როგორც იცით იმ საღამოს ჯანიკო პირველთან დავრჩი.
დედამისი მოხუცებული სათნო ქალბატონი გვარად ფანგანი,
მიყვებოდა წვირმის (თვითონ საიდანაც იყო წარმოშობით)
და ჰადიშის (მისი დედულეთი - ავალიანები) ძველ ისტორიებს.
სამწუხაროდ არც-ერთი სოფელი ჩემს მარშრუტში არ შედიოდა.
იმედი მაქვს მათი სხვა დროს მონახულებისა.
იმ საღამოს სვანური ლორი "აპეხტ"-იც დავაგემოვნე
დღის მეორე ნახევარში ისეთი თავსხმა წვიმა დაიწყო, ხასიათი გამიფუჭდა.
არ მინდოდა მეორე დღეს მოგზაურობა ასეთ ამინდში დამესრულებინა.
- ჯანიკომ ცას გახედა, თვალი ჩამიკრა და თავდაჯერებულად მითხრა, ხვალ დარი იქნებაო.
იმ დღევანდელი ემოციებით და შთაბეჭდილებებით აღსავსეს ტკბილად დამეძინა.
მეორე დილა მართლაც უღრუბლოდ გათენდა.
ამ მოგზაურობისას ყოველთვის 6 საათზე ვიწყებდი სიარულს.
მაგრამ იფარიდან დილის 10-ზეც კი ვერ გავედი. მზე ხეობაში არ იყო მთლიანად შემოსული.
ძალიან ციოდა.
რადგან სასწრაფო არც არეფერი იყო, 11-ზე გავუდექი გზას.
სოფლის გასასვლელში დიდ ლოდზე აშენებულ კოშკს იხილავთ, რომელსაც ლამაზი ლეგენდა უკავშირდება.


ოდესღაც იფარში ცხოვრობდა საკმაოდ შეძლებული მშობლების ერთადერთი ასული, მიაგულ პირველი.
ძალიან ლამაზი ყოფილა მიაგული.
ერთ დღესაც სოფელ კალაში კვირიკობის დღესასწაულზე მზეთუნახავი შეხვედრია
ამავე სოფლის მკვიდრ ოტია მარგველანს. რომელიც კარგი ვაჟკაცი და მონადირე ყოფილა.
ოტიას უმალ გულში ჩავარდნია მიაგულის სიყვარული, არც მზეთუნახავი დარჩენილა გულგრილი.
მალე მგზნებარედ შეჰყვარებიათ ერთმანეთი, მაგრამ მათ ურთიერთობას აბრკოლებდა ფრიად მნიშვნელოვანი რამ.
ვაჟკაცს მეუღლე და ხუთი შვილი ჰყავდა.
ვერ გადაუწყვეტია მიაგულს შეყვარებულის ოჯახის დანგრევა და უკანასკნელი სიტყვაც უთქვია ოტიასათვის.
დამწუხრებული კალელი სანადიროდ წასულა, თავს არ ზოგავდა ისეთ კლდეებს შესჭიდებია.
ბედს უმუხთლია, ქარაფებიდან ენგურში ჩავარდნილა.
ქმრის სიკვდილით სასოწარკვეთილ ცოლსაც მალე ენგურში მოუსწრაფია სიცოცხლე.
ამბობენ ოტია და მისი ცოლი კალმახებად გადაიქცნენო.
-გულმოკლულ მიაგულს მამისთვის უთხოვია შუა ენგურში მდგარ ლოდზე კოშკის აგება.
მამასაც შეუსრულებია ერთადერთი ქალიშვილის თხოვნა.
მას შემდეგ დღენიადაგ ამ კოშკში ცხოვრობდა მიაგული და თავისი ხელით აპურებდა კალმახად გადაქცეულ ოტიას და მეუღლეს.
ენგურში მდგარი ლოდის ქვემოთ მიწიდან ამოდის სუფთა წყარო, იგი თვალსაჩინო ხდება ყველასთვის, როცა მდინარე იკლებს.
ამბობენ კოშკიდან გადმოღვრილი მიაგულის ცრემლებიაო.
ლამაზი ლეგენდაა არა?

ნახეთ, ხეობაც და ბუნებაც თითქოს ლეგენდაში გაბრუნებთ.
ჩემი ჯადოსნური გზები გრძელდებოდა ამ დღესაც...

მალე მივედი სოფელ კალის საზღვართან საიდანაც კარგად მოსჩანს მაღლობზე
მდებარე წმ.კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია. სვანურად ლაგურკა.

