საღამოს, როცა შუქთა შურდულით
ათინათინდა ვარსკვლავთ ჭავლეთი,
შენ შემეფეთე და ჩამჩურჩულე:
აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი.
საიდან გაჩნდი, საიდან მოდი,
შენი ამბავი გავიგო მინდა.
მე პოეტი ვარ და ქუჩის ლოთი,
შე კი მაისის ვარდივით წმინდა.
რა გინდა ჩემთან, პირველყოფილი
სუნთქვა გათრთოლებს უცხო კაცისა,
თუ სისხლი გხიბლავს კეთილშობილი
რუსთაველის და სააკაძისა?
მე თბილისიდან გაქცევა მსურდა,
შენ კი თბილისში ჩამოხველ, ქალო,
ვინ მოგასწავლა ანთებულ გულთან,
ფერეიდნულო ალმასის თვალო?
საით იყავი, ან ვინ გიყვარდა?
მითხარი რამე, მიამბე რამე!
მერე წავიდეთ, ჩამოვჯდეთ მტკვართან
და გავათეთროთ თბილისის ღამე.
მე – შთაგონებით მთვრალი და ხელი,
გეტყვი, რა იყო ჩვენი წარსული,
შენ მოიღერე ჯეირნის ყელი
და გამაგონე შენი სპარსული.
ლამაზო ხანუმ, სპარსეთის მოხველმ
გულის მურაზი გეპოვა გსურდა,
შენ კი წააწყდი ვიღაცა ოხერს
და მასთან ჰპოვე ერთობა სულთა.
ახლა ერთია ჩემი სურვილი:
თან წამიყვანე მგზავრი გვიანი,
გახელებული ტრფობის წყურვილით
შენზე ოცნებით კაეშნიანი.
ვნახოთ ირანი და თეირანი,
ფერეიდანი, ძველი თავრიზი,
იქ მიმიყვანე მუდამ მტირალი
შენი მიჯნური უცხო დავრიში.
და, როცა, მოვკვდე, სიკვდილი იცან,
უკანასკნელად კვლავ გამახარე...
მოსძებნე ჩემი სამშობლო მიწა
და დამწვარ გულზე გადამაყარე.
დადგება მაშინ მთვარის საათი,
წუთით ვარსკვლავნიც დაიძინებენ,
ჩვენი რუსთველი, თქვენი საადი
ჩემს სამარესთან იშაირებენ.
მე წამოვდგები, კვლავ აენთება
ცის ლაჟვარდებში ვარსკვლავთ ჭავლეთი,
მე ხელებს გავშლი და შეერთდება
დასავლეთი და აღმოსავლეთი...
---------------------როცა დაიწყებს წყარო საუბარს,
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბალს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.
როცა კვირტები აფეთქდებიან,
როცა სიმღერას იტყვი სასურველს,
როცა ირმები დაფეთდებიან,
მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.
როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,
როცა მიწაზე მზე და დარი დგას,
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.
როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის
საგვირილოდ და საენძელოდა,
ირემი ირემს ბალახს გაუწვდის
და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.
როცა ძეწნები ატირდებიან
და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,
შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,
ავტირდები და ავხარხარდები.
მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,
გავდიადდები, გავსულდიდდები
და ავენთები მამულს კელაპტრად,
დავდგები ცერზე, როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი.
This post has been edited by Vlad-Cepesh on 28 Oct 2006, 22:28
მიმაგრებული სურათი