არ არის სრული, მაგრამ ულამაზესია და უსაყვარლესი

დიდი კოლუმბიელი მწერლის გაბრიელ გარსია მარკესის
უკანასკნელი მიმართვა თავისი ხალხისადმი
უფალ ღმერთს თუნდაც წამით რომ დაევიწყებინა, რომ მე ჭინჭის თოჯინა ვარ და კიდევ ცოტაოდენი სიცოცხლე ებოძებინა, ალბათ ვერ ვიტყოდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ; უფრო მეტს ვიფიქრებდი სათქმელზე, საგნებს შევაფასებდი არა მათი ღირებულების, არამედ არსის მიხედვით.
ნაკლებს ვიძინებდი, მეტს ვიოცნებებდი იმის შესაგნებად, რომ თითოეული თვალდახუჭული წუთი ჩავლილი სინათლის 60 წამია.
როცა სხვები ჯდომას ამჯობინებდნენ, მე ვივლიდი, ყურს დავუგდებდი სხვათა ლაპარაკს და როგორი ნეტარებით ჩავიგემოვნებდი შოკოლადის ნაყინს.
უფალს რომ კიდევ ცოტაოდენი სიცოცხლე გამოემეტებინა, ჩავიცმევდი სადად, მზის პირველ სხივებს შევხვდებოდი, გავიშიშვლებდი სხეულსაც და სულსაც.
ღმერთო ჩემო, გული რომ მქონოდა, სიძულვილის ყინულეთში გამოვამწყვდევდი და მზის აღმოსვლას დაველოდებოდი. ვანგოგივით ვარსკვლავების შუქზე ვხატავდი. ვიოცნებებდი ბენდეტის პოემაზე და სერას სიმღერა ჩემი მთავარი სერენადე იქნებოდა. ვარდს ჩემის ცრემლებით განვბანდი, რათა მეგემა ეკლების სუსხი და ფურცლების მეწამული ამბორი;
ღმერთო ჩემო, კიდევ ცოტა ხანს რომ მეცოცხლა... წამს არ გავუშვებდი, რომ საყვარელი ადამიანისთვის არ მეთქვა _ მიყვარხართ! დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს, თქვენი ტრფიალი ვარ-მეთქი! სიყვარულში სიყვარულით ვიცოცხლებდი;
დავარწმუნებდი ადამიანებს, რომ არ არიან მართალნი, როდესაც ჰგონიათ, სიბერის ჟამს სიყვარულის ნიშანს კარგავენ, პირიქით კია: _ იმიტომ ბერდებიან, ომ მიჯნურობის ცეცხლი უნელდებათ!
ბავშვებს ფრთებს ვაჩუქებდი, ოღონდ, ვასწავლიდი თავად ეფრინათ. მხცოვანთ ვასწავლიდი, სიკვდილი სიბერეს კი არ მოაქვს, არამედ დავიწყებას.
ადამიანებო რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან... ვისწავლე, რომ ყოველ კაცს სურს მწვერვალზე ყოფნა, იმას კი ვერ მიმხვდარან _ ჭეშმარიტი ბედნიერება თავდაღმართში ელოდებათ.
მე მივხვდი, რომ ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან დახედოს თანამოძმეს, როცა მას ფეხზე წამოყენება სჭირდება.
მე იმდენი რამ ვისწავლე თქვენგან, მაგრამ რა ბედენაა, სავეს ზარდახშით საუბედუროდ, მაინც საიქიოს მივემგზავრები.