კალა დაცლილია მოსახლეობისგან ძალიან, ცოტაღა არიან დარჩენილნი.
რაღაც უცხო. განსაკუთრებული შეგრძნება არ მტოვებდა გარინდებულ ქუჩებში სიარულისას.
დამწუხრებული ვიყავი ნანახით, მაგრამ ამავდროულად უჩვეულო აზარტსაც ვგრძნობდი.
ეს სოფელი ცოტა მკაცრია თავისი ბუნებით, მაგრამ მგონია რომ მხოლოდ ერთი შეხედვით....
აი ნახეთ სუპერ რომანტიკა

აქ მართლა ვიღაც კონან მაკლაუდი ცხოვრობდა სავარაუდოდ !

მარტოდმარტო

ეს არის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია. თუ არ ვცდები მე-8 საუკუნის.
სადაც მე-6 საუკუნის ხატი ინახება.
გულბანები აღებენ საყდარს.


გარეთ რომ გამოვდიოდი დავინახე ვიღაც ბიჭი ტელეფონით ვიდეოს მიღებდა

იქვე შემიპატიჟეს სახლში მაგრამ უარი ვუთხარი, პურის ნაჭერი და ყველი მაინც წაიღეო....
აბაა!!! ასეთები არიან.
ვამბობდი მკაცრიო, დიახ მკაცრი, მაგრამ სულის სიღრმეში რომ მოგწონს.
ძალიან რომ მოგწონს ისეთი...

ამ კოშკს გავცი თუ არა იქვე ხეობის პატარა ღარიდან გამოჩნდა ულამაზესი სანახაობა.
შხარის მცირედი ნაწილი. ვერც ვიფიქრებდი კალიდან თუ დავინახავდი.
ნახეთ რა საყვარლობაა

კალის შემდეგ იწყება კიდევ ერთი ავტონომიური სფერო, რომელსაც აშკარად გამოარჩევთ მისი განსხვავებულობით.
ეს არის უშგულის 9 კილომეტრიანი გზა და შემდეგ თავად სოფელი.
მანქანებისთვის არ არის იოლი ამ მონაკვეთის გავლა რადგან გზა ძალიან ვიწროა.

ამ კლდეს დევის ნაშენი ჰქვია (მარჯვნივ დააკვირდით თითქოს მართლა კედელივით არის, მარცხნივაც გზის ბოლოს ნახეთ)
და საინტერესო ლეგენდა გააჩნია.
ერთხელ დევს ენგურის დაგუბებით გადაუწყვეტია უშგულელების გაწყვეტა.
მოუტანია დიდი ლოდები და კედელი აუშენებია.
ეს რომ გაუგია ხალხს, უშგულიდან ღვთისმშობლის ეკლესიიდან წმ. მარიამს ვერძები გაუგზავნია, ხოლო კალიდან წმ. კვირიკეს ვაცები.
ჰოდა შესდგომიან და რქებით გაუმტვრევიათ კედელი.
ამ დროს თურმე მოდის დევი, კლდეზე დასამატებელი ორი უშველებელი ლოდით.
რომ დაუნახია განგრეული კედელი, მიხვდა რომ ვერაფერს გააწყობდა ამათთან.
ერთი ლოდი ქვემო სვანეთში გადაუსვრია, ხოლო მეორე იფარს რომ გამოვცდებით იქვე.
ამ ლოდზეა აშენებული მიაგულ პირველის კოშკი.
სხვათაშორის, ორივე სვანეთში არსად მოიპოვება ზუსტად ასეთი ლოდები და ორივე თურმე ტყუპისცალივით გვანან ერთმანეთს. (შემადგენლობითაც)
დღესაც უშგულში მხოლოდ ვერძებს სწირავენ, ხოლო კალაში ვაცებს.


შემხვედრი 2 მანქანიდან ერთერთმა უნდა დაიხიოს უკან (ლოგიკურად - ზემოთ მიმავალმა)


მალე ასეთმა მშვენიერმა სანახაობამ მიმახვედრა რომ უშგულს ვუახლოვდებოდი


* * *
შემდეგ ისევ აღმართები



და უცბად ერთ-ერთი მოსახვევიდან გამოჩნდა უშგულის პირველი სოფელი მურყმელი.
ადრე 2007-ში ერთი 13 წლის ბავშვი გვახლა, მაშინ მან მისი ბავშვური ემოციით, წამოიყვირა ვაი რამდენი კორპუსებიაო

მართლაც, ვინც ნამყოფი ხართ დამერწმუნებით რამხელა შთაბეჭდილებას ახდენს ნანახი.



ეს კი უშგულის მეორე სოფელი ჩაჟაში!

ამ კოშკების პირისპირ რომ დგახართ, სულ სხვა დროისა და სივრცის შეგრძნება გიპყრობთ.


