მაშ ასე, ჩემი შთაბეჭდილებები:
ბუნება - 5+ ჯერ მარტო სურნელი, შემდეგ თითქოს მზეც სხვანაირ ფრად ანათებდა. მრავალფეროვანი ფლორა თავისი პირველყოფილი სილამაზით.
დასახლებული პუნქტი - 1. ძალიან მოსავლელი, 1 საკვები ობიექტი, 1 გატყავებული აფთიაქი, ორიოდე ჯიხური, ავარიული შენობები, მოსავლელ-გასალამაზებელი ღობე-კარები... მდიანრეში უამრავი პოლიეთილენის სიბინძურე და გზისპირებშიც ვანდალების დაყრილი ნაგავი. კააარგი მისახედია, ბორჯომამდე ბევრი უკლია.
გზა - 4. ალაგ-ალაგ იყო დასაკემსად გამზადებული ორმოები, თუმცა ისეთი ღრმა არა, რომ სიჩქარით სიარულისას "ჩაარტყა". გზის გაფუჭებული უბნები: ლიკანს რომ გაცდებით ასე 3 კმ-იანი მონაკვეთი, შემდეგ აწყურამდე და აწყურის შემდეგ 3-5 კმ-იანი მონაკვეთები. ახალციხის იქით არსებული ორმოები 31 აგვისტოს უკვე ამოვსებული იყო. ნორმალური სიჩქარით სიარული შესაძლებელია.
სასტუმრო "კაპა" - 3 (ისიც თავაზიანი პერსონალის ხათრით). ჩვენი ნომერი დიდად არ მოგვეწონა, 60 ლარი კაცზე არ უნდა ღირებულიყო, თუმცა მგონი ყველაზე უარესი ნომერი მაგ სასტუმროში ჩვენ მოგვცეს. "კაპა"-ში თუ მოხვდებით, #1 ოთახში არ შეხვიდეთ. #4 და #5 ოთახები ბევრად სიმპატიურები იყო (გვიან გავიგეთ). კვება ნორმალური, სამჯერადი. ოთახების დალაგება ითვებოდა რომ იყო, მაგრამ ჩვენს ოთახში ვერაფერი შევატყვეთ დალაგებულისა. პ.ს. აბასთუმანში მაინც საუკეთესო სასტუმროდ ითვლება.
კლიმატი - ქულას ვერ დავუწერ, მაგრამ დღისით სასიამოვნოდ გრილი (ზაფხულს ვგულისხმობ), ღამე კი საკმაოდ გრილი (4 - 6 გრადუსი ცელსიუსით). თბილი ტანსაცმელი წაიღეთ აუცილებლად (კურტკებიც არ გაწყენთ).
სხვა ისტორიული ადგილები - 5+. მარტო ამის ხათრით ღირს აბასთუმანში სტუმრობა. ცალ-ცელკე:
ობსერვატორია - ცენტრიდან 4.5 კმ. სახიფათო მოსახვევებით და ე.წ. "შპილკებით" შემდგარი ვიწრო გზა, თუმცა ასფალტის საფარი ახალი და კარგია. მე წარმომედგინა, რომ ობსერვატორია არის 1 დიდი შენობა 1 დიდი ტელესკოპით, თურმე კი ყოფილა 1 დიდ ტერიტორიაზე განთავსებული ბეეევრი შენობა ბეეევრი და სხვადასხვაგვარი (სხვადასხვა დანიშნულებისა და სიდიდის) ტელესკოპებით. ექსკურსია იწყება ღამის 10 სთ-ზე და არის ყოველ ღამე, თუკი მოწმენდილი ცაა. ე.ი. თუ გადაწყვიტეთ ობსერვატორიაში ასვლა, საღამოს 10 საათზე აიხედეთ ცაში და თუ დაინახავთ ვარსკვლავებს, ჩაიდეთ ჯიბეში 4-4 ლარი და მოაჯექით მანქანას

ექსკურსია ჯდება 4 ლარი კაცზე და ამ ფასში შედის ტელესკოპში გაჭვრეტა (განახებენ წლის იმ პერიოდში "დანახვად" პლანეტებს) და ობსერვატორიის მუზეუმის დათვალიერება გიდის თანხლებით. ჩვენ ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით: ტელესკოპიდან ვნახეთ იუპიტერი და მთვარე, მუზეუმში კი გიდმა საინტერესო და არასიტყვაძუნწი ექსკურსია ჩაგვიტარა.
ვარძია - მდებარეობს ახალციხიდან 62 კმ-ში, რომელსაც თავის მხრივ აბასთუმნიდან 30 კმ აშორებს. თითქოს მარტივესი 92 კმ-ის გავლას 2.5 საათი (!) მოვანდომეთ. ახალციხიდან ვარძიამდე გზის ძალიან კარგი და ძალიან გაფუჭებული მონაკვეთები ერთმანეთს რიგ-რიგობით ცვლიდნენ და საშუალო სიჩქარე 30-ზე მაღლა ვერ ავიყვანე. სამაგიეროდ ვარძიის ნახვა ღირდა ამ დროდ. უფლისციხეზე უფრო კომპლექსური და რთული სამშენებლო სამუშაოები იყო ჩატარებული, რის საშუალებაც ვარძიის ქანები (ტუფის მაგვარი) იძლეოდა (მოგეხსენებათ, უფლისციხეში რბილი ქანებია და კომპლექსური ნაგებობები იქ არ გვხვდება). აქვე 1 რჩევა - გიდი აიყვანეთ აუცილებლად, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ წაიყვანოთ გოჩა: მასეთი სიტყვაძუნწი და თავის-საქმე-მოძულებული გიდი ხოვრებაში არ შემხვედრია. გზად ჩაუვლით თმოგვის ციხეს, ასპინძას, ხერთვისის ციხე-სიმაგრეს. ეს უკანასკნელი გარედან ძალიან ლამაზი იყო - იმედია, ჩვენგან გასხვავებით თქვენ არ იქნებით ისეთი დაღლილები, რომ ეს სილამაზე ახლოდან (შიგნიდან) არ ნახოთ.
პ.ს. ამჟამად სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ახალციხე-ვარძიის გზის სამშენებლო სამუშაოები და იმედია გაისად შეფერხებები აღარ იქნება.
მგონი, სულ ესაა. თუ რამე გამახსენდა, დავამატებ.
სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!