (-sqrt(1-x^2-(y-abs(x))^2))*cos(30*((1-x^2-(y-abs(x))^2))), x is from -1 to 1, y is from -1 to 1.5, z is from 1 to 6