მარცხნივ კი შხარა და უშგულის ორი სოფელი, ჩუბიანი და ჟიბიანი

აუ რა კაია აქ დგომა, სუნთქვა და ფიქრი (მაგრამ თქვენი ფიქრი უშგულს არ გასცდება)

შხარა მოგნუსხავთ !!!
* * *
ახლოვდება ჩემი მოგზაურობის დასასრული, ამ დროს გული საოცრად მიცემდა.
შხარა და წმ. ლამარიას ეკესლია, გვერდით სვანეთში უძარღვესი კოშკით.

მივაღწიე და მივხვდი რა ყოფილა ბედნიერება (მაშინ ასე მეგონა)
განუმეორებელი წამი ჩემს ცხოვრებაში.


კრემისფერქუდიანმა ბავშვმა გადამიღო სურათიც და ვიდეოც

მარცხნივ დები ავალიანები, მარჯვნივ მაღალი და სულ პატარა - ნიჟარაძეები.

ცოტა დაბლა წმ. გიორგის საყდარი.

ამ ბავშვებმა ჩამიყვანეს ჩემი ბიძაშვილის ჯგუფელის თამაზ რატიანის ოჯახში (ჯერ მათ არ ვიცნობდი)
ისინი მელოდნენ, ძალიან თბილი დახვედრა მომიწყვეს, უძვირფასესი ოჯახი აღმოჩნდა.
სამწუხაროდ აქაც გამოუსწორებელი შეცდომა მაქვს დაშვებული, მათი ფოტო ვერ გადავიღე, ისე უცაბედად მომიხდა მეორე დღეს გამომგზავრება.
რაღაც პატარა ვიდეო მქონდა გადაღებული და იქიდან ამოვჭერი ოჯახის უფროსის ბუნდოვანი სურათი...

ეს მეორე დღეს გადაღებული სურათებია


უშგულის ქუჩა-კალოებში




კოშკების ლაბირინთებში სიარული ერთი სიამოვნებაა

დილის უშგული (ჩუბიანი, ჟიბიანი) და შხარა
* * *
თამარ მეფის კოშკი

იქვე ძალიან ძალიან პატარა საყდარი

საკურთხეველში მხოლოდ ერთი ადამიანი ეტევა, მთლიან საყდარში ალბათ მაქსიმუმ ოთხი.

კაფე, სხვათაშორის ძალიან კარგი. კუბდარებს და ხაჭაპურებს აცხობენ გემრიელს.
ინტერიერიც მშვენიერი.



მეორე დღეს უნდა ამოსულიყო ბეჩოდან დელიკა მინიბუსი რომელსაც ებრაელი ტურისტები უნდა ამოეყვანა.
მეც ამ მანქანით ვაპირებდი მესტიაში დაბრუნებას,
ძალიან გაიწელა მათი ამოსვლა. გზაში პიკნიკი მოუწყვიათ.
ეს რომ გავიგე ვიხელთე დრო და შხარისკენ გავეშურე.
აქ წმ. ლამარია უკან დარჩა - მივდივარ შხარისკენ

ცოტა ხანში ასეთ სიშორეზე დავყურებდი ლამარიას. (მდინარის ბოლოსკენ მოჩანს)




უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი, მაგრამ ტელეფონმა დარეკა და ბატარიაც დაჯდა (მალე უნდა დავბრუნებულიყავი - არ მინდოდა მანქანა უჩემოდ წასულიყო)

აი ამ ადგილიდან გადავწყვიტე უკან გავბრუნებულიყავი თუმცა ძალიან კი არ მინდოდა და გულს იქ ვტოვებდი.

ვიდეო კოლაჟის ბოლო ორი ბმული
http://www.youtube.com/watch?v=Y8UMLtsjTAwhttp://www.youtube.com/watch?v=ylkePlGV9OU&feature=relatedაი მეგობრებო აქ მთავრდება ჩემი მოგზაურობა და თავგადსავალი.
იყო აგრეთვე ეპიზოდები და საინტერესო ისტორიები რომელიც ვერ მოხვდა ჩემს პოსტებში. (ყველაფერს ხომ ვერ დავწერდი -

)
გულით გეუბნებით უდიდეს მადლობას "თბილისი - უშგული 2010"-ის ერთგულებისთვის!
ძალიან მიხაროდა როცა იძახდით - თითქოსდა შენთან ერთად ვმოგზაურობთო ამ თემის საშუალებით

ასე რომ მეგობრებო, ჩეთი გახსნილად გამომიცხადებია

პატივისცემით,
Tobuldar
* * *
ჩასწორება
