"ხევსური"
იქ სადაც ხარ-ჯიხვი დათქერავს სალ კლდეებს,
იქ სადაც არწივი მოხაზავს ირაოს,
იმ მთების გულმკერდზე დამადნოს განგებამ,
ამ სისხლმა არდოტის ჭალებზე იაროს.
გვარს დამილოცავენ ხატები პაპისა,
ჯიშსა და ჯილაგზე მეტყვიან არაკებს,
ჭენებით ავივლი ხევსური დეკიანს,
შინშები ღრეობენ კარიდან კარამდე.
ლუდი დუღს სვიანი,ოხშივარს აიდენს,
ჯულხაის,ბეწინას ცხენები გელავენ,
მთის იქით მწველი მზე ჯანღებმა ჩაიდნეს,
მიღმახევს ხევსურის ხმლები,რომ ელავენ.
სტუმარს და მასპინძელს ადათი შამარჩათ,
ძველ წესებს ხმადაბლა გულიდან მოსთქვამენ,
შაუნდნას იმ ხევსურს ქისტს მკლავ რო მააჭრა,
შენამც იხარებდე იმაის მოსვლამდე.
ადუღდა ცხელ-ცხელი ძარღვებში სისხლი და,
ერთურთს შმაგებივით უღერენ კაფიებს,
ზვიადაურებს უელავთ თვალნი და,
ცხელ გრძნობებს არაყიც ხომ უფრო აღვივებს.
ანდაქელთ,არდოტელთ,არჭილოთ ბანებზე,
ქალ-ვაჟნი კეკლუცად ცეკვავენ დაღლამდე,
ღრეობენ,ლექსობენ,რითმები შემართეს,
უკრავენ ჩონგურებს სიმების აშლამდე.
ცხენების ჭენებით იკლავენ მეფურ ჟინს,
და მთების ბილიკებს ტორავენ რაშები,
ალისფრად ჩამოწვა მეწამულს ბინდბუნდი,
მთის წვერებს ვერ სერავს ვერც ურჩი ქარები.
მოგრგვინავს არაგვიც თავქვე და თან მოაქვს,
ბევრაის წუხილი,დროებით ნატანჯი,
მოგელავს ლურჯაც და ხევსურის ყიჟინა,
აყრუებს მიდამოს ამ მთიდან იმ მთამდის.
მივედი რითმებით მეც ერთი ხევსური,
ბარს გამოკეტილი,მთის შვილი წუხილით,
მოჯარდნენ დარდები ამ გულის ერთგული,
არდოტს მივჯაჭულვარ საოცრად,მუნჯივით.
წამოვალ ბარად და მომყვება მთის სიო,
მაცილებს ქალაქად,ვაჟაის თვალები,
ნუ წახოლ ქალაუ,მთებში მინდ გიგულო,
ვიდრე დამსერავდეს სიბერის ხაზები.
მთის ყვავილთ დაგიკრეფ არღუნის ნაპირთან,
ზამთრის პირს ურჩ იებს მოგიტან კრძალვითა,
ნუ წახოლ...ნუ წახოლ,ბარისკენ ქალაუ,
ეგ თოლნი მომაპყარ,მომაპყარ მალვითა.
ჩვენ იყოს ზამთარი,სანამ კი გაზაფხულს,
არ ავშლით თეოზე ოცნების კარავებს,
რითმებით ვილექსოთ ჩვენებთან დილამდე,
სუსხიან ზამთარში სულები განათდეს.
მოვდივარ ბარისკენ მე მაინც თავდახრით,
თან მომაქვს წუხილი,ურჩობით დაღლილი,
მივდიორ,მივდიორ,მივდიორ ვაჟაუ,
ბარელი მკაცრ მთებში ვერ გავძლებ,დაფიქრდი.
მომყვება ცრემლები იქ მთაში შთენილი,
ბარისკენ სავალი არცისე დიდია,
ფიქრები დამზაფრავს,დამადნობს შლეგივით,
გულში კი წუხილი ალებად მინთია.
(ქეთი ზვიადაური)
დამბურძგლა ამ დილა ადრიან